შინაარსზე გადასვლა

ლაიოშ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაიოშ II
ლუდოვიკ II
უნგრეთისა და ხორვატიისა მეფე
კორონაცია: 4 ივნისი, 1508, სეკეშფეჰერვარი
მმართ. დასაწყისი: 13 მარტი, 1516
მმართ. დასასრული: 29 აგვისტო, 1526
წინამორბედი: ვლადისლავ II
მემკვიდრე: ფერდინანდ I
ბოჰემიის მეფე
კორონაცია: 11 მარტი, 1509, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 13 მარტი, 1516
მმართ. დასასრული: 29 აგვისტო, 1526
წინამორბედი: ვლადისლავ II
მემკვიდრე: ფერდინანდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ივლისი, 1506
დაბ. ადგილი: ბუდა, უნგრეთი
გარდ. თარიღი: 29 აგვისტო, 1526, (20 წლის)
გარდ. ადგილი: მოჰაჩი, უნგრეთი
დაკრძ. ადგილი: სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი
მეუღლე: მარია ავსტრიელი
(ქ. 1515)
შვილები: იანოს ვასი (უკანონო)
დინასტია: იაგელონები
მამა: ვლადისლავ II, უნგრეთის მეფე
დედა: ანა დე ფუა-კანდალი
რელიგია: კათოლიციზმი

ლაიოშ II (უნგრ. II. Lajos, ჩეხ. Ludvík Jagellonský, ხორ. Ludovik II; დ. 1 ივლისი, 1506, ბუდა, უნგრეთი – გ. 29 აგვისტო, 1526, მოჰაჩი, უნგრეთი) — იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე 1516-1526 წლებში. მეფე ვლადისლავ II-ისა და დედოფალ ანა დე ფუა-კანდალის ძე. საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის სიძე. თავისუფალი უნგრეთის ისტორიაში უკანასკნელი მეფე, იგი მოჰაჩის ბრძოლაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბუდა და უნგრეთის სამეფოს ძირითადი ნაწილი ოსმალეთის იმპერიას დაექვემდებარა, ჩრდილო და დასავლეთ უნგრეთში კი ავსტრიელი ჰაბსბურგები გაბატონდნენ.

ლაიოში დაახლოებით 1515 წელს

ლაიოში 1506 წლის 1 ივლისს დაიბადა უნგრეთის სამეფოს დედაქალაქ ბუდაში. იგი იაგელონთა დინასტიის წარმომადგენლის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე ვლადისლავ II-ისა და მისი მესამე, ფრანგი ცოლის, დედოფალ ანა დე ფუა-კანდალის ერთადერთი ძე იყო. მამამისს, მეფე ვლადისლავს წინამორბედი ცოლებისაგან შვილები არ ჰყავდა და დედოფალ ანასგანაც ლაიოშის გარდა მხოლოდ ერთი გოგონა - პრინცესა ანა ჰყავდა შეძენილი, შესაბამისად, ლაიოში ტახტის პირველი მემკვიდრე იყო.

ლაიოშის დედა, დედოფალი ანა მისი მშობიარობის შედეგად გამოწვეულ გართულებებს გადაჰყვა იმავე წლის 26 ივლისს, რის შემდეგაც მეფე ვლადისლავს სხვა ცოლი აღარ შეურთავს. ცნობილია, რომ თავად ლაიოშის გადარჩენის საკითხიც მწვავედ იდგა, რადგანაც დაბადებისას სუსტი ბავშვი იყო, რის გამოც სამეფო კარის ექიმებმა ბავშვს სიცოცხლე ცხოველების დახოცვისა და შემდეგ ბავშვის ამ ცხოველების გვამებით შექმნილ ინკუბატორში მოთავსებით შეძლეს.

ვლადისლავ II ღელავდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეს პრობლემები არ შეჰქმნოდა გამეფებაში, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ლაიოში თავის სიცოცხლეშივე ეკურთხებინა მეფედ, რათა უზრუნველეყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მისთვის თავისი სიკვდილის შემდეგ. სწორედ ამიტომ, ჯერ 1508 წლის 4 ივნისს სეკეშფეჰერვარის ბაზილიკაში შედგა ლაიოშის კორონაცია უნგრეთისა და ხორვატიის მეფედ, ხოლო შემდეგ კი უკვე 1509 წლის 11 მარტს პრაღის წმინდა ვიტის სახელობის კათედრალში იგი ბოჰემიის მეფედაც აკურთხეს.

