ტიბეტის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასავლეთ ტიბეტის მცხოვრებნი. ვ. ვერეშჩაგინი

ტიბეტი მდებარეობს ორი უძველესი კულტურის (ინდური კულტურის და ჩინური კულტურის) ცენტრში, მაგრამ მისი გეოგრაფიული მდგომარეობა იმგვარია, რომ პრაქტიკულად იზოლირებულია ორივე მათგანისგან. არანაირი მონაცემი არ არსებობს ტიბეტელთა ცენტრალური ან აღმოსავლურაზიური წარმოშობის შესახებ, თუმცა იმაზე დაყრდნობით, რომ ტიბეტელთა ენა ჩინურ და ბირმულ ენებთან ერთად მიეკუთვნება ჩინურ-ტიბეტური ენების ოჯახს, შესაძლებელია აიგოს ჰიპოთეზა ამ ხალხების ერთობლივი წარმოშობის შესახებ. თუმცა ყველა ისტორიული მტკიცებულება იწყება იმ დროიდან, რომ ტიბეტური კულტურა ჯერ კიდევ მანამდე, მეზობლებისაგან დამოუკიდებლად არსებობდა.

სექციების სია

პრეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები თარიღდება 50 ათასი წლით და ისინი წარმოდგენილია ქვის იარაღებით - წვეტანებით, ცულებით. ნეოლითი თარიღდება ჩვ. წ. აღ. მდე VI ათასწლეულით და წარმოდგენილია კერამიკით, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების კვალით. ჩოიგუნის კულტურაში უკვე ჩანს ბრინჯაოს ეპოქის კვალი.

ჩანგანის პლატოზე რკინის ეპოქის სათავეებთან აღმოჩენილია უძველესი სიმაგრეები და სამარხები, მაგრამ მათი წარმოშობის შესახებ დამაჯერებელი მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ არსებობს. ტიბეტური ტექსტების თანახმად, თავდაპირველად აქ მდებარეობდა ქვეყანა შანგშუნგი, საიდანაც მომდინარეობს რელიგია ბონი.

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VI — VII სს. მიჯნაზე ტიბეტის მეფეთა იარლუნგის სამეფო დინასტიამ თანდათანობით დაიმორჩილა მეზობელი ტომები და დააარსა ტუბოს სამეფო. ამ დინასტიის ეპოქა ლიტერატურაში სუსტად არის გაშუქებული. შესაბამისად, სამეფო დინასტიის ქრონოლოგია კამათს იწვევს მეცნიერთა წრეში.

ტუბოს სამეფოს მმართველებსა და ჩინეთის ტანის დინასტიას შორის შედგა დინასტიური ქორწინება. ამ ქორწინების და, ასევე, ჩინეთისა და ტიბეტის მოსახლეობის არაოფიციალური შიდაპოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ცვლილებების წყალობით მოხდა ტიბეტის შემდგომი განვითარება. IX ს. მეორე ნახევარში ტუბოს სამეფო განადგურდა. ამ პერიოდს ტიბეტის ისტორიაში ეწოდება ჯერ "გამბოს" პერიოდი და შემდგომ მომდევნო 300 წელიწადი ცნობილია დაყოფის (დაქუცმაცების) პერიოდის სახელწოდებით. დაყოფის პერიოდში მომძლავრდნენ ერთმანეთის მოძულე ადგილობრივი მთავრები, რომელთა შორის დაუსრულებელი მტრობა და ომები მიმდინარეობდა. ჩინურ წყაროებშიც კი ტიბეტის ისტორიის აღნიშნული ეპოქა ძალიან ბუნდოვანია, ცნობილია მხოლოდ სახელით - "ხუთი დინასტიისა და ათი მეფის ეპოქა" და, ასევე, უკანასკნელი სუნის დინასტია. XIII ს. შუა წლებში ტიბეტი მოექცა მონღოლთა იმპერიის დამოკიდებულების ქვეშ. მას შემდეგ, რაც ჩინეთი გამოეყო მონღოლთა იმპერიას, მინის დინასტია წარუმატებლად მოითხოვდა ტიბეტისგან უმაღლესი რელიგიური ლიდერების და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დანიშვნას.

ლეგენდარული ცნობა ტიბეტის წარმოშობის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი ტიბეტური ისტორიული თხზულების მიხედვით, ტიბეტის ხალხს დასაბამი მისცა ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარამ მაიმუნის სახით, რომელმაც მთის დემონთან საქორწინო კავშირით დაუდო სათავე პირველ ტიბეტელ ხალხს. გადმოცემის თანახმად, ეს ქორწინება მაიმუნსა და მთის დემონს შორის მოხდა იმისთვის, რომ მაიმუნს დაეოკებინა და შეეჩერებინა მთის დემონის სისასტიკე.

ტიბეტის პირველი მეფე ნიატი-ცენპო, გადმოცემის თანახმად, მოვიდა ციდან და ითვლებოდა ღვთაებად. ის მუდმივად ინარჩუნებდა კავშირს ცასთან თოკით და არ მომკვდარა, არამედ თოკის დახმარებით ისევ ცას დაუბრუნდა. მომდევნო ლეგენდარულმა მეფემ, დიგუმ-ცენპომ თავისი ცხენი წააქეზა საბრძოლველად, რომლის დროსაც მისი ციური თოკი გაწყდა და თავად ბრძლაში დაიღუპა. ცასთან კავშირის არარსებობის გამო დიგუმ-ცენპო და ყველა დანარჩენი მომდევნო მეფე უკვე კვდებოდა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და ტიბეტელები მათ კრემაციას ახდენდნენ.

ლხატოტორი ნიანცზენის მმართველობის დროს ციდან "ჩამოცვივდა" წმინდა ტექსტები "tsinta ma ni’i gzungs" და "spang bkong phyag rgya ma". ცისფერ ხელნაწერში მითითებულია, რომ შესაძლოა, ეს დაწერილი იყო ბონის მიმდევართათვის, რომლებიც ცას წმინდად მიიჩნევდნენ. სინამდვილეში კი ტექსტები ეკუთვნოდა ბუდხარაკშიტას (ლოსემცო) და თარჯიმან ლიტესეს.

ტიბეტის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტის იმპერია 780-790 წწ.

ტიბეტის ისტორიის ყველაზე უკეთ შესწავლილი პერიოდია VII-XI სს. როცა იმპერია ვრცელდებოდა ბენგალიიდან (ინდოეთის ოკეანიდან) სამხრეთით მონღოლეთამდე ჩრდილოეთით. მაქსიმალური სიძლიერის პერიოდში იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა ბანგლადეშის, ასამისა და ბუტანის მიწები.

პირველი ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიაში ტიბეტის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება კლავდიუს პტოლემაიოსის „გეოგრაფია“ში. შემდეგი ცნობები გვხვდება ჩინურ ტექსტებში. სხვა წყაროებით დამოწმებული პირველი ჩანაწერი არსებობს მეფე ნამრი სონგცენზე, რომელმაც მეშვიდე საუკუნის დასაწყისში ელჩი გაგზავნა ჩინეთში. (Beckwith, C. Uni. of Indiana Diss. 1977).

იარლუნგის დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იარლუნგის დინასტიის შესახებ დეტალური მოვლენები ცნობილია სონგცენ გამპოს მეფობის დასაწყისიდან.

