ეგრისის აჯანყებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეგრისის აჯანყებები ბიზანტიისა და ირანის წინააღმდეგ 541, 548 და 697 წლებში მოხდა.

541 წლის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

532 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის „საუკუნო ზავის“ დადების შემდეგ იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ეგრისში ააგო ციხე-ქალაქი პეტრა (ბიზანტიის ადმინისტრაციის დასაყრდენი), დააწესა ვაჭრობის მონოპოლია და ეგრისის ციხე-ქალაქებში ბიზანტიის გარნიზონები ჩააყენა. ყოველივე ამან და ბიზანტიის მოხელეთა თვითნებობამ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება, რაც 541 წელს აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ირანს. 542 წელს ირანის ლაშქარი ეგრისში შემოვიდა და დაიწყო ოცწლიანი (542-562) ომი ბიზანტიასა და ირანს შორის ეგრისში გაბატონებისათვის.

548 წლის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

542 წელს ირანის ჯარმა ეგრისი დაიკავა, მაგრამ ქვეყანას ირანალებიც მძიმე ტვირთად დააწვნენ, მალე კი ისიც გამომჟღავნდა, რომ მათ ეგრისის დაპყრობა ჰქონდათ განზრახული. გარდა ამისა, ბიზანტიასთან ვაჭრობის შეწყვეტა ეგრისისათვის ეკონომიკურად ძალზე საზიანო აღმოჩნდა. ეგრისელთა უკმაყოფილება თანდათან იზრდებოდა. შაჰი ხოსრო I შეეცადა მტკიცედ მოეკიდებინა ფეხი ეგრისში, ამ მიზნით გუბაზ II-სთან მოშუღლე ეგრისელ დიდებულს, ფარსანსს, დაავალა მეფე მოეკლა. ფარსანსმა ეს დავალება მეფეს შეატყობინა, ამას კი 548 წელს ეგრისელთა აჯანყება მოჰყვა.

697 წლის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნის ბოლოს ეგრისი ბიზანტიელთა პროვინციად იქცა: ბიზანტიელებმა გააუქმეს მეფის ხელისუფლება, ხოლო ეგრისის მმართველს ბიზანტიის იმპერატორის მოხელის — პატრიკიოსის ტიტული უბოძეს. 697 წელს ეგრისის უკმაყოფილო მოსახლეობა და მმართველი წრეები პატრიკიოს სერგი ბარნუკის ძის ხელმძღვანელობით აუჯანყდნენ ბიზანტიელებს და დახმარებისათვის არაბებს მიმართეს. არაბებმა ეგრისის ციხეები დაიკავეს. მათი ჯარი ციხე-გოჯსა და კოდორის ხეობის ზოგიერთ ციხეში 705-711 წლამდე მდგარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოზალიშვილი გ., ბიზანტიასა და ირანს შორის ბრძოლა იბერია-ლაზიკისთვის VI საუკუნეში, «თსუ შრომები», 1944, ტ. 26 B;
  • ჯანაშია ს., არაბობა საქართველოში, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;