ეგრისის სახალხო კრება
ეგრისის სახალხო კრება — სახალხო კრება, რომელიც 555 წელს შეიკრიბა ბიზანტიელი სარდლების მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს მიერ ეგრისის მეფე გუბაზ II-ის ვერაგულად მოკვლის გამო. კრებაზე ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი წყდებოდა. ეგრისის დიდებულთა ერთი ჯგუფი, რომელსაც აიეტი მეთაურობდა, მოითხოვდა ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტას და ირანის მხარეზე გადასვლას; მეორე — ფარტაზის ჯგუფი, ირანთან კავშირის მოწინააღმდეგე იყო და საჭიროდ თვლიდა იმპერატორ იუსტინიანე I-ისათვის მოეთხოვათ გუბაზის მკვლელთა სასტიკი დასჯა და ეგრისის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმის, წათეს, დამტკიცება.
ცხარე კამათის შემდეგ მეორე აზრმა გაიმარჯვა და კრებამ აირჩია დიდებულთა დეპუტაცია კონსტანტინეპოლში გასაგზავნად. იუსტინიანე I იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა ეგრისელთა მოთხოვნა. ისტორიკოსმა აგათია სქოლასტიკოსმა შემოგვინახა ეგრისის საერთო კრებაზე აიეტისა და ფარტაზის სიტყვების ტექსტი.
აიეტი ამტკიცებდა, რომ გუბაზის მოკვლა მხოლოდ დასაწყისია და „რომაელებს ჩვენი მოსპობა აქვთ განზრახულიო, სპარსელები კი უფრო სანდობნი არიან“.
ფარტაზი ურჩევდა, საქვეყნო საქმის გულისთვის დაევიწყათ ეს მწუხარება და წყენა და გონების ძალით საუკეთესო გზა აეირჩიათ.
ეს გამოსვლები ქართული ორატორული ხელოვნების უძველეს ნიმუშად ითვლება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოზალიშვილი გ., ლაზიკის საგარეო ურთიერთობა მეექვსე საუკუნეში, თბ., 1973
- კანდელაკი ნ., ქართული მჭევრმეტყველება, ტ. 1, თბ., 1975;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 1, თბ., 1960;
- ლომოური ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 543.