მუსიკალური ნოტაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან სებასტიან ბახის ხელნაწერი ნოტები: სიუიტა სოლ მინორში ლუტისათვის, BWV 995 (ჩელოს სიუიტა №5-ის, BWV 1011, ტრანსკრიპცია)

მუსიკალური ნოტაცია — ნებისმიერი სისტემა, რომელიც გამოიყენება სმენით აღქმადი ინსტრუმენტული ან ვოკალური მუსიკის, ან მუსიკალურ ხმოვანებათა შორის სიჩუმის (ანუ პაუზების) ვიზუალური გადმოცემისათვის წერილობითი, ბეჭდური ან სხვა მეთოდით შექმნილი სიმბოლოების საშუალებით.

მუსიკალური ნოტაციის სახეები და მეთოდები სხვადასხვა დროში და სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული იყო, ხოლო მისი უძველესი ფორმების შესახებ ინფორმაცია ფრაგმენტულია. ერთსა და იმავე პერიოდშიც კი, თუნდაც ამჟამად, სხვადასხვა სტილის და ჟანრის მუსიკა განსხვავებულ მეთოდებს იყენებს. მაგალითად, პროფესიონალური კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, როგორც წესი, სანოტო დგამებისა და ნოტების საშუალებით ჩაწერილ პარტიტურებს იყენებენ, ხოლო ქანთრის სტილის პროფესიონალი მუსიკოსებისთვის ძირითადი მეთოდი ნეშვილის ციფრული სისტემაა.

მუსიკალურ ნოტაციაში გამოყენებულ სიმბოლოებში მოიაზრება ნებისმიერი ძველი თუ თანამედროვე სიმბოლო, შექმნილი ნებისმიერი საშუალებით, იქნება ეს ქვაზე ან თიხის ფილებზე ამოკვეთილი, პაპირუსზე, პერგამენტზე ან ქაღალდზე დაწერილი, საბეჭდი დაზგის (დაახლოებით 1400-იანი წლებიდან) ან კომპიუტერული პრინტერების (დაახლოებით, 1980-იანი წლებიდან) გამოყენებით დაბეჭდილი სიმბოლოები.

მელოდიებისა და რიტმების გრაფიკული გამოსახვა ბევრ უძველეს კულტურაში იყო ცნობილი, თუმცა, არცერთი სისტემა არ იყო ყოვლისმომცველი, რის გამოც, მათი მუსიკალური ხელოვნების გაგება დღეს საკმაოდ შეზღუდულია. თანამედროვე მუსიკალურ ნოტაციას საფუძველი შუა საუკუნეების ევროპაში ჩაეყარა, რაც უკავშირდებოდა კათოლიკური ეკლესიის მიზანს, მოეხდინა ლიტურგიკული მსახურების უნიფიკაცია მსოფლიოს მასშტაბით. ეკლესიამ დაიწყო გრიგორიანული ქორალების ჩაწერა, რათა ეკლესიის მასშტაბით ყველგან ერთი და იგივე საგალობლები შესრულებულიყო. ნოტაციის განვითარება რენესანსის და ბაროკოს ეპოქებშიც გაგრძელდა. კლასიციზმის (1750-1820) და რომანტიზმის (1820-1900) ეპოქებში მასზე დიდი გავლენა მოახდინა მუსიკალური ინსტრუმენტების ტექნოლოგიურმა განვითარებამ. XX და XXI საუკუნეების თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში მუსიკალური ნოტაციის განვითარება არ შეწყვეტილა. ზოგიერთმა თანამედროვე კომპოზიტორმა შემოიღო გრაფიკული ნოტაცია, შეიქმნა კომპიუტერული პროგრამები მუსიკის ნოტაციისთვის. ამჟამად ნოტაციას იყენებს როგორც კლასიკური, ისე პოპულარული და ხალხური მიმართულების მუსიკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი ახლო აღმოსავლეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი გვერდი თიხის ფირფიტისა, რომელზეც ნიკკალის ჰიმნია გამოსახული[1]

მუსიკალური ნოტაციის უძველესი ნიმუში ნაპოვნია ლურსმული დამწერლობის თიხის ფირფიტაზე, რომელიც ნიპურში, ბაბილონში (დღევანდელი ერაყი), ძვ. წ. დაახლოებით 1400 წელს დაამზადეს. ფირფიტაზე გამოსახულია ნაწილობრივი ინსტრუქციები მუსიკის შესრულების შესახებ, რომელიც ტრიადულ ჰარმონიაში, დიატონური ბგერათრიგით იყო დაწერილი.[2] კიდევ ერთი ფირფიტა, რომელიც ძვ. წ. დაახლოებით 1250 წლით თარიღდება, ნოტაციის უფრო განვითარებულ ფორმას ასახავს.[3] ნოტაციის ამ სისტემის ზუსტი გაშიფრვა ჯერ კიდევ დავის საგანია, თუმცა, ნათელია, რომ იგი შეიცავს ლირის სიმების სახელებს, რომლის მომართვაც სხვა ფირფიტებზეა აღწერილი.[4] ფრაგმენტულობის მიუხედავად, ეს ფირფიტები წარმოადგენს ნოტებზე ჩაწერილ უძველეს მელოდიებს მსოფლიოს მასშტაბით.[5]

ანტიკური საბერძნეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელფოს ქვა, რომელზეც გამოსახულია აპოლონის ორი დელფური ჰიმნიდან მეორე. მთავარი, უწყვეტი ბერძნული წარწერების თავზე მოთავსებული აღნიშვნები წარმოადგენს მუსიკალურ ნოტაციას.

ანტიკურ საბერძნეთში მუსიკალური ნოტაციის სისტემა, სულ მცირე, ძვ. წ. VI საუკუნიდან ახ. წ. IV საუკუნემდე გამოიყენებოდა. შემორჩენილია ამ სახით ჩაწერილი რამდენიმე ფრაგმენტი და სრული კომპოზიცია. ნოტაცია შედგებოდა ტექსტში, მარცვლებს ზემოთ გაკეთებული სპეციალური სიმბოლოებისგან. სრულად შემორჩენილი კომპოზიციის მაგალითს წარმოადგენს სეიკილოსის ეპიტაფია, რომელიც ძვ. წ. II — ახ. წ. II საუკუნეებით თარიღდება.

მანუსკრიპტის სახით შემორჩენილია რომის იმპერიის დროინდელი კრეტელი ფილოსოფოსის და კომპოზიტორის, მეზომედესის (ახ. წ. II საუკუნე) სამი ჰიმნი. დელფური ჰიმნებიც, რომლებიც ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება, ამ სისტემითაა ჩაწერილი, თუმცა ისინი სრულად არაა გადარჩენილი. ძველბერძნული ნოტაცია რომის იმპერიის დასუსტებასთან ერთად დავიწყებას მიეცა.

ბიზანტიის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზანტიური ნოტაციის ნიმუში: იერომონაზონ მაკარის „ანასტასიმატარიონის“ (სააღდგომო საგალობლების კრებული რვა ხმათა მიხედვით), პირველი გამოცემიდან (1823). ეს ნიმუში რუმინულ ენაზეა და კირილიცას დამწერლობითაა შესრულებული.

