შინაარსზე გადასვლა

სოფია პრუსიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ეხება საბერძნეთის დედოფალს, კურლანდიის ჰერცოგინიაზე არსებული სტატიის სანახავად იხილეთ სოფია პრუსიელი (1582-1610).
სოფია პრუსიელი
საბერძნეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 მარტი, 1913
მმართ. დასასრული: 11 ივნისი, 1917
წინამორბედი: ოლღა კონსტანტინეს ასული
მემკვიდრე: ასპასია მანოსი
საბერძნეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 19 დეკემბერი, 1920
მმართ. დასასრული: 27 სექტემბერი, 1922
წინამორბედი: ასპასია მანოსი
მემკვიდრე: ელიზაბეტა რუმინელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ივნისი, 1870
დაბ. ადგილი: პოტსდამი, გერმანია
გარდ. თარიღი: 13 იანვარი, 1932, (61 წლის)
გარდ. ადგილი: ფრანკფურტი, გერმანია
დაკრძ. ადგილი: ჯერ: ფლორენცია, იტალია
შემდეგ: ათენი, საბერძნეთი
მეუღლე: კონსტანტინოს I, საბერძნეთის მეფე
(ქ. 1889 - გარდ. 1923)
შვილები: გეორგიოს II, საბერძნეთის მეფე
ალექსანდროსი, საბერძნეთის მეფე
ელენე, რუმინეთის დედოფალი
პავლოსი, საბერძნეთის მეფე
ირენე, ხორვატიის დედოფალი
ეკატერინე
სრული სახელი: სოფია დოროთეა ულრიკა ალისა
დინასტია: ჰოენცოლერნები
მამა: ფრიდრიხ III, გერმანიის იმპერატორი
დედა: ვიქტორია ბრიტანელი
რელიგია: ჯერ: კალვინიზმი
შემდეგ: მართლმადიდებლობა

სოფია პრუსიელი (გერმ. Sophie von Preußen, ბერძ. Σοφία της Ελλάδας; დ. 14 ივნისი, 1870, პოტსდამი, გერმანიის იმპერია — გ. 13 იანვარი, 1932, ფრანკფურტი, ვაიმარის რესპუბლიკა) — საბერძნეთის ორგზის დედოფალი 1913-1917 და 1920-1922 წლებში როგორც კონსტანტინოს I-ის მეუღლე.

იგი იყო ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი, გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ III-ისა და დედოფალ ვიქტორია ბრიტანელის უფროსი ქალიშვილი, იმპერატორ ვილჰელმ II-ის და. 1889 წელს, მამის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში იგი ცოლად გაჰყვა საბერძნეთის პრინც კონსტანტინოსს, მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინეს ასულის უფროს ვაჟს. ახალ ქვეყანაში ადაპტაციის რთული პერიოდის შემდეგ, სოფიამ ექვსი შვილი გააჩინა და თავის დედამთილთან ერთად ჩაება საქველმოქმედო საქმიანობაში. ამასთან, XIX-XX საუკუნეებში მიმდინარე საბერძნეთის ომებმა სოფია აიძულა შეესწავლა მედიცინა და დაჭრილი ჯარისკაცებისათვის მედდად ემუშავა.

მიუხედავად ამისა, სოფია ხალხში არაპოპულარული იყო. ამის გადასაფარად იგი თავისმა ბებიამ, დედოფალმა ვიქტორიამ დააჯილდოვა წითელი ჯვრის სამეფო ორდენით. 1913 წელს, გეორგიოს I-ის მკვლელობის შემდეგ მეფე კონსტანტინოს I გახდა, რითაც სოფია საბერძნეთის დედოფლად გვევლინება. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა,რაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. მიუხედავად მისი ქველმოქმედებისა, დედოფალ სოფიას მისი გერმანული კავშირების გამო ბერძნები კრიტიკის ქარცეცლხში ატარებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტანტინოსი ომში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა, სოფიასა და გერმანიის იმპერატორის კავშირმა ეჭვქვეშ დააყენა მისი პოლიტიკა, რაც ბერძნებში უკმაყოფილებას იწვევდა.

საბერძნეთის ბლოკადისა და ქვეყანაში ელეფთერიოს ვენიზელოსის დე ფაქტო მმართველობის დამყარებასთან ერთად, 1917 წელს ჩამოაგდეს კონსტანტინოსი და მის ოჯახთან ერთად გააძევეს ქვეყნიდან, მეფედ კი სოფიას ვაჟი ალექსანდროსი დასვეს. გადასახლებაში მყოფი სამეფო ოჯახი საოცარ სიდუხჭირეში ცხოვრობდა შვეიცარიაში. თუმცა, 1920 წელს ალექსანდროსი უვაჟოდ გარდაიცვალა, რის შემდეგაც საბერძნეთში ოლღა კონსტანტინოვნას ერთთვიანი რეგენტობა დამყარდა, ამავე წლის 19 დეკემბერს კი კონსტანტინოსი და სოფია აღადგინეს ტახტზე.

1921 წელს თურქეთთან განცდილმა მარცხმა და თრაკიის დაკარგვამ ბერძნებში ძველი უკმაყოფილება გააღვიძა. 1922 წელს სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა, რა დროსაც დაამხეს კონსტანტინოსი, ტახტზე კი მისი ვაჟი გეორგიოს II დასვეს, რასაც ქვეყანაში სამხედრო დიქტატურის დამყარება მოჰყვა. ამის გამო სოფია და მისი ოჯახი მეორედ წავიდა ემიგრაციაში, თუმცა ამჯერად იტალიაში. აქ, 1923 წელს კონსტანტინოსი გარდაიცვალა, რის შემდეგაც სოფიამ დატოვა იტალია და მშობლიურ გერმანიაში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა 1932 წელს სიმსივნით.

პრუსიისა და გერმანიის პრინცესა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადება რთულ სიტუაციაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრინცესა სოფია მშობლებსა და და-ძმებთან ერთად 1875 წელს

სოფია დაიბადა 1870 წლის 14 ივნისს პოტსდამში, პრუსიის სამეფოში. იგი იყო კრონპრინც ფრიდრიხ პრუსიელისა და მისი ცოლის, პრინცესა ვიქტორია ბრიტანელის მეშვიდე შვილი რვიდან. მამამისი იყო გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I[1]-ისა და დედოფალ ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელის უფროსი ვაჟი, ხოლო დედამისი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინცი ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის პირველი შვილი იყო. პრინცესა სოფია თავის უფროს ძმაზე თერთმეტი წლით უმცროსი იყო. ფრიდრიხი და ვიქტორია ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ როგორც სენტიმენტალურ, ისე პოლიტიკურ დონეზე. ოტო ფონ ბისმარკისა და დიდგვაროვნების ინტრიგებით დაღლილი ფრიდრიხი და ვიქტორია თავიანთ შვილებთან ერთად საიმპერატორო კარიდან შორს ცხოვრობდნენ.

სოფიას დაბადებიდან ერთ კვირაში ესპანეთის ტახტისათვის ბრძოლის დაწყებამ მნიშვნელოვნად დააზარალა საფრანგეთ-პრუსიის ურთიერთობები[2]. პარიზსა და ბერლინს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბისმარკმა 1870 წლის 13 ივლისს ფრანგებისადმი მიძღვნილი დამამცირებელი ტელეგრაფა გამოაქვეყნა. ექვსი დღის შემდეგ საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ ომი გამოუცხადა პრუსიის სამეფოს. ამგვარ რთულ პირობებში მოხდა სოფიას მონათვლა. ამ ცერემონიაზე ყველას უკმაყოფილო და უბედური გამომეტყველება ჰქონდა, რადგან საფრანგეთთან დაწყებული ომის ამბავი ჯერ კიდევ ძალიან ახალი იყო. სოფიას დედამ თავის დედას, დედოფალ ვიქტორიას ასეთი რამ მისწერა:

ვიკიციტატა
„ნათლობამ კარგად ჩაიარა, მაგრამ სევდიანი და სერიოზული იყო... აღშფოთებული სახეები და სევდიანი თვალები, სიბნელე და უბედურება სუფევდა ყველას გულებში. ამრიგად ჩაიარა დღემ, რომელიც წესით სიხარულისა და ბედნიერების მომტანი უნდა ყოფილიყო.“

პრუსიელების წუხილი ფუჭი აღმოჩნდა, რამეთუ კონფლიქტი სულ რამდენიმე თვეში დასრულდა გერმანელების საოცარი ტრიუმფით. გერმანელებმა არა მხოლოდ დაამარცხეს ფრანგები, არამედ საფრანგეთს ელზას-ლოთარინგია, დანიას კი შლეზვიგ-ჰოლშტაინი ჩამოაჭრეს. ამასთან, 1871 წლის 18 იანვარს, ვერსალში დადებული ხელშეკრულებით მთელი გერმანია პრუსიის გვირგვინქვეშ გაერთიანდა, სოფიას ბაბუა, ვილჰელმ I კი მისი პირველი იმპერატორი გახდა.

ანგლოფილური განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრინცესა სოფია 1887 წელს

ბავშვობის პერიოდში სოფია სამეფო კარზე ცნობილი იყო როგორც პრინცესა „სოსი“, რაც თავისი მოფიქრებული იყო. ამ სახელის ინსპირაცია იყო მისი დის, მარგარეტ პრუსიელის მეტსახელი „მოსი“.

ფრიდრიხმა და ვიქტორიამ თავიანთი რვა შვილი ორ ნაწილად გაყვეს: ვილჰელმი, შარლოტა და ჰაინრიხი ყველას ფავორიტები იყვნენ, დანარჩენები, მათ შორის სოფიაც, კი უბრალოდ უგუვებელყოფილები იყვნენ. სოფიას ორი უფროსი ძმა: ვალდემარი და სიგიზმუნდი მცირეწლოვანი გარდაიცვალა. უმცროსი ბავშვები მხოლოდ ამის შემდეგ მოექცნენ მშობლების ყურადღების ცენტრში, რის შემდეგაც პრინცესა ვიქტორია მათ „ჩემი ტრიოსა“ და „ჩემი სამი ტკბილი გოგონას“ სახელით მოიხსენიებდათ.

პრინცესა ვიქტორიას, რომელიც მიუხედავად გერმანული ქორწინებისა ყოველთვის მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა, სჯეროდა, რომ ადამიანის პიროვნება ბავშვობაში ყალიბდება. სწორედ ამიტომ იგი თავის ყველა შვილს ინგლისისადმი სიყვარულით ზრდიდა. იგი მათ ინგლისურ ენას, მის ისტორიასა და კულტურას ასწავლიდა. ამის გამო, მის შვილებს ყოველთვის გამორჩეულად უყვარდათ ბრიტანეთი. პრინცესა სოფია ბებიას, დედოფალ ვიქტორიას ხშირად სტუმრობდა და მასთან ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებდა. როგორც ცნობილია ბრიტანეთში სოფიას საყვარელი ადგილი უაითის კუნძული იყო, სადაც მათი სამეფო აგარაკი მდებარეობდა. აქ იგი თავის ძმებთან ერთად სანაპიროზე სეირნობითა და ნიჟარების შეგროვებით ერთობოდა ხოლმე.

იმის გამო, რომ პრინცი ფრიდრიხი და მისი მშობლები სოფიათი დიდად არ ინტერესდებოდნენ, მის აღზრდაზე ძირითადად დედოფალი ვიქტორია და პრინცესა ვიქტორია ზრუნავდნენ, რომელთაც იგი ინგლისზე შეყვარებულ ქალად აღზარდეს. იგი იმდენად თავისუფლად გრძნობდა თავს ბრიტანეთში ყოფნისას, რომ პრინცესა სრულიად თავისუფლად ტოვებდა ხოლმე მას ლონდონში ბებიასთან. ამის გამო, სოფიას საკმაოდ ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა დედოფალ ვიქტორიასთან.

