ტიბეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიბეტის დროშა

ტიბეტი წარმოადგენს შორეული აღმოსავლეთის განუყოფელ ნაწილს, როგორც ჩინეთის ნაწილი ის დასავლეთ ჩინეთად მოიხსენიება. იგი მნიშვნელოვანი რეგიონია, როგორც გეოგრაფიული, ასევე ისტორიულ-კულტურული, რელიგიური და პოლიტიკური კუთხით. ტიბეტი მდეობარეობს ტიბეტის პლატოზე და დასახლებულია ძირითადად ტიბეტელებით, რეგიონის საშუალო სიმაღლე დაახლოებით 4, 900 მეტრია, ამ მაჩვენებლით ის დედამიწის უმაღლესი რეგიონია და ტყუილად არ მოიხსენიება ეპითეტით „სამყაროს სახურავი“.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიმალაი, ტიბეტის პლატოს სამხრეთი რკალი

ტიბეტურ ენაში ენდონიმი (ტიბეტის დასახელება ტიბეტურად) - "བོད" (ბოდ) ნიშნავს ტიბეტს ან ტიბეტის პლატოს, ასევე ის აღნიშნავს უ-ცანგის რეგიონის ცენტრს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ჩანაწერი "ტიბეტი" პირველად ანტიკური ხალხის "ბაუტაიმის" ნაწარმოებში ერიტრეის ზღვის პერილში (დაახლოებით I საუკუნე) და პტოლემეს გეოგრაფიაში (დაახლოებით II საუკუნე) გვხვდება.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტის სახელმწიფო წარმოიშვა 7 საუკუნეში. ტიბეტელები მე-13-14 სს-ში მონღოლთა ბატონობის ქვეშ იყვნენ, ხოლო უკვე მე-17 ს-ში გელუგპა დალაი-ლამა ქვეყნის სასულიერო და საერო ხელმძღვანელი გახდა. მე-18 ს-ის დასაწყისიდან ეს რეგიონი კვლავ ჩინეთისა და

მონღოლეთის ყურადღების ობიექტი ხდება. ამ პაექრობაში ჩინელებმა გაიმარჯვეს და ლჰასაში (უდიდესი ქალაქი ტიბეტში) მცირე გარნიზონიც კი ჩააყენეს, რაც შეეხება დალაი-ლამას შეუნარჩუნეს

სუვენერობა შიდა საქმეებში. 1904 წელს ტიბეტში ინგლისელთა ჯარები შევიდნენ რუსეთისაგან ზეგავლენისაგან დაცვის საბაბით. 1910 წელს ჩინეთი ემზადებოდა შესაჭრელად, თუმცა ჩინეთში

დაწყებულმა არეულობებმა და რევოლუციამ ხელისუფლების გეგმები შეცვალა. 1950 წელს ტიბეტი ოკუპირებულ იქნა კომუნისტური ჩინეთის მიერ. დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც

სათავეში დღევანდელი XIV დალაი-ლამა ედგა სათავეში. დაწყებული პარტიზანული ბრძოლები 1959 წელს ჩაახშვეს. დალაი-ლამამ თავი

ინდოეთს შეაფარა. 1965 წელს შეიქმნა ავტონომიური რაიონი. გაერომ არაერთი რეზოლუცია მიიღო ტიბეტში ადამიანთა უფლების დარღვევის ფაქტების შესახებ.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც უკვე ავღნიშნეთ ტიბეტი მდებარეობს ტიბეტის პლატოზე, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს რეგიონს წარმოადგენს. ეს რეგიონი აღმოსავლეთ აზიის ნაწილად ითვლება, თუმცა ზოგიერთი ევროპელი მეცნიერი ტიბეტის ნაწილს ცენტრალურ აზიასაც მიაკუთვნებს. იგი ჩინეთის ცენტრალური დაბლობისაგან და კონტინენტური ჩინეთისგან აღმოსავლეთით მდებარეობს და მოიხსენიება, როგორც „დასავლეთ ნაწილი“, „დასავლეთ

ჩინეთი“. რეგიონი იწყება ჰიმალაის მთათა სისტემის ჩრდილოეთიდან. ტიბეტში მრავალი მაღალი მთაა, რომლებიც წამყვან ათეულებს ქმნიან. მთა ევერესტი (8, 848 მ) წარმოადგენს დედამიწის უმაღლეს მწვერვალს, რომელიც ნეპალის საზღვართან

მდებარეობს. ბევრი დიდი მდინარე სწორედ ტიბეტის პლატოზე იკვებება და იღებს სათავეს (დღესდღეობით ძირითადად ცინხაის პროვნიციაში). ესენია: იანძი, ხუანხე, ინდი, მეკონგი, განგი, სალუინი, ბრაჰმაპუტრა და სხვა. 