ბიზანტიური მუსიკა ერთ დროს სამეფო კარის ცერემონიულ მუსიკასაც მოიცავდა, თუმცა, დღესდღეობით შემორჩენილია მონოდიური (ერთხმიანი) ვოკალური საეკლესიო მუსიკის სახით არაერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იგი იწერებოდა ბიზანტიური წრიული (მრგვლოვანი) ნოტაციით (იხ. ფოტოზე). საგალობლების კრებულები ამგვარი ნოტაციის გამარტივებული ვერსიით 1820 წლიდან იბეჭდებოდა და გამოიყენებოდა როგორც საბერძნეთის და კონსტანტინოპოლის, ისე სლავურ ენებზე მოსაუბრე ბალკანურ ეკლესიებშიც, მოგვიანებით, ბულგარეთის ავტოკეფალურ ეკლესიაშიც.

VI საუკუნიდან მოყოლებული ბერძნული თეორეტიკული კატეგორიები (მელოსი, გენოსი, ჰარმონია, სისტემა) უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ბიზანტიური მუსიკის გაგებასა და გადაცემაში, განსაკუთრებული იყო დამასკური ტრადიციის გავლენა ისლამამდელ ახლო აღმოსავლეთზე, რაც სპარსული მუსიკის გავლენას შეიძლება შევადაროთ. უადრესი შემორჩენილი ნიმუშებია ბერძნული ტროპოლოგიის ფრაგმენტები პაპირუსზე. ეს ფრაგმენტები წარმოადგენს ტექსტებს, რომლებიც წინ უწერია მოდალური გასაღებს (იგივე „ხმა“, „ექოსი“ ან „იხოსი“ ძვ. ბერძნ. ἦχος; მაგალითად, ბერძ. ΠΛ Α („პლაგალური პირველი ხმა“) ან ბერძ. Β („მეორე ხმა“)).

დასავლური ნოტაციისგან განსხვავებით, ბიზანტიური ნევმები, რომლებიც X საუკუნიდან გამოიყენებოდა, ყოველთვის უკავშირდებოდა მოდალურ საფეხურებს (იგივე საფეხურზე, ერთი საფეხურით ქვევით, ორი საფეხურით ზევით და სხვა ) ზემოხსენებული მოდალური გასაღების შიგნით. თავდაპირველად, ეს გასაღები ან გავრცელებული მელოდიის დასაწყისი საკმარისი იყო ექოსის შიგნით კონკრეტული მელოდიური მოდელის საჩვენებლად.

ეკფონეტიკურ ნოტაციასთან ერთად, რომელიც მხოლოდ ლექციონარებში, საღვთისმეტყველო ტექსტების სწავლების დროს გამოიყენებოდა, მელოდიური ნოტაცია განვითარდა არაუადრეს IX-X საუკუნეებისა. ამ დროს დაიწყო თეტას (ბერძ. θ) და დიაკრიტიკული ნიშნების (ბერძ. ´ ან ბერძ. ´´) მიწერა ისეთი მარცვლების ქვეშ, რომლებზეც გარკვეული მელიზმების შესრულება მოითხოვებოდა.

დღესდღეობით, ნოტაციის ამ სისტემის ევოლუციის შესწავლა შესაძლებელია ბერძნული სამონასტრო საგალობელთა კრებულების (მაგალითად, სტიქერონი და ირმოლოგიონი) საშუალებით. ათონის მთაზე და კონსტანტინოპოლში გამოიყენებოდა ე.წ. შარტრის ნოტაცია, ხოლო იერუსალიმის და ალექსანდრიის საპატრიარქოებში ე.წ. კოისლინის ნოტაცია. არსებობდა კიდევ ერთი, ჟესტური ნოტაცია, რომელიც ასმატიკონში (გუნდის წიგნი) და კონტაკარიონში (სოლისტის წიგნი) გამოიყენებოდა. უძველესი შემორჩენილი წიგნებია ე.წ. კონდაკარები, რომლებიც სლავურადაა თარგმნილი და მათში უკვე ჩანს საკუთარი სისტემა, ე.წ. კონდაკარული ნოტაცია. ზემოთაღნიშნული ჟესტური ნოტაცია მხოლოდ ერთ, XIV საუკუნის ბერძნულ ასმატიკონშია შემორჩენილი (ინახება კასტორიაში, მეტროპოლიტენის ბიბლიოთეკაში, Ms. 8). იგი ქირონომიის (ხელის ნიშნების) პრაქტიკას ეფუძნება და იმავე წიგნში სტიქერარიულ სისტემაშია გადაყვანილი.[6] [7] ბერძნული დამწერლობის მსგავსად, ნოტაციის ნიშნებიც მარცხნიდან მარჯვნივ იყო დალაგებული, თუმცა, ზოგიერთ სირიულ მანუსკრიპტში გვხვდება ადაპტაცია პირიქითაც. რიტმის საკითხი სრულად იყო დამოკიდებული ქირონომიაზე, რომელიც სხვადასხვა კრებულში მოცემული ე.წ. „დიდი ნიშნების“ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. ეს „დიდი ნიშნები“ (ბერძ. μεγάλα σῃμάδια) უკავშირდებოდა კარგად ცნობილ მელოდიურ ფრაზებს და მათ საეკლესიო მსახურების დროს გუნდის ლოტბარი იძლეოდა. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ზეპირი ტრადიციის სახით არსებობდა, ხოლო XIII საუკუნეში მოხდა მათი ინტეგრირება ბიზანტიურ მრგვლოვან ნოტაციაში.

დღევანდელი გადმოსახედიდან, დასავლეთევროპულ და აღმოსავლურ ნევმურ ნოტაციებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ აღმოსავლური სიმბოლოები დიფერენციალურია და არა აბსოლუტური, ესე იგი, ისინი მიუთითებენ ბგერით საფეხურებს (აღმავალი, დაღმავალი ან უცვლელი), ხოლო სწორი დასკვნის გაკეთება, თუ ზუსტად რა ზომის საფეხური (ინტერვალი) იგულისხმება, მუსიკოსს მოეთხოვება. ეს საფეხურეობრივი სიმბოლოები, იგივე ბგერითი ნევმები, ფუნჯით გასმულს წააგავს და თანამედროვე ბერძნულში gántzoi („კაუჭები“) ეწოდება.

ნოტები, როგორც ბგერითი კლასები, ან მოდალური გასაღებები წერილობითი ფორმით მხოლოდ ამ ნევმებს შორის, ჩვეულებრივ, წითელი მელნით იწერებოდა. თანამედროვე ნოტაციაში მათ, უბრალოდ, შეხსენების ფუნქცია აქვთ და თუ საჭიროა, მათ მოდალური და ტემპის ნიშნებიც ემატება. რვახმათა („ოქტოექოსის“, ძვ. ბერძნ. ὁ Ὀκτώηχος) ნოტაციაში შუალედური აღნიშვნები ერთი ექოსიდან მეორეზე დროებით გადასვლას ნიშნავდა.