სონგცენ გამპოს მმართველობა (617—650)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეფე სონგცენ გამპო (იერპას ხეობა)

მეფე სონგცენ გამპო ცნობილია იმით, რომ მისი გამეფებისთანავე ტიბეტში შემოვიდა ბუდიზმი. მასზე მრავალი ურთიერთგამომრიცხავი და ფანტასტიკური ლეგენდა არსებობს, რის გამოც რთულდება ისტორიული მოვლენების მიმდინარეობის აღდგენა.

ერთ-ერთი გადმოცემით, სონგცენ გამპომ მოითხოვა ჩინელებისაგან - მიეთხოვებინათ მისთვის მეფის ასული, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ მან განახორციელა წარმატებული სამხედრო ოპერაცია ტიბეტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ტბა კუკუნორის რაიონში. ჩინეთის იმპერატორი ბოლოს და ბოლოს დათანხმდა ქორწინებას. ქორწინების შემდეგ 640 წლიდან ტიბეტსა და ჩინეთს შორის დამყარდა ხანგრძლივი მშვიდობიანი ურთიერთობა.

663 წელს ტიბეტის არმიამ დაამარცხა სახელმწიფო ტუიუჰუნი ტბა კუკუნორის რაიონში.

სონგცენ გამპოს სიკვდილის შემდეგ ხელისუფლება ფორმალურად გადავიდა მისი შვილიშვილის ხელში, მაგრამ რეალურად ქვეყნის მმართველი გახდა მთავარი მინისტრი, ბუდიზმის გავრცელება კი შეფერხდა.

ტრისონგ დეცენას მმართველობა (755—797)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე ტრისონგ დეცენამ აღადგინა ქვეყანაში ბუდას სწავლება. ამ მიზნისთვის მან ინდოეთიდან მოიწვია ცნობილი გურუები: შანტარაკშიტა და პადმასამბჰავა, რომლებმაც შექმნეს ტიბეტში ბუდისტური სანგხა და ორგანიზება გაუკეთეს სანსკრიტიდან ტიბეტურზე ბუდისტური ტექსტების თარგმნას. ცენტრალურ ტიბეტში დაარსდა სამონასტრო უნვერსიტეტი - სამიე, რომელიც დღემდე წარმოადგენს ბუდიზმის უმნიშვნელოვანეს ცენტრს. ტრისონგ დეცენის მმართველობის დროს სამიეს მონასტერში მოხდა ცნობილი ორწლიანი დისკუსია ჩინელ მოძღვარ ჰეშანსა და ტანტრული ბუდიზმის მასწავლებელ კამალაშილას შორის. ტრისონგ დეცენმა აღიარა დისკუსიაში კამალაშილას გამარჯვება და მას შემდეგ, ტიბეტში მკაცრად დამყარდა ბუდიზმის ტანტრული მიმართულება.

ტრისონგის მმართველობის დასაწყისში იმპერია იყო დასუსტებული, განაპირა მხარეები მცირდებოდა ან ჯანყდებოდნენ. დასავლეთიდან შემოაღწიეს არაბებმა. 763 წელს ჩინეთის ზეწოლის საპასუხოდ ტრისონგ დეცენამ შეკრიბა 200 ათასიანი არმია და გააგზავნა ჩრდილოეთისაკენ, მაშინდელ დედაქალაქ ჩანანიმდე. ჩინეთის იმპერატორი გაიქცა. 783 წელს შედგა ტიბეტსა და ჩინეთს შორის მშვიდობიანი შეთანხმება, რომლის თანახმად, ტიბეტმა განიმტკიცა უფლება კუკუნორის რაიონში არსებულ მიწებზე.

ტრისონგმა კავშირი შეკრა ნანჩჟაოს მეფე იმობსუნთან. 778 წელს მათ ერთობლივი იერიში მიიტანეს ჩინეთის ტერიტორიაზე სიჩუანის პროვინციაში. ტრისონგი აწყობდა ლაშქრობებს, ასევე, დასავლეთით და აღწევდა მდინარე ოკსუსამდე. აქ ის შეეჯახა არაბთა ხალიფა ჰარუნ ალ-რაშიდის. ხალიფამ შეძლო შეთანხმება ჩინეთის იმპერატორთან ტიბეტის წინააღმდეგ ალიანსის შეკვრაზე. შედეგად, ტრისონგ დეცენას ექსპედიცია შეჩერებული იქნა. მმართველობის უკანასკნელ წლებში გარდაცვალებამდე ტრისონგ დეცენა დაკავებული იყო ორ ფრონტზე ბრძოლით — დასავლეთით არაბთა წინააღმდეგ, ხოლო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ჩინელთა წინააღმდეგ.

რალპაჩანას მმართველობა (815—838)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რალპაჩანა იყო ტრისონგ დეცენას შვილიშვილი. მან მრავალი ხელოვანი, სკულპტორი, მხატვარი მოიწვია ინდოეთიდან, ნეპალიდან, ჩინეთიდან და ქაშმირიდან ბუდისტური ტაძრებისა და მონასტრების ასაშენებლად. მან ქვეყნის მართვის ორგანოებში შეიყვანა სასულიერო პირები, მისცა გადამწყვეტი ხმის უფლება მთავარ მინისტრთან ერთად, სასულიერო პირის სტატუსი გაუთანაბრა უმაღლესი ჩინოვნიკის სტატუსს.

მისი მმართველობის დროს სახელმწიფო აქტიურად უჭერდა მხარს ბუდისტური ტექსტების სანსკრიტიდან ტიბეტურ ენაზე თარგმნას.

822 წელს მოხდა ჩინეთთან სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ამტკიცებდა დაკავებულ ტერიტორიაზე ტიბეტელების უფლებებს.

რალპაჩანას მმართველობის პერიოდში იმპერია დასუსტდა, ხელისუფლება ჩაერთო რთულ ინტრიგებში, განსაკუთრებით აქტიურობდნენ რელიგია ბონის მომხრეები.

ლანდარმას მმართველობა (838—841)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელისუფლების გადატრიალების დროს რალპაჩანა მოკლეს. მეფობა გადავიდა ლანდარმას ხელში, რომელიც ძირითადად ეყრდნობოდა რელიგია ბონის მიმდევრებს და მკაცრად უთვალთვალებდა ბუდისტებს. ბერები და სწავლულები იძულებულნი იყვნენ შორეულ პროვინციებში დამალულიყვნენ ან გაქცეულიყვნენ საზღვრებს გარეთ.

ლანდარმას გარდაცვალების შემდეგ იმპერია დაიშალა მრავალ წვრილ სამეფოდ. ესენია, გუგე, ლადაქი, პულანი და სხვ. ამ მომენტიდან რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ტიბეტის ისტორიის სრულყოფილი აღწერა აღარ არსებობს.

დაქუცმაცებული ტიბეტი (842—1247)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტის ისტორიული ოლქები: კამი, ამდო და უ-ცანგი

მეფე ლანდარმის სიკვდილის შემდეგ მის ვაჟებს - მემკვიდრე იუმტენსა და მეორე ვაჟ (ან ძმისწულ) ვიოსუნს შორის ატყდა სამეფო ტახტისათვის ბრძოლა (სავარაუდოდ, 843-905 ან 847-885). დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც ქვეყნის გაყოფით დამთავრდა. ვიოსუნი თავისი მომხრეებით აკონტროლებდნენ ლჰასას, იუმტენმა კი დაიყრო იარლუნგი და სათავე დაუდო იქ თავის დინასტიას. 910 წელს იმპერატორთა სამარხები იქნა შეურაცხყოფილი.