ტიბეტს აზიის „წყლის კოშკად“ მოიხსენიებენ ხოლმე. ჩინეთი დიდ ინვესტიცებს დებს წყალთან დაკავშირებულ პროექტებში ამ რეგიონში. მდინარეები ინდი და ბრაჰმაპუტრა დასავლეთ ტიბეტში ყალიბდებიან, კაილასის მთის მახლობლად. ეს მთა წმინდა პილიგრიმულ ადგილს წარმოადგენს, როგორც ინდუსებისთვის, ასევე ტიბეტელებისთვის. ინდუსები მთას ღმერთ შივას საცხოვრისად თვლიან. ტიბეტში ბევრი ტბაა, მაგალითისთვის: ცინხაი, მანასაროვარი, ნამცო, პანგოგ-ცო, იამჟოუმ-ცო, სილინგ-ცო და სხვა მრავალი ტბა. ცინხაის ტბა უდიდესია მთელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. 

ატმოსფერო 9 თვის განმავლობაში რამდენადმე მშრალია. იცის მოჩვენებითი წვიმები. ტემპერატურა ძირითადად დაბალია, დასავლეთ ნაწილში ხშირია თოვლი, ვეგეტაციის პერიოდის სიმცირის გამო მცენარეები ზომით ბუჩქებზე მეტი ვერ იზრდებიან. ინდური მუსონები გარკვეულწილად ზემოქმედებენ აღმოსავლეთ ტიბეტზე. ჩრდილოეთ ტიბეტი გამოირჩევა ზაფხულში მაღალი, ხოლო ზამთარში დაბალი ტემპერატურით. 

ითვლება, რომ კლიმატური ცვლილებები და საერთოდ გლობალური დათბობა თვალშისაცემი გახდა ჰიმალაის მთების მაგალითზე. ყოველწლიურად 10 მეტრით უკან იხევენ მყინვარები, რაც საშინელი მოვლენაა, რადგან როგორც ავღნიშნეთ ამ რეგიონს დიდი მნიშვნელობა აქვს, ის წარმოქმნის უზარმაზარ მდინარეებს, რომლებზეც მილიონობით ადამიანია დამოკიდებული, აგრეთვე ის, რომ კლიმატის ცვლილებები ამ რეგიონში, ზემოქმედებას

მოხადენენ მსოფლიოს: ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, სუფთა წყლის მარაგზე, ჯამრთელობაზე, მყინვარებზე, ტყეებზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ა.შ. მიუთითებს კიდევ ერთხელ ამ რეგიონის მნიშვნელობაზე.

კულტურა, ეთნიკურ-რელიგიური ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტში დაახლოებით 800 დასახლებაა, მისი ტრადიციული დედაქალაქი ლჰასაა, რომელიც დღეს ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი მოიცავს მსოფლიოს ორ ღირსშესანიშნავ მემკვიდრეობას, ესენია: პოტალას სასახლე და ნორბულინგკა (1754 წელს დაარსდა VII დალაი-ლამას ინიციატივით და წარმოადგენდა დალაი-ლამას საზაფხულო რეზიდენციას

1780 წლიდან - 1959 წლამდე, მანამ სანამ XIV დალაი-ლამა გაიქცეოდა ტიბეტიდან), ესენი პოტალას სასახლის ისტორიულ ანსამბლშია გაერთიანებული და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ისტორიულად ტიბეტის მოსახლეობა შედგებოდა ძირითადად ტიბეტელებისა და სხვა რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისაგან. ტიბეტელი ხალხის წინაპრებს ტრადიციისამებრ 6 ხალხი წარმოადგენდა, ესენია: სე, მუ, დონგი, ტონგი, დრუ და რა. ეს ექვსეული ასახულია ტიბეტის დროშზე 6 ზოლის სახით. სხვა ეთნიკური ჯგუფებიდან აღსანიშნავია: ბაის ხალხი, ბლენგი, ბონანი, ჰუის ხალხი, ჩინელები და ა.შ. არატიბეტელების რაოდენობის განსაზღვრა საკამათოა. დალაი-ლამას ტიბეტის ცენტრალური ადმინისტრაცია ჩინეთს აბრალებს მიგრანტების ძალით წარმოქმნას რეგიონის დემოგრაფიული სიტუაციის შესაცვლელად. 2010 წლის ჩინეთის დემოგრაფიული მონაცემებით ტიბეტის ავტონომიური რეგიონის დაახლოებით 3 მილიონიანი მოსახლეობის 90%-ს ტიბეტელები წარმაოდგენენ. ზუსტი მონაცემები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითვლიან დროებით მიგრანტებს. ტიბეტელები ძირითადად სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობას მისდევენ. ადგილობრივი ჩინელები კი მმართველობით, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში არიან ჩართულნი. 