ზემოხსენებული „დიდი ნიშნები“ ერთ დროს ქირონომიულ ნიშნებს უკავშირდებოდა, დღევანდელ პრაქტიკაში კი ისინი ორნამენტებს და მიკროტონალურ (ბგერის სიმაღლის ცვლილება ნახევარ ტონზე უფრო მცირე ინტერვალით) გაფორმებებს აღნიშნავს, ორივე მათგანი უმნიშვნელოვანესია ბიზანტიურ გალობაში.[8]

ქრიზანთოსის „კანონიონი“, რომელშიც მოცემულია შედარება ძველბერძნულ ტეტრაფონიას (სვეტი 1), დასავლურ სოლფეჯიოს (სვეტი 2) და რვახმიან parallagē-ს (აღმავალი („kyrioi“): სვეტები 3 და 4; დაღმავალი („plagioi“): სვეტები 5 და 6) და მისივე ჰეპტატონურ სისტემას შორის (ბოლო 2 სვეტი)[9]

ქრიზანთოს მადიტოსელმა შემოიღო „სოლფეჯიოს“ (parallagē) შვიდი სტანდარტული ნოტის გამოყენება: pá, vú, ghá, dhē, ké, zō, nē. ძველი ნიშნები კვლავ გამოიყენებოდა ინტონაციის ოთხი ფორმულის აღსანიშნავად.[10] და zō-ს გარდა ეს ნოტები უხეშად ესადაგება დასავლური სოლმიზაციის მარცვლებს რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო. ბიზანტიური მუსიკა იყენებს რვა ნატურალურ, არატემპერირებულ ბგერათრიგს, რომელთა ელემენტები ხმების (ექოსების) მიხედვით ინდივიდუალურად განისაზღვრება, ამდენად, თითოეული ნოტის ზუსტი ბგერითი სიმაღლე, შესაძლოა, სხვადასხვა ექოსში განსხვავებული იყოს. ბიზანტიური ნოტაცია ბევრ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღესაც გამოიყენება. ზოგჯერ ლოტბარები იყენებენ ტრანსკრიპციებს დასავლურ ან კიევურ სისტემაში, ხოლო ორნამენტებს მეხსიერებიდან ამატებენ და შესრულებისას ნატურალურ გამებში „გადადიან“. ქრიზანთოსის რეფორმის შემდეგაც კი, თანამედროვე ნევმების ბევრი დეტალის გაგება მხოლოდ ტრადიციული ოსტატების ცოდნაზე და მათ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრაგმენტი მიქაელ მოდრეკილის იადგარიდან, ნევმები.

ბიზანტიურის მსგავსი მუსიკალური ნოტაციის სისტემა, ნევმები, ქართულ ხელნაწერებში X საუკუნიდან დასტურდება. პირველი ასეთი ხელნაწერი მიქაელ მოდრეკილის იადგარია, რომელიც 977-988 წლებშია გადაწერილი და იმ დროის ქართულ საეკლესიო საგალობელთა კრებულს წარმოადგენს. ადრეული ქართული ნევმირებული ხელნაწერებია აგრეთვე იორდანას ძლისპირთა კრებული, უცნობი ავტორის „სადღესასწაულო“(ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A 596),[11] იელის იადგარი (მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ქართული ნევმები გვხვდება აგრეთვე საქართველოს გარეთ გადაწერილ ქართულ ხელნაწერებში, მაგალითად, სინას მთაზე (GeoSin 1[12] და GeoSin 14[13] და ათონზე (№85) დაცულ ხელნაწერებში. ამ პერიოდის ყველა ხელნაწერში ერთი და იმავე ტიპის ნიშნებია, საერთო სისტემა ყველა წარმომავლობის ქართულ ხელნაწერში მკაცრადაა დაცული. აქედან გამომდინარე, მკვლევარები ასკვნიან, რომ ნევმირების ქართულ სისტემას X საუკუნეში უკვე გავლილი აქვს განვითარების გზა და მისი ჩანასახი წინა საუკუნეებში უნდა გაჩენილიყო, თუმცა ნიმუშებმა დღემდე ვერ მოაღწიეს.[14]

ხელნაწერთა უმეტესობაში ქართული ნევმები წითელი (სინგური) მელნით შესრულებული სხვადასხვა ფორმის ნიშნებითაა წარმოდგენილი, რომლებიც საგალობლის სიტყვებს ზემოდან და ქვემოდან აქვს დასმული. ადრეულ ეტაპზე ზემოთ და ქვემოთ დასმული ნევმები ერთმანეთისაგან განსხვავებულია როგორც ფორმით, ისე, სავარაუდოდ, ფუნქციითაც. აღსანიშნავია, რომ ბიზანტიური ნევმებისაგან ქართული ნოტაციის სისტემის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ სტრიქონს ქვემოთ დაწერილი ნევმებია: ბიზანტიურ საგალობელთა კრებულებში ნევმები სიტყვებს მხოლოდ ზემოდან აქვს დასმული. [14]

ქართული ნევმირების სისტემა ცნობილი იყო XVIII-XX საუკუნემდე. გვიანდელ ქართულ ხელნაწერებში სტრიქონს ზემოთ და ქვემოთ დაწერილი ნიშნები სიმეტრიულად, სარკისებურად აირეკლავს ერთმანეთს.[14]

ქართული ნოტაციის სისტემა განსხვავდება როგორც ბიზანტიური, ისე სომხური და სლავური ნევმების სისტემებისაგან, რის გამოც მათი გაშიფვრა რთულდება. ცნობილია, რომ ქართული ნევმებით, ისევე, როგორც ბიზანტიური სისტემით, ჩაიწერებოდა არა ნოტები, არამედ ბგერის ამაღლება ან დადაბლება ერთი ან რამდენიმე ტონით. გაშიფვრა რამდენიმეჯერ სცადეს; პავლე ინგოროყვამ ყველაზე ხშირად გამოყენებად შვიდ ქართულ სიმბოლოს კლასიკური სანოტო სისტემის შვიდი ბგერა (დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი) შეუსაბამა. თუმცა მისი მიდგომა სამეცნიერო საზოგადოებამ არ გაიზიარა. [15]

ძველი ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლათ. Nisi enim ab homine memoria teneantur, soni pereunt, quia scribi non possunt.
თუ მათ ადამიანის მეხსიერება არ შემოინახავს, ბგერები გაქრებიან, რადგან მათი ჩაწერა შეუძლებელია.
— ისიდორე სევილიელი[16]
მუსიკალური ნოტაციის ნიმუში XIV საუკუნის ინგლისური ლიტურგიკული სახელმძღვანელოდან (missal), რომელზეც გამოსახულია ქრისტეს თავი. თანამედროვე მუსიკალური ნოტაციის პირველი ფორმები კათოლიკე ბერებმა გამოიგონეს, რათა მსოფლიოს მასშტაბით ლიტურგიის სტანდარტიზება მოეხდინათ.[17][18][19]

მკვლევარი და მუსიკის თეორეტიკოსი, ისიდორე სევილიელი, VII საუკუნეში წერდა, რომ ზეპირი გადაცემის გარეშე, მუსიკა დაიკარგებოდა, რადგან მისი ჩაწერა შეუძლებელი იყო.[16] თუმცა, IX საუკუნის შუაში ევროპულ მონასტრებში ნევმური ნოტაციის ერთგვარი ფორმა განვითარდა, რომელიც გრიგორიანული ქორალის დასამახსოვრებლად გამოიყენებოდა. ამგვარი ნოტაციის უძველესი შემორჩენილი ნიმუშია აურელიანე რეომელის Musica disciplina (დაახლოებით 850 წელი). (იბერიის ნახევარკუნძულზე აღმოჩენილია უფრო ადრეული ვიზიგოთური ნევმების ფრაგმენტული ნიმუშები, თუმცა, ისინი ჯერჯერობით გაშიფრული არაა.)[20] ამ სისტემის პრობლემა ის იყო, რომ მხოლოდ მელოდიურ ნახაზს (კონტურს) აჩვენებდა, შესაბამისად, მისი სწორად წაკითხვა მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც აღნიშნული მუსიკა უკვე იცოდა.

