ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი
Bundesarchiv Bild 102-01286, Kaiserin Auguste Viktoria.jpg
გერმანიისა და პრუსიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 ივნისი, 1888
მმართ. დასასრული: 9 ნოემბერი, 1918
წინამორბედი: ვიქტორია ბრიტანელი
მემკვიდრე: წოდება გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ოქტომბერი, 1858
დაბ. ადგილი: ბრანდენბურგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 11 აპრილი, 1921, (62 წლის)
გარდ. ადგილი: უტრეხტი, ნიდერლანდები
მეუღლე: ვილჰელმ II, გერმანიის იმპერია
შვილები: შვიდი შვილი
სრული სახელი: ავგუსტა ვიქტორია ფრედერიკა ლუიზა ფეოდორა იენი
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ VIII, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი
დედა: ადელჰაიდ ჰოენლოჰ-ლანგენბურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი (გერმ. Augusta Viktoria von Schleswig-Holstein; დ. 22 ოქტომბერი, 1858, ბრანდენბურგი, გერმანია — გ. 11 აპრილი, 1921, უტრეხტი, ნიდერლანდები) — ოლდენბურგების დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელი. გერმანიისა და პრუსიის უკანასკნელი დედოფალი 1888-1918 წლებში. იმპერატორ ვილჰელმ II-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტა ვიქტორია დაიბადა 1858 წლის 22 ოქტომბერს ბრანდენბურგში, დოლციგის სასახლეში. იგი იყო შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ ფრედერიკ VIII-ისა და მისი მეუღლის, ადელჰაიდ ჰოენლოჰ-ლანგენბურგელის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დედამისი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას დისწული იყო.

ავგუსტა ვიქტორია 1881 წელს.

1881 წლის 27 თებერვალს ავგუსტა ვიქტორია ცოლად გაჰყვა თავის მესამე თაობის ბიძაშვილს[1], პრუსიის პრინც ვილჰელმს, რომელიც იყო გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I-ის ვაჟის, კრონპრინც ფრიდრიხისა და მისი ცოლის, პრინცესა ვიქტორია ბრიტანელის, დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილის უფროსი ვაჟი.

ახალ ოჯახში ავგუსტას მეტსახელი შეარქვეს და „დონას“ უწოდებდნენ ხოლმე. მას თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან, ვიქტორია ბრიტანელთან, რომელიც იმედოვნებდა, რომ ავგუსტა ხელს შეუწყობდა მასსა და მის ვაჟს, ვილჰელმს შორის არსებული განხეთქილების მოგვარებას.

1888 წლის 9 მარტს ვილჰელმ I გარდაიცვალა და ტახტი ავგუსტას მამამთილმა, ფრიდრიხ III-მ დაიკავა, რომელიც ამავე წლის 15 მარტს ხორხის სიმსივნით გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე ვილჰელმ II ადის, რითაც ავგუსტა ვიქტორია გერმანიისა და პრუსიის დედოფალი ხდება. ამის შემდეგ მან გამოამჟღავნა თავისი მიდრეკილება სამედიცინო საქმისადმი, რის გამოც იგი მედდა გახდა და წითელ ჯვარში დაიწყო მსახურობა. ცნობილია, რომ იგი დიდ სიამოვნებას იღებდა თავისი დედამთილის, ვიქტორიას გაღიზიანებით. მაგალითად: როდესაც იგი ეტყოდა, რომ კარგი იქნებოდა ერთი კაბა ჩაეცვა, იგი აუცილებლად სხვას იცვამდა. ამის მაგალითია ისიც, რომ როდესაც ავგუსტამ თავის ქალიშვილს ვიქტორია დაარქვა და მის დედამთილს ეს გაუხარდა, მან საჯაროდ განმარტა, რომ ბავშვს სახელი არა თავისი დედამთილის, არამედ ბავშვის დიდი ბებიის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად დაარქვა.

მიუხედავად ყველაფრისა, გერმანიის სამეფო კარზე ავგუსტა თავს მარტო გრძნობდა, რის გამოც საბოლოოდ მაინც დაუახლოვდა ვიქტორიას, თუმცა იგი მას თავის შვილებთან მარტო არასოდეს ტოვებდა, რათა თავისი ლიბერალური შეხედულებები არ მოეხვია მათთვის თავზე. მაშინ, როდესაც 1901 წელს ვიქტორია მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა, ავგუსტამ ეს ისე განიცადა, რომ შეუძლოდ გახდა და რამდენიმე დღე საწოლიდან ვერ დგებოდა.

დედოფალი ავგუსტა თავის ქალიშვილ ვიქტორიასთან ერთად ბერლინში, 1911 წელი.