ეთნიკური ტიბეტელების აღმსარებლობაა ტიბეტური ბუდიზმი და რელიგია ბონი. ტიბეტური ენა ტიბეტურ-ბირმულ ოჯახს განეკუთვნება, რომელიც სინო-ტიბეტურ ენათა ოჯახშია გაერთიანებული. მას შემდეგ, რაც ეს რეგიონი ჩინეთის ნაწილად

იქცა ოფიციალური ენა ჩინური გახდა, თუმცა საქმის წარმოება ტიბეტურადაცაა დაშვებული. დაწყებით კლასებში სწავლა ტიბეტურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა მაღალ კლასებში უკვე ჩინურზე გადადის. 1959 წელს მას შემდეგ, რაც ჩინელებმა დაიკავეს ეს ტერიტორია, აიკრძალა დაკრძალვის ადგილობრივი ტრადიცია „ციური დაკრძალვა“. გამონაკლისს უშვებენ დალაი-ლამასა და პანჩენ-ლამასათვის, რომელთა სხეულებსაც გარდაცვალების შემდეგ ბალზამს უკეთებენ და ოქროთი ფარავენ. დღეს ტიბეტში მონასტრები კონტროლირდება კომუნისტურ დემოკრატიული მმართველობის კომიტეტების მიერ.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიას ტიბეტში უმთავრესი როლი უჭირავს ტიბეტელების ცხოვრებაში. ბონი - ტიბეტის უძველესი რელიგიაა, ხოლო ბუდიზმი პადმასამბჰავამ შემოიტანა და ხელს უწყობდა მის გავრცელებას. ტიბეტური ბუდიზმი ეს ტიბეტური ვერსიაა

გვიანინდური ბუდიზმ მაჰაიანისა. იგი გავრცელებულია: ჩინეთის სხვადასხვა მხარეში, მონღოლეთში, ინდოეთში და რუსეთის სამ რესპუბლიკაში (ბურიატიაში, ტუვასა და ყალმუხეთში). ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს იმ დროს შემორჩენილი მონასტრები თითქმის მთლიანად გაიძარცვა ან განადგურდა.

ტიბეტურ ბუდიზმში 4 თავისებურებაა: გელუგი-სათნო გზა, კაგიუ-ზეპირი ხაზი, ნინგმა- ძველი, საკია - რუხი მიწა.

ბუდიზმის, ინდუზმის, ჯაინიზმისა და ბონის მიმდევრები ხშირად მოილოცებენ ხოლმე წმინდა ადგილებს. ერთ-ერთი რთული მოსალოცი ადგილი მთა კაილასია. ეს გზა 53 კმ-ს შეადგენს და საშუალოდ 3 დღეს მოიცავს. ეს მთავარი აზიური სამომლოცველო მარშრუტია. ითვლება, რომ 108-ჯერ კაილსასის გარშემო მომლოცველობა ნირვანის მიღწევაში ეხმარება ადამიანს. ბუდისტები მოილოცავენ ამ ადგილს საათის ისრის მიმართულებით, ხოლო ბონის მიმდევრები პირიქით.

ტიბეტში რელიგიებიდან გვხვდება ასევე ისლამი, რომელიც აქ ჯერ კიდევ 8-9 საუკუნეებში გავრცელდა. მუსულმანები ძირითადად დიდ ქალაქებში ცხოვრობენ და წარმოადგენენ იმიგრანტებს: ქაშმირიდან,  ლადაკჰიდან და ცენტრალური აზიის მუსულმანური ქვეყნებიდან. ერთ დროს ირანის ისლამური გავლენაც იყო რეგიონზე. 1959 წელს ინდოეთის ხელისუფლებამ ყველა ტიბეტში მცხოვრები მუსულმანი

თავის მოქალაქედ გამოაცხადა.

პირველი ქრისტიანები იყვნენ ნესტორიანელებიმეცამეტე საუკუნეში, მათი წარწერები ეხლაც შემორჩენილია. 17-18-ე საუკუნეში რომაულ-კათოლიკური იეზუიტები და კაპუცინები სტუმრობდნენ ამ ადგილს. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ პორტუგალიელი მისიონერები 1624 წელს მიიღეს დასავლეთ ტიბეტში და მოგვიანებით ეკლესიის აშენების უფლებაც მისცეს. შემდგომ ლჰასაშიც აშენებულ იქნა ქრისტიანული ეკლესიები. 1745 წელს ლამების მოთხოვნით ყველა მისიონერი გამოაძევეს.

დალაი ლამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

6 ივლისს მეთოთხმეტე დალაი ლამა ტენზინ გიათსოს 75 წელი შეუსრულდა. დევნილი დალაი ლამა დაბადების დღეს ინდოეთში შეხვდა, ჯანმრთელობის მსუბუქი პრობლემებითა და სამშობლოში ილუზორული დაბრუნების იმედით. 

დალაი ლამა ტიბეტის სულიერი და პოლიტიკური ლიდერია, ტიბეტი კი - ჩინეთის საშინაო პრობლემა. 1950-იან წლებში ჩინეთის მთავრობამ ტიბეტში ჯარი შეიყვანა და როგორც ადმინისტრაციულ, ისე რელიგიურ თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატები დანიშნა. 1959 წელს ტიბეტელებმა აჯანყება სცადეს, თუმცა დამარცხდნენ. დალაი ლამას სამშობლოს დატოვება მოუწია. ტიბეტში დარჩენილ მის მომხრეებს ციხეში უკრეს თავი, ზოგიერთი კი უკვალოდ გააქრეს. პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი ტიბეტის მთავრობისა და დალაი ლამას რეზიდენცია მდებარეობს ინდოეთში, ქალაქ დარამსალაში.