ადრეული მუსიკალური ნოტაცია

გარკვეული დროის შემდეგ, ნოტაცია იმდენად განვითარდა, რომ მელოდიის ჩაწერა შესაძლებელი იყო, თუმცა, არ არსებობდა სისტემა რიტმის ჩასაწერად. XIII საუკუნის ტრაქტატში De Mensurabili Musica (მუსიკის საზომთა შესახებ), საუბარია 6 რიტმულ კილოზე, რომელიც იმ დროს გამოიყენებოდა,[21] თუმცა, უცნობია, როგორ ჩამოყალიბდა ისინი. ყველა მათგანი სამწილად დროში იყო და საკმაოდ შეზღუდული სახისა. ეს ნაკლი კარგად დაინახა გერმანელმა მუსიკის თეორეტიკოსმა, ფრანკო კელნელმა და შეაჯამა თავის ტრაქტატში Ars cantus mensurabilis (გაზომილი გალობის ხელოვნება). მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ინდივიდუალური ნოტების რიტმის გადმოცემა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ნოტის ფორმის საშუალებით. დღევანდელი ფიქსირებული სიგრძის ნოტების მსგავსი სისტემა მხოლოდ XIV საუკუნეში შეიქმნა. რეგულარული ზომების (ტაქტების) გამოყენება კი XVII საუკუნეში გავრცელდა.

თანამედროვე სანოტო დგამის გამომგონებლად გვიდო არეცოელი ითვლება,[22] იტალიელი ბენედიქტელი ბერი, რომელიც დაახლოებით 991-1033 წლებში ცხოვრობდა. იგი ასწავლიდა სოლმიზაციის (მუსიკალურ ნოტებზე გარკვეული მარცვლების მისადაგება) ფორმას, რომელიც იოანე ნათლისმცემლის საგალობელზე იყო დამყარებული. იგი იწყება სიტყვებით Ut Queant Laxis და მისი ავტორია ლომბარდიელი ისტორიკოსი პავლე დიაკონი. პირველი სტროფი ასე გამოიყურება:

  1. Ut queant laxis
  2. resonare fibris,
  3. Mira gestorum
  4. famuli tuorum,
  5. Solve polluti
  6. labii reatum,
  7. Sancte Iohannes.

გვიდომ ყოველი ხაზის პირველი მარცვალი (Ut, Re, Mi, Fa, Sol, La და Si) გამოიყენა ნოტებზე ჩაწერილი მუსიკის წასაკითხად ჰექსაკორდების სახით. ისინი არ იყო ნოტების სახელები და კონტექსტის მიხედვით შეიძლებოდა მათი ნებისმიერ ნოტზე მორგება. XVII საუკუნეში უმეტეს ქვეყნებში Ut შეიცვალა ღია, მღერადი მარცვლით Do. ზოგიერთი ვერსიით იგი იტალიელი თეორეტიკოსის, ჯოვანი ბატისტა დონის სახელიდან მოდის, თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ იგი აღებულია ლათინური სიტყვიდან Dominus („უფალი“).[23]

კათოლიკე ბერებმა თანამედროვე ევროპული ნოტაციის პირველი ფორმები მსოფლიოს მასშტაბით ლიტურგიის და მისთვის საუკუნეების მანძილზე შექმნილი უზარმაზარი რაოდენობის საეკლესიო მუსიკის სტანდარტიზებისათვის შექმნეს.[24] ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ევროპული კლასიკური მუსიკის და მისი ყველა განშტოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. ნოტაცია განსაკუთრებით განვითარდა ბაროკოს პერიოდში. ეს სტილი, რომელიც მუსიკასთან ერთად მხატვრობასა და არქიტექტურასაც მოიცავდა, პოსტ-რეფორმაციული კათოლიკური ეკლესიისგან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, რადგან ითვლებოდა, რომ ექსპრესიის მისთვის დამახასიათებელი, ემოციური ფორმები რელიგური გრძნობების გაძლიერებას უწყობდა ხელს.[25]

თანამედროვე სანოტო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე მუსიკალური ნოტაციის ნიმუში: ფრედერიკ შოპენი, პრელუდია, Op. 28, №7 Play 

თანამედროვე დასავლური ნოტაციის სისტემა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი განსხვავებული ჟანრის მუსიკის ჩასაწერად გამოიყენება. სანოტო სისტემა ასრულებს ჩარჩოს მოვალეობას, რომლის ხაზებზე ან ხაზებს შორის ოვალური ნოტის თავების განლაგებით მიეთითება ბგერის სიმაღლე. აღნიშნული სიმაღლე შეიძლება შეიცვალოს ნოტის თავის წინ ალიტერაციის ნიშნების მიწერით. გრძლივობა (ნოტების ფარდობითი ხანგრძლივობა) ნაჩვენებია ნოტის ფორმით და შეფერილობით: ცარიელი ოვალი ჯოხის (შტილის) გარეშე, ორივე მხრიდან ორი-ორი ვერტიკალური ხაზით — ორმაგი მთელი ნოტი (ბრევე); ცარიელი ოვალი ჯოხის (შტილის) გარეშე (whole note) — მთელი ნოტი; ცარიელი ოვალი ჯოხით (half note) — ნახევარი ნოტი; შევსებული (გაფერადებული) ოვალი ჯოხით (quarter note) აღნიშნავს მეოთხედ ნოტს, ხოლო შტილზე კუდების დამატებით აღინიშნება უფრო მცირე გრძლივობები (მერვედი (eighth note), მეთექვსმეტედი (sixteenth note) და ასე შემდეგ). არსებობს დამატებითი სიმბოლოებიც (წერტილები და ლიგა), რომლებიც ნოტებს გრძლივობებს უმატებენ. ნოტაციის ეს სისტემა მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება, რაც მისი საშუალებით მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხვად ტექსტებზე დაწერილი მუსიკის გამოსახვას ართულებს.

ვიოლინოს (სოლ) გასაღები
ალტის და ტენორის (დო) გასაღები
ბანის (ფა) გასაღები

სანოტო სისტემა, როგორც წესი, იწყება გასაღებით, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული ნოტის ადგილს სისტემაზე. ვიოლინოს გასაღები, იგივე სოლ გასაღები თავდაპირველად ასო G იყო. იგი განსაზღვრავს, რომ სისტემის ქვემოდან მეორე ხაზზე განლაგებულია პირველი ოქტავის ბგერა სოლ. ბანის, ანუ ფას გასაღები გვიჩვენებს მცირე ოქტავის ფას პოზიციას ზემოდან მეორე ხაზზე. ეს ორი ყველაზე ხშირად გამოყენებული გასაღებია, თუმცა, ხშირად გამოიყენება სხვებიც, მაგალითად, ალტის (გამოიყენება ალტის და ალტის ტრომბონისათვის) და ტენორის (გამოიყენება ჩელოს, ტრომბონის, კონტრაბასის, ფაგოტის და სხვა ბანის ინსტრუმენტებისათვის). ნოტები, რომელთა სიმაღლეც სცდება სანოტო სისტემის ხუთ ხაზს, შეიძლება გამოისახოს დამატებით ხაზებზე, რომლებიც კონკრეტულად ამ ნოტებისთვის კეთდება. ინსტრუმენტების უმეტესობა მხოლოდ ერთ გასაღებს გამოიყენებს, მაგალითად, ვიოლინო, ფლეიტა, კონტრაბასი, ტუბა და ასე შემდეგ, ზოგიერთს კი ორი გასაღები ესაჭიროება, მაგალითად, ფორტეპიანო და ორღანი.