ვიოსუნის ვაჟი პელკორცენი აკონტროლებდა ცენტრალური ტიბეტის დიდ ნაწილს. მას ორი ვაჟი ჰყავდა: ტაში ცენცანა და ტიკიმდინა, რომელიც ზოგიერთ ხელნაწერში მოხსენიებულია, როგორც კაიდე ნიგონი. ტიკიმდინი წავიდა ზემო ნგარიზე და იქორწინა ცენტრალური ტიბეტის წარჩინებულის ქალიშვილზე. მათ სათავე დაუდეს დასავლეთ დინასტიას.

842 წელს ტიბეტის იმპერიის განადგურების შემდეგ ძველი ტიბეტური სამეფი გვარის შთამომავალმა ნიმა-გონმა დააარსა ლადაქის დინასტია. ნიმა-გონის მეფობა ვრცელდებოდა თანამედროვე ლადაქის აღმოსავლეთით. მისი უფროსი ვაჟი, კაიდე გახდა ლადაკის მმართველი, ხოლო ორი უმცროსი ვაჟი დასავლეთ ტიბეტის მმართველები, მათ დააარსეს გუგეს და პუ-რანის სამეფოები. მოგვიანებით გუგეს მეფის ვაჟი, სახელად კორ-რე, გახდა ბუდისტი ბერი. მან ქაშმირში გააგზავნა ახალგაზრდა სწავლულები ბუდიზმის კარგად შესასწავლად და ატიშას მოსაწვევად ტიბეტში. ეს მოხდა 1040 წელს, რაც ჩიდარის დასაწყისად იქცა — გვიანი გავრცელება, ტიბეტური ბუდიზმის მეორე ეტაპი. უმცროსი ვაჟი სონ-ე უძღვებოდა სახელმწიფოს ყოველდღიურ საქმეებს. მისი ვაჟები გახდნენ დინასტიის გამგრძელებლები.

842-1247 წწ. ცენტრალურ ტიბეტს პრაქტიკულად ვერ აკონტროლებდა ცენტრალური სამეფო ხელისუფლება, მაგრამ კამში იყო კონცენტრირებული ბუდიზმი. ჯერ კიდევ ლანდარმის მეფობაში ლჰასადან ამდოში მთა დეენგიტზე გაიქცა სამი ბერი. მათი მოწაფე იყო მუზუ სელბარი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ბრძენი ლაჩენპო გიონპა რაბსელი (832—915 ან 892—975). მან აღადგინა ბუდიზმი ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და სათავე დაუდო ნიინგმას ცნობილ, სახელოვან სკოლას. გადმოცემის მიხედვით, ვიოსუნის ერთ-ერთმა ვაჟმა, რომელიც ფლობდა მიწებს სამიეს მახლობლად, 10 ახალგაზრდა მოწაფე გაგზავნა ლაჩენპოსთან. მათ შორის იყო ლუმე შერაბ ცულტიმი (950—1015). სწავლის დასრულების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ უ-ცანგში. ახალგაზრდა სწავლულებმა მოახერხეს ატიშას ჩამოსვლის ორგანიზება და 1042 წლის დასაწყისში ბუდიზმის სწავლების გავრცელება ლხო-კხაში (სამხრეთ ტიბეტში). რეგიონში ბუდიზმის სწავლება იყო ძლიერი და 1073 წელს საკიას მონასტერთან შეიქმნა საკიას სკოლა. შემდეგი ორი საუკუნე საკია დომინირებდა პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ჭრილში. გამოირჩეოდა 1155 წელს დაარსებული კიდევ ერთი მონასტერი ცურპხუ, რომელიც წარმოადგენდა კარმაპის ძირითად ცენტრს.

ჩრდილო- აღმოსავლეთ ტიბეტში (ტიბეტის მიერ დაპყრობილ მიწებზე) წარმოიქმნა თეოკრატიული სახელმწიფო ცონგხა, რომლის დაარსების სათავეებთან დგას ბელადი გუსილო. მისი სახელის მიხედვით სახელმწიფოს გუსილოს სახელმწიფოსაც უწოდებენ.

ტიბეტის თეოკრატია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდიზმის აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე ლანდარმის გარდაცვალებისთანავე ტიბეტი დაიშალა რამდენიმე დამოუკიდებელ სამთავროდ. ბუდიზმის დევნა შეწყდა, მაგრამ ამავე დროს რელიგიამ დაკარგა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, რადგან ის აღარ არსებობდა. ვიო სუნი და პელ კორცენი აგრძელებდნენ ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობას. მრავალი მორწმუნე საიდუმლოდ იცავდა რელიგიის წესებს.

ბუდიზმის სწავლება გამოცოცხლდა მაშინ, როცა კხამში ჩამოვიდნენ ბერები. ტიბეტელი სწავლული ლამები განსხვავეულად აღწერდნენ ბუდიზმის დაცემის ხანგრძლივობას, საშუალოდ: 901—1009 წწ. მოძღვარმა ლუმე შერაბ ცულტიმმა და სუმპამ პირველებმა დაიწყეს ახალი ტაძრების მშენებლობა, თუმცა წარუმატებლად. მიუხედავად ყველაფრისა, თანდათანობით მაინც დაიწყო ტაძრების მშენებლობის ბუმი. გამრავლდა ბერების რაოდენობა, რომლებიც თავის მხრივ ეწეოდნენ ბუდიზმის გავრცელებას სხვადასხვა ტერიტორიებზე. შეიქმნა სასულიერო საზოგადოებები სხვადასხვა ადგილებში.

ბუდიზმის გვიანი სწავლება. საწყისი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი ბერი მარპენ შაკიამუნი იორტოდან, იო გეჩჟუნი ტანჩუნდოდან და ცან რაბსელი გიარანპადან „ვინაისა“ (ბუდისტური ბერული საზოგადოების წესები) და „აბჰიდჰარმას“ (ბუდისტური სწავლება) წიგნებით ხელში ჩავიდა დასავლეთ ტიბეტში. ისინი გარბოდნენ აღმოსავლეთიდან დევნის გამო. მიდიოდნენ მთელი ღამეები. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მიაღწიეს ამდოს (პროვინცია ტიბეტში).

გადმოცემის თანახმად, ადგილობრივ მეფეს ჰქონდა ავალოკიტეშვარას გამოცხადება. მან შეისწავლა ბუდიზმის ელემენტები და გადაწყვიტა გამხდარიყო ბერი. მისი პოლიტიკური და რელიგიური მრჩევლები და მხარდამჭერები ამ საქმეში გახდნენ ცან რაბსელი (უპადხია), იო და მარი (აჩარია).

მას მიეცა სახელი ჰევასელი (ლეჩენპო), გაემგზავრა ჩრდილოეთში და მივიდა ჩანინცეს ციხესიმაგრეში (ჩანიჩუნი, გუანჯოუში) სი სიაში, სადაც წარმატებით შეისწავლა „ვინაი“ და კიდევ ბევრი რამ.