დევნილი წმინდანი დღემდე იღვწის ტიბეტის თავისუფლებისთვის, თუმცა არაძალადობრივი პრინციპი მისი ბრძოლის ამოსავალი წერტილია. სულიერი ლიდერის ავტორიტეტი დაბრკოლებაა მათთვის, ვისაც სხვა აზრი აქვს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მეთოდებზე. 1989 წელს დალაი ლამამ ნობელის პრემია დაიმსახურა მშვიდობის დარგში. ამჟამად იგი თანახმაა ტიბეტის შიდაპოლიტიკურ ავტონომიაზე, მაგრამ მიუხედავად ძლიერი საერთაშორისო ლობისა, ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას მოლაპარაკებათა გაგონებაც არ სურს. სახალხო რესპუბლიკას ტიბეტელ ხალხთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები აქვს.

ამ გეგმებში საკვანძო ადგილი პანჩენ ლამას უჭირავს. დალაი ლამა ჩინეთზე დღეგრძელი ვერ იქნება. ადრე თუ გვიან იგი დატოვებს მოხუც სხეულს, თუმცა ვისში ჩასახლდება, ადვილი დასადგენი როდია. დალაი ლამას სიკვდილის შემდეგ საჭირო იქნება მისი ახალი რეინკარნაციის მოძებნა. სწორედ აქ აკისრია განსაკუთრებული როლი პანჩენ ლამას. მან უნდა დაადასტუროს კანდიდატები და რიტუალების შემდეგ გაგვანდოს ახალი დალაი ლამას ვინაობა. ჩინეთის მთავრობას პანჩენ ლამას სათავისოდ გამოყენება სურს. წითლების აზრით, ტიბეტელებს აქვთ რელიგიური თავისუფლება, მაგრამ მმართველების დანიშვნა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ადამიანიდან მეორეში მიმავალი დალაი ლამას ეთერული სხეული მოვალეა, გზაზე ცენტრალურ კომიტეტში შეიაროს, საშვის ასაღებად.

1995 წელს დალაი ლამამ პანჩენ ლამად შეარჩია 6 წლის კანდიდატი, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებამ იგი გააქრო. ხელისუფლებამ მის მაგივრად სხვა ბიჭი შეარჩია. ამ უკანასკნელს არც დალაი ლამა, არც ტიბეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ აღიარებს. რაც შეეხება ჭეშმარიტ პანჩენ ლამას - მისი ასავალ-დასავალი მხოლოდ ღმერთმა (და ჩინეთის უშიშროებამ) თუ იცის. საერთაშორისო ორგანიზაციების თითოეული მცდელობა, ენახათ ყველაზე ნორჩი პოლიტიკური პატიმარი, უშედეგოდ დასრულდა. კანონიერ პანჩენ ლამას აპრილში 21 წელი შეუსრულდა. ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ახალგაზრდა ბიჭი კარგ პირობებში იზრდება, სწავლობს და არ სურს, შეაწუხონ. 

მილიარდიანი ჩინეთი, ტიბეტელების გარდა, სხვა ბევრ ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობას აერთიანებს. მათგან თითოეული ცდილობს საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რასაც ხელისუფლება ქვეყნის ერთიანობის საფრთხედ მიიჩნევს და პროტესტის პირველივე ნიშნების ჩასახშობად ძალისხმევას არ იშურებს. 

2008 წელი ტიბეტისთვის სისხლიანი გამოდგა. ჩინეთის ცენტრალური მთავრობით უკმაყოფილო ადგილობრივების პროტესტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ტიბეტში ჩასახლებულ ეთნიკურ ჩინელებს ძირძველ მკვიდრთა რისხვა დაატყდა თავს. ცენტრალური მთავრობა ახალისებს შინაგან მიგრაციას; ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ტერიტორია ისეა მოჭრილი, რომ იქ 6 მილიონი ტიბეტელის მხოლოდ მესამედი ცხოვრობს. დანარჩენები მოსაზღვრე პროვინციებში არიან გაბნეულნი.

ჩინეთში საპროტესტო გამოსვლები არცთუ იშვიათია. არაოფიციალური ინფორმაციით, ყოველწლიურად სხვადასხვა მასშტაბის ასი ათასამდე მანიფესტაცია იმართება - პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. კომუნისტური მთავრობა მგრძნობიარეა ნებისმიერი მოძრაობის მიმართ, რომელსაც აქვს მასების მობილიზაციის უნარი. ტიბეტელების მსგავსად, იდევნებიან სხვა რელიგიის მიმდევრებიც. 

ჩინეთში სულ ხუთი რელიგიაა დაშვებული: დაოიზმი, ბუდიზმი, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და ისლამი. რელიგიებს სახელმწიფო არეგისტრირებს - აძლევს სპეციალურ სერთიფიკატს, ავტომატურად აერთიანებს რელიგიურ-პატრიოტულ ასოციაციებში და აკონტროლებს მათ საქმიანობას.

ხელისუფლებას აშფოთებს ის ინსტიტუტებიც, რომელთაც ცენტრი სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა აქვთ და, შესაბამისად, ჭირს მათი მართვა. ასეა, ღმერთებიც კი უნდა დარეგისტრირდნენ, სანამ ჩინეთის საზღვარს გადალახავენ. 

