ბრინჯაოს მღვიმე
| ბრინჯაოს მღვიმე | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| აბსოლუტური სიმაღლე | 300 მ |
ბრინჯაოს მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცუცხვათის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზე, მდინარე შაბათაღელის მარცხენა ნაპირზე. წარმოადგენს ცუცხვათის მრავალსართულიანი მღვიმოვანის V იარუსს. იგი მუსტიესა და ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მრავალფენიანი ძეგლია.
პირველად გაითხარა 1974–1976 წლებში (ხელმძღვ. ლ. მარუაშვილი და დ. თუშაბრამიშვილი). მუსტიეურ ფენებში აღმოჩენილია ათასობით ნივთი (ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები, სხვადასხვა სახის დაკბილული იარაღი და სხვ.). ფაუნა წარმოდგენილია მგლის, მღვიმური და მურა დათვის, ბიზონის, შვლის, მარტორქის და სხვა ცხოველთა (24 სახეობის ძუძუმწოვარი და 6 სახეობის ფრინველი) ძვლების ნაშთები ნასუფრალის სახით. II მუსტიურ ფენაში (XVIII ლითოლოგიური ფენა) აღმოჩენილია 12–13 წლის ნეანდერტალელის ზედა საძირე კბილი. ბრინჯაოს მღვიმის შუა პალეოლითური ფენები მუსტიეს ეპოქის სხვადასხვა საფეხურით თარიღდება.
ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. IV–III ათასწლეულები) ფენებში აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოს მღვიმური კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკული ნაწარმი, გახეხილ-გაპრიალებული ქვის იარაღი, კაჟის ისრისპირები, ქვის სამაჯურის ფრაგმენტები, ხელსაფქვავები, ძვლისა და რქის თოხისნაირი იარაღი და სხვ.
მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Тушабрамишвили Д. М., Археологические памятники Цуцхватского многоэтажного пещерного комплекса, წგ.: Изучение пещер Колхиды, Тб., 1978.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
- ცქვიტინიძე ნ., წიქარიძე ნ., ყვავაძე ე., ლორთქიფანიძე დ. ქალკოლითური დასახლება ბრინჯაოს მღვიმეში, ცუცხვათის მღვიმოვანი, საქართველო, იმერეთი. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე“, ტ. 14, №2, 2020; გვ. 127-131.