სიურრეალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქს ერნსტი, მეგობრების შეკრება

სიურრეალიზმი — მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში XX საუკუნის შუა წლებში. ოფიციალურად ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება საფრანგეთში, ანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნებას. სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონ სამყარო.

წარმოშობა[რედაქტირება]

ანდრე ბრეტონი

ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით "ზერეალობას" ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის გიიომ აპოლინერს, რომელიც 1918 წელს გარდაიცვალა. სწორედ მის პატივსაცემად აიღეს ეს ტერმინი ანდრე ბრეტონმა და ფილიპ სუპომ ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. 1919 წელს მათ შეუერთდათ არაგონი და პოლ ელუარი.

სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "სიურრეალისტური რევოლუცია", 1922 წელს.

სიურრეალიზმზე გავლენა მოახდინა XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის მიმდინარეობებმა თუ კონკრეტული ადამიანების შემოქმედებამ, მათ შორისაა: ჟერარ დე ნერვალის ე.წ. "სუპერნატურალიზმი", გერმანული რომანტიზმი, ბოდლერის შემოქმედება, კუბიზმი, რემბოს იდეები "ცხოვრების შეცვლის" შესახებ, კარლ მარქსის ფილოსოფია ("სამყაროს შეცვლა") და ზიგმუნდ ფროიდის გამოკვლევები. ამ უკანასკნელის ესსემ, სიზმარი და მისი ინტერპრეტაცია, რომელიც 1900 წელს გამოვიდა, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ბრეტონზე. პოეტისა და მეოცნებე ადამიანის ანალოგია, რომელსაც ჯერ კიდევ ბოდლერთან ვხვდებით, ბრეტონთან უკიდურესობას აღწევს. ბრეტონი სიურრეალიზმს მიიჩნევს რეალობისა და წარმოსახვის გამაერთიანებლად. "მჯერა, რომ ეს, ერთი შეხედვით ურთიერთგანსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო ცნებები, როგორიცაა ოცნება და რეალობა, მომავალში ერთ აბსოლუტურ რეალობად გაერთიანდება." [1]

"სიურრეალისტური ავანტიურა"[რედაქტირება]

გრაფიკული “cadavre exquis”

ბრეტონი თავის მანიფესტში სიურრეალიზმს შემდეგნაირად განსაზღვრავს:

"წმინდა ფსიქიკური ავტომატიზმი, რომლითაც ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავენ ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას. ფიქრის მიერ ნაკარნახევი, გონების კონტროლისგან თავისულფალი, ყოველგვარი ესთეტიური თუ მორალური მნიშვნელობისგან განზე მდგომი." [2]

სიურრეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომ წინ სწორედ ამ არაცნობერის წინ წამოწევაა საჭირო. ამისათვის უნდა მოვხსნათ ძიების პროცესში გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. ამის საშუალებას კი ე.წ. ავტომატური წერა იძლევა. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების ჩაწერა. ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.

სიურრეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს. ისინი უარს ამბობენ რაიმე სკოლის შექმნაზე, რადგან არ სურთ ერთ რომელიმე დოქტრინაში ჩაიკეტონ.

სიურრეალისტური ტექსტები, მართალია, ემორჩილება სინტაქსურ წესებს, მაგრამ ახასიათებთ ჰიპნოზის ქვეშ მყოფი მეტყველება, სიზმრების აღწერა, სიტყვები ერთმანეთს უცნაური და გაუგებარი სახით ებმება, გამორიცხულია ყოველგვარი ლოგიკა და შესაბამოსობა. სიურრეალისტები იგონებენ კოლექტიურ თამაშებს, წერის ტექნიკებს, როგორიცაა მაგ. "ჩინებული გვამი" (cadavre exquis). ეს უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: მონაწილენი ადგენენ ერთ ფრაზას ან ნახატს ისე, რომ არ იციან წინა მონაწილემ რა დაწერა ან დახატა. სიურრეალისტები აცხადებენ, რომ პოეზის წყარო ყოველგვარი შეზღუდვებისგან გათავისუფლებული სუბიექტურობაა. ამით უნებლიეთ კარს უხსნიან უფორმო, შედარებით მდარე ხარისხის ტექსტებს. ამას თავადაც აცნობიერებენ და ამიტომ არაგონი, ელუარი და ბრეტონი აღიარებენ ამ საქმიანობის წმინდად ექსპერიმენტულ ხასიათს.

სიურრეალიზმი და კომუნიზმი[რედაქტირება]

ლუი არაგონი

1929 წელს სიურრეალისტთა ჯგუფში დიდი განხეთქილება ხდება. მთავარი საკითხი შემდეგია: უნდა ჩადგეს თუ არა სიურრეალიზმი კომუნისტური პარტიის სამსახურში. ერთი მხრივ არის ლუი არაგონი და მისი მოკავშირეები, რომლებიც რუსეთში სამოგზაუროდაც კი მიდიან, მეორე მხრივ კი - ბრეტონი. ეს უკანასკნელი თავიდან, მართალია გარკვეული ნდობით იყო განმსჭვალული კომუნისტური პარტიის მიმართ, მაგრამ მალე ხვდება, რომ კონკრეტული პარტიის სამსახურში ჩადგომით სიურრეალიზმი კარგავს მებრძოლ სულისკვეთებას, ექცევა გარკვეულ ჩარჩოებში. ბრეტონის პოზიცია შემდგომში მდგომარეობს: გამოვაცხადოთ, რომ ვართ რევოლუციის სამსახურში, მივსდევთ იმავე მიზნებს, ოღონდ ვიმუშავოთ დამოუკიდებლად.

სიურრეალიზმი ხელოვნებაში[რედაქტირება]

დე კირიკო, სასიყვარულო სიმღერა. 1914.

სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს, მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას. ავტომატური წერის პრინციპს აქ ენაცვლება 1923 წელს ანდრე მასონის მიერ შემოტანილი რაციონალური კონტროლისგან თავისუფალი ავტომატური ხატვის პრინციპი. ამას ემატება კოლაჟის ტექნიკა, რომელიც ძალიან ხშირადაა გამოყენებული მაქს ერნსტის ნაშრომებში. მოგვიანებით ჩნდება მაგრეტისა დალის შედევრები, რომლებიც ცალკეული ელემენტების შერწყმით სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენენ.

1925 წელს სიურრეალისტ მხატვართა პირველი ერთობლივი გამოფენა ეწყობა პარიზში. ამას მოჰყვება 1936 წელს ლონდონსა და ნიუ-იორკში, 1937 წელს ტოკიოში და 1938 წელს ისევ პარიზში გამოფენები. სიურრეალიზმის გავლენა განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა ამერიკულ ხელოვნებაზე, კერძოდ ჯექსონ პოლოკის შემოქმედებაზე და მთლიანად Action Painting-ზე. სიურრეალისტების მიერ საგნისადმი მიმართული ყურადღება კი მომავალში პოპ-არტის მომასწავებელიცაა. ასევე საგრძნობია სიურრეალიზმის გავლენა 60-იან წლებში ევროპაში ჩამოყალიბებულ ავანგარდისტულ მიმდინარეობაზე, რომელიც ახალი რეალიზმის სახელითაა ცნობილი.

ზოგიერთი სიურრეალისტი შემოქმედი[რედაქტირება]

დალი. მეხსიერების მდგრადობა. 1931.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ბრეტონი ა. სიურრეალიზმის პირველი მანიფესტი, 1924.
  2. ა. ბრეტონი, "სიურრეალიზმის პირველი მანიფესტი", 1924.