უნგრეთის და ხორვატიის მეფე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარია ავსტრიელი, ლაიოშის ერთადერთი მეუღლე

1515 წელს ვენის პირველი კონგრესის დადგენილებით ავსტრიისა და უნგრეთის სამეფო ოჯახებს შორის კავშირები ორმაგი დინასტიური ქორწინების გზით უნდა გამყარებულიყო. ამ პირობებში ლაიოშმა ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია მარია ავსტრიელი, საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის შვილიშვილი, იმპერატორ კარლ V-ის ღვიძლი და და ამასთანავე ესპანეთის მეფე-დედოფლის, ფილიპე I ლამაზისა და ხუანა I შეშლილის ასული. მეორეს მხრივ კი იმავე წელს ლაიოშის უფროსი და, პრინცესა ანა ცოლად შერთეს მარია ავსტრიელის ძმას, ერცჰერცოგ ფერდინანდ ავსტრიელს.

ქორწინებიდან მალევე, 1516 წლის 13 მარტს მეფე ვლადისლავ II გარდაიცვალა და ლაიოშ II უკვე სრულუფლებიანი მეფე ხდება უნგრეთში, ხორვატიასა და ბოჰემიაში. თავისი მეფობის უმეტესი დროის განმავლობაში ლაიოში ძირითადად ადგილობრივი მაგნატებისა და დიდებულების მარიონეტს წარმოადგენდა და ზოგ შემთხვევაში იმდენად მცირე იყო მისი შემოსავალი, რომ იძულებული ხდებოდა მიემართა ბანკირებისათვის და გაეყიდა ძვირფასეულობა საჭირო სამოსისა და საკვების მისაღებად. მისმა მცველებმა, კარდინალმა ტამაშ ბაკოჩმა და გრაფმა გეორგ ბრანდენბურგ-ანსბახელმა გაფლანგეს მისი მთელი ხაზინა და გაუთავებელი უთანხმოებებით ხელი შეუწყვეს უნგრეთის სამეფოში დესტაბილიზაციის დაწყებას. უნგრეთში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დამძიმდა კარდინალ ბაკოჩის გარდაცვალების შემდეგ, რადგანაც ამ დროს საგრძნობლად გაძლიერდნენ ისეთი დიდგვაროვნები, როგორებიც იყვნენ: იშტვან ბატორი, იანოშ ზაპოლია და იშტვან ვერბოჩი, რომლებსაც ტახტზეც კი გაუჩნდათ პრეტენზია.

როგორც ბოჰემიის მეფე, ლაიოში ცნობილი იყო, როგორც „ლუდვიკ ბავშვი“. მისი მმართველობისას ბოჰემიაში მოიჭრა ახალი, მისი გამოსახულებიანი ტალერის მონეტები. მისი მმართველობისას ბოჰემია დიდი ავტონომიით სარგებლობდა, რადგანაც ლაიოში ძირითადად უნგრეთსა და იქ არსებულ პრობლემებზე იყო ორიენტირებული.

ჰანს კრელის მიერ შესრულებული ლაიოშ II-ის პორტრეტი, დაახლ. 1526 წელი.

ლაიოში თავისი მმართველობის დასაწყისისთვის საკმაოდ მცირეწლოვანი, კერძოდ კი 11 წლის იყო. სწორედ ამიტომ იგი 1515 წელს მისი ცოლის ბაბუამ, იმპერატორმა მაქსიმილიან I-მა იშვილა. 1519 წელს, როდესაც მაქსიმილიანი გარდაიცვალა, ლაიოშის მამიდაშვილმა, პრინცმა გეორგ ბრანდენბურგ-ანსბახელმა აიღო მასზე მეურვეობა.

ამ ამბებიდან სულ მალე, 1520 წელს ოსმალეთის იმპერიის ტახტზე სულთანი სულეიმან I ადის, რომელმაც მალევე ბუდაში ლაიოშთან თავისი ელჩი, ბეჰრან ჩავუში გააგზავნა, რათა უნგრეთისაგან ყოველწლიური ხარკი აეღო, რის მიცემაზეც მეფე ლაიოშმა უარი განაცხადა. სწორედ აქედან იღებს სათავეს სულთან სულეიმანისა და მეფე ლაიოშის რამდენიმეწლიანი მტრობა, რომელიც მძიმე შედეგებით დასრულდა უნგრეთისთვის. ზოგიერთი ცნობით, ლაიოშმა ოსმალეთის ელჩი, ბეჰრან ჩავუში სიკვდილითაც დაასჯევინა და მისი თავი სულთანს გაუგზავნა. მეორე ვერსიით კი ოსმალები ჩავუშის დაბრუნებას წლობით ელოდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი კი არ მოკლეს, არამედ ბუდაში ჰყავდათ დაპატიმრებული. მემატიანეთა მტკიცებით ლაიოში ასე იმიტომ მოიქცა, რომ შური იძია სულეიმანის მამის, სულთან სელიმ I-ის ქმედებაზე, რომელმაც აიძულა უნგრეთის ელჩი ბარნაბას ბალეიბანი, რომ მასთან ერთად წასულიყო 1513-1517 წლების სპარსეთის ლაშქრობაში. მეორეს მხრივ, ლაიოშს სჯეროდა, რომ რომის პაპი და ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოების მონარქები, განსაკუთრებით კი თავისი ცოლისძმა, იმპერატორი კარლ V, მას დაეხმარებოდნენ ოსმალეთთან ომის შემთხვევაში და ამიტომ უფრო თამამადაც მოქმედებდა.