მონღოლური იმპერია - იუანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტი იუანის დინასტიის დროს

მონღოლი ყაენების კარზე ცნობილი ტიბეტელი ბუდისტი მოძღვრების მთელი რიგი მოღვაწეობდა. ამან განაპირობა, რომ მონღოლთა დაპყრობების დროს ტიბეტი გადარჩა სრულ განადგურებას. უფრო მეტიც, ტიბეტური ტრადიცია და კულტურა საერთაშორისო მნიშვნელობის გახდა. ის ჯერ გავრცელდა ყველა მონღოლურ (ხალხა-მონღოლებში, ბურიატებში, ოირატ-ყალმუხებში), შემდეგ კი თურქულ ენაზე მოლაპარაკე (ტუვინცებსა და ალთაებში) ხალხებში.

1227 წელს ჩინგის ხანის ჯარებმა მთლიანად გაანადგურეს ტანგუტური სახელმწიფო სი სია, რომელიც უშუალოდ ტიბეტის ჩრდილოეთით მდებარეობდა. სი სიას ტერიტორიაზე მონღოლებმა პირდაპირი მმართველობა დაამყარეს. 1239 წელს დიდი ხანის უღედეს ვაჟმა გოდან ხანმა, რომლის მიწები მდებარეობდა უშუალოდ ლანჯოუს სიახლოვეს, სამხედრო-სადაზვერვო ექსპედიცია გააგზავნა ტიბეტში ლეგჯესა და დორდა-დარხანის ხელმძღვანელობით. უკან დაბრუნებისას დორდა-დარხანმა გოდან ხანს მოახსენა, რომ ტიბეტში რამდენიმე ბუდისტური სკოლაა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანის საკიას სკოლა.

1245 წელს გოდანის სამფლობელოს მისივე მოწვევით ესტუმრა დიდი სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე საკია-პანდიტა (1182—1251), რომელიც იყო საკიას სკოლის მეთაური. მას თან ახლდა მცირეწლოვანი ძმისწული პაგბა-ლამა (1235—1280). საკია-პანდიტა სახელოვანი ბუდისტი მოძღვარი იყო, რომელმაც ბუდისტური ტრადიციების შესახებ მრავალი შრომა დაწერა. ის დაფუძნდა გოდანის კართან, მონღოლ წარჩინებულთა წიაღში ასწავლიდა ბუდიზმის ჰუმანიტარულ საფუძვლებს და სიკვდილამდე თავისი ავტორიტეტით უზრუნველყო ტიბეტის საქმეებში მონღოლეთის ჩაურევლობა. მონღოლები პატივით ეპყრობოდნენ ახალ რელიგიას და ბუდისტური მონასტრებსა და ეკლესიებს ხარკი არ დაადეს. მხოლოდ 1251 წელს საკია-პანდიტას გარდაცვალების შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

1253 წელს საკია პანდიტა მომავალმა იმპერატორმა ხუბილაი მ მიიწვია პეკინში. რადგან საკია-პანდიტა უკვე გარდაცვლილი იყო, მის ნაცვლად გოდან ხანმა მოზარდი პაგბა-ლამა გაამგზავრა. 1260 წელს ხუბილაიმ თავი იმპერატორად გამოაცხადა და იუანის დინასტიას დაუდო სათავე. ამ დროს ერთ სახელმწიფოში შედიოდა მონღოლეთი, ჩინეთი და კიდევ რიგი ტერიტორიებისა. პაგბა-ლამა გახდა სახელმწიფოს მრჩეველი. ამ სახით მან ტიბეტური ბუდიზმის სახელი და ავტორიტეტი გაავრცელა მონღოლთა იმპერიის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც იყო ჩინეთი. ხუბილაი იყენებდა ტიბეტურ ბუდიზმს ჩინური კულტურის მხრიდან, კერძოდ, დაოსიზმისა და კონფუციანელობის ასიმილაციის წინააღმდეგ. იმპერატორის ბრძანებით პაგმა-ლამამ შქმნა ე.წ. კვადრატული წერილი, რომელიც ემსახურებოდა იმპერიის ყველა ენის დამწერლობის ერთიან სისტემაში მოქცევას (პირველ რიგში, მონღოლური, ტიბეტური, უიღურული და ჩინური ენების). ხუბილაიმ პაგბა-ლამას მიანიჭა ტიბეტის 13 ოლქის სულიერი ლიდერობა, საერო ხელისუფლის დანიშვნის უფლებამოსილებით. დაახლოებით 70 წელი ტიბეტი იყო თეოკრატიული სახელმწიფო საკიას ხელისუფალთა იერარქიის ქვეშ. მონღოლთა მხრიდან ტიბეტზე მომდევნო თავდასხმა 1281 წელს განხორციელდა, რამდენადაც ხმა გავრცელდა, რომ პაგბა-ლამას მიერ დანიშნულმა საერო მმართველმა გუნგა-სანგპომ მოწამლა იგი.

ხუბილაის დროს ჩატარდა აღწერების სერია ტიბეტში. საკიას მონასტრიდან პეკინამდე სამონასტრო ქსელების მთელი ჯაჭვი შეიქმნა. 1288 წელს ხუბილაიმ შექმნა ტიბეტის საქმეთა სპეციალური უწყება - ცზენჩჟიუანი. მონღოლი იმპერატორები ნახულობდნენ სახსრებს მონასტერთა შესაკეთებლად. ტიბეტის მიმართ იუანის ასეთი დამოკიდებულება გავლენას არ ახდენდა ჩინეთზე და არც პირიქით, რადგან ჩინეთიც და ტიბეტიც იმ დროის მონღოლთა იმპერიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი სხვადასხვა ტერიტორიები იყო.

გელუგის სკოლის აყვავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გელუგის სკოლის აყვავებაში დიდი როლი ითამაშეს ხოშუტებმა, რომლებიც იყვნენ თანამედროვე ყალმუხების წინაპართა მონეთესავე ტომები. ხოშუტები 1636 წელს დასახლდნენ ტბა კუკუნორის რაიონში, თანამედროვე ჩინეთის ცინხაის პროვინციის ტერიტორიაზე. მათ დააარსეს ხოშუტის სახანო. აქ მათ მოუწიათ მეზობელი ტიბეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლის თამაში. მათი მმართველი გუში-ხანი მოექცა ტიბეტის გელუგის სკოლის მიმართულების ბუდიზმზე. გელუგის სკოლის მიმდევრებს მეორენაირად უწოდებდნენ „ყვითელქუდიანებს“ მათი ქუდის ფერის მიხედვით. გუში ხანმა 1642 წელს V დალაი ლამა გამოაცხადა ცენტრალური ტიბეტის სრულიად ბუდისტთა უფლად და გარდაცვალებამდე (1656 წლამდე), მისი საერო თანამმართველი გახდა.