რაც შეეხება გერმანიას, სოფია იქ ყოველთვის მშობლებთან ერთად იყო ხოლმე ორ მთავარ რეზიდენციაში: ბერლინსა და პოტსდამში. როგორც მისი დები: მარგარეტი და ვიქტორია, სოფიაც ძალიან ახლოს იყო დედასთან, რომელსაც პრინცი ვალდემარის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო დაუახლოვდნენ.

კონსტანტინოსთან შეხვედრა და ნიშნობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრინცესა სოფია პრუსიელი და სპარტის ჰერცოგი კონსტანტინოსი, 1888 წლის სექტემბერი.

1884 წელს საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ის უფროსი ვაჟი, კონსტანტინოსი 16 წლის გახდა, რის შემდეგაც მთავრობისაგან მიიღო დიადოხოსის[3] და სპარტის ჰერცოგის წოდება. მან მალევე დაასრულა სამხედრო განათლების მიღება და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც გაატარა შემდგომი ორი წელი. იგი აქ პრუსიულ გვარდიაში მსახურობდა, ჰანოვერში ესწრებოდა ცხენოსნობის გაკვეთილებს და ჰაიდელბერგისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებს.

1887 წლის ივნისში, ინგლისში, დედოფალ ვიქტორიას ოქროს იუბილეზე კონსტანტინოსი და სოფია პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც ცნობილია, მათ მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი და დაიწყეს ურთიერთობა, რაზეც დედოფალი ვიქტორია წერდა:

ვიკიციტატა
„არის შანსი რომ სოფია კონსტანტინოსს გაჰყვეს ცოლად? ეს მისთვის შესანიშნავი იქნებოდა, რადგან ის (იგულისხმება კონსტანტინოსი) ძალიან კარგია.“

თავად კრონპრინცესა ვიქტორიაც იმედოვნებდა, რომ სოფია სარფიანად და სიყვარულით დაქორწინდებოდა, როგორც ეს თავად გააკეტა, რადგან იგი მას თავის ქალიშვილებს შორის ყველაზე მიმზიდველად მიიჩნევდა.

ბერლინში, ჰოენცოლერნების კარზე ყოფნის დროს, კონსტანტინოსი 1888 წლის მარტში დაესწრო იმპერატორ ვილჰელმ I-ის დაკრძალვას. ამის შემდეგ გერმანიის იმპერატორი სოფიას მამა, ფრიდრიხ III გახდა. 1888 წლის 3 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადეს სოფიასა და კონსტანტინოსის ნიშნობის ამბავი. აღსანიშნავია, რომ მათ ურთიერთობას ეჭვის თვალით უყურებდნენ სოფიას ძმა, კრონპრინცი ვილჰელმი და მისი ცოლი ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი. ამ ნიშნობას დიდად არც საბერძნეთის სამეფო ოჯახი უჭერდა მხარს. როგორც კონსტანტინოსის დედამ, დედოფალმა ოლღა კონსტანტინოვნამ განაცხადა სოფია კალვინისტი იყო და თავისი ვაჟისათვის მართლმადიდებელ მეუღლეს ამჯობინებდა. მიუხედავად სირთულეებისა, მათი ქორწილი მაინც შედგა.

იმპერატორ ფრიდრიხ III-ის გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფიას მშობლები დაახლოებით 1858 წელს

სოფიოს ნიშნობას მალევე მოჰყვა გერმანიის საიმპერატორო ოჯახში დატრიალებული უბედურება. 1888 წლის 15 ივნისს , სოფიას დაბადების დღის მეორე დღეს მამამისი, იმპერატორი ფრიდრიხ III ხორხის სიმსივნით გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. მიუხედავად ამისა, მისმა ცოლმა და შვილებმა სრული სიმშვიდე შეინარჩუნეს და საკადრისი პატივით დაკრძალეს იმპერატორი, თუმცა გლოვა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ტახტი სოფიას ძმამ, ვილჰელმ II-მ დაიკავა და დაიწყო ახალი ეპოქა. მან მამამისის ნივთები სასწრაფოდ გაატანინა სამეფო სასახლიდან და ერთიანად მიჰყვა ლიბერალური რეფორმების გაუქმებას. დედა-დედოფალ ვიქტორიას მხოლოდ თავისი ქალიშვილების მხარდაჭერაღა ამხნევებდა, რაზეც მან ასეთი რამ მისწერა თავის დედას:

ვიკიციტატა
„მე მყავს ჩემი სამი საყვარელი გოგონა - რომლებიც მას ძალიან უყვარდა - ესაა ჩემი ნუგეში...“

ყველასათვის შოკისმომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ ვილჰელმმა მამის დაღუპვიდან რამდენიმე თვეში განაახლა და მეტიც, დააჩქარა სოფიას საქორწინო მოლაპრაკებები. აღსანიშნავია, რომ გათხოვების შემდეგ იგი დედას ძალიან ხშირად წერდა. ცნობილია, რომ 1888-1901 წლებში სოფიამ და ვიქტორიამ ერთმანეთს 2,000-მდე წერილი გაუგზავნეს. გარდა ამისა, მისი გათხოვების შემდეგ ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს — პირველად ათენში, ხოლო მეორედ კრონბერგში. ამრიგად, სოფიოს საქორწინო სამზადისი საოცარი სისწრაფით დაიწყო, რაც ერთობ უცნაურ ატმოსფეროს ქმნიდა სამეფო სასახლეში, სადაც ჯერ კიდევ იმპერატორს გლოვობდნენ.

საბერძნეთის კრონპრინცესა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნებისათვის საეჭვო ქორწინება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფია პრუსიელის საქორწინო ბანკეტი

1889 წლის 27 ოქტომბერს ათენში, საბერძნეთში სოფია პრუსიელი დაქორწინდა პრინც კონსტანტინოს ბერძენზე. აღსანიშნავია, რომ ამ დროს შედგა ორი რელიგიური რიტუალი: ჯერ სოფია მოინათლა მართლმადიდებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სამეფო ჯვრისწერა. ამ ქორწილს სოფიას მხრიდან ესწრებოდა მისი ძმა, პრინცი ჰაინრიხი, ბიძაშვილი ფრიდრიხ პრუსიელი და კიდევ სამი ბიძაშვილი რუსეთიდან, ასევე მისი ბიძაშვილები ბრიტანეთიდან: კლარენსის ჰერცოგი ალბერტ ვიქტორი და უელსის პრინცის ვაჟი ჯორჯი[4]. რაც შეეხება კონსტანტინოსის მხარეს, ქორწილს ესწრებოდნენ მისი ბიძასვილები, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის უფროსი ვაჟი ნიკოლოზი[5], ასევე ბიძები: გეორგიოსი და ნიკოლოზი. აღსანიშნავია, რომ ეს ქორწინება ბერძნებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წყვილის სახელები ხალხში ძველი ლეგენდის ასოციაციას იწვევდა, რომლის მიხედვითაც კონსტანტინოპოლს მეფე კონსტანტინე და დედოფალი სოფია უნდა დაჰპატრონებოდნენ. ეს ლეგენდა, უფრო კი წინასწარმეტყველება მას შემდეგ შეიქმნა, რაც 1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, ახლა კი ბერძნებს იმედი მიეცათ. ამ ქორწილის შემდეგ ყველა იმედოვნებდა, რომ ახალი მეფე-დედოფალი მოახერხებდნენ დაკარგული მიწებისა და ძველი დიდების დაბრუნებას. ამის საპირისპიროდ, მათმა ქორწინებამ ნაკლები ენთუზიაზმი გამოიწვია უცხოელ მონარქებში. საფრანგეთში შიშობდნენ, რომ სოფიას ათენში გათხოვებით გერმანია საბერძნეთს სამმაგ ალიანსში ჩაითრევდა. ასევე არაპოპულარული იყო ეს კავშირი ბერლინშიც: გერმანიას ოსმალეთის იმპერიასთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, რის გამოც ბერძნების ომებში დახმარებას არ აპირებდა.

სოფიასა და კონსტანტინოსის ქორწილი

მიუხედავად ყველაფრისა, ათენში საქორწილო ცერემონია პომპეზურად აღინიშნა. ამ დღისთვის ათენის აკროპოლისში სპექტაკლი დაიდგა. ახლადდაქორწინებულებს მთელი ევროპის სამეფო ოჯახები ულოცავდნენ და უგზავნიდნენ საჩუქრებს. დანიის მეფე კრისტიან IX[6], გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II, უელსის პრინცი ედუარდი და პრინცესა ალექსანდრა დანიელი[7] და რუსეთის ცარევიჩი ნიკოლოზი სპეციალურად ამ დღისთვის ჩავიდა საბერძნეთში. ცხადია, რომ ამ ცერემონიალს სოფიას დედა და დებიც ესწრებოდნენ.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სტუმრები და მათი უზარმაზარი ამალა პატარა ბერძნულმა სამეფო სასახლემ ვერ დაიტია, ამიტომაც მეფე გეორგიოსმა სასახლეში მხოლოდ მონარქები და მათი უახლოესი მხლებლები დააბინავა, დანარჩენები კი ათენის სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს. მისი თხოვნით, ბერძენმა დიდებულებმა სტუმრების ნაწილი თავიანთ სასახლეებში დააბინავეს. ამას გარდა, მეფე გეორგიოსი ვალდებული იყო ყოველი მათგანისათვის კარგი ცხენები და ეტლები დაექირავებინა, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ასევე საჭირო გახდა უამრავი ახალი ნივთის ყიდვა, რათა მონარქ სტუმრებს სასახლეში თავი კომფორტულად ეგრძნოთ, ეს გაუთვალისწინებელი ხარჯები კი ათასებს გასცდა.

ათენში დამკვიდრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიადოხოსის სასახლე, სოფიასა და კონსტანტინოსის რეზიდენცია ათენში, 1909 წელი.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სოფია და მისი ახალი მეუღლე კიფისიას ავენიუზე მდებარე პატარა ფრანგულ ვილაში დასახლდნენ, რომელსაც მალევე შეარქვეს დიადოხოსის სასახლე. რეალურად აქ ისინი მხოლოდ დროებით დარჩნენ, სანამ მეფე გეორგიოსი მათთვის ახალ სასახლეს ააშენებდა, რომელიც სამეფო რეზიდენციის გვერდით მდებარეობდა. წყვილის სურვილით მშენებლობა ტატოის სამეფო სასახლის გვერდით დაიწყო, რადგან მეფემ თავად სასახლის გაფართოვებაზე უარი თქვა. სხვა ევროპელი სამეფო წყვილებისაგან განსხვავებით სოფია და კონსტანტინოსი შედარებით უფრო მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, რაც სამეფო კარის პროტოკოლისგან შორს იყო. მიუხედავად ყველაფრისა, სოფიას საბერძნეთში ცხოვრება ერთფეროვანი ეჩვენებოდა, რის გამოც ყოველთვის ცდილობდა ხალხს შეხვედროდა. ამ მიზნით ერთხელ იგი თამბაქოს გამყიდველების ცოლებსაც კი შეხვდა.

სოფიას გაუჭირდა თავის ახალ ცხოვრებასთან შეგუება. ამასთან მან სასწრაფოდ დაიწყო ბერძნული ენის შესწავლა, რომელსაც რამდენიმე წელიწადში საკმაოდ მაღალ დონეზე დაეუფლა. ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად იგი ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ. ქორწინებიდან ცხრა თვეში პრინცესა სოფიამ, 1890 წლის 19 ივლისს პირველი ვაჟი გააჩინა, რომელსაც მეფის პატივსაცემად გეორგიოსი დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი მშობიარობა ძალიან გართულდა, რადგან ბავშვს ჭიპლარი კისერზე ჰქონდა შემოხვეული და კინაღამ გაიგუდა, რამაც სამეფო კარი შეაძრწუნა. ბავშვის გადარჩენა სოფიას დედის, დედოფალ ვიქტორიას მიერ გაგზავნილმა გერმანელმა ბებიაქალებმა მოახერხეს, რომლებსაც თავიდან ბერძენი ექიმები სოფიასთან არ უშვებდნენ. საბოლოოდ, მათი ჩარევის დამსახურებით დედაც და ბავშვიც გადარჩნენ.

