სახელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახელო — თანამდებობა ძველ საქართველოში. მოხელის „გასაგებელი“ (საბა). „საჴელოი“ „ჴელიდან“ (იხ. ხელი) წარმოდგა. „სახელოთა სჯანი“ ანუ მართვა-გამგეობის საქმეთა წარმართვა მეფის საზრუნავს შეადგენდა. გაერთიანების ხანის საქართველოში (ნაწილობრივ გვიანდელ ფეოდალურშიც) ცენტრალური სამოხელეო აპარატი დარგებად იყო დაყოფილი (ვეზირი, სავეზირო). შემუშვდა სახელოთა სიმბოლური ნიშნები, რომელთაც გადასცემდა მეფე უწყებათა მთავარ მოხელეებს (მგ., ოქროს ლომისთავიან არგანსა და ხმალს — ამირსპასალარს, „თვალედ“ ბეჭედს — მოლარეთუხუცესს).

დასტურლამალით განსაზღვრულია სახელოების განაწესი, მათი „წესითა შემსგავსებითა“ გამგებლობა. დიდი სახელოები მსხვილ ფეოდალებს ეჭირათ (ხშირად ერთ კაცს რამდენიმე სახელო ეკავა). სახელო მოხელის შემოსავლის ფრიად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, მის ერთგვარ საკუთრებად იყო მიჩნეული და ზოგჯერ კიდეც იყიდებოდა. ჩვეულებრივ სახელო მემკვიდრეობით გადადიოდა, რასაც აჯის საფუძველზე მეფე წყალობა-ბოძების სპეციალური აქტით განამტკიცებდა. „სახელოს გაცემის“ საბუთს მეფეს სახლთუხუცესი წარუდგენდა. დაკანონებული იყო სახელოს „სისხლი“ მოხელის დაჭრისა და მკვლელობის საგანგებო საზღაური. საფეოდალოებში სახელმწიფოსაგან განკერძოებული სახელოები არსებობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
  • ჯავახიშვილი ივ. ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1-2, ტფ., 1928-1929;
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 9, გვ. 253, თბ., 198