მინის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიოგრაფიაში არ არსებობს დაზუსტებული ცნობები მინის დინასტიის მმართველობის პერიოდში რა ურთიერთბა არსებობდა ტიბეტსა და ჩინეთს შორის. არაჩინურ ისტირიოგრაფიაში მიღებულია მოსაზრება, რომ მინის დინასტიის მმართველობის დროს ტიბეტი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რჩებოდა. თავად ჩინურ ისტორიოგრაფიაში კი გატარებულია აზრი — მინის დინასტიის იმპერატორობის დროს შეიქმნა გარეზედამხედველობის ინსტიტუტი, რომლის მოვალეობებში შედიოდა ტიბეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა. იმ დროს ტიბეტის ოფიციალური პირები ვალდებულნი იყვნენ ჯერ კიდევ იუანის დინასტიის მიერ მინიჭებული ძველი მოვალეობები დაედასტურებინათ და შეესრულებინათ, ხოლო ტიბეტის ბუდისტური სკოლის ხელმძღვანელებს ჩინეთის იმპერატორები აწინაურებდნენ და ახალ მაღალ ტიტულებს გადასცემდნენ. ისტორიკოსთა ნაწილის მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ იმ პერიოდში, როცა დაიწერა წიგნი მინის დინასტიის ისტორიაზე, ე. წ. "მინ ში", მოქმედი ცენზურა, შესაძლოა, აიძულებდა ავტორს მინის იმპერატორთა განსადიდებლად გამოეთქვა ასეთი მოსაზრება. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ადგილი ჰქონდა ფორმალურ სიუზერენიტეტს, ეს ურთიერთობა საბოლოოდ დაინგრა იმპერატორ ძიაძინის (1521—1567) მიერ ბუდიზმის საწინააღმდეგოდ კონფუციანელობის აღიარების დროს. ჰელმუტ ჰოფმანი თვლის, რომ მინის ბატონობა ტიბეტზე წმინდა ნომინალურ ხასიათს ატარებდა, რაც გამოიხატებოდა იმპერატორის სასახლეში დროდადრო იმპერატორისათვის ძღვენით ხელში ტიბეტელი ემისრების გამოჩენით, ამასთან, იმპერატორი ფორმალურად ჩუქნიდა მმართველ ლამებს ტიტულებს, სინამდვილეში კი იმპერატორს არ შეეძლო ტიბეტის საშინაო საქმეებში და ჩარევა და რაიმე გავლენა მოხდენა. მე-XX სს. ზოგიერთი ჩინელი ისტორიკოსი (ცზიავეი და ნიიმა გიალცეი) არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მათი მტკიცებით, მინის იმპერატორების ხელისუფლება ტიბეტზე იყო სრულიად რეალური — ტიბეტელები იმპერატორის ნაჩუქარ ტიტულებს არ გადასცემდნენ მემკვიდრეობით, მაგრამ ვალდებულნი იყვნენ წვეოდნენ პეკინს, რათა სწორედ იმპერატორის ხელიდან მიეღოთ ეს ტიტული მმართველობის დასაწყებად. ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს, რომ მრავალ ნაშრომში ჩინეთის ისტორიის შესწავლისას უგულებელყოფილია მინის სასახლის რელიგიური ურთიერთობები ტიბეტელ ლამებთან. სხვები ყურადღებას ამახვილებენ ურთირთობებში სავაჭრო ასპექტზე, შენიშნავენ რა, ცხენებზე გამუდმებულ მოთხოვნილებას, მინის დინასტია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩინური ჩაის ბარტერულ გაცვლას ცხენებზე და ა.შ.

XIV სს. განმავლობაში ადგილი ჰქონდა ტიბეტში შეიარაღებული შეჭრის რამდენიმე ცდას, რომელიც მოსახლეობამ წარმატებით აღკვეთა. იმპერატორი ვანლი (1572—1620) შეეცადა 1578 წლიდან მეზობლებთან ურთიერთობა აეგო მონღოლურ-ტიბეტური ალიანსის პრინციპით. ამან თავის მხრივ, განსაზღვრა ცინის დინასტიის (1644—1912) პოლიტიკა ტიბეტის მიმართ, დალაი ლამების და ბუდისტური სკოლების მხარდაჭერა. XVI სს. ბოლოს გელუგის სკოლის მხარდაჭერის საბაბით მონღოლები თანდათან ზრდიდნენ საკუთარ წარმომადგენლობას ამდოში, საბოლოო ჯამში კი გუში ხანმა (1582—1655) დაიპყრო ტიბეტი 1642 წელს.

მკვლევართა უმეტესობის აზრით, ტიბეტი არ იყო მინის დინასტიის ჩინეთის იმპერიის ნაწილი. გარეგნული ატრიბუტები ძირითადად შიდამოხმარებისთვის არსებობდა, ხოლო მინის დინასტიის ოფიციალურ სიაში მოხსენებულია ე.წ. ვასალი ქვეყნების 100-ზე მეტი ტერიტორია, რომელთა შორის ზოგიერთს საზღვარიც კი არ გააჩნდა ჩინეთთან, მაგ: ასეთი ქვეყნები იყო — ბადახშანი, არაბეთი, სამარყანდი, და ა.შ. როგორც ჩანს, ვასალად იყო გამოცხადებული ყველა ქვეყანა, საიდანაც ჩინეთში მოდიოდნენ ვაჭრები, ელჩები და სხვა პირები.

ცინის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინის იმპერიის დაცემის შემდეგ ჩინეთი დაიპყრეს მანჯურიელებმა და იგი გახდა ცინის იმპერიის მანჯურიის განუყოფელი ნაწილი. მანჯურიელი იმპერატორი აისინგიორო სიუანე თავის მიზნად ისახავდა ჯუნგარიის სახანოს განადგურებას და ტიბეტის დამორჩილებას. ამ ქვეყნების პოლიტიკურმა სიტუაციამ შეუმსუბუქა პეკინს თავისი პოლიტიკის რეალიზაცია. 1705-1710 წწ. ტიბეტში გაჩაღდა ხელისუფლებისათვის შეიარაღებული ბრძოლა ხოშუტ მმართველ ლჰავზან-ხანსა და ტიბეტის რეგენტ სანგიე-გიაცოს (სანჩჟაი ჩჟამცო) შორის. თავისი გავლენის აღდგენის მცდელობის გამო, სიუანემ მხარი დაუჭირა ხოშუტებს. ცინებს კარგად ესმოდათ, რომ ცინების ბატონობა მონღოლეთში არ იქნებოდა წარმატებული ლჰასადან რელიგიური მხარდაჭერის და მანჯურიელებისათვის დალაი-ლამას კეთილი ნების გარეშე. ამასთან, მოცემულ მომენტში სიუანე ცდილობდა დაესუსტებინა ლჰასას ხელისუფლება ხოშუტების ხელით, რომ მომავალში ორივე დაემორჩილებინა.