მართლმადიდებლად მონათვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრინცესა სოფია 1890 წელს

პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ სოფიამ გადაწყვიტა თავისი ახალი ოჯახის რწმენა მიეღო და მართლმადიდებელი გამხდარიყო. თავდაპირველად მან ნებართვა დედასა და ბებიას სთხოვა, რომლებმაც დალოცეს მისი სურვილი, ამის შემდეგ კი მან საბერძნეთის სამეფო ოჯახს განუცხადა. ამ საქმეში დახმარება სოფიამ თავის დედამთილს, დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას სთხოვა, რამაც ძალიან გაახარა მთელი სამეფო ოჯახი. მეფე გეორგიოს I-მა თავის მხრივ განუცხადა, რომ ათენის მიტროპოლიტი და ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური გერმანუს II მას უკეთ დაეხმარებოდა ამ რელიგიაში განსწავლაში, ვიდრე დედოფალი ოლღა. მისი რუსული წარმოშობიდან გამომდინარე ბევრი ბერძენი მას „სლავიზმის“ აგენტად თვლიდა, გეორგიოსს კი ეშინოდა, რომ სოფიასაც იმავეს დასწამებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი როგორც საბერძნეთის, ისე სხვა სამეფო კარის მცხოვრებლებს გაუხარდათ, სოფიას ძალიან ეშინოდა თავისი ძმის, იმპერატორ ვილჰელმ II-ის მწვავე რეაქციისა, რომელიც თავის მხრივ გერმანიის ევანგელისტური ეკლესიის მეთაური იყო და რწმენის შეცვლა ყველაფერზე მეტად სძულდა.

ამის გამო 1890 წელს სოფია მეუღლესთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, რათა პირადად ეთქვა ძმისთვის ახალი ამბავი. ეს ყველაფერი მან ნოემბერს დაუმთხვია, როდესაც მისი უფროსი დის, პრინცესა ვიქტორიასა და შომბურგ-ლიპეს ჰერცოგ ადოლფის ქორწინება იყო დანიშნული. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, სიახლემ იმედი გაუცრუა იმპერატორსა და მის ღრმადმორწმუნე მეუღლეს, დედოფალ ავგუსტა ვიქტორიას, რომელთაც უკმაყოფილება გამოთქვეს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ვილჰელმმა მიიღო ფაქტი, თუმცა სოფიას თავის რძალთან მოუვიდა უთანხმოება, რასაც იგი ვერ წარმოიდგენდა. მოგვიანებით დედოფალმა ავგუსტა ვიქტორიამ ბოდიში მოუხადა სოფიას თავისი აღელვებისათვის და ეს თავისი მეექვსე, ნაადრევი მშობიარობისგან გამოწვეული სტრესით ახსნა. ამასობაში თავად ვილჰელმს განუახლდა ბრაზი და საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ სოფიას პრუსიის სამეფო ოჯახიდან გაგდებით დაემუქრა. ამის შემდეგ მან და და სიძე გააძევა გერმანიიდან, თუმცა დედის თხოვნით სოფიამ ძმას წერილი დაუტოვა, სადაც განუმარტა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, თუმცა ვილჰელმმა წერილი არც კი წაიკითხა და მას გერმანიაში შესვლა სამი წლით აუკრძალა. ამ განაჩენის გაგების შემდეგ სოფიამ დედას ვილჰელმზე ასეთი რამ მისწერა:

ვიკიციტატა
„პასუხი მივიღე. კვლავ იმას ამბობს, რასაც ბერლინში მეუბნებოდა. სამი წლით გამაძევა სამშობლოდან. შეშლილი. არასოდეს გამოსწორდება...“

სოფია 1891 წლის 2 მაისს მოინათლა მართლმადიდებლად, თუმცა ვილჰელმის სასჯელი გაძევების თაობაზე სისრულეში არასოდეს მოსულა. ამის მიუხედავად, თავად სოფიას გადაწყვეტილებით და-ძმას შორის ურთიერთობა სამუდამოდ გაწყდა, თავად ვილჰელმი კი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ლანძღავდა სოფიას ამ გადაწყვეტილების გამო. მართლაც, როგორც სოფიამ თქვა იმპერატორი უკიდურესად ჯიუტი ხასიათისა იყო და მთელი ცხოვრება ცდილობდა დისთვის სამაგიეროს გადახდას.

სოციალური სამუშაოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთში ცხოვრების პერიოდში სოფია აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში და დედამთილსაც ეხმარებოდა ქველმოქმედებაში. დედოფალ ოლღას კვალდაკვალ ხელი მიჰყო სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროებში. 1896 წელს მან დააარსა ბერძენ ქალთა კავშირი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა ოსმალეთიდან დევნილი ბერძენი ლტოლვილების დახმარებაზე. გარდა ამისა, იგი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელმაც დააარსა ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია.

დომოკოს ბრძოლა, 1897 წელი. ოსმალეთ-საბერძნეთის ომის ნაწილი, შესრულებულია ფაუსტო ზონაროს მიერ.

XIX საუკუნეში მიმდინარე ომების პერიოდში პრინცესა სოფია განსაკუთრებით გააქტიურდა. 1897 წელს, ოსმალეთის იმპერიასთან მიმდინარე ოცდაათდღიანი ომის დროს, რომელიც ბერძენთა დამამცირებელი მარცხით დასრულდა, სოფია სამეფო ოჯახის სხვა ქალებთან ერთად გაწევრიანდა წითელი ჯვრის ორგანიზაციაში და მედდად მუშაობდა. თესალიის ფრონტზე სოფიამ თავად დააარსა საველე ჰოსპიტალები, სადაც იგი თავად ზრუნავდა დაჯრილ ჯარისკაცებზე. ასევე სოფიამ უზრუნველყო დამატებითი ინგლისელი მედდების საბერძნეთში ჩასვლა, რომლებიც მას დედოფალმა ვიქტორიამ გაუგზავნა დახმარების სახით.

სოფია და მისი დედამთილი იმდენად დიდ სულისკვეთებას მატებდნენ თავიანთი გვერდით დგომით ჯარისკაცებს, რომ მათი ეს ქმედება მალევე აიტაცეს მთელი ევროპის მონარქებმა. ამის გამო, 1897 წლის ნოემბერში დედოფალმა ვიქტორიამ სოფიაცა და ოლღაც წითელი ჯვრის საპატიო ღირსების ორდენით დააჯილდოვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად ბერძნული მოსახლეობა მათ სამსახურს ნაკლებად აფასებდა, რადგან თვლიდნენ, რომ მთელი ეს ომები მხოლოდ სამეფო ოჯახის ბრალი იყო. უკმაყოფილება მას შემდეგ გაიზარდა, რაც დიადოხოს კონსტანტინოსის მეთაურობით ბერძნები რამდენჯერმე დამარცხდნენ ოსმალებთან ბრძოლაში.

ოცდაათდღიანი ომის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფია პრუსიელი, სპარტის ჰერცოგინია

ოცდაათდღიან ომში დამარცხების შემდეგ ბერძნები ანტიმონარქისტულმა განწყობამ მოიცვა, სოფია და დედოფალი ოლღა კი ამ კრიტიკის ეპიცენტრში მოხვდნენ, რადგან უცხოელები იყვნენ. გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ს ყოველთვის სურდა დის დასჯა რწმენის შეცვლის გამო, ამიტომაც ომში ოსმალეთის მხარე დაიჭირა და იარაღითაც ეხმარებოდა მათ სულთანს. საბოლოოდ, ვილჰელმმა ოსმალეთს დახმარება დედისა და ბებიის გავლენით შეუწყვიტა, თუმცა ამის სანაცვლოდ ბერძნები იძულებულნი გახდნენ ოსმალეთთან დამამცირებელ ზავს დათანხმებოდნენ.

სოფიას არაპოპულარობა მხოლოდ უცხოელობით არ იყო გამოწვეული. ათენში დადიოდა ჭორები იმის თაობაზე, რომ სოფიას წაქეზებით დიადოხოსი აპირებდა მეფე გეორგიოსისათვის ღალატსა და მის წინამორბედ მეფესთან, ოტონ I ბავარიელთან შეკვრას. საბერძნეთსა და ოსმალეთს შორის საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან რამდენიმე კვირაში სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ეტლში თავის ვაჟთან ერთად მყოფი სოფიას მოკვლაც კი სცადეს.

შექმნილი რთული ვითარებისა და არსებული საფრთხის გამო, კონსტანტინოსი და სოფია საზღვარგარეთ წასვლაზეც კი ფიქრობდნენ. 1898 წელს მან ძმისგან ნებართვა მიიღო, რის შემდეგაც წყვილი ჯერ კნორბერგში, საბოლოოდ კი ბერლინში ჩავიდა. იქ დიადოხოსმა ხელახლა გაიარა სამხედრო მომზადების კურსები და პრუსიული დივიზიის მეთაურიც გახდა. მათი შერიგების აღსანიშნავად იმპერატორმა ვილჰელმმა კონსტანტინოსს საიმპერატორო გვარდიის მესამე პოლკის მეთაურობა უბოძა.

წყვილი საბერძნეთში 1899 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მეფე გეორგიოსმა კონსტანტინოსს საბერძნეთის საიდუმლო სამეფო შტაბის უფროსად დანიშნა. ამასთან, დიადოხოსის დაბრუნებამ ბერძნულ არმიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოსმალეთთან მარცხამდე იგი ჯარისკაცებში დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

ოჯახის წევრთა გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფიას დედა, გერმანიის დედოფალი ვიქტორია თავის დედასთან, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასთან ერთად 1889 წელს.

ქმართან ერთად საბერძნეთში დაბრუნებისთანავე სოფია კვლავ აქტიურად ჩაება საქველმოქმედო საქმიანობაში. ამ პერიოდში იგი უკვე ძალიან ღელავდა დედისა და ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დედამისი, გერმანიის ქვრივი დედოფალი ვიქტორია მკერდის კიბოთი იყო დაავადებული და საშინელი ტკივილები ტანჯავდა. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას, იგი უკვე ოთხმოც წელს მიუახლოვდა, მისმა ოჯახმა კი იცოდა, რომ მისი დრო მალე მოვიდოდა. მიუხედავად მოხუცებულობისა, დედოფალმა ვიქტორიამ მაინც მოახერხა ბურების მეორე ომის წამოწყება აფრიკელებთან, რომელიც უკვე მისმა ვაჟმა დაასრულა და რომლის დროსაც დიდმა ბრიტანეთმა საშინელი დანაკარგები განიცადა. სოფია შიშობდა, რომ აფრიკაში განცდილ სამარცხვინო მარცხს მისი ღრმადმოხუცებული ბებია ვეღარ გადაიტანდა.

საბოლოოდ დედოფალი ვიქტორია 1901 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა ოსბორნ ჰაუსში, თავის ტვინის სისხლდენის შედეგად, რა დროსაც იგი 81 წლის იყო. ბებიისა და ზოგადად, სუვერენული მონაქის გარდაცვალების გამო სოფია იძულებული გახდა დაეტოვებინა საბერძნეთი და მის დაკრძალვაზე დასასწრებად წასულიყო დიდ ბრიტანეთში.