კათოლიკურ ასოციაციას დღემდე ეკრძალება რომის პაპთან დაკავშირება. კლერიკალებს, რომლებიც ხელისუფლებას არ დაემორჩილნენ, რეგისტრაცია ჩამოართვეს და განდევნეს. სასულიერო პირები ინიშნებიან პარტკომის მიერ. შესაბამისად, მათ ვატიკანში ღირსეულ იერარქებად არ მიიჩნევენ. თუმცა, მოწყალე პაპმა ბენედიქტემ მათ დიდ ნაწილს მაინც უბოძა მანდატი, მოერიდა რა კათოლიკური სამწყსოსთვის ხელის კვრას. 

მმართველი პარტია არც არატრადიციულ და ახლად გამოჩეკილ რელიგიებს სწყალობს. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩინეთში წარმოიშვა სპირიტუალური მოძრაობა - ფალუნ გონგი. ფალუნ გონგის მიმდევრების ერთ-ერთი რიტუალი საჯარო ვარჯიშებია. 1999 წელს დაახლოებით ათი ათასმა ნავარჯიშებმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა ჩინეთის დედაქალაქში. პასუხად, მთავრობამ საერთოდ აკრძალა მოძრაობა და მის წევრებზე ძებნა გამოაცხადა. 

როგორც მედია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, აკრიტიკებენ ჩინეთს პოლიტიკური რეპრესიებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. მათ დასავლეთის ქვეყნებმაც აუბეს მხარი. დალაი ლამა მარქსისტული შეხედულებებით გამოირჩევა, რის გამოც იგი ესიმპათიურებათ მემარცხენე პოლიტიკურ ლიდერებსა თუ ინტელექტუალურ ელიტას. ის უყვართ ჰოლივუდშიც, სადაც უკვე დიდი ხანია, ბუდიზმი მოდაშია. სულიერ ლიდერს ამგვარი პოპულარობა არ ეხამუშება. პირიქით, ეს კიდევ ერთი საშუალებაა ტიბეტისთვის საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად. ნობელის პრემიასაც თითქოს პოლიტიკური ქვეტექსტი გასდევდა. 1989 წლის ივნისში პეკინში ჩინეთის მთავრობამ ძალადობრივი მეთოდებით ჩაახშო სტუდენტების საპროტესტო აქცია. ნობელის კომიტეტის განცხადებით, სწორედ 1989 წელი იყო ყველაზე შესაფერისი დრო, დაეჯილდოვებინათ დალაი ლამა, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება სეპარატისტად მიიჩნევს. 

დალაი ლამას შეხვედრები მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებთან ჩინეთის განრისხებას იწვევს. ამას ჩინეთი თავის შინაგან საქმეებში ჩარევად განიხილავს. 2007 წელს დანიის პრემიერ-მინისტრთან დალაი ლამას შეხვედრის გამო ჩინეთმა ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 2008 წელს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ანალოგიური ქმედების გამო ჩინეთმა ჩაშალა ევროკავშირ-ჩინეთის სამიტი, რომელიც 2009 წლის მაისამდე არ განახლებულა. წელსაც შევესწარით ჩინეთის მკაცრ განცხადებებს თებერვალში, როცა დალაი ლამა მიიღო ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.  

XIV დალაი ლამა

ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო დაიბადა 6 ივლისს, 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამდოში. 1950 წელს გახდა ტიბეტის მმართველი. 1959 წლიდან დევნილია და ცხოვრობს ინდოეთში, ქალაქ დჰარამსალაში, სადაც მეთაურობს ტიბეტის დევნილ მთავრობას. 1989 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის სფეროში

ლჰამო დონდრუბი დაიბადა გლეხის ოჯახში, ამდოში, სოფელ ტაგცერში. იგი 9 შვილიანი ოჯახის მეხუთე შვილი იყო. მისი მშობლები, ისევე როგორც სოფლის სხვა ბინადრები ქერის, ხორბლის და კარტოფილის მოყვანით იყვნენ დაკავებულნი. ლჰამოს უფროსი ძმა,ტუფტენ ჯირგმე ნორბუ 8 წლის ასაკში აღიარებული იყო როგორც დიდი ლამა ტაკცერ რინპოჩეს რეინკარნაცია. დალაი ლამა საკუთარ წარმომავლობაზე წერს თავის ავტობიოგრაფიაში "ჩემი მიწა - ჩემი ხალხი":

"მე რომ მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში დავბადებულიყავი, მაშინ ვერ გავიგებდი უღარიბესი ტიბეტელების სურვილებს და გრძნობებს. მაგრამ ჩემი უბრალო წარმომავლობის წყალობით, მე შემიძლია გავუგო მათ, წინასწარ ვიგრძნო მათი აზრები, ამიტომაც ასე თანავუგრძნობ მათ და ყველაფერს ვაკეთებ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად."