1520 წლისთვის უნგრეთი შიდა ანარქიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა მაგნატების მმართველობის გაძლიერების გამო. მეფის ხაზინა, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. მეფე ლაიოშს საკუთარი ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების სესხებაც კი უწევდა და შესაბამისად, არ შეეძლო დიდი და მუდმივი ჯარის შენახვა, რითაც შეძლებდა ოსმალებისთვის წინააღდეგობის გაწევას. შესაბამისად, უნგრეთი საკმაოდ სუსტ მდგომარეობაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი სასაზღვრო ოლქები, სადაც მეფის ძალაუფლება თითქმის აღარ ვრცელდებოდა და ადგილობრივი მაგნატები ერთმანეთის ციხესიმაგრეებს თავად ანგრევდნენ. უნგრეთში არსებული ეს ვითარება კი კარგად იცოდა სულთანმა სულეიმანმა.

ჩავუშის ინციდენტის შემდეგ სულთანმა სულეიმანმა გადადო მანამდე მომზადებული როდოსის ალყის გეგმა და ომი გამოუცხადა უნგრეთის სამეფოს. სულთნის მთავარ სამიზნეს სასაზღვრო ქალაქი-ციხესიმაგრე, ბელგრადი წარმოადგენდა, რომელიც გზას უხსნიდა ოსმალებს უნგრეთის სამეფოს ცენტრისაკენ. ამით შეშფოთებულმა მეფე ლაიოშმა და დედოფალმა მარიამ სასწრაფოდ სთხოვეს დახმარება ევროპელ მონარქებს. ამ დროს საფრანგეთის მეფე ესპანეთისა და საღვთო რომის იმპერატორთან იტალიაში გაბატონებისთვის ომში იყო ჩაბმული, ამიტომაც მათ დიდი დახმარება ვერ მიიღეს. სამაგიეროდ ლაიოშის ბიძამ, პოლონეთ-ლიტვის მეფე სიგიზმუნდ I-მა და მისმა ცოლისძმამ, ერცჰერცოგმა ფერდინანდ ავსტრიელმა აღმოუჩინეს მცირედი დახმარება. ფერდინანდმა ლაიოშს 3000 ქვეითი ჯარისკაცი და არტილერია გაუგზავნა, სიგიზმუნდიც დაჰპირდა ქვეითთა გაგზავნას, თუმცა ვეღარ მოახერხა. მეფე ლაიოშს არ შეეძლო ჯარების კარგად ორგანიზება, მისი მეუღლე, დედოფალი მარია კი, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზების კარგი უნარებით გამოირჩეოდა, თავისი არაუნგრული წარმომავლობის გამო უნდობლობას იწვევდა უნგრელ დიდებულებსა და ჯარისკაცებში. ამ პირობებში უნგრეთის სამხედრო შესაძლებლობები ვერც ავსტრიულმა დახმარებამ ვერ გააძლიერა.

1521 წელს ბელგრადის უმნიშვნელოვანესი სასაზღვრო ციხესიმაგრე, სხვა მიმდებარე ციხეებთან ერთად ოსმალებმა აიღეს. ეს დამღუპველი იყო უნგრეთის სამეფოსთვის, რადგანაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასაზღვრო ციხეების - ბელგრადისა და შაბაჩის გარეშე დედაქალაქი ბუდა და მთლიანად უნგრეთი უკვე ღია იყო ოსმალებისთვის. ამის მიუხედავად, სულთანი სულეიმანი ბელგრადითაც დაკმაყოფილდა და უკან გაბრუნდა, რათა მანამდე დასახული როდოსის ალყის გეგმა განეხორციელებინა.