რამდენიმე თვის შემდეგ, 1901 წლის ზაფხულში, ბრიტანეთიდან საბერძნეთში მიმავალმა სოფიამ გზად გერმანიაში გაიარა და ბერლინს ეწვია, რათა ავადმყოფი დედა მოენახულებინა, რომლის მდგომარეობაც კიდევ უფრო დაამძიმა საყვარელი დედის გარდაცვალებამ. სოფია ამ დროს უკვე ხუთი თვის ორსული იყო, თუმცა რადგან მიხვდა, რომ ეს დედამისის ბოლო დღეები იყო იგი თავის დებთან, მარგარეტთან და ვიქტორიასთან ერთად ბერლინში დარჩა და დედის გვერდით იყო მის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ვიქტორია ბრიტანელი გარდაიცვალა 1901 წლის 5 აგვისტოს შკოლს ფრიდრიხსჰოფში, 60 წლის ასაკში. ამრიგად, ერთ წელიწადში სოფიამ ორი უახლოესი ოჯახის წევრი დაკარგა, რასაც მეოთხე, თანაც გართულებული მშობიარობაც დაერთო. ეს მშობიარობა მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც იგი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.

გუდის გადატრიალება და მისი შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„დიდი საბერძნეთის“ რუკა. ლურჯად წარმოდგენილია საბერძნეთი 1887 წელს, სალათისფრად კი მისი დაპყრობები.

XIX საუკუნეში დაწყებული პოლიტიკური არასტაბილურობა საბერძნეთში XXI საუკუნის დასაწყისამდე იქნა შენარჩუნებული. 1908 წელს კრეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოსმალეთისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა საბერძნეთის სამეფოსთან მიერთება. თავად საბერძნეთის მთავრობამ, ოსმალეთის იმპერიასთან ახალი ომის დაწყების შიშით უარი განაცხადა კრეტის მოერთების აღიარებაზე. ამ ფაქტმა განარისხა ათენელები და სრულიად ბერძნები. ამის გამო 1909 წლის 15 აგვისტოს ბერძენმა ოფიცრებმა ჩამოაყალიბეს „სამხედრო ლიგა“, რომელმაც მოაწყო ეგრეთ წოდებული გუდის სახელმწიფო გადატრიალება. მათ თავი მონარქისტებად გამოაცხადეს, ამიტომაც სამეფო ოჯახი უვნებელი დარჩა, თუმცა მათმა მეთაურმა ნიკოლოზ ზორბამ მეფეს დიადოხოსის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა მოსთხოვა. ყოველივე ეს კიდევ ერთი გამოძახილი იყო ბერძნების უკმაყოფილებისა 1897 წლის მარცხთან დაკავშირებით.

პრინცესა სოფია 1902 წელს

საბოლოოდ სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ არა მხოლოდ კონსტანტინოსი, არამედ მეფე გეორგიოსის ყველა ვაჟი გახდა იძულებული, რომ სამხედრო სამსახურიდან წასულიყო. ამ ამბისადმი პროტესტის ნიშნად, 1909 წლის სექტემბერში დიადოხოსმა ცოლ-შვილთან ერთად გადაწყვიტა საბერძნეთის დატოვება და თავშესაფარი გერმანიის იმპერატორს სთხოვა. გერმანიაში ისინი სოფიას დის, პრინცესა მარგარეტის რეზიდენციაში — ფრიდრიხსჰოფის სასახლეში დაბინავდნენ, რომელიც მას დედამ უანდერძა. იმავდროულად ათენში სერიოზულად დაიწყო საუბრები გლუქსბურგთა დინასტიის დამხობის თაობაზე. ამის შემდეგ ბერძნები რესპუბლიკის დამყარებას, ან წინამორბედი მეფის, ოტონ ბავარიელის უკანონო ვაჟის, პრინცი გეორგის გამეფებას გეგმავდნენ, რომელსაც რეგენტად სოფია პრუსიელს დაუნიშნავდნენ, რომელიც მედდის სამსახურის გამო სამხედროებში პატივისცემით სარგებლობდა.

1909 წლის დეკემბერში სამხედრო ლიგის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ზორბამ, ზეწოლა მოახდინა გეორგიოს I-ზე და კირიაკულის მავრომიხალისი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრად დაანიშნინა. თავდაპირველად მეფემ ამაზე უარი თქვა, თუმცა სამხედროები ამ უფლების ჩამორთმევით დაემუქრნენ, ამიტომაც იძულებული გახდა მათ მოთხოვნებს დათანხმებოდა. პარალელურად, სამხედროები სოფიასა და მის ქმარს ფრანგებთან თანამშრომლობასა და ქვეყნის ღალატში სდებდნენ ბრალს.

მიუხედავად მრავალი რეფორმისა, სამხედროთა უმეტესობა მაინც გლუქსბურგებისა და მონარქიის მომხრე იყო. ამის შემდეგ სამხედროთა დელეგატები ჩავიდნენ კრეტაზე, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ ხელისუფალ ელეფთერიოს ვენიზელოსს, რის შემდეგაც კრეტაში ბერძნული ჯარი შევიდა და იგი ოფიციალურად გადავიდა საბერძნეთის შემადგენლობაში. 1910 წლის მარტში ჩატარებული არჩევნებით ვენიზელოსი და მისი მომხრეები ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, რითაც სამეფო ოჯახს მეტად რთული დრო დაუდგა.

მიუხედავად ყველაფრისა, ვენიზელოსს არ სურდა სამეფო გვირგვინის გავლენის შესუსტება. თავისი მხარდაჭერის დასადასტურებლად მან კონსტანტინოსი და მისი ძმები აღადგინა სამხედრო სამსახურში, რის შემდეგაც სოფიაცა და მისი ქმარ-შვილიც დაბრუნდა საბერძნეთში, თუმცა მხოლოდ დროებით. 1910 წლის 21 სექტემბერს ისინი საბერძნეთში ჩავიდნენ, თუმცა სოფია ახალი მთავრობისა და მილიციის თვალში მეტად საეჭვო ფიგურა იყო. მან კატეგორიული უარი განაცხადა ვენიზელოსისა და მის მომხრეებთან ურთიერთობაზე, რადგან იგი მათ სამეფო ოჯახის დამცირებაში ადანაშაულებდა. სოფიას სერიოზული პრობლემები ჰქონდა მამამთილთანაც, რომელსაც კრიზისის დროს სისუსტის გამოჩენაში სდებდა ბრალს.

პირველი ბალკანური ომი და ექთნობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრინცესა სოფია პრუსიელი

ვენიზელოსის ხელისუფლებაში მოსვლისა და დიადოხოს კონსტანტინოსის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ბერძნული ჯარი მოდერნიზებულ იქნა და აღიჭურვა ფრანგული და ბრიტანული იარაღით. მოდერნიზაციის მიზანი ის იყო, რომ ქვეყანა მზად დახვედროდა ოსმალეთის იმპერიასთან მოსალოდნელ ომს, მაგრამ, მტრის დასამარცხებლად და დასახული მიზნის მისაღზევად საბერძნეთს მოკავშირეები სჭირდებოდა. სწორედ ამიტო, 1912 წელს მან მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად ჩამოაყალიბა ბალკანეთის ლიგა. ამავე წლის 8 ოქტომბერს ჩერნოგორიამ ოსმალეთს ომი გამოუცხადა, ლიგის წევრობის გამო კი ამ ომში ჩაება საბერძნეთი, სერბეთი და ბულგარეთი, რითაც დაიწყო ბალკანეთის პირველი ომი. მაშინ, როდესაც დიადოხოსმა და მისმა ძმებმა ჯარების მთავარსარდლობა იკისრეს, დედოფალმა ოლღამ, პრინცესა სოფიამ და მისმა რძალმა, პრინცესა მარი ბონაპარტმა დაჭრილ ჯარისკაცებზე მზრუნველება აიღეს თავიანთ თავებზე. სამეფო ოჯახის ქალებმა ერთ თვეში შეაგროვეს 80,000 ექთანი და ექიმი, ასევე სამედიცინო აღჭურვილობა და ფრონტის ხაზზე საველე ჰოსპიტალები შექმნეს, სადაც თავადაც მუშაობდნენ. პრინცესები ისე გააქტიურდნენ, რომ არა მხოლოდ ზურგში იცავდნენ ჯარისკაცებს, არამედ თავად ბრძოლის ეპიცენტრშიც შევიდნენ, სადაც ბერძენ მეომრებს სამედიცინო დახმარებას ადგილზევე უწევდნენ. დედოფალი ოლღა და სოფია ლარისასა და ესალონიის რეგიონებში მუშაობდნენ, პრინცესა მარი და პრინცესა ალისა კი ეპირუსსა და მაკედონიაში. პარალელურად, პრინცესა მარიმ პრინცესა ელენესთან ერთად შექმნა ამბულატორიული გემი, რომელიც სალონიკს დედაქალაქთან აკავშირებდა და დაჭრილები სამშვიდობოს გაჰყავდა.

შესაძლოა ითქვას, რომ ამ ომმა პრინცესებს მისცა საშუალება, ქვეყნისათვის რაიმე კარგის გაკეთებისა. თუმცაღა, ქალბატონები მალევე აზარტში შევიდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რასაც სოფიასა და პრინცესა ალისას შორის სერიოზული კონფლიქტი მოჰყვა. ერთი შეხედვით უბრალო წაკინკლავებას სამეფო ოჯახში დიდი დისკომფორტი მოჰყვა, რამაც დედოფალი ოლღა შეაძრწუნა. იგი განსაკუთრებით იმან გააბრაზა, რომ სოფიას თავად მისივე ქმარი უბიძგებდა კონფლიქტის გამწვავებისაკენ.

ოჯახური პრობლემები და პირადი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფია და მისი ქალიშვილები: ელენე, ირენე და ეკატერინე 1913 წელს

პირველი წლების განმავლობაში სოფიასა და კონსტანტინოსის ქორწინება ჰარმონიული იყო. ამასთან, ერთგულება დიადოხოს კონსტანტინოსის ძლიერი მხარე არ იყო, რის გამოც სოფია მის აურაცხელ რომანებს ეგუებოდა. აღსანიშნავია, რომ მისი პირველი ღალატი სოფიასათვის შოკისმომგვრელი იყო ამის შესახებ თავის დედამთილ-მამამთილსაც კი შესჩივლა, თუმცა 1912 წლიდან წყვილს შორის ურთიერთობა საოცრად გაცივდა, რის გამოც მას უკვე აღარ ადარდებდა კონსტანტინოსის ქმედებები. ამ პერიოდში დიადოხოსმა ურთიერთობა დაიწყო იტალიელ მსახიობ პაოლა ლორეტოსთან, რომელიც მანამდე საქსენ-ვაიმარ-აიზენახის მთავარ ჰერმანის საყვარელი იყო. ეს რომანი კონსტანტინოსის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

1912 წლის შემდეგ წყვილი იმდენად დაშორდა ერთმანეთს, რომ როდესაც 1913 წლის მაისში სოფიამ თავისი მეექვსე და უკანასკნელი შვილი — პრინცესა ეკატერინე გააჩინა, ხალში ჭორი გავარდა, რომ ბავშვი პრინცესამ საყვარლისგან გააჩინა. მართალი იყო ეს თუ არა დღემდე არაა ცნობილი, რადგან სოფიას რომანის შესახებ ისტორიული წყაროები არ არსებობს, თანაც კონსტანტინოსს ეს საერთოდ არ აღელვებდა და ბავშვი მაშინვე თავის შვილად სცნო.