1909 წელს XIII დალაი ლამა მოგზაურობდა წმინდა ადგილებში და მოინახულა სოფელი ტაგცერი. იგი მას ძალიან მოეწონა და მოისურვა ამ ადგილებში დაბრუნება. 1935 წელს დალაი ლამა გარდაიცვალა და ბერებმა დაიწყეს მისი ახალი გარდასახვის ძიება. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდნენ ისინი ტაგცერში 1937 წელს. პატარა ლჰამომ უმალვე მიიპყრო ბერების ყურადღება. მან გაიარა შესაბამისი გამოცდები და აღიარებულ იქნა დალაი ლამას ახალ გარდასახვად. სოფელი ჩინეთის იურისდიქციაში შედიოდა და ბავშვის და მისი ოჯახის ტიბეტის დედაქალაქლჰასაში გადასაყვანად, ბერებს ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა ბერებმა არ გაამხილეს, თუ რა მიზნით მიყავდათ ოჯახი ლჰასაში, მათ მოქრთამეს ადგილობრივი მმართველი და 1939 წელს წაიყვანეს ოჯახი ლჰასაში, სადაც პატარა დალაი ლამა დალაი ლამების რეზიდენცია პოტალაში დაასახლეს.

დალაი ლამას კურთხევა მოხდა 1940 წლის 22 თებერვალს ლჰასაში. 6 წლის ასაკიდან მან დაიწყო განათლების მიღება ტრადიციული ტიბეტური სისტემით, რომლის თანახმადაც იგი სწავლობდა ხუთ დიდ მეცნიერებას: ლოგიკა, ტიბეტური ხელოვნება და კულტურა,სანსკრიტი, მედიცინა და ბუდისტური ფილსოფია და ხუთ მცირე მეცნიერებას: პოეზია, მუსიკა და დრამატული ხელოვნება,ასტროლოგია და სიტყვიერება. მისი დამრიგებლები იყვნენ ლინგ რინპოჩე და ტრიჯანგ რინპოჩე. 25 წლის ასაკში კი დალაი ლამამ ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის - გეშე ლჰარამბას წოდება მიიღო.

დალაი ლამა 14 წლის იყო, როდესაც იგი პირველად შეხვდა და შემდეგ დაუახლოვდა ტიბეტში მცხოვრებ ავსტრიელ ალპინისტსჰაინრიხ ჰარერს, რომელმაც მოგვიანებით აღწერა მათი ურთიერთობა თავის წიგნში "შვიდი წელი ტიბეტში".

1912 წლიდან ტიბეტი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთისგან განსხვავებით, ტიბეტმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩინეთში კი ხელისუფლებაში მოსული კომუნისტები, მაო ძედუნის მეთაურობით ტიბეტს საკუთარი ქვეყნის ნაწილად მიიჩნევდნენ. ტიბეტი მკაცრ იზოლაციურ პოლიტიკას ატარებდა და პრაქტიკულად არცერთ ქვეყანასთან არ ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები და არც გაეროში იყო გაწევრიანებული, რამაც ჩინეთს გაუადვილა საქმე.

1949 წლის მიწურულს ტიბეტისთვის ცხადი გახდა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე. ჩამორჩენილ ტიბეტს ჩინური აგრესიის შეჩერების პრაქტიკულად არანაირი შანსი არ ჰქონდა. 1950 წელს ჩინეთის წითელი არმია შემოიჭრა ტიბეტში და დაიკავა ქვეყნის აღმოსავლეთი. ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება მხოლოდ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა. ამ დროს დალაი ლამა ჯერ არ იყო სრულწლოვანი და ქვეყანას მის ნაცვლად რეგენტი მართავდა. ტიბეტელები გამოდიოდნენ ძალაუფლების დალაი ლამისთვის გადაცემის მოთხოვნით, ხალხი მას, როგორც უკანასკნელ იმედს აღითქვამდა. 17 ნოემბერს 16 წლის დალაი ლამა ოფიციალურად გახდა ქვეყნის მმართველი და მთავრობის მეთაური, მაგრამ ჩინეთის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო.

1954 წელს დალაი ლამა ჩავიდა პეკინში მაო ძედუნთან და კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 1956 წელს იგი ინდოეთშიჩავიდა ბუდას 2500 წლის აღსაღნიშნავად, სადაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავახარლალ ნერუს შეხვდა.

1959 წლის ზამთარში, ლოცვის ფესტივალზე მონლამზე, ლჰასას მთავარ ტაძარში დალაი ლამას საბოლოო გამოცდა ჩატარდა 20 000 ბერის თანდასწრებით, რომლის შედეგადაც მან ბუდისტური ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.

დალაი ლამას სამშვიდობო ინიციატივები გაბათილებულ იქნა პეკინის ხისტი პოლიტიკით აღმოსავლეთ ტიბეტში, რამაც მალევე დიდი არეულობა და ანტი ჩინური აჯანყებები გამოიწვია ტიბეტში. 1959 წლის 10 მარტს ლჰასაში დაიწყო უპრეცენდენტო მასშტაბის აჯანყება, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ ჩინელების ტიბეტიდან წასვლას და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. აჯანყება ჩინეთის არმიამ სასტიკად ჩაახშო. დალაი ლამა იძულებული გახდა დაეტოვებინა ტიბეტი და მან თავი ინდოეთს შეაფარა, სადაც მან და კიდევ 80 000 ტიბეტელმა პოლიტიკური დევნილების სტატუსი მიიღეს. მას შემდეგ ტიბეტის დევნილი მთავრობა ქალაქ დჰარმსალაშიგანთავსდა, რომელსაც ტიბეტელები პატარა ლჰასას უწოდებენ.

