ტოკიოს პროცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი შორეული აღმოსავლეთისათვის

ტოკიოს პროცესი (საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი შორეული აღმოსავლეთისათვის) — საერთაშორისო სასამართლო იაპონიის სამხედრო დანაშაულებისათვის. მიმდინარეობდა ტოკიოში 1946 წლის 3 მაისიდან 1948 წლის 12 ნოემბრამდე. პასუხისგებაში მიეცნენ ომის დროინდელი მოღვაწეები, რომლებიც იკავებდნენ საკვანძო პოსტებს იაპონიის მთავრობაში, პოლიტიკურ პარტიებსა და მსხვილ ეკონომიკურ სტრუქტურებში. ამერიკის სამხედრო ხელისუფლების ინიციატივით, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ იმპერატორი ჰიროჰიტო და საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრები. საოკუპაციო ჯარების შტაბის უფროსად დაინიშნა იაპონიის კაპიტულაციის აქტზე ხელმომწერი 9 ქვეყნის წარმომადგენელი 11 მოსამართლე. სსრკ-დან ტრიბუნალში მონაწილეობდა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის წევრი გენერალ-მაიორი ივანე ზარიანოვი.[1]

მოსამართლეები (29 ივლისი, 1946)

ტრიბუნალმა მიიღო დადგენილება მეორე მსოფლიო ომში იაპონიის მთავრობის პოლიტიკის დანაშაულებრივი ხასიათის შესახებ. საბრალდებო აქტში ბრალდების პუნქტები დაყოფილი იყო სამ კატეგორიად: А, В და С. ყველაზე სერიოზული ბრალდებები (აგრესიული ომის დაგეგმვა და წარმოება, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და სხვ.) წაეყენა A კლასის დამნაშავეებს: ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის 29 წარმომადგენელს, აგრეთვე უფრო დაბალი დონის რამდენიმე ათეულ მოღვაწეს. 7 ადამიანს, მათ შორი ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს (ტოჯო ჰიდეკისა და ჰიროტა კოკის) მიესაჯა სიკვდილით დასჯა და ჩამოახრჩვეს. მცირე მასშტაბის სასამართლო პროცესების მსვლელობისას, რომლებიც იოკოჰამასა და იაპონიისგან დაზარალებულ აზიის რიგ ქალაქებში გაიმართა, განიხილეს B და C კლასის დამნაშავეთა სასამართლო საქმეები (მასობრივი მკვლელობები, დანაშაული კაცობრიობის წინაშე). სიკვდილით დასჯა მიესაჯა თითქმის ათას ადამიანს, 3 ათასზე მეტს კი — სხვადასხვა ვადით პატიმრობა, მათ შორის უვადოდ.[1]

ტრიბუნალის სხდომის ხედი: მოსამართლეები მარჯვნივ, განსასჯელები მარცხნივ, პროკურორები უკან.

1951 წლის სან-ფრანცისკოს სამშვიდობო ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, იაპონია სრულად დათანხმდა საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს. თუმცა უკვე 1950-იანი წლების ბოლოსკენ ამნისტია შეეხო პრაქტიკულად ყველა იმ პირს, რომელსაც 1946–1948 წლების პროცესის დროს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 1970-იანი წლების ბოლოს სამხედრო დანაშაულისათვის გასამართლებული ათასზე მეტი პირი, მათ შორის ტოჯო ჰიდეკი და A კლასის 13 სხვა დამნაშავე, ფარულად შეიყვანეს ომის ველზე იაპონიისათვის დაღუპულ იაპონელთა კანონიზებულ სიებში, რომლებიც იასუკუნის შინტოისტურ ტაძარში ინახება. მრავალი იაპონელი ისტორიკოსი ტოკიოს პროცესს აკრიტიკებდა როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებულს, მიუთითებდნენ იმაზე, რომ დამნაშავეებს ფაქტობრივად მსჯავრი დაედოთ ვერდიქტის გამოტანამდე და თავად ვერდიქტი არ იყო ერთსულოვანი.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Стрельцов Д. В. Токийский процесс 1946–48 // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 226–227.