პირადად სოფია და კონსტანტინოსი ერთმანეთში მხოლოდ ინგლისურად საუბრობდნენ და თავიანთი ყველა შვილიც სწორედ ამ ენაზე აღზარდეს. მიუხედავად მშობლების არეული ურთიერთობისა, ბავშვები მაინც ოჯახურ და თბილ ატმოსფეროში იზრდებოდნენ. მათ გამუდმებით ეხვიათ თავს ბრიტანელი ძიძები და მასწავლებლები. სოფიამ თავის შვილებს ბავშვობიდანვე ჩაუნერგა ინგლისის სიყვარული, რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ ისინი ყოველწლიურად რამდენიმე კვირას ლონდონში, სამეფო კარზე ატარებდნენ. ხშირად უკანა გზაზე ისინი გერმანიაში, სოფიას მშობლიურ ოჯახშიც ჩერდებოდნენ და კიდევ რამდენიმე კვირას რჩებოდნენ. გზად ისინი ასევე ეწვივნენ ვენეციასა და კუნძულ კორფუს.

საბერძნეთის დედოფალი: I მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეორგიოს I-ის მკვლელობა და მეორე ბალკანური ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გეორგიოს I-ის მკვლელობა

1913 წელს პირველი ბალკანური ომი ოსმალეთის მარცხითა და სერბულ-ბერძნულ-ჩერნოგორიულ-ბულგარული კოალიციის ტრიუმფით დაგვირგვინდა. ომის შემდეგ საბერძნეთმა ერთობ დიდი ტერიტორიები მოიერთა, რამაც ბერძნებსა და ბულგარელებს შორის მალევე წარმოშვა ახალი კონფლიქტი. საქმე ის იყო, რომ ბულგარეთს თესალონიკის რეგიონის დაკავება სურდა, რომელიც ახლა უკვე საბერძნეთის შემადგენლობაში იყო შესული.

მაკედონიის რეგიონი და მისი მთავარი ქალაქი — თესალონიკი დიადოხოსმა კონსტანტინოსმა ჯერ კიდევ 1912 წლის 8 დეკემბერს დაიკავა, რის შემდეგაც, ამ ტერიტორიების შესანარჩუნებლად თავად მეფე გეორგიოს I ეწვია სალონიკს. ათენში მარტო სეირნობას მიჩვეული მეფე სალონიკშიც ასევე იქცეოდა, რითაც მისმა მტრებმა ისარგებლეს და ქუჩაში მოსეირნე გეორგიოსი 1913 წლის 18 მარტს ბერძენმა ანარქისტმა, ალექსანდროს შინოსმა ორჯერ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და მოკლა იგი.

პრინცესა სოფია და მთელი სამეფო ოჯახი ათენში იყო, როდესაც მეფის მკვლელობის ამბავი შეატყობინეს. ამის გამო საბერძნეთის ახალი და რიგით მესამე მეფე კონსტანტინოს I, ხოლო დედოფალი სოფია პრუსიელი გახდა. მეფის მოკვლიდან მეორე დღესვე სამეფო ოჯახმა დატოვა ათენი და სალონიკში გაემგზავრა. დედოფალმა ოლღამ ძალიან მშვიდად მიიღო ახალი ამბავი და განაცხადა, რომ ეს ღვთის ნება იყო. სამეფო ოჯახმა მოინახულა მკვლელობის ადგილი, მეფის ნეშტი კი ათენში გადაასვენეს, სადაც იგი საკადრისი პატივით დაკრძალეს ტატოის მავზოლეუმში.

მეფის მკვლელობითა და შედარებით არეული სიტუაციით ისარგებლეს ბულგარელებმა, რომლებმაც 1913 წლის ივნისში საბერძნეთს ომი გამოუცხადეს, რითაც დაიწყო რიგით მეორე ბალკანეთის ომი. ამ კონფლიქტის ძირითად მიზეზს მაკედონიის რეგიონის გადანაწილება წარმოადგენდა. ომი მალევე დასრულდა საბერძნეთის ტრიუმფით, რის გამოც ბერძნებმა ბულგარელებს მაკედონიის დარჩენილი ნაწილიც წაართვეს, რის გამოც ხალხში მეფე კონსტანტინოსისა და დედოფალ სოფიას პრესტიჟი საგრძნობლად გაიზარდა.

დედოფალი სოფია თავის ქმარ-შვილთან ერთად 1914 წელს

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტახტზე ასვლის შემდეგ სოფიასა და კონსტანტინოსს შორის ისევ ძველებურად ცივი ურთიერთობა შენარჩუნდა. მიუხედავად ყველაფრისა, მათ ცუდი და არეული ურთიერთობა არასოდეს ჰქონიათ. თავიანთ თავისუფალ დროს ისინი შვილებთან ერთად ბოტანიკურ ბაღებში ატარებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამეფო სასახლის ბაღები სოფიას გავლენით ინგლისურ მოდელზე გადააკეთეს.

მეფე-დედოფალი ძალიან ახლოს იყო სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან, განსაკუთრებით პრინც ნიკოლოზთან. ყოველ სამშაბათს, მეფე-დედოფალი სადილზე ხვდებოდნენ მასა და მის ცოლს, პრინცესა ელენეს, ხუთშაბათს კი თავიანთ შვილებთან ერთად ატარებდნენ.

პირველი მსოფლიო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედოფალი სოფია 1915 წელს

1914 წლის ოქტომბერში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას დედოფალი სოფია თავის შვილებთან ერთად იმყოფებოდა ისტბურნში, დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, მისი ქმარი და ქალიშვილი, პრინცესა ელენე კი დინასტიის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ ათენში.

მიუხედავად იმისა, რომ ომი მთელს ევროპას მოედო, საბერძნეთმა თავიდანვე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. როგორც ეგრეთ წოდებული „ევროპის სიდედრი/დედამთილი და სიმამრი/მამამთილის“[8] შთამომავლებს, სოფიასა და კონსტანტინოსს ომში მონაწილე თითოეული ქვეყნის მონარქთან მჭიდრო ნათესაური კავშირი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, მეფე-დედოფალმა შესანიშნავად იცოდა, რომ საბერძნეთი ბალკანურმა ომებმა საშინლად გამოფიტა და ახალ კონფლიქტში ჩაბმის საშუალება აღარ ჰქონდათ. პრემიერ-მინისტრი ვენიზელოსი იმედოვნებდა, რომ ეს ომი დაეხმარებოდათ ძველი წინასწარმეტყველების[9] ასრულებასა და ოსმალეთის იმპერიის განადგურებაში.

სოფიასა და კონსტანტინოსის მცდელობა შეენარჩუნებინათ ნეიტრალიტეტი არ გამოვიდა და 1915 წელს საბერძნეთი პირველ მსოფლიო ომში იქნა ჩათრეული. ამ წელს ოსმალეთ-ავსტრია-უნგრეთ-გერმანიის ძალებს გალიპოლის ბრძოლაში დაუპირისპირდა საფრანგეთ-დიდი ბრიტანეთის ძალები. კონსტანტინოსმა მცირე აზიაში მცხოვრები ბერძნების განთავისუფლებისა და ახალი მიწების მოერთების ამბიციით დაივიწყა ნეიტრალიტეტი და გაცხარებულ ომში ჩაება. ბერძნული პარლამენტი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და მეფეს ომში ჩაბმის შემთხვევაში ჩამოგდებითაც კი დაემუქრა. საპასუხოდ კონსტანტინოს I-მა თანამდებობიდან მოხსნა რამდენიმე მინისტრი, რამაც ვენიზელოსის განრისხება გამოიწვია. პრემიერ-მინისტრი დედოფალ სოფიას ბრალს სდებდა, რომ თავისი გავლენით მეფე ომში ჩაბმაზე დაითანხმა. ვინაიდან სოფია გერმანიის იმპერატორის ღვიძლი და და დიდი ბრიტანეთის მეფის მამიდაშვილი იყო, იგი ორ ცეცლს შუა აღმოჩნდა, რის გამოც დედოფალი გამუდმებით ცდილობდა ქმრის გადარწმუნებას ომში ჩაბმის თაობაზე. ამავე წლის 6 მარტს პოლიტიკოსთა უმეტესობა თანამდებობიდან გადადგა პროტესტის ნიშნად.

ვენიზელოსის მიერ დაკვეთილი კარიკატურა, რომელზეც ვილჰელმ II კონსტანტინოს I-ს ხელით იჭერს, რათა მისმა დამ, დედოფალმა სოფიამ იგი სამკაპით განგმიროს.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის პარალელურად მეფე კონსტანტინოსი დაავადდა. პნევმონიისაგან გამწვავებული პლევრიტის გამო მეფე რამდენიმე კვირის განმავლობაში საწოლიდან ვერ დგებოდა და კინაღამ გარდაიცვალა კიდეც. ვენიზელოსმა ეს ფაქტი შესანიშნავად გამოიყენა და სულ მალე მთელს საბერძნეთს ელვისებური სისწრაფით მოედო ჭორი იმის თაობაზე, რომ მეფე ავად არ იყო, არამედ დედოფალმა სოფიამ დანით დაჭრა იგი რადგან მეფეს არ სურდა ომში ჩაბმა გერმანიის სასარგებლოდ. ამ ჭორების გავრცელებას ხელს ისიც უწყობდა, რომ დედოფალს მართლაც ხშირი კონტაქტი ჰქონდა თავის ძმასთან, გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-სთან. როგორც ერთ-ერთი ისტორიკოსი წერს: „დედოფალი სოფია გერმანელად დარჩა, თუმცა მისი ახალი სამშობლოს ინტერესები გერმანიისაზე მაღლა იდგა.“

ვინაიდან მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, დედოფალმა სოფიამ კუნძულ ტინოსზე გემი გააგზავნა, რათა სასახლეში ხარების სასწაულმოქმედი ხატი ჩამოეტანათ, რომელიც ავადმყოფებს კურნავდა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოსი სიკვდილის წინ უკანასკნელად უკვე ეზიარა, იგი იმედს არ კარგავდა, ამიტომაც ჩალოგინებულმა მეფემ ხატს აკოცა და მის წინაშე ილოცა. მისი მდგომარეობა მაინც შემაშფოთებელი იყო, ამიტომ ბერძენმა ექიმებმა მეფეს ოპერაცია გაუკეთეს. ამის გამო იმედგაცრუებულმა დედოფალმა ხატი უკან დააბრუნებინათ.

მეფის ავადმყოფობის პერიოდში სამთა კავშირი საბერძნეთზე ომში ჩართვის მიზნით ზეწოლას განაგრძობდა. იმისათვის, რომ ბულგარელების სავარაუდო თავდასხმა თავიდან აეცილებინათ ვენიზელოსმა საზღვარზე ჯარები განალაგა. მიუხედავად იმისა, რომ მას მართლაც სურდა მოკავშირეებთან ალიანსის შექმნა, თანამდებობის შესანარჩუნებლად თავი შეიკავა.

განხეთქილება ვენიზელოსთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედოფალი სოფია 1915 წელს, შესრულებულია გეორგიოს იაკობიდესის მიერ.

1915 წლის ივნისში, საკანონმდებლო არჩევნებში კვლავ ვენიზელომ გაიმარჯვა. მომდევნო ერთი თვე კონსტანტინოს I-მა კვლავ განაგრძო თავისი მოვალეობების შესრულება, 16 აგვისტოდან კი მისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლება-მოვალეობები მთლიანად ვენიზელოსს გადაელოცა. ამავე წლის სექტემბერში ბულგარეთმა სერბეთსა და საბერძნეთს ომი გამოუცხადა. ვენიზელოსმა მეფეს გენერალური მობილიზაციის გამოცხადება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ამავე წლის სექტემბერში ბულგარეთის ჯარები სერბეთში შევიდა. კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად კონსტანტინოსმა მობილიზაცია გამოაცხადა და თავდაცვითი ღონისძიებების გატარება დაიწყო. 3 ოქტომბერს მეფე-დედოფალმა დატოვეს თესალონიკი, რის შემდეგაც ქალაქი ბრიტანულ-ფრანგულმა ძალებმა გაამაგრეს, რათა ბულგარელებს არ აეღოთ.

