ბეატრის კასტილიელი (1242-1303)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეატრის კასტილიელი
D. Beatriz, Rainha Consorte de Portugal - The Portuguese Genealogy (Genealogia dos Reis de Portugal).png
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1253
მმართ. დასასრული: 16 თებერვალი, 1279
წინამორბედი: მატილდა II ბულონელი
მემკვიდრე: ისაბელ არაგონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 დეკემბერი, 1242
გარდ. თარიღი: 27 ოქტომბერი, 1303, (60 წლის)
დაკრძ. ადგილი: ალკობასის მონასტერი, პორტუგალია
მეუღლე: აფონსუ III, პორტუგალიის მეფე
შვილები: დინიშ I, პორტუგალიის მეფე
დინასტია: ივრეა
მამა: ალფონსო X, კასტილიის მეფე
დედა: მაიორ გულიენ დე გუსმანი
რელიგია: კათოლიციზმი

ბეატრის კასტილიელი (ესპ. Beatriz de Castilla, პორტ. Beatriz de Castela; დ. 31 დეკემბერი, 1242 — გ. 27 ოქტომბერი, 1303) — კასტილიის მეფე ალფონსო X-ის არალეგიტიმური ქალიშვილი. პორტუგალიის დედოფალი 1253-79 წლებში როგორც აფონსუ III-ის მეორე ცოლი. პორტუგალიის მეფე დინიშ I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრისი დაიბადა 1242 წლის 31 დეკემბერს. იგი იყო კასტილიის მეფე ალფონსო X-ისა და მისი საყვარლის, მაიორ გულიენ დე გუსმანის არალეგიტიმური ქალიშვილი. იგი თავის ნახევარ-და-ძმებთან ერთად იზრდებოდა სამეფო კარზე დედოფალ ვიოლანტა არაგონელის მეთვალყურეობით. ალფონსო X-ის ცოლი, დედოფალი ვიოლანტა მას საკუთარ ქალიშვილად თვლიდა, რის გამოც სურდა მისი ისევე მაღალ წრეში გათხოვება, როგორც თავისი ღვიძლი ქალიშვილების. ამის გამო, 1250-იანი წლებიდან დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები ბეატრისის პორტუგალიაში გათხოვების შესახებ. 1253 წელს, პორტუგალიის მეფე აფონსუ III ცოლს, დედოფალ მატილდა ბულონელს უშვილობის გამო გაეყარა და თავის საცოლედ ბეატრისი აირჩია.

ბეატრისი და აფონსუ ამავე, 1253 წელს დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ პატარძალი 11 წლის იყო, სიძე კი 42-ის, თუმცა ამის მიუხედავად, მათი ქორწინება დალოცა პაპმა ალექსანდრე IV-მ, რომელმაც ბეატრისი პორტუგალიის დედოფლად გამოაცხადა. აფონსუს წინა ცოლი პაპს არ მოსწონდა, რადგანაც იგი განათხოვარი და შვილებიანი იყო, განსხვავებით ბეატრისისგან, რომელიც პაპს დიდად მოსწონდა და სწყალობდა. მან აფონსუს რვა შვილი გააჩინა.

1267 წელს, დედოფალი ბეატრისი დაესწრო დედამისის დაკრძალვას, რისთვისაც დიდი გზის გავლა და კასტილიაში ჩასვლა დასჭირდა. 1279 წელს აფონსუ III გარდაიცვალა და მეფე მათი ვაჟი დინიშ I გახდა, რითაც ბეატრისი დედა-დედოფლად მოგვევლინა. დინიშმა მისი სამეფო კარიდან დისკრედიტაცია მოახდინა, რის გამოც 1282 წელს ბეატრისი მშობლიურ კასტილიაში დაბრუნდა, სადაც თავის ნახევარ-ძმასთან, სანჩოსთან ერთად დასახლდა სევილიაში. 1284 წელს, იგი მამამისის, ალფონსო X-ის გარდაცვალებას დაესწრო. ცნობილია, რომ მეფემ თავის სასიკვდილო სარეცელთან მიიხმო თავისი ყველა შვილი და მათ გარემოცვაში გარდაიცვალა.

ბეატრისი გარდაიცვალა 1303 წლის 27 ოქტომბერს, 60 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს პორტუგალიაში, ალკობასის მონასტერში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბრანკა (1259-1321), ჰუელჟას სენიორა, გარდაიცვალა გაუთხოვარი, მაგრამ ჰყავდა ერთი არალეგიტიმური ვაჟი;
  2. ფერნანდუ (1260-1262), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. დინიშ I (1261-1325), პორტუგალიის მეფე 1279-1325 წლებში, ცოლად შეირთო ისაბელ არაგონელი, რომელიც შემდგომში წმინდანად შერაცხეს და რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
  4. აფონსუ (1263-1312), პორტალაგრეს სენიორი, ცოლად შეირთო ვიოლანტა მანუელა კასტილიელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  5. სანჩა (1264-1302), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
  6. მარია (1264-1304), აღიკვეცა მონაზვნად სანტა კრუზის მონასტერში, კოიმბრაში;
  7. კონსტანცა (1266-1271), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. ვინსენტი (1268-1271), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • González Jiménez, Manuel (2004). Alfonso X el Sabio. Barcelona: Publisher Ariel S. A. ISBN 84-344-6758-5.
  • Salazar y Acha, Jaime de (1989). "Los descendientes del conde Ero Fernández, fundador de Monasterio de Santa María de Ferreira de Pallares". El Museo de Pontevedra (in Spanish) (43): 67–86. ISSN 0210-7791.
  • Valdeón Baruque, Julio (2003). Alfonso X: la forja de la España moderna (in Spanish). Madrid: Ediciones Temas de Hoy, S.A. ISBN 84-8460-277-X.
  • Villalba Ruiz de Toledo, Francisco Javier (1989). "El Monasterio de Santa Clara de Alcocer y su conexión con la monarquía (siglos XIII-XV)" (PDF). Wad al-Hayara: Trabajo de estudios de Guadalajara (in Spanish) (16): 319–324. ISSN 0214-7092.