გასაღების შემდეგ იწერება გასაღების ნიშნები, რომლებიც ნაწარმოების ტონალობას მიუთითებს და აჩვენებს, რომ გარკვეული ნოტები ნაწარმოების განმავლობაში ყოველთვის ბემოლით ან დიეზით შესრულდება, თუ ნაწარმოების შიგნით კონკრეტული ნოტის წინ გამოყენებული ალიტერაციის ნიშნები საწინააღმდეგოს არ მიუთითებს. ნოტის წინ დასმული დიეზი () ნოტს ნახევარი ტონით ამაღლებს, ხოლო ბემოლი () — ნახევარი ტონით ადაბლებს. ორმაგი დიეზი და ორმაგი ბემოლი შედარებით იშვიათად, მაგრამ გამოიყენება; ისინი ნოტს, შესაბამისად, მთელი ტონით ამაღლებს ან ადაბლებს. ბეკარი () ნიშნავს, რომ კონკრეტული ტაქტის ბოლომდე ამ ნოტის შესაბამისი ალიტერაციის ნიშანი, გასაღების ნიშნების ჩათვლით, გაუქმებულია. ზოგჯერ ფრჩხილებში ჩასმული დიეზი ან ბემოლი გამოიყენება იქ, სადაც ტექნიკურად საჭირო არაა, რათა შემსრულებელს ტონალობით გათვალისწინებული ნიშანი შეახსენოს.

გასაღების ნიშანს მოჰყვება ზომა. იგი, როგორც წესი, ორი რიცხვისგან შემდგარ წილადს წარმოადგენს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია 4
4
. ზედა „4“ მიიუთითებს, რომ თითოეულ ტაქტში ოთხი დარტყმაა (პულსი). ქვედა „4“ კი მიუთითებს, რომ თითოეული პულსი მეოთხედი ნოტის (quarter note) გრძლიობისაა. ტაქტები ნაწარმოებს გარკვეული რაოდენობის პულსებისგან შემდგარ ჯგუფებად ჰყოფს, ხოლო ზომა ამ ჯგუფების შემადგენლობას აჩვენებს. 4
4
იმდენად ხშირადაა გამოყენებული, რომ მას „საერთო ზომას“ (ინგლ. common time) უწოდებენ ხოლმე და წილადის ნაცვლად ზოგჯერ C ნიშნით აღინიშნება. სხვა გავრცელებული ზომებია 3
4
(სამი პულსი ტაქტში, ყოველი პულსი მეოთხედი გრძლიობის); 2
4
; 6
8
და 12
8
(ეს უკანასკნელი შედგენილ ზომად ითვლება). არსებობს და გამოიყენება სხვა ბევრი სახის ზომა, როგორიცაა 3
8
, 5
8
, 5
4
, 7
4
, 9
8
და ასე შემდეგ.

სისტემის ზემოთ ან ქვემოთ მოცემულია მითითებები ტემპის (მაგალითად, Allegro, Andante, Largo, Vif, Lent, Modérément, Presto და სხვა) და დინამიკის (pianississimo, pianissimo, piano, mezzopiano, mezzoforte, forte, fortissimo, fortississimo და სხვა) შესახებ. მუსიკალური ექსპრესიის გამომხატველი მითითებები დაწერილია ნაწარმოების დასაწყისში და მის შიგნით, სადაც განწყობა იცვლება. ვოკალურ მუსიკაში ტექსტი ნოტების ახლოს, როგორც წესი, მათ ქვემოთ იწერება. მოკლე პაუზებისთვის (სუნთქვისთვის) გამოიყენება აღნიშვნა .

მუსიკალური ანსამბლებისთვის მზადდება პარტიტურა, რომელშიც სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ხმებისთვის განსაზღვრული სისტემები ერთმანეთის თავზე ვერტიკალურადაა განლაგებული. დირიჟორი პარტიტურას ორკესტრის და სხვა ანსამბლების ხელმძღვანელობისთვის იყენებს. ინდივიდუალური შემსრულებლები უკრავენ პარტიებიდან, რომლებზეც მხოლოდ მათთვის განკუთვნილი მუსიკაა ჩაწერილი. შესაძლებელია პარტიტურის აწყობა ინდივიდუალური პარტიებისგან და პირიქით. თავის დროზე, პარტიების ხელით გადაწერა პარტიტურიდან ძნელი და ხანგრძლივი პროცესი იყო, თუმცა, 1980-იანი წლებიდან განვითარებულმა კომპიუტერულმა ტექნიკამ შესაძლებელი გახადა მათი ავტომატურად, იაფად და მოხერხებულად მომზადება პრინტერების გამოყენებით.

ნოტაცია დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის განსხვავებულია, რასაც ამ საკრავების მრავალფეროვნება განაპირობებს. ისინი, როგორც წესი, ორ ჯგუფად: მომართულ (ფიქსირებული ბგერის სიმაღლიდ მქონე, მაგალითად, გლოკენშპილი და საორკესტრო ზარები) და მოუმართავ (ფიქსირებული ბგერითი სიმაღლის არმქონე, მაგალითად, სხვადასხვა საზის დოლები (ბარაბნები)) ინსტრუმენტებად იყოფა. პირველი ჯგუფი ჩვეულებრივ ნოტაციას იყენებს, ხოლო მოუმართავი დასარტყამი საკრავების ნოტაცია ნაკლებად სტანდარტიზებულია. ზოგადად, ეს უკანასკნელი იყენებს ხუთხაზიან სისტემას, რომელშიც თითოეული ხაზი და სივრცეები მათ შორის ცალკეული იინსტრუმენტებისთვისაა განკუთვნილი. რიტმის საჩვენებლად ჩვეულებრივი სანოტო ნიშნები გამოიყენება.