ის ფაქტი, რომ მეფე-დედოფალმა უცხოურ ძალებს ნება დართეს სალონიკში გამაგრებულიყვნენ ბერძნებმა ღალატად ჩათვალეს. ამის პარალელურად, თავად მოკავშირეები სდებდნენ ბრალს სოფიას გერმანელებთან თანამშრომლობაში. ფრანგულ გაზეთებში ამის შესახებ საკმაოდ ვრცელი სტატიებიც კი იბეჭდებოდა. ფრანგი ჟურნალისტების მიხედვით დედოფალი სოფია საიდუმლო წყალქვეშა ნავებით გეგმავდა გერმანული ჯარების საბერძნეთში შეყვანას, რაც რეალურად არასოდეს მომხდარა.

მოკავშირეთა ჯარების ჩასვლის გამო ბულგარელებმა თავი შეიკავეს საბერძნეთში შესვლისგან, რის გამოც ბერძნებმა ისარგებლეს და სასწრაფოდ ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. ნეიტრალიტეტის გამო ისინი მოკავშირეთა ჯარებს თავიანთ მიწაზე ვერ გაატარებდნენ, რის გამოც ფრანგულ-ბრიტანულმა დამხმარე ძალებმა ვერ მოახერხეს სერბეთში შესვლა და ბულგარელების გაძევება. ამის გამო მთელი სერბეთი ბულგარეთს დარჩა. მოკავშირეებმა ეს ყველაფერი ბერძნებს დააბრალეს და საპასუხოდ საბერძნეთს სანქციები დაუწესეს.

ყოველივე ამის გამო მეფე-დედოფალმა დაკარგა სახალხო მხარდაჭერა. 1915 წელს ბრიტანულმა ჯარებმა დაიკავეს დარდანელის სრუტე. მეფე, რომელსაც არჩევნებში დამარცხების გამო ხალხზე გული აცრუებული ჰქონდა, აღარაფრის გაკეთებას აპირებდა.

მკვლელობის მცდელობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედოფალი სოფია და მეფე კონსტანტინოსი

საბერძნეთის მოსახლეობა ერთხმად აპროტესტებდა სერბების არმიის კორფუსა და სალონიკში შესვლას. შეიქმნა ბულგარეთთან ომის განახლების სერიოზული საშიშროებაც. 1916 წელს ბულგარეთმა კვლავ გამოუცხადა საბერძნეთს ომი, რასაც ამავე წლის აპრილში იტალიის მიერ ჩრდილოეთ ეპირუსის რეგიონის ანექსია მოჰყვა.

მოკავშირეები საბერძნეთის მეფე-დედოფალს სერიოზულ საფრთხედ აღიქვამდნენ, რადგან ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ქვეყანა ომში ჩაბმისგან აეცილებინათ. ამრიგად, ფრანგებმა მათი თავიდან მოცილებისათვის რამდენიმე გეგმა შეიმუშავეს. 1916 წლის 14 მაისს ხანძარი გაუჩინეს ტატოის სასახლეს, რომელსაც სოფია და მისი ორი წლის ქალიშვილი, პრინცესა ეკატერინე ძლივს გადაურჩნენ ცოცხლები. დედოფალი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები სასახლის მიმდებარე ტყეში გაიქცნენ, სადაც დაახლოებით ორი კილომეტრი ირბინეს. აქ მათ დაქირავებული მკვლელები ელოდნენ, რომლებმაც მათ ყველა მხრიდან გაუხსნეს ცეცხლი. ღამისა და ხანძრის კვამლის გამო მკვლელები ვერაფერს ხედავდნენ, ამიტომაც მხოლოდ კონსტანტინოსი დაჭრეს, ისიც მსუბუქად. ხანძარი 48 საათს გაგრძელდა და გაანადგურა მთელი სასახლე და მისი მიმდებარე ტყეც. ამ ხანძარს შეეწირა თექვსმეტი მცველი და რამდენიმე მსახური.

ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად შეცვალა სამეფო ოჯახის დამოკიდებულება გერმანიის მიმართ. 1916-17 წლებში დედოფალმა სოფიამ, რომელიც ნამდვილად გერმოფილი იყო, წერილი გაუგზავნა თავის ძმას და სთხოვა მოკავშირეთა წინააღმდეგ გერმანული ჯარების საბერძნეთში განლაგება. ამ ქმედებით საბერძნეთმა ნეიტრალიტეტი დაარღვია, რის საპასუხოდაც მოკავშირეები სამეფო ოჯახს ჩამოგდებითა და მკვლელობით დაემუქრნენ.

ტახტის დაკარგვა და ოჯახის გაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს რუსეთში ზედიზედ ორი რევოლუცია განხორციელდა, რა დროსაც ტახტიდან ჩამოაგდეს იმპერატორი ნიკოლოზ II და ცოლ-შვილთან ერთად მოკლეს. ამის შემდეგ კონსტანტინოსმა და ზოგადად, საბერძნეთმა დაკარგა თავისი მთავარი მოკავშირე. 1917 წლის 10 ივნისს ფრანგმა პოლიტიკოსმა შარლ ჟონარმა საბერძნეთის პარლამენტს მეფის ჩამოგდება და მისი ვაჟის გამეფება მოსთხოვა. ვინაიდან მათი უფროსი ვაჟი, დიადოხოსი გეორგიოსი ასევე პრო-გერმანული პოლიტიკის გამტარებელი იყო, მეფე რომელიმე სხვა პრინცით უნდა ჩაენაცვლებინათ. ამის შემდეგ პარლამენტმა კონსტანტინოსს ოფიციალურად მოსთხოვა გადადგომა და სამეფო სასახლეზე შეტევით დაემუქრა. სულ მალე სასახლის წინ 10,000 ჯარისკაცი განალაგეს, რის გამოც კონსტანტინოსმა მემკვიდრედ თავისი მეორე ვაჟი, ალექსანდროსი გამოაცხადა.

1917 წლის 11 ივნისს სამეფო ოჯახმა მალულად დატოვა სასახლე და ტატოიში გადავიდა. ამავე დღეს კონსტანტინოს I ოფიციალურად გადადგა ტახტიდან თავისი ვაჟის, მეფე ალექსანდროსის სასარგებლოდ. კონსტანტინოსი, სოფია და მათი დანარჩენი შვილები ვენიზელოსმა საბერძნეთიდან გააძევა და ოროპოსის პორტამდე მიიყვანა, საიდანაც უნდა გამზავრებულიყვნენ. აქ სოფიამ თავისი ვაჟი, ალექსანდროსი უკანასკნელად ნახა. ხელისუფლებაში მოსულმა ვენიზელოსმა, რომელიც ქვეყანას მეფის ნაცვლად მართავდა, ალექსანდროსსა და მის ოჯახს შორის ყოველგვარი ურთიერთობა აკრძალა.

შვეიცარიაში ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფია და კონსტანტინოსი დევნილობაში

გაძევებულმა სამეფო ოჯახმა გადაცურა იონიის ზღვა, გაიარა იტალია და შვეიცარიაში ჩავიდნენ, სადაც დაიდეს ბინა. ისინი ძირითადად სან-მორიცში, ციურიხსა და ლუცერნში ცხოვრობდნენ. დაცემულ სამეფო ოჯახს უცხო ქვეყანაში ცხოვრება ძალიან გაუჭირდა. განსაკუთრებით სავალალო იყო მათი ფინანსური მდგომარეობა, რადგან ვენიზოლსმა მათ პენსია შეუწყვიტა. საბერძნეთი ომში ჩაება მოკავშირეთა მხარეს. ამ ყველაფერმა კონსტანტინოსზე იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ სულ მალე დასნეულდა. 1918 წელს მას ესპანური გრიპი შეეყარა და კინაღამ მოკვდა.

ქმრის ჯანმრთელობის შერყევით დათრგუნული სოფიასათვის გამანადგურებელი იყო შვილთან ურთიერთობის აკრძალვა. ათენში მეფე ალექსანდროსი მთავრობის ტყვეობაში იყო და ოჯახთან ურთიერთობას ვერ ახერხებდა. 1920 წელს, როდესაც იგი პარიზს ეწვია, ვენიზელოსმა მხლებლები გააყოლა, რათა ოჯახს არ შეხვედროდა. ამ დროს სოფიამ მის სასტუმროში დარეკვა და შვილთან დალაპარაკება სცადა, მაგრამ უცხო კაცმა უპასუხა და ასეთი რამ განუცხადა: „მისი უმაღლესობა ბოდიშს გითვლით, მაგრამ მას ახლა არ შეუძლია თქვენთან საუბარი.“

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბერძნეთმა დიდი ტერიტორიები მოიერთა თრაკიასა და მცირე აზიაში. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კვლავ არასტაბილური სიტუაცია იყო და ვენიზელოსსა და როიალისტებს შორის დაძაბულობა გრძელდებოდა. მეფე ალექსანდროსის გადაწყვეტილებამ, რომ ცოლად შეერთო თავისი საყვარელი ასპასია მანოსი მშობლებისა და მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათ სურდათ, რომ იგი რომელიმე ევროპელ პრინცესაზე დაქორწინებულიყო. სოფიასა და ვენიზელოსის შეხედულებები ამ დროს პირველად და უკანასკნელად დაემთხვა, რადგან მათი აზრით საბერძნეთმა დაკარგა დიდ ბრიტანეთთან დაახლოების შანსი.

ალექსანდროსის გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეფე ალექსანდროსი და დედოფალი ასპასია მანოსი

1920 წლის 2 ოქტომბერს მეფე ალექსანდროსს მისმა საყვარელმა შინაურმა ცხოველმა — მაიმუნმა მას ტატოის სასახლის ბაღებში სეირნობისას უკბინა. მეფე მალევე დაინფიცირდა, რასაც მოჰყვა საშინელი ცხელება და სეფსისი. 19 ოქტომბერს, სიკვდილით შეშინებულმა მეფემ ქვეყანაში დედამისის დაბრუნება მოითხოვა. შეშფოთებულმა სოფიამ მთავრობას ქვეყანაში დაბრუნების ნებართვა სთხოვა, მაგრამ ვენიზელოსმა უარი უთხრა. მთავრობას ეშინოდა, რომ როიალისტები დედოფლის ათენში ჩასვლით ისარგებლებდნენ და გადატრიალებას მოატყობდნენ.

შვილის მდგომარეობაზე სოფია ძალიან ღელავდა, ამიტომაც დახმარება დედამთილს, დედოფალ ოლღას სთხოვა, რომელიც ვენიზელოსის თვალში გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდა. ალექსანდროსზე ზრუნვისათვის ოლღამ მთავრობას ქვეყანაში შეშვება სთხოვა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. დედოფალი ოლღა სასწრაფოდ გაემგზავრა საბერძნეთში, თუმცა შვეიცარიიდან საბერძნეთამდე ჩასვლა კიდევ უფრო გაართულა შტორმმა, რამაც მისი მგზავრობა საგრძნობლად შეაფერხა. ბედის ირონიით, დედოფალი ოლღა ათენში 1920 წლის 25 ოქტომბერს, ალექსანდროსის გარდაცვალებიდან 12 საათის შემდეგ ჩავიდა.

ორი დღის შემდეგ ახალგაზრდა მეფის ნეშტი ტატოის სასახლის მავზოლეუმში დაკრძალეს. მთავრობამ სამეფო ოჯახს დაკრძალვაზე დასწრება აუკრძალა, რის გამოც ოლღა ოჯახის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც მის დაკრძალვას დაესწრო. შვილის გარდაცვალებამ და მის დაკრძალვაზე დაუსწრებლობამ საშინლად იმოქმედა სოფიაზე.

