მარგარეტ იორკელი
მარგარეტ იორკელი | |
---|---|
Margaret of York | |
ბურგუნდიის, ლუქსემბურგის, ნემურის, ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგინია, ნევერის, არტუას, შაროლუას, ფლანდრიის, ჰოლანდიის, ფრიზიის, ზელანდიისა და ენოს გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ივლისი, 1468 |
მმართ. დასასრული: | 5 იანვარი, 1477 |
წინამორბედი: | ისაბელ პორტუგალიელი |
მემკვიდრე: | ხუანა კასტილიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 მაისი, 1446 |
დაბ. ადგილი: | ფოტერინგეი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 23 ნოემბერი, 1503, (57 წლის) |
გარდ. ადგილი: | მეხელენი, ფლანდრია |
მეუღლე: | შარლი, ბურგუნდიის ჰერცოგი |
დინასტია: | იორკები |
მამა: | რიჩარდი, იორკის ჰერცოგი |
დედა: | სესილი ნევილი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარგარეტ იორკელი (ინგლ. Margaret of York, ფრანგ. Marguerite d'York; დ. 3 მაისი, 1446, ფოტერინგეი, ინგლისი — გ. 23 ნოემბერი, 1503, მეხელენი, ფლანდრია) — იორკთა დინასტიის წარმომადგენელი. იორკის ჰერცოგ რიჩარდ პლანტაგენეტისა და ჰერცოგინია სესილი ნევილის ასული. ინგლისის მეფეების: ედუარდ IV-ისა და რიჩარდ III-ის და. ბურგუნდიის ჰეცოგინია და ქვემო მიწების მონარქი 1468-77 წლებში როგორც შარლ გულადის მესამე ცოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარეტი დაიბადა 1446 წლის 3 მაისს ფოტერინგეის სასახლეში. იგი იყო იორკის მესამე ჰერცოგ რიჩარდ პლანტაგენეტისა და მისი ცოლის, სესილი ნევილის ქალიშვილი.
1468 წლის 3 ივლისს იგი ცოლად გაჰყვა ბურგუნდიისა და ქვემო მიწების ჰერცოგ შარლ დე ვალუას, რომელიც უკვე ორჯერ დაქვრივებული და ერთი ქალიშვილის მამა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტსა და შარლს შვილები არ ეყოლათ, მათ ძალიან ძლიერი კავშირი ჰქონდათ, რამაც განაპირობა ბურგუნდიის კვლავ ინგლისის ბანაკში გადასვლა. ისტორიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ შარლ გულადსა და მის სიმამრს, რიჩარდ პლანტაგენეტს, ერთად სურდათ საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის დამხობა.
როდესაც იგი პირველად ჩავიდა ბურგუნდიაში, მას მაშინვე მიეგებნენ მისი ახალი ფრეილინები. ცნობილია, რომ მისი და შარლის ქორწილი საოცრად პომპეზური და მდიდრული იყო. მარგარეტმა სწორედ ასეთ საოცარ ფუფუნებაში გაატარა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება. ჩვენთვის ასევე ისიც ცნობილია, რომ მარგარეტს ძალიან უყვარდა თავისი გერი, მარია ბურგუნდიელი. ისინი ღვიძლი დედა-შვილივით იყვნენ, რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ მარგარეტს საკუთარი შვილები არ ჰყავდა და მთელი თავისი ცხოვრება მას მიუძღვნა.
1477 წელს შარლ გულადი ლოთარინგიაში ბრძოლისას მოკლეს, რის შემდეგაც ბურგუნდიის ტახტზე მისი ქალიშვილი მარია ადის თავის ქმართან, მომავალში საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან ავსტრიელთან ერთად. ცნობილია, რომ მარიამ და მაქსიმილიანმა, თავიანთ ერთადერთ ქალიშვილს, სწორედ მარგარეტის პატივსაცემად დაარქვეს სახელი.
მას შემდეგ, რაც 1482 წელს მარია ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, მარგარეტი პირადად ზრუნავდა მარიას შვილების, ფილიპესა (მომავალში კასტილიის მეფე და ბურგუნდიის ჰერცოგი) და მარგარეტის (მომავალში სავოიის ჰერცოგინია, ნიდერლანდების შტატჰალტერი და ასტურიის პრინცესა) აღზრდაზე. აგრეთვე ცნობილია იმ დიდი გავლენის შესახებ, რაც მარგრეტმა მოახდინა ვარდების ომზე. თავის რძალთან, ელიზაბეთ ვუდვილთან ერთად იგი ცდილობდა მოეკლა მეფე ჰენრი VII და მის ნაცვლად ტახტზე თავისი ძმის შვილი, ვორვიკის ჰერცოგი დაესვა, თუმცა სულ ამაოდ.
მარგარეტი გარდაიცვალა 1503 წლის 23 ნოემბერს, 57 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Taylor, Aline S, Isabel of Burgundy
- Heer, Friedrich, The Holy Roman Empire
- Calmette, Joseph, The Golden Age of Burgundy
- Gairdner, James (1893). "Margaret (1446-1503)". In Lee, Sidney. Dictionary of National Biography. 36. London: Smith, Elder & Co.
|