ჯუნგარიაში ოირატის ხანი გახდა გარდაცვლილი გალდანის ძმისწული ცევან რაბდანი. მან გააერთიანა ოირატის ოთხივე სათავადო (აიმაკი). დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ხანმა მტკიცედ უარყო სიუანეს წინადადება ვასალობის შესახებ. ორივე მხარე აქტიურად ემზადებოდა ომისთვის. ცევან რაბდანმა მოითხოვა სიუანესაგან მიტაცებული მიწების უკან დაბრუნება. პეკინმა უარყო ეს წინადადება. თავის მხრივ, იმპერატორმა მოითხოვა ოთხივე სათავოდ-აიმაკისაგან სათითაოდ დამოუკიდებლობის მიღება. ამით იმპერატორი ცდილობდა შიგნიდან აეფეთქებინა ოირატის სახელმწიფოს ერთიანობა და ფეოდალური დაქუცმაცებულობის ფონზე დაესუსტებინა ხანის ძალაუფლება. ცევან რაბდანის ბუნებრივმა უარმა დააჩქარა ცინების იმპერიასა და ჯუნგარიის სახანოს მეორე ომი, რომელიც 1715 წელს დაიწყო. ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

ცევანმა თავისი ვასალის ცერენ დონდუბის ხელით დაიპყრო ტიბეტი 1717 წელს. ამით ისარგებლა სიუანემ და 1720 წელს ლჰასაში ორი სამხედრო შენაერთი გაგზავნა - სიჩუანიდან და ცინხაიდან ჰერბისა და იან სინის მეთაურობით. მარცხის გამო ოირატები ტიბეტიდან გავიდნენ, რამაც გააძლიერა ცინის იმპერიის გავლენა ცენტრალურ აზიაზე. მანჯურიელებმა ოირატების გარეკვის შემდეგ ლჰასაში დატოვეს მონღოლთა ორიათასკაციანი გარნიზონი. ტიბეტის მთავრობა და ახალი დალაი-ლამა 1723 წლამდე იმპერატორის კომენდანტის მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა.

მომდევნო იმპერატორმა აისინგიორო ინჯენმა (იუნჯენი) მიზანდასახულად აძლიერებდა თავის კონტროლს ტიბეტზე, თუმცა 1723-1727 წწ. მან განახორციელა ცინების არმიის გაყვანა ლჰასიდან. მათი გასვლის შემდეგ ტიბეტში დაიწყო ურთიერთქიშპი. გაძლიერებული აჯანყების გამო იუჩჟენმა მეორე ლაშქრობა მოაწყო. ამჯერად, მან 15 ათასიანი ჯარი გაგზავნა ტიბეტში სიჩუანის, შენსის და იუნანის პროვინციებიდან. მათი მოსვლის დროისათვის შთამომავლობით წარჩინებული პოლონაი უკვე აწესრიგებდა სიტუაციას საკუთარი 10 ათას კაციანი არმიით. ამისათვის მან 1728 წელს ჯილდოდ მიითო მთავრის ტიტული და თავისი ქვეყნის მართვის უფლება. ტიბეტის მუდმივი კონტროლისათვის იმპერატორმა იუნჩჟენმა ლჰასაში დატოვა თავისი ორი რეზიდენტი და ათას კაციანი გარნიზონი.

ტიბეტის შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამ დააჩქარა მათზე მანჯურიელთა კონტროლის დამყარება მომდევნო იმპერატორ აისინგიორო ჰუნლის, იგივე ციანლუნის დროს. გარდაცვლილი პოლონაის ვაჟიშვილს სურდა მანჯურიის კონტროლისაგან გათავისუფლება. მან დაიწყო შეიარაღებული აჯანყება და კავშირის შეკვრა სცადა ჯუნგარიის სახანოსა და ოირატ მთავრებთან. 1750 წელს მანჯურიელმა მეფისნაცვლებმა მოკლეს აჯანყებული ჩჟურმედ ნამჩჟალა. აღშფოთებული ტიბეტელები სასტიკად გაუსწორდნენ დამპყრობელ მანჯურიელებს. საპასუხოდ, იმპერატორმა ჰუნლიმ მოაწყო ტიბეტში მესამე დამსჯელი ექსპედიცია. განრისხებულმა იმპერატორმა ამჯერად, 1751 წელს ქვეყნის დაშლის მიზნით, ხელისუფლება გადასცა დალაი ლამას კონტროლს დაქვემდებარებულ ოთხ მინისტრ-მმართველს. გაუქმდა ყველა სამთავრო და სათავადო ტიტული. ყველა მნიშვნლოვან საკითხში ადგილობრივ მინისტრ-მმართველებს რჩევა უნდა ეკითხათ ადგილზე მივლინებული მეფისნაცვლებისათვის, რომელთა უფლებები მკვეთრად გაიზარდა. აიკრძალა ჯუნგარიის სახანოსთან ყოველგვარი კავშირი. გაიზარდა ცინების გარნიზონი ლჰასაში. მრავალი ისტორიკოსი თვლის (ეყრდნობიან რა ჩინელი ავტორების ცნობებს), რომ ტიბეტი ცინის იმპერიის ნაწილი გახდა. სხვები კი ამტკიცებენ, რომ ტიბეტი გახდა დამოკიდებული სახელმწიფო და არა ჩინეთის ნაწილი.

ტიბეტს არ ჰქონდა საკუთარი მოჭრილი მონეტა. ის სარგებლობდა ძველი ნეპალური ფულით (მოხარით). გორკას სამეფოს მიერ ნეპალის სამთავროების დაპყრობის შემდეგ, მისმა მმართველმა პრიტჰვი ნარაიან შაჰმა განახორციელა ფულის რეფორმა და 1769 წელს ამოიღო ხმარებიდან ძველი ნეპალური მონეტა, მიმოქცევაში შემოიტანა ახალი მონეტა. უშედეგოდ დაიწყო მოლაპარაკებები ტიბეტთან ახალი ვალუტისა და მისი კურსის შესახებ. მაშინ ნეპალის მმართველმა და მისმა რეგენტმა ბატურმა 1788 წელს დაიწყეს ომი და გაანადგურეს ტიბეტი, მაგრამ დასახმარებლად მოსულმა ჩინურ-მანჯურიელმა ჯარებმა გაანადგურეს ნეპალელები და კატმანდუმდე მივიდნენ. 1792 წელს საზავო მოლაპარაკებისას ნეპალის მმართველმა პირობა დადო - არ დაერღვია ტიბეტის საზღვრები, დაებრუნებინა ნაძარცვი და აღიარა ცინის იმპერიის ვასალობა.

ნეპალზე გამარჯვება ჰუნლიმ და ჰეშენმა გამოიყენეს ტიბეტში მანჯურიელთა გავლენის გასაძლიერებლად. ცინის მეფისნაცვლებმა მიიღეს ადგილობრივი მინისტრების და სხვა ჩინოვნიკების დანიშვნისა და გადაყენების უფლება. ფინანსებისა და საზღრების კონტროლის უფლება დალაი-ლამასთან ერთად მიიღო პანჩენ ლამამ. ტიბეტის საგარეო კავშირები, მათ შორის დალაი ლამას მიმოწერა მეზობლებთან, ასევე, აღმოჩნდა ცინის ადგილობრივ მმართველთა ხელში. ავტორთა ნაწილის აზრით (ჩინურ წყაროებზე დაყრდნობით), მანჯურიელი რეზიდენტები მაკონტროლებლობიდან დალაი ლამასა და პანჩენ ლამას თანამმართველებად გადაიქცნენ. მკვეთრად გაიზარდა გარნიზონების რაოდენობა, რომელთა შემადგენლობა იყო ჩინურ-მონღოლური. ყოველივე ამან ტიბეტი მანჯურიელთა ხელში მოაქცია. უცხოელთა გავლენის შიშით ტიბეტი მანჯურიელმა მმართველებმა მოწყვიტეს გარესამყაროსგან და სრულ იზოლაციაში მოაქციეს. რიგი ავტორების მონაცემებით, ცინის იმპერატორები ტიბეტის უმაღლეს იერარქებთან დაკავშირებული იყვნენ "ჩოი-იონგის" (მოძღვარ-მოწაფის) პრინციპით და ჩამოთვლილი ზომები წარმოადგენდა მმართველობასა და თავდაცვაში დახმარებას და არა ქვეყნის მიერთებას ცინების იმპერიასთან, უფრო ზუსტად ტიბეტი რჩებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამ თვალსაზრისს იზიარებდნენ თავად ტიბეტელები ცინების მმართველობის დროს.