ციფრული ბანი ბაროკოს ეპოქაში წარმოიშვა და basso continuo-ს პარტიებში გამოიყენებოდა. ასევე, გამოიყენება აკორდეონისთვის განკუთვნილ მუსიკაში. აქ ბანის ნოტებს თან ახლავს ციფრები და სხვადასხვა აღნიშვნები, რომლების მიხედვითაც შემსრულებელი ადგენს, რა ტიპის აკორდი იგულისხმება. არ არის მითითებული აკორდის შემადგენელი ბგერების ზუსტი სიმაღლეები (ოქტავური განაწილება), რაც შემსრულებლის იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული მაგალითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია იოჰან შტრაუსის ვალსის დასაწყისი (ნაწყვეტის მოსმენა ), რომლის მაგალითზეც განხილულია თანამედროვე ნოტაციის პრაქტიკა:

იოჰან შტრაუსის „დუნაის ვალსის“ დასაწყისი, გამარტივებული ნოტაცია
  1. მარცხენა ზედა კუთხეში, როგორც წესი, მოცემულია ტემპი, ჩვეულებრივ, იტალიური ტერმინების გამოყენებით ამ შემთხევვაში ეს არის იტალ. Tempo di Valse („ვალსის ტემპში“). მის ქვემოთ (ან გვერდით) შეიძლება მოცემული იყოს მეტრონომის უფრო ზუსტი, რიცხობრივი ნიშანი, (ინგლ. beats per minute, BPM „დარტყმა წუთში“). ამ შემთხვევაში, quarter note=142, რაც ნიშნავს 142 დარტყმას (პულსს) წუთში.
  2. ტაქტის დასაწყისში მითითებული ზომა (3
    4
    ) აღნიშნავს, რომ თითოეულ ტაქტში ძირითადი პულსი არის მეოთხედი გრძლივობის (quarter note). ტაქტის ძლიერი დრო პირველი პულსია, რომელსაც, შემდეგი ტაქტის დაწყებამდე ორი სუსტი დრო მოჰყვება.
  3. ტაქტები ერთმანეთისგან ტაქტის ხაზითაა გამოყოფილი.
  4. სისტემის უკიდურესად მარცხნივ განთავსებულია გასაღები, ამ შემთხვევაში სოლ, ანუ ვიოლინოს გასაღები, რომელიც მიუთითებს, რომ ქვემოდან მეორე ხაზზე მოთავსებულია პირველი ოქტავის სოლ. მის მარჯვნივ მოთავსებულია
  5. გასაღების ნიშნები: ფას და დოს ხაზზე განლაგებული დიეზები () მიუთითებს, რომ აღნიშნული ბგერები ყველა ოქტავაში ნახევარი ტონით მაღლა (ფა და დო ფას და დოს ნაცვლად) უნდა დაიკრას. ამ ნიშნებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნაწარმოების ტონალობა რე მაჟორი ან სი მინორია (სინამდვილეში, იგი რე მაჟორია, თუმცა, ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას მოცემული ნაწყვეტი არ იძლევა). ნიშნები ძალაშია ნაწარმოების ბოლომდე, თუ ისინი კონკრეტული ტაქტის ფარგლებში ბეკარის () ნიშნით არ გაუქმდება, ან მანამდე, სანამ ტონალობა არ შეიცვლება და ახალი გასაღების ნიშნები არ გამოჩნდება (როგორც წესი, ორმაგ ტაქტის ხაზთან ერთად).
  6. შემსრულებელს მოეთხოვება ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორის გააზრება, ვიდრე პირველ ნოტს დაუკრავს, ამ შემთხვევაში ეს არის რე, მეოთხედი გრძლიობის ნოტი დინამიური ნიშნით mf (იტალ. mezzo forte „საშუალოდ ხმამაღლა“). ამ შემთხვევაში მას პირდაპირ მოჰყვება ტაქტის ხაზი, რადგან მოცემული ნაწყვეტი არა ტაქტის პირველ, ძლიერ დროზე, არამედ მესამე, სუსტ დროზე იწყება, რასაც გარე ტაქტი (გერმ. Auftakt) ეწოდება.
  7. მომდევნო ნოტი (კვლავ რე) შემდეგი ტაქტის ძლიერ დროზე იწყება. იგი თავის შემდეგ ნოტებს (ფა და ლა) უკავშირდება
  8. ლეგატოს ხაზის საშუალებით, რაც ნიშნავს, რომ ზემოხსენებული ორი ნოტი არტიკულაციის გარეშე, რესთან ერთ ჯგუფში უნდა დაიკრას.
  9. შემდეგ ტაქტში მოცემულია ნახევარი გრძლიობის ლა, რომელიც პირველ ორ დროზე გრძელდება. მას მოჰყვება
  10. ნახევარი გრძლიობის აკორდი, რომელშიც ერთმანეთის თავზე განლაგებულია ორი ნოტისთავი (ფა და ლა), რაც ნიშნავს, რომ ორივე მათგანი ერთდროულად უნდა დაიკრას. გარდა ამისა, მის თავზე მოთავსებულია სტაკატოს აღმნიშვნელი წერტილი, რაც აკორდის უკიდურესად მოკლე არტიკულაციაზე მიუთითებს. ეს აკორდი შემდეგი ტაქტის ძლიერ დროზეც მეორდება, რასაც მოჰყვება
  11. ნახევარი გრძლიობის პაუზა, რის შემდეგაც წინამდებარე მოტივი ტერციით დაბლა მეორდება.
  12. ბოლო სამი ტაქტის ქვეშ მოთავსებული ნიშანი აღნიშნავს დეკრეშენდოს (დინამიკის თანდათანობით შემცირებას). მის ნაცვლად, შეიძლებოდა, გამოყენებული ყოფილიყო აღნიშვნები decresc. ან dim. (იტალ. decrescendo, diminuendo). როგორც წესი, აღნიშვნები, რომლებიც დინამიკას, ტემპს, რიტმსა და ექსპრესიას შეეხება, სისტემის ზემოთ ან ქვემოთ, დახრილი შრიფტით კეთდება.

სხვადასხვა ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეონგგანბოს მუსიკალური ნოტაციის სისტემა

ჯეონგ-გან-ბო ნოტაციის უნიკალური, ტრადიცული სისტემაა, რომელიც სეჯონ დიდის მმართველობის დროს შეიქმნა და პირველი აღმოსავლეთაზიური სისტემა იყო, რომელშიც რიტმი, ბგერის სიმაღლე და დრო გამოისახებოდა. [26][27] კორეული ტრადიციული მუსიკის სახეობებს შორის, ჯეონგ-გან-ბო კონკრეტულ ჟანრში, ჯეონგ-აკში გამოიყენება (კორ. 정악, 正樂).

ჯეონგ-გან-ბო ბგერის სიმაღლეს მიუთითებს სიმაღლის ჩაწერით ჩარჩოში, რომელსაც ჯეონგ-გან ეწოდება (აქედან მოდის სახელიც). ერთი ჯეონგ-განი ერთ პულსს აღნიშნავს და შესაძლებელია მისი დაყოფა უფრო პატარა კვადრატებად, რაც პულსის გრძლივობის ნახევარს, მეოთხედს და ა.შ. აღნიშნავს. ეს მკითხველის მიერ პულსის გამოცნობას ამარტივებს.

გარდა ამისა, არსებობს ბევრი სიმბოლო, რომელიც ორნამენტებს აღნიშნავს. მათი უმეტესობა უფრო გვიან, კი-სუ კიმის მიერ შეიქმნა.

ინდოეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდური მუსიკა, ადრე XX საუკუნე.

სამავედას ტექსტი (ძვ. წ. 1200 – 1000) შეიცავს ნოტებით ჩაწერილ მელოდიებს, რომლებიც, მსოფლიოში უძველეს შემორჩენილ ნიმუშებს შორისაა.[28] ნოტაცია, როგორც წესი, განთავსებულია სამავედას ტექსტის სტრიქონის ზემოთ, ან მის შიგნით. იგი მარცვლოვანია, ან ციფრული, რაც დამოკიდებულია სამავედას საქჰაზე (სკოლა, მიმართულება).[29] ინდოელი მწიგნობარი და მუსიკის თეორეტიკოსი პინგალა (დაახლოებით ძვ. წ. 200) თავის ჩანდა სუტრაში იყენებდა აღნიშვნებს მოკლე და გრძელი მარცვლებისათვის სანსკრიტული პოეზიის მეტრის საჩვენებლად.