დევნილობის პირველ წლებში დალაი ლამა არაერთხელ მიმართავდა გაეროს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავახარლალ ნერუს ძალისხმევა გამოეჩინათ ტიბეტის საკითხთან დაკავშირებით. შედეგად გაერომ მიიღო 3 რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩინეთს დაეცვა ტიბეტში ადამიანთა უფლებები.

დალაი ლამა მიიჩნევდა რომ მისი უპირველესი ვალია გადაარჩინოს ტიბეტური კულტურა, ამიტომ შეიქმნა ტიბეტელი ლტოლვილების კომპაქტური დასახლებები, რომელთა ძირითადი საქმიანობაც სასოფლო მეურნეობა გახდა. ამან საშუალება მისცათ ტიბეტელებს საკუთარ კულტურაში აღეზარდათ ახალი თაობა. 1959 წელს შეიქმნა ტიბეტური დრამატული ხელოვნების ინსტიტუტი (TIPA) და უმაღლესი ტიბეტოლოგიის ცენტრალური ინსტიტუტი. ამის გარდა აშენდა 200 მონასტერი.

1963 წელს დალაი ლამამ მიიღო ტიბეტის კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ბუდისტურ პრინციპებს და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციას, როგორც მომავალი დამოუკიდებელი ტიბეტის მოდელი. მოხდა ტიბეტის პარლამენტის არჩევაც.

1987 წელს აშშს კონგრესის თათბირზე დალაი ლამამ წარადგინა 5 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის თანახმადაც ტიბეტში უნდა დაცულიყო ადამიანის უფლებები, დამყარებულიყო დემოკრატია, უნდა შეწყვეტილიყო ჩინელების მასიური გადმოსახლება, ბირთვული იარაღის წარმოება და რადიოაქტიული ნარჩენების დამარხვა, ხოლო ამის შემდეგ დაწყებულიყო ტიბეტის მომავალზე სერიოზული საუბარი. შემდეგ 1988 წელს სტრასბურგშიმან უფრო გააფართოვა მოთხოვნები, დაამატა ტიბეტის თვითმმართველობა ჩინეთის შემადგენლობაში, თუმცა ჩინეთის მწვავე კრიტიკის გამო, ტიბეტის დევნილმა მთავრობამ უარყო ეს უკანასკნელი მოთხოვნა 1991 წელს.

იმავე 1991 წელს დალაი ლამამ გამოთქვა ტიბეტის მონახულების სურვილი, სიტუაციის შესაფასებლად. 2001 წელს პირველად დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით არჩეულ იქნა ტიბეტის კალონ ტრიპა (პრემიერ მინისტრი). დალაი ლამამ ამის შემდეგ განაცხადა, რომ იგი უკვე ნახევრად გადამდგარია და ტიბეტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აღარ აპირებს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას, ხოლო იარსებებს თუ არა დალაი ლამას ინსტიტუტი მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს ტიბეტელთა გადასაწყვეტია

ჩინეთის პოლიტიკა ტიბეტის მიმართ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტის განდევნილი ხელისუფლება, მკვლევარებისა და სამართალდამცავ ორგანიზაციებთან ერთად აცხადებს, რომ ტიბეტური ეთნოსი განადგურების პირასაა, დაწყებული 1950 წლის ჩინეთის ანექსიის პერიოდიდან

(საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით რიცხვნობა მინიმუმ 5-ჯერ შემცირებულია). გარვეული მონაცემებით ტიბეტში ადგილობრივების უამრავი აქცია იმართებოდა, რომლებიც სასტიკად იქნა ჩახშობილი ჩინეთის ხელისუფლების მიერ. 1959 წლამდე ტიბეტში მხოლოდ 2 ციხე იყო, 2001 წლისათვის 12 ციხე და 13 გამოსასწორებელი ბანაკი. პატიმრების ნახევარზე მეტს ბერები წარმაოდგენენ. 1992 წელს სამართალდამცავმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტია“ ტიბეტს უწოდა „ჩინეთის პენიტენციალური სისტემის საწამებელი ლაბორატორია“.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უამრავი რეზოლუცია მიიღო ტიბეტელი ხალხის უფლებების დარღვევის შესახებ, მაგრამ ყველა რეზოლუცია მხოლოდ ქაღალდზე რჩება. 2008 წელს აჯანყების წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა დემონსტრაცია, რომელიც პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვა, ტიბეტის განდევნილი მთავრობის ინფორმაციით ეს მშვიდობიანი მსვლელობა იყო, მაგრამ ოფიციალურმა პეკინმა აღნიშნა, რომ დემონსტაცია თავიდანვე ქაოსში გადაიზარდა და მიმართული იყო ეთნიკურად ჩინელებისა და მათი ქონების განადგუებისაკენ. ეს დემონსტრაცია სასტიკად ჩაახშეს, მრავალი ადამიანი დაიღუპა და ბევრიც დღესაც ციხეში რჩება. ამ ამბავთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მხირდან იყო მცდელობა ოლიმპიადისათვის ბოიკოტი გამოეცხადათ. ოფიციალური პეკინი ყველაფერს დალაი-ლამას აბრალებდა, რომ სწორედ მან მოუწოდა ხალხს, მაგრამ დალა-ლამამ უარყო ბრალდებები და პირიქით თავის ხალხს მოუწოდა, რომ ტიბეტის საკითხი მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. 1980 წლიდან დაიწყეს ზოგიერთი მონასტერის აღდგენა (ხელისუფლების გარკვეული ნებართვებითა და შეზღუდვებით), აგრეთვე გარკვეული რელიგიური თავისუფლება მიანიჭეს ადგილობრივებს. ბერების ნაწილი დაუბრუნდა მონასტრებს და აღდგა სწავლებები, თუმცა მათი რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია.

