შინაარსზე გადასვლა

ხოსრო I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოსრო I ანუშირვანი
انوشيروان‎‎,
სასანიდური ირანის 22-ე შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 13 სექტემბერი, 531
მმართ. დასასრული: 31 იანვარი 579
წინამორბედი: კავად I
მემკვიდრე: ჰორმიზდ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 496
დაბ. ადგილი: არდესტანი
გარდ. თარიღი: 31 იანვარი, 579
გარდ. ადგილი: ქტესიფონი
შვილები: ჰორმიზდ IV
დინასტია: სასანიანები
მამა: კავად I
რელიგია: ზოროასტრიზმი

ხოსრო I ანუშირვანი (სპარს. انوشيروان‎‎; დ. 496, არდესტანი — გ. 31 იანვარი, 579, ქტესიფონი) — სასანიდური ირანის 22-ე შაჰინშაჰი 531-579 წლებში, კავად I-ის ვაჟი, პეროზ I-ის შვილიშვილი. ის ითვლება სასანიანთა დინასტიის ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენლად.

შაჰინშაჰის ტიტულის მიღებისთანავე, ტახტის მოცილეთა მოშორების მიზნით, სიკვდილით დასაჯა თავისი უფროსი და უმცროსი ძმები. ის ასევე სასტიკად გაუსწორდა ამბოხებულ მაზდაკელებს, რომლებიც იმპერიაში მძვინვარე ქაოსის დამკვიდრებას ცდილობდნენ.

ხოსროს მეფობა მამამისის (488–531 წწ.) მმართველობის გაგრძელება იყო. მის დროს ცენტრალური ხელისუფლება საგრძნობლად განმტკიცდა, იმპერია დაიყო 4 პროვინციად, კუსტებად, რომლებსაც შაჰის მიერ დანიშნული ერთგული მოხელეები, მარზპანები მართავდნენ. ის პირადად ნიშნავდა მოსამართლეებსა და ქურუმებსაც. ხოსროს დროს შეიქმნა კარგად ორგანიზებული მიწისა და სულადობრივი გადასახადების სისტემა, რომლის მიხედვითაც ნატურალური გადასახადი ფულით ჩანაცვლდა. მოხდა არმიის რეორგანიზაცია, სახელმწიფოს ჯარის მეომრებს ჯამაგირსაც კი უხდიდნენ. ხოსრო I-მა სოფლებში დააარსა სამხედრო რაზმები, ე.წ „დეჰყანები,“ რომლებიც არმიის დამხმარე ძალას აყალიბებდნენ საზღვრებზე. ხოსროს ბრძანებით ქალაქ გუნდეშაბურში დაარსდა მედიცინისია და ფილოსოფიის სკოლა. მის დროს ირანში ინდოეთიდან გავრცელდა ჭადრაკი. გადმოცემით, ამავე პეიოდში დაიწყეს სპარსეთში ნარდის თამაშიც.

ხოსრო ანუშირვანი ნადირობის დროს

ხოსრომ მოახერხა იემენის დაპყრობა, რომელიც იმ დროს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების გასაყარი იყო. 554 წელს კი საბოლოოდ დაამარცხა ამბოხებული ეფთალიტები. ანუშირვანმა გაახშირა საომარი მოქმედებები ბიზანტიასთან. 540 წელს ანტიოქია აიღო, მაგრამ მათთან წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში საბოლოოდ დამარცხდა. 532 და 562 წლებში იუსტინიანე I-თან დადო ე.წ. „საუკუნო ზავები.“ (532 წლის საუკუნო ზავი და დარას ზავი) ორ იმპერიას შორის დაპირისპირება ყველაზე მეტად, ლაზიკის ტერიტორიაზე გამძაფრდა, ეგრისის დიდი ომის დროს, რომლის შედეგადაც ბიზანტიელებმა მოახერხეს ლაზიკიდან სპარსელების განდევნა, რასაც 572 წელს მოჰყვა ირანიდან სომხეთისა და ქართლის გამოყოფა.

ხოსრო I გარდაიცვალა 48 წლიანი მმართველობის შემდეგ, 579 წლის 31 იანვარს, 83 წლის ასაკში. ის შეცვალა მისმა ვაჟმა, ჰორმიზდ IV-მ. ხოსროს მეფობის დროს სასანიდურმა ირანმა მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალებს, რის გამოც ეს პერიოდი ირანის ისტორიის „ოქროს ხანადაა“ ცნობილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]