ჰიროჰიტო (იაპონ.裕仁; დ. 29 აპრილი, 1901, ტოკიო — გ. 7 იანვარი, 1989, იქვე) — იაპონიის 124-ე იმპერატორი. 1908–1914 წლებში სწავლობდა უმაღლესი არისტოკრატიის (კაძოკუ) ბავშვებისათვის განკუთვნილ სკოლაში, 1914–1921 წლებში — მემკვიდრე უფლისწულის სპეციალურ ინსტიტუტში ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორებისა და უმაღლესი სამხედრო მოხელეების ხელმძღვანელობით.[1] 1921 წლიდან, მამამისის (იმპერატორ იოშიჰიტოს) ავადმყოფობის გამო, პრინც-რეგენტი იყო. 1926 წლის დეკემბერში ავიდა ტახტზე.[2] თავისი მმართველობის პერიოდს მიანიჭა დევიზი „შოვა“ („განათლებული მსოფლიოს ეპოქა“). 1936 წელს ჩაახშო რადიკალი ოფიცრების ამბოხი, რომლებიც პარლამენტიდან მემარცხენე პარტიების კანდიდატების გაყრას მოითხოვდნენ. ამავდროულად გაზარდა სამხედრო ასიგნებები. სამხედრო ექსპანსიის ფორმალური მოწინააღმდეგე იყო და არ ერეოდა პრემიერ-მინისტრ ტოჯო ჰიდეკის კაბინეტის აგრესიულ პოლიტიკაში. 1945 წლის 15 აგვისტოს ხელი მოაწერა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციას. ამერიკული სამხედრო ხელისუფლების ინიციატივით, საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან (იხ. ტოკიოს პროცესი). 1946 წელს გამოსცა რესკრიპტი „ნინგენ-სენგენი“, რომელიც ბევრმა მის მიერ ღვთაებრივი ბუნებისა და წარმოშობის უარყოფად აღიქვა.[1]