ვენიზელოსის დაცემა და ოლღას რეგენტობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფიას დედამთილი, დედოფალი და რეგენტი ოლღა კონსტანტინეს ასული რომანოვა

მეფე ალექსანდროსის უძეოდ გარდაცვალებამ საბერძნეთში სერიოზული ინსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. ვინაიდან მთავრობა მეფე კონსტანტინოსისა და დიადოხოს გეორგიოსს ქვეყანაში არ უშვებდა, სამეფო ტახტი ცარიელი იყო. ელეფთერიოს ვენიზელოსმა წამოჭრა წინადადება, რომ ტახტზე კონსტანტინოსისა და სოფიას უმცროსი ვაჟი, პრინცი პავლოსი დაესვათ. თავად პავლოსმა უარი განაცხადა მამისა და ძმის კუთვნილი ტახტის მისაკუთრებაზე და ესეც რომ არა, საბერძნეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა მხარი არ დაუჭირა მის გამეფებას.

1919 წელს თურქეთთან დაწყებული უაზრო ომის გამო ვენიზელოსის რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგა. ამგვარ პირობებში მეფე კონსტანტინოსის დაბრუნების მომხრეთა რაოდენობა კოლოსალურად გაიზარდა. ისინი ვენიზელოსის დამხობას უკვე აშკარად მოითხოვდნენ. 1920 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნებით ხელისუფლებაში როიალისტები მოვიდნენ, რომელთაც თანამდებობიდან მოხსნეს ვენიზელოს მომხრე მინისტრები. სულ მალე თანამდებობა დაკარგა ვენიზელოსმაც, რითაც დასრულდა მისი მმართველობა. ახალმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრიოს რალისმა მეფე კონსტანტინოსის ქვეყანაში დაბრუნებამდე საბერძნეთის მართვა დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას ჩააბარა და მას რეგენტის წოდებაც უბოძა. მისი რეგენტობა სულ ერთ თვეს გაგრძელდა.

ამასობაში, შვეიცარიაში მყოფი სამეფო ოჯახი პრინცესა ელენესა და რუმინეთის მეფე ფერდინანდ I-ის ვაჟის, კრონპრინც კაროლის ქორწინებისათვის ემზადებოდა. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება რუმინეთ-საბერძნეთის სამეფო ოჯახებს შორის. ალექსანდროსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დიადოხოსი გეორგიოსი ჩავიდა რუმინეთში და ცოლად შეირთო მათი პრინცესა ელიზაბეტა, ახლა კი ამ კავშირის განსამტკიცებლად პრინცესა ელენე უნდა გაჰყოლოდა ცოლად რუმინეთის მომავალ მეფეს. დედოფალი სოფია ერთობ კმაყოფილი იყო შვილების ასეთი სარფიანი ქორწინებით. საბოლოოდ, ელენესა და კაროლის ქორწინება განქორწინებით დამთავრდა, რის შემდეგაც კაროლი მეორედ დაქორწინდა, რამაც სოფია შოკში ჩააგდო.

საბერძნეთის დედოფალი: II მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთში დაბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედოფალი სოფია

1920 წლის 19 დეკემბერს კონსტანტინოს I და სოფია პრუსიელი საბერძნეთში დაბრუნდნენ. მათ ჩასვლას ათენში დიდი სიხარულითა და სასიამოვნო დემონსტრაციებით დახვდნენ. ყველა ქუჩაში ჩამოხსნეს ვენიზელოსის პორტრეტები და მის ნაცვლად მეფე-დედოფლისა ჩამოკიდეს. აღსანიშნავია, რომ დაბრუნების შემდეგ მეფე-დედოფალი საკმაოდ ხშირად გამოდიოდა თავიანთ აივანზე და აქედან ესალმებოდა საზოგადოებას.

მეფის დაბრუნებას ქვეყნისათვის მოსალოდნელი მშვიდობა არ მოუტანია. უფრო მეტიც, კონსტანტინოსი ხელს უშლიდა საბერძნეთს იმ სამხედრო დახმარების მიღებაში, რომელიც მას ომისათვის სჭირდებოდა. 1919 წლიდან საბერძნეთი თურქეთთან ჩაება ომში, რომელსაც მუსტაფა ქემალ ათათურქი მეთაურობდა. მას სურდა, რომ პირველ მსოფლიო ომში დაკარგული მიწები წაერთმია ბერძნებისათვის. როგორც აღმოჩნდა, მეფე-დედოფალი უფრო დიდი ამბიციებით დაუბრუნდა ქვეყანას, რისი დემონსტრაციაც იყო ათენში გამართული პრინცესა ელენესა და პრინცი კაროლ რუმინელის ქორწილი. ამ ქორწილში მყოფმა დიდი ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა, რომ მილოცვისას საბერძნეთის მეფე-დედოფალმა საჯაროდ გამოხატეს პატივისცემა რუმინეთის დედოფალ მარია ედინბურგელისადმი.

დედოფალი სოფია თავის შვილიშვილ ალექსანდრასთან ერთად 1921 წლის აპრილში.

საბერძნეთში დაბრუნებული სოფია ძალიან გაახარა 1921 წლის 25 მარტს შვილიშვილის, პრინცესა ალექსანდრას დაბადებამ, რომელიც სოფიას განსვენებული ვაჟის, მეფე ალექსანდროსის ერთადერთი ქალიშვილი გახდა. მას სულ მალე მიანიჭეს შესაბამისი წოდება და ტიტულები.

მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, თურქებთან ბრძოლაში ბერძნული ჯარი გაცამტვერდა. ანატოლიაში შექმნილი სავალალო მდგომარეობის გამო, 1921 წლის მაისში მეფე კონსტანტინოსი თავად გაემგზავრა ბრძოლის ველზე, რათა ჯარისკაცები გაემხნევებინა. იგი ცუდი მთავარსარდალი იყო, რამაც ხალხს 1912-13 წლებში ოსმალეთთან განცდილი მარცხი გაახსენა. თურქეთში იგი მალევე დაავადდა, რის გამოც ათენში დაბრუნდა. ამის გამო იგი სამხედრო დეზერტირად შერაცხეს, რამაც კიდევ უფრო შელახა მეფის ავტორიტეტი. დედოფალი სოფია უკვე ასაკში იყო შესული, რის გამოც აღარ შეეძლო ძველებურად ექთნად ემუშავა ჯარისკაცებისათვის და ასე მაინც გადაერჩინა სამეფო ოჯახის სახელი, როგორც ამას ადრე აკეთებდა.

საბერძნეთ-თურქეთის ომი კვლავ გრძელდებოდა. 1921 წლის აგვისტოში ბერძნები სასტიკად დამარცხდნენ, რასაც 1922 წლის სექტემბერში თურქების მიერ სმირნას (დღევანდელი იზმირი) დაკავება და მისი გადაწვა მოჰყვა. ამ მოვლენამ საბერძნეთი ღრმა მორალურ და პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო. პარალელურად მუსტაფა ქემალის თაოსნობით თურქებმა მთელი ანატოლია და აღმოსავლეთ თრაკია დაიკავეს, სადაც ათასობით ბერძენი ჩახოცეს. უამრავი ბერძენი ლტოლვილი მიაწყდა ათენის კედლებს. ამ მოვლენას საბერძნეთის ისტორიაში „დიდი უბედურება“ ეწოდება. ეს კატასტროფა მხოლოდ 1923 წლის 24 ივლისს, ლოზანის ხელშეკრულებით დასრულდა.

კონსტანტინოს I-ის გადადგომა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქებთან განცდილი გამანადგურებელი და დამამცირებელი მარცხის შემდეგ, 1922 წლის 11 სექტემბერს ბერძნები გენერალ ნიკოლოზ პლასტირასის თაოსნობით აჯანყდნენ. ისინი კონსტანტინოსის გადადგომასა და პარლამენტის დაშლას მოითხოვდნენ. სახალხო მოთხოვნის საფუძველზე 1922 წლის 27 სექტემბერს კონსტანტინოს I თავისი უფროსი ვაჟის, გეორგიოს II-ის სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან.

სოფია და კონსტანტინოსი დევნილობაში

ვინაიდან სოფია და კონსტანტინოსი ბერძნებში განსაკუთრებული ზიზღის ობიექტებად იქცნენ, თავიანთი ვაჟის მმართველობის უსაფრთხოებისათვის ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეს. 1922 წლის 30 ოქტომბერს სოფია და კონსტანტინოსი თავიანთ შვილებთან: ირენესა და ეკატერინესთან, ასევე კონსტანტინოსის ძმასა და ცოლთან ერთად წავიდნენ ოროპოზის აეროპორტში, საიდანაც დატოვეს ქვეყანა. ამის შემდეგ სოფია საბერძნეთში აღარ ჩასულა.

ბერძნულმა თვითმფრინავმა SS Patris-მა სამეფო ოჯახი პალერმოში ჩაიყვანა. აქედან ისინი თვალ-ყურს ადევნებდნენ საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს, რაც მათ ყოველთვის აშფოთებდათ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა ახალმა თურქეთთან მარცხში დაადანაშაულა და დააპატიმრა. მათ ასევე დაადანაშაულეს კონსტანტინოსის ძმა, ანდრეასი, რომელსაც შედარებით შეურბილეს სასჯელი და სიცოცხლის ბოლომდე გააძევეს ქვეყნიდან.

კონსტანტინოსის გარდაცვალება და გეორგიოს II-ის გაქცევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიგით მეორე დამხობამა და სამშობლოს დატოვებამ შეარყია კონსტანტინოსის ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. იგი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. იგი საათობით იჯდა მარტო და ლაპარაკის გარეშე, უაზროდ იყურებოდა სივრცეში. ამის საპირისპიროდ, სოფია უფრო მღელვარე და მშფოთვარე გახდა, რადგან გამუდმებით საბერძნეთში დარჩენილ ოჯახზე ფიქრობდა. ამის გამო მეფე-დედოფალმა სიცილიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, რის შემდეგაც ფლორენციაში გადასახლდნენ. აქ დასახლებიდან მალევე, 1923 წლის 11 იანვარს კონსტანტინოსი თავის ტვინის სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა. ამის შემდეგ სოფია გაცილებით უფრო იზოლირებული გახდა, ვიდრე აქამდე იყო.

სოფიას კონსტანტინოსის ტატოის სასახლეში დარკძალვა სურდა, თუმცა ბერძნულმა მთავრობამ მეფის გადასვენებაზე უარი განაცხადა, გეორგიოს II-მ კი ვერაფერი გააკეთა. მთავრობა მეფეს იმდენად აიგნორებდა, რომ გეორგიოს II-მ 1923 წლის დეკემბერში პროტესტის ნიშნად დატოვა ქვეყანა და რუმინეთში წავიდა ცოლთან ერთად. საპასუხოდ მთავრობამ მეფეს, სოფიასა და სხვა ოჯახის წევრებს საბერძნეთის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის გამო დანიის მეფე კრისტიან X-მ ყოველ მათგანს დაუყოვნებლივ გაუგზავნა დანიური პასპორტები.[10]

უკანასკნელი წლები და გერმანიაში დაბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაქვრივებული სოფია თავის ქალიშვილებთან: ირენესა და ეკატერინესთან ერთად ცხოვრობდა ფლორენციაში, ვილა ბობოლინაში. 1927 წლის სექტემბერში მათ შეუერთდათ სოფიას ქვრივი რძალი, ასპასია მანოსი და მისი ქალიშვილი ალექსანდრა, რამაც სოფია ძალიან გაახარა, რადგან თავისი შვილიშვილი საოცრად უყვარდა. 1930 წელს მეფე კაროლ II-თან განქორწინების შემდეგ მათ შეუერთდათ სოფიას ქალიშვილი ელენეც. საზაფხულო დასვენებისას სოფიამ ელენესთან ერთად მოინახულა თავისი შვილიშვილი, რუმინეთის კრონპრინცი მიჰაი.