ავგუსტას ასევე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ვილჰელმის დებთან, განსაკუთრებით კი საბერძნეთის დედოფალ სოფია პრუსიელთან. ორ ქალს შორის დაპირისპირება მხოლოდ მაშინ დაიწყო, რაც 1890 წელს სოფია მართლმადიდებლად მოინათლა. გადანათვლამდე ცოტა ხნით ადრე დედოფალი ავგუსტა მას დაემუქრა, რომ თუ ლუთერანულ ეკლესიას განუდგებოდა, სოფიას გერმანული მიწებიდან გააძევებდა, ხოლო მისი სული ჯოჯოხეთში მოხვდებოდა. მისი გავლენით ვილჰელმმა თავისი და მართლაც გააძევა მშობლიური მიწიდან და როდესაც 1890 წელს ავგუსტამ ნაადრევად გააჩინა პრინცი იოაკიმი, რომელიც სიკვდილის პირას იყო, ეს ყველაფერი სოფიას „ცოდვას“ მიაწერა. მას ქმარზე იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ ვილჰელმსაც დააჯერა, რომ მათი ვაჟის ამბავი სოფიას ბრალი იყო, რის გამოც იმპერატორმა დედას მისწერა კიდეც, რომ თუ ბავშვი მოკვდებოდა, ის სოფიას მოკლული იქნებოდა.

1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც გერმანია თავიდანვე აქტიურად ჩაება. 1918 წელს, გერმანია და მისი მოკავშირები დამარცხდნენ, რის გამოც გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, რუსეთი და ოსმალეთი დაიშალა, რასაც ყოველ მათგანში მოჰყვა მონარქიის გაუქმება. ამრიგად, ავგუსტა ვიქტორიამ დაკარგა დედოფლის სტატუსი. 1920 წელს გერმანიის სამეფო ოჯახი იძულებული გახდა ემიგრაციაში ნიდერლანდებში წასულიყო, რამაც მასზე საშინელი გავლენა იქონია. გადამწყვეტი დარტყმა 1920 წელს მისი ვაჟის, პრინცი იოაკიმის თვითმკვლელობა გახდა, რომელიც ავგუსტა ვიქტორიამ ვერაფრით გადაიტანა. იგი 1921 წლის 11 აპრილს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა უტრეხტში, ნიდერლანდებში. მოგვიანებით იგი გერმანიაში გადაასვენეს და პოტსდამში დაკრძალეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვილჰელმი (1882-1951), გერმანიისა და პრუსიის კრონპრინცი, ჰოენცოლერნთა დინასტიის მეთაური. ცოლად შეირთო სესილია მეკლენბურგ-შვერინელი, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა;
  2. აიტელ ფრიდრიხი (1883-1942), ცოლად შეირთო სოფია შარლოტა ოლდენბურგელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. ადალბერტი (1884-1948), ცოლად შეირთო ადელჰაიდ საქსენ-მაინინგენელი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  4. ავგუსტ ვილჰელმი (1887-1949), ცოლად შეირთო ალექსანდრა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;
  5. ოსკარი (1888-1958), ცოლად შეირთო ინა მარია ფონ ბასევიცი, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინა;
  6. იოაკიმი (1890-1920), ცოლად შეირთო მარია ავგუსტა ანჰალტელი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  7. ვიქტორია ლუიზა (1892-1980), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგის ჰერცოგ ერნესტ ავგუსტს, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა, მათ შორის საბერძნეთის დედოფალი ფრედერიკა ჰანოვერელი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Radziwill, Catherine (1915). The Royal Marriage Market of Europe. New York: Funk and Wagnalls Company. ISBN 1-4589-9988-2.
  • Van der Kiste, John: The last German Empress: A life of Empress Augusta Victoria, Consort of Emperor William II. CreateSpace, 2015
  • Thomas Weiberg: … wie immer Deine Dona. Verlobung und Hochzeit des letzten deutschen Kaiserpaares. Isensee-Verlag, Oldenburg 2007, ISBN 978-3-89995-406-7.
  • Littell, Eliakim; Littell, Robert S. (1921). "The Last Hohenzollern Empress". The Daily Telegraph. Littell, Son and Company. 309. Retrieved 27 March 2018.
  • Radziwill, p. 30.
  • Porter, Katharine Anne (1984). Ship of Fools. New York: Back Bay Books/Little, Brown and Company. pp. 81-82. ISBN 978-0-316-71390-0.
  • Hof- und Staats-Handbuch des Königreich Württemberg (1907), "Königliche Orden" p. 136

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ავგუსტა ვიქტორიას დედის დედის დედა, იყო ვილჰელმის დედის დედის დედა, აქ საუბარია დედოფალ ვიქტორიასა და ფეოდორა ლაინინგენელის დედაზე, პრინცესა ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელზე, რომლის ხაზითაც იყვნენ ისინი ბიძაშვილები