შინაარსზე გადასვლა

აფრიდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფრიდონი — XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. გიორგი III-სა და თამარ მეფის მსახურთუხუცესი. წარმომავლობით „უგვარო“ — აზნაურის ყმა (ვასალი). დაწინაურდა გიორგი III-ის მეფობის დროს, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ატარებდა დიდგვაროვან ფეოდალთა შეზღუდვის პოლიტიკას. აფრიდონს სახელოდ (საგამგებლოდ) გადაეცა ქვაბულისძეთა ყოფილი მამული, სამეფო დომენად ქცეული თმოგვის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა, აგრეთვე კლდეკარის ერისთავებისათვის დავით აღმაშენებლის მიერ ჩამორთმეული და სამეფო დომენად ქცეული თრიალეთი. თმოგვის მხარის პატრონობას მსახურთუხუცესი აფრიდონის მიერ ადასტურებს ზედა ვარძიის ეკლესიის ფრესკული წარწერა, სადაც იგი მოხატულობის ქტიტორად იხსენიება. აფრიდონის მეუღლის, ოსიყმის ასულ ხოშაქის მიერ 1178-1185 წლებში ქვემო ჯინისში ვარძიის ღმრთისმშობლის სახელზე აგებული ეკლესიის სააღმშენებლო წარწერაში იგი ასევე ერისთავ-ერისთავად და მსახურთუხუცესად იწოდება.

გიორგი III-ის გარდაცვალებისა და თამარის მეფობის პირველსავე წელს დიდგვარიანებმა შეუტიეს ცენტრალურ ხელისუფლებას, ლაშქრის მხარდაჭერით („თნევითა ლაშქართათა“) მოითხოვეს აღზევებულ „უგვარო“ ფეოდალთა გადაყება. თამარმა უკან დაიხია. აფრიდონს ჩამოერთვა მსახურთუხუცესობა და საგამგებლო ქვეყნები. მისი შემდგომი ბედი უცნობია.