ტიბეტი დიდ თამაშებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-13 დალაი ლამა. 1910 წ.

დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის აზიაში გაბატონების მეტოქეობისას ტიბეტი გახდა ამ სახელმწიფოთა კოლონიური ინტერესების ობიექტი. იმის გამო, რომ არ დაეშვათ ერთმანეთის გავლენის გაძლიერება, ორივე სახელმწიფომ ცნო ტიბეტის სიუზერენად დასუსტებული ცინის იმპერია. თუმცა ორივე სახელმწიფოსათვის ბუნდოვანი რჩებოდა ტიბეტის მიმართ "სიუზერენიტეტის" ევროპული გაგება. მაგ: დიდი ბრიტანეთი საფრთხეს გრძნობდა და ძალიან შფოთავდა იმის გამო, რომ დალაი ლამას ერთ-ერთი დაახლოებული პირი გახდა პრორუსული ორიენტაციის მქონე აღვან დორჟიევი, რომელიც ბურიატული წარმოშობის ბუდისტი ლამა იყო და დიდი სახელით სარგებლობდა რუსეთში, ტიბეტსა და მონღოლეთში. 1903-1904 წლების ბრიტანეთის ექსპედიცია ტიბეტში ფრენსის იანგჰაზბენდის ხელმძღვანელობით მეტოქეობის კულმინაციური წერტილი გახდა. 1906 წ. ინგლისელებმა მოაწყვეს კიდევ ერთი სამშვიდობო მისია. იმავე წელს ხელმოწერილ იქნა ტიბეტის შესახებ ანგლო-ჩინური კონვენცია, რომელმაც გამოაცხადა ტიბეტზე ცინის დინასტიის სიუზერენობა. ინგლისელებმა უარი თქვეს ტიბეტის ანექსიაზე და მის მართვაში ჩარევაზე, სამაგიეროდ, ცინის დინასტიამ ვალდებულება აიღო - არ დაეშვა სხვა უცხო სახელმწიფოთა ჩარევა ტიბეტის მმართველობაში. 1907 წელს ტიბეტთან მიმართებაში რუსულ-ინგლისური ურთიერთობები დარეგულირდა შეთანხმების მიხედვით, რომლითაც ორივე მხარემ აღიარა ცინის დინასტიის სიუზერენობა ტიბეტში. ჩინეთმა გადაწყვიტა ტიბეტში პირდაპირი მმართველობის დამყარება. ამის გამო, 1910 წელს ჩინეთის სამხედრო ექსპედიცია გაიგზავნა ტიბეტში. 12 თებერვალს ექსპედიციამ დაიკავა ლჰასა. 25 თებერვალს მანჯურიელებმა ოფიციალურად გამოაცხადეს XIII დალაი ლამა-ს ხელისუფლების დამხობა, რომელმაც მოასწრო ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სიკიმის შტატში გაქცევა. 1912 წლის ბოლოს ჩინეთში დაწყებული რევოლუციის გამო ხელისუფლებამ ტიბეტიდან გამოიყვანა სამხედრო შეიარაღებული ძალები.

დამოუკიდებლობის მოპოვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოტალას სასახლე ლჰასაში

1911 წ. ცინის იმპერიაში უჩანის აჯანყებით დაიწყო სინხაის რევოლუცია. მისი მიზანი იყო ცინის მანჯურიული დინასტიის დამხობა და ხანის ეროვნული სახელმწიფოს წარმოქმნა. რევოლუციის მსვლელობაში ჩინეთის ტერიტორიები და ცალკეული პროვინციების გუბერნატორები ერთმანეთის მიყოლბით აცხადებდნენ ცენტრისაგან დამოუკიდებლობას. შედეგად, იმპერია მთლიანად დაინგრა. იმის საფუძველზე, რომ ცინის იმპერიის მანჯურიულ დინასტიასთან იყვნენ დაკავშირებული და არა ჩინეთთან, როგორც მისი ნაწილები, დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აგრეთვე, ტიბეტმა და მონღოლეთმა. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დიდმა სახელმწიფოებმა მომხდარი რევოლუციური მოვლენები ჩინეთის შიდა საქმედ ჩათვალეს და მკაცრი ნეიტრალიტეტი დაიკავეს მანამდე, სანამ ურთიერთმეომარი რომელიმე მრავალრიცხოვანი ძალის მიერ შექმნილი ახალი მთავრობა არ შეძლებდა ჩინეთის წარმოდგენას საერთაშორისო ასპარეზზე.

მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთმა ჯერ კიდევ 1911 წელს მოიპოვა ჩინეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობა, მხოლოდ 1913 წელს შეძლო ტიბეტთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების დადება, რომელშიც ორივე სახელმწიფო ცნობდა ერთმანეთის დამოუკიდებლობას.

ტიბეტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მისი სავაჭრო მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომამდე ფრენსის იანგჰაზბენდის კურთხევით ტიბეტს სამჯერ ეწვია გერმანელი ნატურალისტი ერნსტ შეფერი. აქედან, ორჯერ ბრუკ დოლანის (აშშ) ხელმძღვანელობით და მესამედ ანენერბეს მხარდაჭერით. მეორე მსოფლიო ომის დროს ტიბეტის მიერ დაკავებული ნეიტრალიტეტის პოზიცია გახდა ჩინეთისაგან ტიბეტის დამოუკიდებელი პოლიტიკის პრეცენდენტი. ეს პერიოდი ცნობილია ლჰასაში ბრიტანული ბანაკიდან გაქცეული ვერმახტის ოფიცრის ჰენრიხ ჰარერის გამოჩენით (რომელსაც ზოგჯერ შეცდომით თვლიან ახალგაზრდა დალაი ლამას ერთ-ერთ მრჩევლად) და ილია ტოლსტოის ექსპედიციით (მან, ასევე, ჩამოიყვანა ლჰასაში ბრუკ დოლანი), რომელმაც დაადატურა ინდოეთიდან ტიბეტის გავლით ჩინეთში იარაღის ტრანსპორტირების შეუძლებლობა.

ტიბეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 ცუდად შეიარაღებული ტიბეტის არმიის განადგურების შემდეგ ჩსრ-ს შემადგენლობაში შევიდა ტიბეტის რეგიონი ჩამდო. 1951 წელს (შესაძლოა ჩინეთის მხარის ზეწოლით) დალაი ლამას წარმომადგენლებმა უფლებამოსილების გადამეტებით ხელი მოაწერეს შეთანხმებას პეკინთან ტიბეტის მშვიდობიანი განთავისუფლების შესახებ, რომელიც ამტკიცებდა ჩინეთის უფლებებს ტიბეტზე. 1951 წლის 24 ოქტომბერს დალაი ლამას სახელით მაო ძე დუნისადმი გაგზავნილ იქნა ხელშეკრულების მხარდაჭერის ტელეგრამა.

