ყაზახეთის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ყაზახეთი მსოფლიოში ტერიტორიის სიდიდის მიხედვით მეცხრე და ზღვაზე გასასვლელის არმქონე უდიდესი სახელმწიფოა. დღესდღეობით, ტურიზმის წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან მცირეა. 2014 წლის მონაცემებით, ტურიზმის სექტორის წილი ყაზახეთის მშპ-ში 0.3%-ს შეადგენდა, თუმცა ქვეყანა 2020 წლისთის ამ რიცხვის 3%-მდე გაზრდას გეგმავდა.[1][2] ყაზახეთის კულტურის ჩამოყალიბებაზე გავლენა აბრეშუმის გზამ, მომთაბარე ცხოვრების სტილმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინა, რაც ქვეყანას ტურისტებისთვის საინტერესოს ხდის.[3]

2016 წლეს ყაზახეთს 6.5 მილიონი ტურისტი ეწვია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ყაზახეთში ტურისტული ინდუსტრიის მშპ 3.08 მილიონი დოლარი იყო, რაც ქვეყნის მთლიანი მშპ-ს 1.6%-ს შეადგენდა. ფორუმის ანგარიშში მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყაზახეთი 81-ე ადგილს იკავებდა, რაც წინა წლის შედეგს ოთხი მაჩვენებლით აღემატებოდა.[4]

ინდუსტრია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ყაზახეთმა 1.47 მილიონ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლა. 2012 წლისთვის ეს რიცხვი 4.81 მილიონამდე გაიზარდა,[5] რა მონაცემითაც ყაზახეთმა მსოფლიოს ქვეყნებს შორის 51-ე ადგილი დაიკავა. ბრიტანული გაზეთი The Guardian აღნიშნავს, რომ მიუხედავად მაღალი მწვერვალებისა, ტბებისა და უდაბნოს ლანდშაფტებისა, ყაზახეთში ტურიზმის ინდუსტრია „საკმაოდ განუვითარებელია“.[6] ქვეყანაში ტურისტების ზრდის ხელისშემშლელ ფაქტორებად „განუვითარებელი ინფრასტრუქტურა“ და „მომსახურების დაბალი დონე“ ითვლება. ასევე ფაქტორებს შორის ქვეყანაში გადაადგილების სირთულე სახელდება.[6] ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი საზღვარგარეთ დასვენება ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე სამშობლოში.[6]

მთავრობის ინიციატივა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახეთის მთავრობამ, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობის ხანგრძლივი ისტორიის გამო ავტორიტარულად მიიჩნევა,[7] ინიციატივა სახელწოდებით „ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების გეგმა 2020“ წამოიწყო, რომელიც ქვეყანაში ხუთი ტურისტული ლოკაციის შექმნას ისახავდა მიზნად, ესენია: ასტანა, ალმათი, აღმოსავლეთ ყაზახეთის, სამხრეთ ყაზახეთის და დასავლეთ ყაზახეთის ოლქები. ინიციატივა ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიციას და 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორში 300 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებდა.[8][6]

1999 წელის მაისში ქვეყნის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევის თანხმობითა და მხარდაჭერით ყაზახეთის ტურიზმის ასოციაცია დაარსდა. ასოციაცია არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის შემადგენლობაშიც ყაზახეთის სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაცია, სადაზღვევო და ავიაკომპანიები შედის. ასოციაციის მიზანი ყაზახეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

ყაზახეთში ტურისტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა 2006 წლის კომედიურმა ფილმმა „ბორატი“, რომელშიც ყაზახეთი წარმოდგენილია, როგორც ჩამორჩენილი, რასისტული და ანტისემიტური განწყობის მქონე ქვეყანა.[9] ერის ღირსების დაცვის მიზნით ყაზახეთის მთავრობამ ფილმი აკრძალა. 2020 წელს „ბორატის“ ახალი ნაწილი სახელწოდებით „ბორატის მომდევნო კინოფილმი“ გამოვიდა, რაზეც ყაზახეთის მთავრობას ამჯერად საპირისპირო რეაქცია ჰქონდა. ყაზახეთის ეროვნულმა ტურიზმის სააგენტომ ფილმის ცნობილი ფრაზა „– ყაზახეთი! შესანიშნავია!“ თავის სლოგანად აქცია და არაერთ სარეკლამო ვიდეორგოლში გააჟღერა.[10]

სავიზო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახეთს 90-დღიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს შემდეგი ქვეყნებისთვის: სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა, ყირგიზეთი, მონღოლეთი, რუსეთი და უკრაინა, ხოლო 30-დღიანი შემდეგი ქვეყნებისთვის: არგენტინა, აზერბაიჯანი, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაჯიკეთი, თურქეთი და უზბეკეთი.[11]

2020 წლის სექტემბერში ყაზახეთმა ვიზების ელექტრონული ფორმით გაცემა დაიწყო.[12] ასევე ყაზახეთმა გაზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ერთჯერადი ვიზით საქმიანი, ტურისტული ან სამკურნალო მიზნით. სიაში 109 ქვეყანა შედის.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Joanna Lillis for EurasiaNet, part of the New East. Summer holiday in Kazakhstan? Astana eases visa restrictions to attract tourists | World news. The Guardian. ციტირების თარიღი: 2015-11-18.
  2. Kazakhstan: Astana Announces Visa-Free Travel for 10 High-Investing States. EurasiaNet.org (16 June 2014). ციტირების თარიღი: 2015-11-18.
  3. Why Kazakhstan?.
  4. „Country profiles“. Travel and Tourism Competitiveness Report 2017 (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-07.
  5. International tourism, number of arrivals – Kazakhstan. Mecometer.com. ციტირების თარიღი: 2015-11-18.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Lillis, Joanna (17 July 2014). „Summer holiday in Kazakhstan? Astana eases visa restrictions to attract tourists“. The Guardian. ციტირების თარიღი: 11 December 2015.
  7. Zarakhovich, Yuri (27 September 2006). „Kazakhstan Comes on Strong“. Time. ციტირების თარიღი: 13 December 2015.
  8. Kazakhstan to develop its tourism industry. Environment. Tengrinews.kz. En.tengrinews.kz (18 June 2014). ციტირების თარიღი: 2015-11-18.
  9. Borat 'has given Kazakhstan tourist boost.
  10. Stein, Joel (2020-10-26). „Kazakhstan, Reversing Itself, Embraces ‘Borat’ as Very Nice“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-10-26.
  11. Visa Information. Timatic. IATA. ციტირების თარიღი: 30 April 2016.
  12. 12.0 12.1 Kazakhstan amends regulations on visa issuance to foreign nationals.