ბაუჰაუზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკოლის შენობა დესაუში.

ბაუჰაუზი (გერმ. Bauhaus, Hochschule für Bau und Gestaltung - მშენებლობისა და მხატვრული კონსტრუირების უმაღლესი სკოლა) — სასწავლო დაწესებულება გერმანიაში 1919-33 წლებში და მცირე ხნით აშშ-ში, ასევე სამხატვრო გაერთიანება, რომელიც ამ დაწესებულებაში შეიქმნა და განაპირობა არქიტექტურული მიმდინარეობის აღმოცენება. მიმდინარეობა მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სკოლად იქცა.

ბაუჰაუზის სამხატვრო სკოლა ოთხ სხვადასხვა ქალაქში არსებობდა (ვაიმარში 1919-25, დესაუში 1925-32, ბერლინში 1932-33 და ჩიკაგოში 1937-38) ოთხ სხვადასხვა არქიტექტორ-დირექტორის ხელმძღვანელობით (ვალტერ გროპიუსი - 1919-28, ჰანეს მაიერი 1928-30, ლუდვიგ მის ვან დერ როჰე 1930-33 და ლასცლო მოჰოლი-ნაგი 1937-38). ადგილისა და ხელმძღვანელობის ამგვარი ცვლილება ფოკუსის, ტექნიკის, ინსტრუქტორებისა და პოლიტიკის მუდმივ ტრანსფორმაციას ნიშნავდა. სკოლის ვაიმარიდან დესაუში გადასვლისას თიხის საამქრო დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი შემოსავლის წყარო იყო. მისის 1930 წელს სკოლის სათავეში მოსვლისას მან იგი კერძო დაწესებულებად გარდაქმნა და ჰანეს მაიერის მხარდამჭერებს სკოლაში დასასწრებად აღარ უშვებდა.

წინაპირობა[რედაქტირება]

ბაუჰაუზს საფუძველი ჩაეყარა ევროპაში და, კერძოდ, გერმანიაში არეულობისა და კრიზისის პერიოდში. მისი დაარსება იყო მრავალფეროვან პოლიტიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და მხატვრულ მიმართულებათა სინთეზის შედეგი მე-20 საუკუნის პირველ ორ ათწლეულში.

პოლიტიკა[რედაქტირება]

1870-იან წლებში გერმანიის იმპერიის კონსერვატიული მოდერნიზაცია ძალაუფლებას არისტოკრატიის ხელში ინარჩუნებს. მანვე განაპირობა მილიტარიზმი და იმპერიალიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. 1912 წლისთვის მემარცხენე სოციალ-დემოკრატთა გაძლიერებამ პოლიტიკური პოზიციების პოლარიზაცია გამოიწვია საერთაშორისო სოლიდარობისა და სოციალიზმის იდეებით იმპერიალისტური ნაციონალიზმის წინააღმდეგ. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო.

1917 წელს გაგანია მსოფლიო ომის პერიოდში რუსმა მუშებმა და ჯარისკაცთა საბჭოებმა რუსეთში ძალაუფლება იგდეს ხელთ. მათი მაგალითის წაბაძვით შეიქმნა გერმანული კომუნისტური ფრაქციები, განსაკუთრებით კი სპარტაკისტთა ლიგა, რომელთა მიზანი მსგავსი რევოლუციის მოწყობა იყო გერმანიაშიც. მომდევნო წელს ომის დანაკარგებით დასუსტებულ გერმანიაში რევოლუცია მართლაც განოხორციელდა და სოციალ-დემოკრატები კაიზერის ხელისუფლებიდან გადაყენებას ახერხებენ რევოლუციური მთავრობის ჩანაცვლებით. 1919 წლის 1 იანვარს სპარტაკისტთა ლიგამ ბერლინზე კონტროლის აღება სცადა, რისი ჩახშობა სოციალ-დემოკრატებმა გერმანიის არმიის ნარჩენებისა და მემარჯვენე გასამხედროებულ ჯგუფებთან ერთად მოახერხეს.

19 იანვარს ჩატარებული არჩევნებით ვაიმარის რესპუბლიკა შეიქმნა. თუმცა კომუნისტური რევოლუცია კვლავაც ჩანაფიქრში რჩებოდა - მიუნხენში საბჭოთა რესპუბლიკა გამოცხადდა კიდეც, რომელიც ფრაიკორპსის მემარჯვენე ფრთამ და რეგულარულმა არმიამ მალევე ჩაახშეს.

ხელოვნება და არქიტექტურა[რედაქტირება]

არტ-ნუვო (ან იუგენდსტილი გერმანიაში) მე-19 საუკუნის ისტორიულ მიმდინარეობათა აღორძინების მცდელობაში გარდატეხას ახდენს, თუმცა ახალი საუკუნის პირველ ათწლეულში მას მძაფრი კრიტიკით შეხვდნენ, ვინაიდან ამ პერიოდში გამეფებული რაციონალისტური იდეები ფორმალური ეფექტებისთვის პრაქტიკულ დასაბუთებას მოითხოვდა. მიმდინარეობის ყველაზე ეფექტიანი მოწინაამღდეგე ადოლფ ლოოსი 1908 წელს აქვეყნებს კრიტიკულ ნაშრომს "ორნამენტი და კრიმინალი", სადაც ამტკიცებდა, რომ ზედაპირების დეკორაციის სურვილი პრიმიტიული იყო. მისი არგუმენტები მოგვიანებით მოდერნისტებმა აიტაცეს, რაც კატალისტი გახდა შემდგომში ზედაპირთა დეკორაციის სრულ უკუგდებაში.

კიდევ ორი გავლენა ახლად აღმოცენებულ არქიტექტურულ აზროვნებაზე შეიძლება მიეკუთვნოს 1903 წელს ბრესლაუს გამოყენებითი ხელოვნების სკოლის დირექტორ ჰანს პოელციგზე და დიუსელდორფის შესაბამისი სკოლის დირექტორ პეტერ ბეჰრენსზე.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]