შემდგომში ჩნელები თანდათანობით ზრდიდნენ თავიანთ ყოფნას ტიბეტი. მათ მოახდინეს საკუთარი ტაქტიკის დეკლარირება - "კეთილი საქმეებით შეეძინათ მეგობრები". 1956 წელს შეიქმნა ტიბეტის ავტონომიური რაიონის შესაქმნელად მოსამზადებელი კომიტეტი. 1950-ანი წლების შუა ხანებში ჩინეთის პროვინციებში შემავალ ტიბეტის მიწებზე - კხამი და ამდო - დაიწყო ფორსირებული რეფორმები, რომელსაც თან სდევდა მასობრივი რეპრესიები, ჩამოხრჩობანი, რელიგიის დევნა და ჩინიზაცია. ამან ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. დაიწყო აჯანყება, რომელიც 1959 წელს გავრცელდა ცენტრალურ ტიბეტში (უ-ცანგში ანუ რეგიონში, რომელსაც ლჰასას ხელისუფლება აკონტროლებდა). აჯანყების ჩახშობის პარალელურად მიმდინარეობდა რეფორმები, რომელიც გამოიხატა მონასტერთა უმრავლესობის დახურვასა და განადგურებაში. ბუდისტური სტატუები გატანილ იქნა ჩინეთში. ძვირფასი ლითონები გადაადნეს, ძვირფასი ქვები დათხარეს, რელიგიური ხასიათის ხელოვნების ქმნილებები ძირითადად გაანადგურეს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რეპრესირებული ან განადგურებულო იქნა. ჩინური დოკუმენტების თანახმად, ქვეყანაში ჩატარდა "დემოკრატიული რეფორმები", რომლის დროსაც ლიკვიდირებულ იქნა "ჩამორჩენილი ფეოდალურ-ბატონყმური რეჟიმი".

ტიბეტის ხელისუფლების მოღვაწეთა ნაწილი დალაი ლამასთან და ათობით ათას სხვა ტიბეტელთან ერთად გაიქცა. 1959 წლიდან ინდოეთის ტერიტორიაზე ქალაქ დჰარამსალაში ფუნქციონირებს ტიბეტის ხელისუფლება დევნილობაში. 1965 წელს ოფიციალურად დაარსდა ტიბეტის ავტონომიური რეგიონი (ტარ-ი). დღემდე ჩინეთი ეწევა ტიბეტის ინტეგრაციის აქტიურ პოლიტიკას, მისი ინფრასტრუქტურისა განვითარებას და ჩინიზაციას. ტიბეტის ტერიტორიაზე განლაგებულია ჩინეთის სამხედრო შეიარაღებული ძალები. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩამოსული ეთნიკური ჩინელების რაოდენობა.

„კულტურული რევოლუციის“ დროს (1966 წლიდან), როგორც მთელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მაო ძე დუნის რეჟისორობით, ტიბეტიც მოიცვა ქაოსმა. ამ პერიოდში დაინგრა და განადგურდა თითქმის ყველა გადარჩენილი ტაძარი და მონასტერი, ბუდისტური ხელოვნების გადარჩენილი ნაწარმოებები და წიგნები მთლიანად განადგურდა. ბერები რეპრესირებულ იქნენ.

ტიბეტის დევნილი ხელისუფლების მტკიცებით ჩინელებმა ტიბეტის ტერიტორიაზე (ტარ-სა და ჩინეთის სხვა პროვინციებში შემავალ ტიბეტურ მიწებზე) რაოდენობით გადააჭარბეს ადგილობრივ ძირძველ მოსახლეობას. 2005 წელს ჩინეთის მიერ ტარ-სათვის ჩატარებულ ოფიციალურ აღწერებში ეს არ ჩანს. სხვადასხვა მონაცემების შედარებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეთნიკური ჩინელების უდიდესი უმრავლესობა თავმოყრილია ძირითადად ლჰასას რაიონში, სადაც მათი რაოდენობა დაუზუსტებელია. ტარ-ის დანარჩენ რაიონებში ტიბეტელები სჭარბობენ. ხოლო ისტორიული ტიბეტის სხვა, მათ შორის, ჩინეთის პროვინციებში შემავალ ტერიტორიებზე დომინანტობენ ჩინელები.

ჩინეთის ხელისუფლების პერიოდში ტიბეტის ავტონომიურ რაიონში გაიზარდა მარცვლელულის მოსავალი, განვითარდა მესაქონლეობა. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა 36-დან 67 წლამდე. მოსახლეობის რაოდენობა თითქმია 3-ჯერ გაიზარდა და 2009 წლისათვის მიაღწია 3 მილიონ ადამიანს.

2008 წელს ტიბეტში დაიწყო მასობრივი არეულობა. ბერებმა მოაწყეს მშვიდობიანი აქცია დალაი ლამას ინდოეთში დევნილობის წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც მოგვიანბით უწესრიგობაში გადაიზარდა. სიჩუანის პროვინციაში მოხდა ჩინეთის პოლიციის უბანზე თავდასხმა. დაიწყო პოლიციის მიერ მიტინგის დარბევა. ზოგიერთი მონაცემით ჩინეთის პოლიციამ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც უარყოფს ჩინეთის მხარე.

ტიბეტელთა უმრავლესობა ცხოვრობს შორეულ სოფლებში ან მომთაბარეობს. ისინი მწყემსავენ იაკებს ან ამუშავებენ მიწას. უკანასკნელ წლებში ჩინეთის ხელისუფლება ატარებს მომთაბარე ხალხის დასახლების აქტიურ პოლიტიკას, რასაც ტრადიციული ცხოვრების წესის და მეურნეობის დაკარგვასთან მივყავართ. იმავე დროს ცენტრალური ხელისუფლების ფართო ინვესტიციის წყალობით ამჟამად ტიბეტის მსხვილი ქალაქები განიცდიან ბუმს. ბუმი, რომელიც დამკვირვებელთა სიტყვებით, მკვიდრი ტიბეტელების საზიანოდ კვალიფიციური ჩინელების სარგებლობაზე მოდის. ტიბეტელები არა უბრალოდ ღარიბები არიან, არამედ განათლების უკიდურესად დაბალი დონე არ უტოვებს მათ შანსებს მიიღონ დიდ ქალაქებში მუდმივი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო, - ამბობენ პროსტიტუციის ზრდის პრობლემისადმი მიძღვნილი ტიბეტის საინფორმაციო ქსელის შეტყობინებები.

უკანასკნელ პერიოდში მწვავედ დგას ტიბეტის უნიკალური კულტურის გადარჩენის პრობლემა. თანამედროვე ტიბეტელები განიცდიან ჩინელებთან ასიმილაციას, რასაც მივყავართ ტიბეტური ენისა და მრავალსაუკუნოვანი კულტურის დაკარგვასთან. თუმცა ინდოეთში დევნილობაში მყოფი ტიბეტის ხელისუფლება თავგამოდებით ცდილობს ტიბეტური კულტურის გადარჩენისათვის ზომების მიღებას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]