1522 წელს ოსმალებმა როდოსი და მიმდებარე კუძულებიც დაიკავეს, რის შემდეგაც სულთანი სულეიმანი კვლავ უნგრეთის დაპყრობის გეგმას დაუბრუნდა. 1526 წელს სულეიმანი დიდი ლაშქრით გაემართა უნგრეთის ხელმეორედ დასალაშქრად. იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებში მეფე ლაიოში თავისი ჯარებით გაემგზავრა ბუდადან ოსმალების შესაჩერებლად. ლაიოშმა დიდი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა და სცადა, რომ ოსმალების უზარმაზარი არმია შეეჩერებინა ღია საველე პირობებში მიმდინარე ბრძოლაში თავისი შუა საუკუნეების დროინდელი არმიითა და არასაკმარისი ცეცხლსასროლი იარაღებით. სწორედ ასე, 1526 წლის 29 აგვისტოს ლაიოში თავის არმიას დამღუპველ მოჰაჩის ბრძოლაში შეუძღვა. უნგრეთის არმია გარშემორტყმული იყო ოსმალეთის კავალერიით, ხოლო ცენტრში უნგრელი მძიმე რაინდები და ქვეითი ჯარი მოიგერიეს და განიცადეს მძიმე დანაკარგები, განსაკუთრებით კარგად განლაგებული ოსმალეთის ქვემეხებიდან და კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი იანიჩარი მუშკეტერებისგან.

მოჰაჩის ველზე ოსმალებმა თითქმის მთელი უნგრეთის სამეფოს არმია სულ 2 საათში გაანადგურეს. უკან დახევის დროს თავად სულ 20 წლის მეფე ლაიოშ II-ც გარდაიცვალა, რადგანაც ცხენიდან უკუღმა გადმოვარდა და პირდაპირ იქვე არსებულ ჩელეს მდინარეში ჩავარდა, საიდანაც თავისი რკინის ჯავშნის სიმძიმის და წყლის ნაკადის გამო ფეხზე წამოდგომა ვეღარ შეძლო და დაიხრჩო. ცნობილია, რომ სულთანმა სულეიმანმა ახალგაზრდა მეფის ასე გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და უნგრელებს საშუალება მისცა, რომ მისი სხეული უნგრეთის მეფეთა სეკეშფეჰერვარის სამეფო ბაზილიკაში გადაესვენებინათ და იქ ტრადიციისამებრ, ქრისტიანული წესებით დაეკრძალათ.

იაგელონების მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაიოშს თავისი ერთადერთი ცოლის, დედოფალი მარიასაგან შვილები არ დარჩენია. მას მხოლოდ ერთი უკანონო ვაჟი ჰყავდა იანოშ ვასის სახით, რომელიც სავარაუდოდ დედამისის ყოფილი სეფექალის, ანგელიტა ვასისაგან შეეძინა. იანოშის ბიოგრაფიის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა იგი მეფე ვერ გახდებოდა, რადგანაც უკანონო შვილი იყო. სწორედ ამიტომ უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის ტახტი ლაიოშის დამ, ანამ და მისმა ქმარმა, ფერდინანდ I-მა დაიკავეს, რითაც ჩაეყარა საფუძველი ავსტრია-უნგრეთის გაერთიანებას. ამ დროისათვის ანამ და ფერდინანდმა მხოლოდ ბოჰემიის, ხორვატიისა და უნგრეთის სამეფოს ჩრდილო-დასავლეთის დაკავება მოახერხეს, რადგანაც ბუდა და ცენტრალური უნგრეთი მთლიანად ოსმალეთს დაექვემდებარა, უნგრელი მაგნატები კი უცხოელ ჰაბსბურგებს მხარს არ უჭერდნენ, ამიტომაც აღმოსავლეთ უნგრეთში (ტრანსილვანიაში) მეფედ მათ ადგილობრივი დიდებული, იანოშ ზაპოლია აირჩიეს, რომელსაც მხარს სულთანიც უჭერდა და ეწინააღმდეგებოდა იაგელონების მემკვიდრეობის ჰაბსბურგთა ხელში გადასვლას, რაც საბოლოოდ მაინც მოხდა.

  • Agnew, Hugh (2013). The Czechs and the Lands of the Bohemian Crown. Hoover Institution Press.
  • Cazacu, Matei (2017). Reinert, Stephen W. (ed.). Dracula. Brill.
  • Heer, Friedrich (1995). The Holy Roman Empire. Phoenix Giant.
  • Johnson, Lonnie (2011). Central Europe: Enemies, Neighbors, Friends. Oxford University Press.
  • Rady, Martyn (2015). Customary Law in Hungary: Courts, Texts, and the Tripartitum. Oxford University Press.
  • Takings, Endorser: II. Lajos kinkily fiat (A Son of King Louis II Jagiellon), Salado (Periodical Centuries), pp.& NBS;183–185, 1903.