ტიბეტელი ბერების ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტელი ბერების ცხოვრების სტილი მკვეთრად განსხვავდება თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებისგან. ისინი იზოლირებულნი არიან ტექნოლოგიებისა თუ სხვა თანამედრვე ცხოვრების არაერთი განუყოფელი ნაწილისგან და ცხოვრობენ ტიბეტის მთებში. მათ სწამთ, რომ ამით სიმშვიდეს მოიპოვებენ. მათ რჩევებსა და გამონათქვამებს ბევრი ადამიანი ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილად აღიქვამს. მაგრამ ცოტას აქვს იმის შესაძლებლობა რომ მათი რჩევები მოისმინონ.  მაგალითად:

1. ისაუბრეთ დინჯად, იფიქრეთ სწრაფად

2. არ განსაჯოთ ადამიანები მათი ნათესავების მიხედვით

3.მხოლოდ მაშინ თქვით “მიყვარხარ”, როდესაც ეს სიმართლეა

4.როდესაც ამბობთ “ვწუხვარ”, უყურეთ ადამიანს თვალებში

5.არ დასცინოთ სხვის ოცნებებს

6.უფრო მეტი გაუკეთეთ ხალხს, ვიდრე მოელიან, და არ ინანოთ.

7. ხშირად წარმოთქვით გონებაში საყვარელი ლექსის სტროფები

8.არ დაუჯეროთ ყველაფერს, რაც გესმით; დახარჯეთ, რაც დასახარჯია; იძინეთ, სანამ ბოლომდე არ გამოიძინებთ

9. რაც უფრო დიადია სიყვარული ან დასახული მიღწევა, მით უფრო დიდია რისკი

10. როდესაც აგებთ, ამით ჭკუა ისწავლეთ და წაგება სარგებლობას მოგიტანთ

11. პატივი ეცით სხვებსაც და საკუთარ თავსაც.

12. პატარა კონფლიქტით არ შეარყიოთ დიდი მეგობრობა.

13. თუ ხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, ეცადეთ კი არ დაფაროთ ის, არამედ გამოასწოროთ

14. ყოველდღე ცოტა ხნით მაინც დარჩით მარტო

15.იყავით ღია გაცვლისათვის, მაგრამ არ გაუშვათ ხელიდან თვენი ნამდვილი ფასეულობები

16. დუმილი ზოგჯერ საუკეთესო პასუხია

17. იკითხეთ მეტი წიგნები

18. გწამდეთ ღმერთის, მაგრამ მანქანის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეთ

19. საყვარელ ადამიანთან წაჩხუბებისას ნუ გაიხსენებთ ძველ წყენებს.

20. იკითხეთ სტრიქონებს შორის

21. თვქენი ცოდნა ბავშვებს გაუზიარეთ. ეს ერთადერთი გზაა უკვდავებისაკენ

22. დედამიწას მოუფრთხილდით. არ დაანაგვიანოთ

23. არასდროს  შეაწყვეტინოთ, როდესაც გეპირფერებიან

24.ნუ ჩაერევით სხვის საქმეში. ნუ მისცემთ რჩევას მოვალეობის მოხდის მიზნით

25. მხოლოდ მას ენდეთ ბოლომდე, ვინც თქვენი კოცნისას თვალებს ხუჭავს

26. წელიწადში ერთხელ გაემგზავრეთ ისეთ ადგილას, სადაც ჯერ არ ყოფილხართ

27. თუ დიდ ფულს იშოვით, დაეხმარეთ მათ, ვისაც ჯერ ვერ უშოვია

28. გახსოვდეთ, ზოგჯერ სასურველის მიუღწევლობაც გამართლებაა

29. დაუჯერეთ ექიმებს, მაგრამ ისწავლეთ სწორად დაარღვიოთ ზოგიერთი მათი აკრძალვა

30. საკუთარი წარმატება მის მისაღწევად გაღებული მსხვერპლით შეაფასეთ

31. საყვარელი ადამიანის გულის მოგება და საჭმლის მომზადება სხვისი გამზადებული რეცეპტით არ შეიძლება.

32. საკუთარი “მე” არის თქვენი მოგზაურობის ბოლო წერტილი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Beckwith 1987), pg. 7