დარჩენილი ცხოვრება სოფიამ თავის ოჯახთან ერთად სტაბილურობაში გაატარა. იგი საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებდა დანიის სამეფო ოჯახისგან. ამის გამო იგი ხშირად მოგზაურობდა და ნახულობდა თავის ნათესავებს. სოფია ეწვია გერმანიასაც, სადაც მოინახულა თავისი და, მარგარეტი, ასევე ჩავიდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ნახა თავისი ბიძაშვილი, მეფე ჯორჯ V. 1929 წელს ნიდერლანდებში ჩავიდა, სადაც თავისი ძმის, იმპერატორ ვილჰელმის 70-ე დაბადების დღეს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ და-ძმას ერთმანეთი 1914 წლის შემდეგ აღარ უნახავს.

დედოფალ სოფიას საფლავი ტატოიში.

ასაკის მატებასთან ერთად სოფია უფრო რელიგიურიც გახდა. მართალია იგი ბოლომდე მართლმადიდებელი იყო, მაგრამ ბრიტანეთში ყოფნისას ესწრებოდა ანგლიკანურ წირვა-ლოცვასაც.

ავადმყოფობა, გარდაცვალება და დაკრძალვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალწლიანი ავადმყოფობის შემდეგ, სოფია მიხვდა, რომ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად იყო შერყეული. 1930 წლიდან იგი იმდენად რთულად დაავადდა, რომ იძულებული გახდა ფრანკფურტში გადასახლებულიყო მკურნალობის მიზნით. მართალია აქ იგი საოცარი სისწრაფით გამოჯანმრთელდა და 1931 წელს ბრიტანეთს, ბავარიასა და ვენეციასაც ეწვია, მაგრამ ამავე წლის სექტემბერში მისი მდგომარეობა კვლავ გართულდა, რის გამოც ისევ ფრანკფურტში დაბრუნდა. აქ მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და გერმანელმა ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 1932 წლის ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ დედოფალმა სოფიამ ჭამა ფაქტობრივად შეწყვიტა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. იგი 1932 წლის 13 იანვარს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანკფურტის საავადმყოფოში, შვილების გარემოცვაში.

თავდაპირველად სოფია ფრიდრიხსჰოფში დაკრძალეს, მაგრამ იგი შვილებმა მალევე გადაასვენეს ფლორენციის რუსულ მართლმადიდებლულ ეკლესიაში. აქ იგი ქმრისა და დედამთილის გვერდით დაკრძალეს. სამი წლის შემდეგ, 1935 წელს გეორგიოს II-მ საბერძნეთში გავლენები აღიდგინა.

ტახტის დაბრუნების შემდეგ გეორგიოს II-მ ორგანიზება გაუწია თავისი გარდაცვლილი ოჯახის წევრების საბერძნეთში გადასვენებასა და პატივით დაკრძალვას. 1936 წლის ნოემბერში დედოფალი სოფია, მეფე კონსტანტინოსი და დედოფალი ოლღა კონსტანტინოვნა ათენში, ტატოის სასახლის მავზოლეუმში დაკრძალეს. ამ დაკრძალვაზე შეიკრიბა საბერძნეთის მთელი სამეფო ოჯახი. დედოფალი სოფია დღესაც იქ განისვენებს.

დედოფალ სოფია პრუსიელის გერბი
  • „ათენელები“, ასე ჰქვია ბრიტანელი ჟურნალისტისა და მწერლის, ბევერლი ნიკოლსის წიგნს, რომელიც მოგვითხრობს მეფე კონსტანტინოსისა და მისი ოჯახის მკვლელობის მცდელობის შესახებ, რომელიც I მსოფლიო ომის დროს ფრანგებმა მოაწყვეს. ეს ნარკვევი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის დედოფალი სოფიას ცხოვრების შესახებ;
  • 1980 წელს გამოვიდა პანტელის ვულგარისის ბერძნული ფილმი „ელეფთერიოს ვენიზელოსი“, რომელშიც სოფიას როლი მსახიობმა ოლღა კარტალოსმა შეასრულა;
  • 1984 წელს გამოვიდა ამერიკული მინი-სერიალი „პირველი ოლიმპიელები: 1896 წლის ათენი“, რომელშიც სოფია ბერძენმა მსახიობმა ანტიგონია ამანიტუმ განასახიერა;
  • 2017 წელს გამოვიდა ბრიტანული ფილმი „ვიქტორია და აბდული“, რომელშიც სოფიას როლი ინგლისელმა მსახიობმა სოფი ტროტმა მოირგო;
  • ათენში მის პატივსაცემად არსებობს „სოფიას ავენიუ“, რომელიც „ამალიას ავენიუს“ გვერდითაა, რომელსაც სახელი დედოფალ ამალიას პატივსაცემად ჰქვია. სოფიას ავენიუზე მდებარეობს ძველი ბერძნული სასახლე, ათენის ეროვნული ბაღები, ბიზანტიისა და ქრისტიანობის მუზეუმი და ომის მუზეუმი;
სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
გეორგიოსი 19 ივლისი, 1890,

ტატოი, საბერძნეთი

1 აპრილი, 1947,

ათენი, საბერძნეთი

(56 წლის)

საბერძნეთის მეფე 1922-24 და 1935-47 წლებში. ცოლად შეირთო ელიზაბეტა

რუმინელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია.

ალექსანდროსი 1 აგვისტო, 1893,

ტატოი, საბერძნეთი

25 ოქტომბერი, 1920,

ათენი, საბერძნეთი

(27 წლის)

საბერძნეთის მეფე 1917-20 წლებში. ცოლად შეირთო ასპასია მანოსი, რომელთანაც

შეეძინა იუგოსლავიის დედოფალი ალექსანდრა ბერძენი.

ელენე 2 მაისი, 1896,

ათენი, საბერძნეთი

28 ნეომბერი, 1982,

ლოზანა, შვეიცარია

(86 წლის)

ცოლად გაჰყვა რუმინეთის მეფე კაროლ II-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე

მიჰაი I.

პავლოსი 14 დეკემბერი, 1901,

ათენი, საბერძნეთი

6 მარტი, 1964,

ათენი, საბერძნეთი

(62 წლის)

საბერძნეთის მეფე 1947-64 წლებში. ცოლად შეირთო ფრედერიკა ჰანოვერელი,

რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე კონსტანტინოს II და ესპანეთის დედოფალი

სოფია ბერძენი.

ირენე 13 თებერვალი, 1904,

ათენი, საბერძნეთი

15 აპრილი, 1974,

ფიეზოლე, იტალია

(70 წლის)

ცოლად გაჰყვა აოსტის ჰერცოგსა და ხორვატიის მეფე აიმონე სავოიელს, რომელთანაც

შეეძინა ერთი ვაჟი.

ეკატერინე 4 მაისი, 1913,

ათენი, საბერძნეთი

2 ოქტომბერი, 2007,

ლონდონი, ინგლისი

(94 წლის)

ცოლად გაჰყვა ბრიტანელ სამხედროს, რიჩარდ ბრენდრემს, რომელთანაც შეეძინა

ერთი ვაჟი.

  • Bennett, Daphne (1971). Vicky: Princess Royal of England & German Empress. London: Collins and Harvill Press. ISBN 000262883X.
  • Bertin, Célia (1982). Marie Bonaparte (in French). Paris: Perrin. ISBN 226201602X.
  • Clogg, Richard (1979). A Short History of Modern Greece. Cambridge University Press. ISBN 0521328373.
  • Collectif, . (1919). La France héroïque et ses alliés (in French). II. Larousse.
  • Driault, Édouard; Lhéritier, Michel (1926). Histoire diplomatique de la Grèce de 1821 à nos jours : La Grèce et la Grande Guerre - De la Révolution turque au traité de Lausanne (1908-1923) (in French). V. PUF.
  • Gelardi, Julia P. (2005). Born to Rule: Five Reigning Consorts, Granddaughters of Queen Victoria. New York: St. Martin's Press. ISBN 0312324243.
  • Leon, G. B. (1974). Greece and the Great Powers 1914-17. Thessaloniki: Institute of Balkan Studies. OCLC 462815121.
  • Mateos Sainz de Medrano, Ricardo (2004). La Familia de la Reina Sofía : La Dinastía griega, la Casa de Hannover y los reales primos de Europa (in Spanish). Madrid: La Esfera de los Libros. ISBN 84-9734-195-3.
  • Terrades, Marc (2005). Le Drame de l'hellénisme : Ion Dragoumis (1878-1920) et la question nationale en Grèce au début du xxe siècle (in French). L'Harmattan. ISBN 2747577880.
  • Vacalopoulos, Apostolos (1975). Histoire de la Grèce moderne (in French). Horvath. ISBN 2-7171-0057-1.
  • Van der Kiste, John (1994). Kings of the Hellenes : The Greek Kings, 1863-1974. ISBN 0750921471.
  • Van der Kiste, John, The Prussian Princesses: Sisters of Kaiser Wilhelm II, Fonthill, 2014
  • Vickers, Hugo (2000). Alice, Princess Andrew of Greece. Londres: Hamish Hamilton. ISBN 0-241-13686-5.
  • Andrew Sinclair: Victoria. Kaiserin für 99 Tage. Gustav Lübbe Verlag, ISBN 3-404-61086-5
  • Karin Feuerstein-Prasser: Die deutschen Kaiserinnen. Piper Verlag 2006.
  • Barbara Beck: Wilhelm II. und seine Geschwister. Friedrich Pustet, Regensburg 2016; ISBN 978-3-7917-2750-9.
  1. ვილჰელმ I ამ დროისათვის მხოლოდ პრუსიის მეფე და გერმანიის კონფედერაციის მმართველი იყო, საკუთრივ გერმანიის იმპერატორი კი მხოლოდ 1871 წლის იანვარში გახდა
  2. 1870 წლის 1 ივნისს, ესპანეთში მონარქია აღსდგა და ტახტზე პრეტენზია ვილჰელმ I-ის ბიძაშვილმა ლეოპოლდმა განაცხადა, რაც საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ გააპროტესტა, საბოლოოდ კი ამ ყველაფერს საფრანგეთ-პრუსიის ომი მოჰყვა.
  3. დიადოხოსი (ბერძ. διάδοχος) ბერძნულად პირდაპირი მნიშნვნელობით ნიშნავს „ტახტის მემკვიდრეს“.
  4. იგი 1910 წლიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ V გახდა
  5. შემდგომში იგი სრულიად რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ II გახდა
  6. აღსანიშნავია, რომ კრისტიანი კონსტანტინოსის ბაბუა იყო, როგორც მამამისის, მეფე გეორგიოსის მამა
  7. პრინცი ედუარდი, შემდგომში კი მეფე ედუარდ VII სოფიას ღვიძლი ბიძა იყო, როგორც დედამისის ძმა, ხოლო პრინცესა ალექსანდრა დანიელი კონსტანტინოსის ღვიძლი მამიდა იყო
  8. ასე უწოდებდნენ დანიის მეფე კრისტიან IX-სა და დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელს, რომელთა შვილებიც ქორწინებების საშუალებით მართავდნენ დანიას, შვედეთს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს, ამის გამო კი თითქმის მთელი ევროპის მონარქები მათ ან რძლად, ან სიძედ, ან მოყვარედ მაინც ერგებოდნენ.
  9. ერთ-ერთი წინასწარმეტყველების მიხედვით ბერძნები მეფე კონსტანტინოსისა და დედოფალ სოფიას მმართველობის ხანაში გააძევებდნენ თურქებს თავიანთი მიწებიდან, დაიბრუნებდნენ კონსტანტინოპოლს და მთელ ეგეოსის ზღვისპირეთს.
  10. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სოფიას მამამთილი, მეფე გეორგიოს I დანიის მეფე კრისტიან IX-ის ვაჟი და კრისტიან X-ის ბიძა იყო, ამიტომაც კრისტიანმა თავის ნათესავებს დახმარება აღმოუჩინა.