დაახლოებით ახ. წ. VII–VIII საუკუნეებით დათარიღებული წარწერა ქვაზე კუდუმიანმალაიში, ტამილნადუში, შეიცავს მუსიკალური ნოტაციის ადრეულ მაგალითს. ის პირველად არქეოლოგმა/ეპიგრაფისტმა დ. რ. ბჰანდარკარმა აღმოაჩინა და შეისწვლა.[30] იგი შესრულებულია VII საუკუნის პალავა-გრანტჰას დამწერლობით და შედგება38 ჰორიზონტალური ხაზისგან, რომელიც ოთხკუთხა ფორმის ქვაზეა დაწერილი (ზომით დაახლოებით 3.9×4.2 მეტრი). თითოეული სტრიქონი 64 სიმბოლოს შეიცავს (რომლებიც მუსიკალურ ნოტებს გამოხატავენ). ისინი ოთხი ნოტისგან შემდგარ ჯგუფებადაა დალაგებული. საბაზისო სიმბოლოები შვიდი ნოტისთვის არის სა, რი, გა, მა პა, დჰა, ნი, თუმცა, მათ შეიძლება სხვა ხმოვნებიც დაერთოს („ა, ი, უ, ე“). მაგალითად, სა შეიძლება შეიცვალოს სი, სუ ან სე სიმბოლოებით, ან რი შეიძლება შეიცვალოს რა, რი, რუ ან რე სიმბოლოებით. ჰორიზონტალური ხაზები წარწერას 7 ნაწილად ჰყოფს. თითოეული სექცია 4–7 სტრიქონისგან შედგება და ახლავს სათაური, რომელიც მის მუსიკალურ „კილოს“ მიუთითებს. ეს კილოები, სავარაუდოდ, სულ მცირე VI საუკუნიდან იყო გავრცელებული და მოგვიანებით, რაგას სისტემაში გაერთიანდა. ამ ნოტაციის ზოგიერთი უჩვეულო მახასიათებლები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი.[31]

ინდური რაგას ნოტაციაში გამოიყენება სოლფეჯიოს მსგავსი სისტემა, რომელსაც სარგამი ეწოდება. დასავლური სოლფეჯიოს მსგავსად, მაჟორული გამის მთავარ საფეხურებს გააჩნია სახელები (სჰადჯა, რისჰაბჰა, განდჰარა, მადჰიამა, პანჩამა, დჰაივატა და ნისჰადა, შემოკლებით სა, რე, გა, მა, პა, დჰა, ნი). ნებისმიერი გამის ტონიკას სა ეწოდება, ხოლო დომინანტას – პა. სა ნებისმიერ გამაში ფიქსირებულია, ხოლო პა განთავსებულია მისგან კვინტით ზემოთ (არა ტემპერირებული, არამედ პითაგორას კვინტა). ამ ორ ნოტს „აჩალა სვარ“ („ფიქსირებული ნოტები“) ეწოდება.

დარჩენილი ხუთი ნოტიდან თითეულმა შეიძლება მიიღოს „რეგულარული“ სიმაღლე („შუდდჰა“), რომელიც მაჟორული გამის შესაბამისი საფეხურის სიმაღლის ტოლია, ან ნახევარი ტონით შეცვლილი სიმაღლე. რეს, გას, დჰას და ნის გააჩნიათ ნახევარი ტონით („კომალ“) დაბალი პარტნიორები (მაგალითად, კომალ რე ნახევარი ტონით მაღალია, ვიდრე სა). მას გააჩნია ნახევარი ტონით მაღალი („ტივრა“) პარტნიორი (ესე იგი, ტივრა მა არის გადიდებული კვარტით მაღლა, ვიდრე სა). რეს, გას, მას, დჰას და ნის „ვიკრუტ სვარ“ („მოძრავი ნოტები“) ეწოდებათ. რავი შანკარის მიერ შექმნილი ნოტაციის სისტემის მიხედვით ბგერის სიმაღლეები ლათინური ასოებით გამოისახება. ფიქსირებული ნოტები („აჩალა სვარ“) დიდი ასოებით გამოისახება, ასევე გამოისახება მოძრავი ნოტების („ვიკრუტ სვარ“) ამაღლებული ვარიანტები, ხოლო დადაბლებული ვარიანტების ჩასაწერად პატარა ასოები გამოიყენება.

არსებობს, ასევე, სხვადასხვა სისტემები არათორმეტტონიანი ტემპერირებული წყობის და არადასავლური წყობის მუსიკის ჩასაწერად.

რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზნამენნი ნოტაციის მაგალითი ე.წ. „წითელი ნიშნებით“, რუსეთი, 1884, საგალობელი „ჯვარსა შენსა“.
ხელნაწერი ლუბოკი „კაუჭებისა და ალმების“ ნოტაციით.

ზნამენნი გალობა (რუს. Знаменное пение, знаменный распев) წარმოადგენს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გალობის ტრადიციას, რომელიც ე.წ. „კაუჭებისა და ალმების“ ნოტაციას იყენებს. იგი უნისონური, მელიზმატიკური ლიტურგიკული სიმღერაა, რომელსაც საკუთარი ნოტაციის სისტემა გააჩნია. მასში გამოყენებულ სიმბოლოებს „კაუჭები“ (რუს. крюки) და „ნიშნები, ალმები“ რუს. знамёна) ეწოდებათ. ზნამენნი მელოდიები მიეკუთვნება რვა კილოსგან („ხმისგან“, რუს. глас, უკავშირდება ზემოხსენებულ ბერძნულს „ექოსს“) შემდგარ სისტემას. მელოდიები მოქნილი და კარგად დაბალანსებულია.[32]

ზნამენნი ნოტაციაში არა ნოტები, არამედ სპეციალური აღნიშვნები გამოიყენება. ისინი შეიძლება შედგებოდეს შავი ფერის კაუჭისგან, ხაზისგან, რამდენიმე წერტილისგან, მძიმისგან და ა.შ. ზოგიერთი სიმბოლო შეიძლება აღნიშნავდეს ერთ, ხოლო ზოგი 2–4 ნოტს, ზოგი კი ათზე მეტი ნოტისგან შემდგარ მელოდიას რთული რიტმული სტრუქტურით. აღნიშნული სისტემა კიევის რუსეთში შეიქმნა დ ბიზანტიური ნევმური სისტემის გაუმჯობესებას წარმოადგენდა.

ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, ბიზანტიური სისტემის მსგავსად, ისაა, რომ იგი გამოხატავს არა ნოტებს, არამედ მელოდიის ცვლილებას. ასევე, ნიშნები გვიჩვენებს მელოდიის განწყობას და გრადაციას (ტემპს, სიძლიერეს და ასე შემდეგ). ყოველ სიმბოლოს საკუთარი სახელი და სპირიტუალური დატვირთვა აქვს. მაგალითად, არსებობს სიმბოლო, სახელად „პატარა მტრედი“ (რუს. голубчик), რომელიც ორ აღმავალ ნოტს აღნიშნავს, თუმცა, ამავე დროს არის სულიწმინდის სიმბოლოც. სისტემა თანდათან უფრო გართულდა და ორაზროვანი გახდა. მისი საშუალებით უცნობი მელოდიის წაკითხვა თითქმის შეუძლებელია; სიმბოლოები მხოლოდ ნაცნობი მელოდიის გახსენებასა და გადმოცემაში ეხმარება მკითხველს და გამოუსადეგარია კონკრეტული მელოდიის არაორაზროვნად ჩაწერისათვის.

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინური კუცინის ნოტაცია, 1425

უძველესი ჩინური ტექსტები, რომლებიც მუსიკას შეეხება, არის წარწერები მარკიზ ი ზენგის აკლდამიდან (გ. ძვ. წ. 433). 41 ქვის ინსტრუმენტსა და 65 ზარზე გამოსახულია დაწვრილებით ინფორმაცია ბგერის სიმაღლეების, გამების და ტრანსპოზიციის თაობაზე. ზარებს დღესაც იმ სიმაღლის ხმოვანება აქვს, რომელიც მათზე გაკეთებულ წარწერებშია მითითებული. ნოტებით ჩაწერილი კომპოზიციები ნაპოვნი არაა, თუმცა, აღნიშნული წარწერები მიუთითებს, რომ სისტემა საკმარისად განვითარებული იყო ნაწარმოებების ჩასაწერად. არსებობდა ბგერითი ნომენკლატურის ორი სისტემა, ერთი შედარებითი, ხოლო მეორე – აბსოლუტური სიმაღლეებისათვის. შედარებითი სისტემისათვის ერთგვარი სოლმიზაციის სისტემაც გამოიყენებოდა.[33] კონგჩეს ნოტაცია გამების დასახელებისათვის ჩინურ იეროგლიფებს იყენებდა.

იაპონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტემპიო ბივა ფუ იაპონ. 天平琵琶譜 (დ. ახ. წ. 738), ბივას მუსიკის ნოტაცია. შოსოინი, ნარა, იაპონია

იაპონური მუსიკა ძლიერ მრავალფეროვანია და შესაბამისად, ნოტაციის მრავალგვარ სისტემას საჭიროებს. მაგალითად, შაკუჰაჩის ნოტაციაში ტემბრსა და გლისანდოებს უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე ბგერის სიმაღლეს, ხოლო ტაიკოს ნოტაციაში კონკრეტული სახის დარტყმებია მნიშვნელოვანი.

სანშინის მუსიკა რიუკიუდან იყენებს კუკუნშის, ნოტაციის სისტემას, სადაც კანჯის თითოული სიმბოლო კონკრეტულ სიმზე თითების პოზიციას შეესაბამება.

ინდონეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიურ ზეპირ მუსიკალურ ტრადიციაში ნოტაციას უმნიშვნელო როლი აქვს. მიუხედავად ამისა, XIX საუკუნის ბოლოს იავაზე და ბალიზე რამდენიმე სისტემა შეიქმნა, თავდაპირველად, საარქივო მიზნებისათვის. დღეს ყველაზე გავრცელებულია ციფრული სისტემა, რომელშიც ბგერის სიმაღლეები 1-დან 7-მდე ციფრებითაა წარმოდგენილი, სადაც 1 აღნიშნავს კონკრეტული ოქტავის ყველაზე დაბალ (როგორც სუნდურ გამელანში) ან ყველაზე მაღალ საფეხურს (როგორც იავურ გამელანში).

ცენტრალური ოქტავის გარეთ მდებარე ნოტების აღსანიშნავად ციფრების ზემოდან ან ქვემოდან წერტილებს სვამენ. მეტწილად, ეს ციფრული ნოტაცია გამოიყენება მელოდიური ჩონჩხის (ბალუნგანის) და ვოკალური პარტიების (გერონგანი) ჩასაწერად, თუმცა, სასწავლო მიზნებისათვის, ზოგჯერ, იქმნება რთული ინსტრუმენტული ვარიაციების ტრანსკრიპციებიც. დოლების პარტიები იწერება სიმბოლოებით, რომლებიც ეფუძნება მათზე დაკვრის შესასწავლად გამოყენებულ მარცვლებს. ისინი, როგორც წესი, მელოდიური ჩონჩხის ქვეშ გვხვდება. ისინი ადგილის და შემსრულებლის მიხედვით იცვლება.

ამ სისტემების გარდა არსებობს ორი, უფრო ძველი სისტემა, რომელიც ერთგვარ სანოტო დგამს იყენებს: სურაკარტას სისტემით პესინდენის (ქალი სოლისტი, რომელიც გამელანის თანხლებით მღერის) მოქნილი მელოდიისა და რიტმის გამოსახვა ვერტიკალურ დგამზე ტეხილი ნახაზის საშუალებითაა შესაძლებელი, ხოლო იოგიაკარტას სისტემაში ვერტიკალურ დგამზე ბალუნგანი წერტილებით იწერება, მასზე შესაძლებელია დოლებზე დაკვრის ტექნიკური ნიუანსების მითითებაც. გარდა ამისა, ბალიზე გამოცემულია რამდენიმე წიგნი გამელან გენდერ ვაიანგის ნაწარმოებების შესახებ, რომელიც ძველი ბალინეზიურ დამწერლობაზე დამყარებულ ანბანურ ნოტაციას იყენებს.

კომპოზიტორები და მკვლევარები სლენდროს და პელოგის სისტემებს დასავლური ნოტაციითაც გამოსახავენ ხოლმე, რისთვისაც, ზოგჯერ, დამატებით მიკროტონალურ აღნიშვნებსაც იყენებენ. ჰოლანდიელმა კომპოზიტორმა ტონ დე ლიუმ კომპოზიციისთვის Gending სპეცილური სამხაზინი დგამიც გამოიგონა, თუმცა, ეს სისტემები ფართოდ არ გავრცელებულა.

XX საუკუნის II ნახევრიდან ინდონეზიელი მუსიკოსები და მკვლევარები ციფრულ ნოტაციას სხვა ზეპირი ტრადიციული, ან დასავლური წარმომავლობის მუსიკის ჩასაწერადაც იყენებენ. გამელანის ციფრული ნოტაციისგან განსხვავებით, რომელიც ფიქსირებულ დოს იყენებს (ესე იგი, ციფრი 1 ყოველთვის ერთი და იმავე ბგერის სიმაღლეს აღნიშნავს), ეს ციფრული სისტემები მოძრავ დოს ეყრდნობა, ამის გამო, ყოველთვის მიეთითება, თუ რომელ ბგერას შეესაბამება ციფრი 1.

სხვა სისტემები და მეთოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაბულატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაბულატურა ჯერ კიდევ შუა საუკუეებში, ორღანისთვის, ხოლო მოგვიანებით, რენესანსის ეპოქაში, ლუტის მუსიკისთვის გამოიყენებოდა.[35] ლუტის ტაბულატურების უმეტესობაში გამოიყენება სანოტო დგამი, რომელზეც ხაზები, ბგერის სიმაღლეთა ნაცვლად, ინსტრუმენტის სიმებს აღნიშნავს. თითოეულ ხაზზე, ციფრების ან ასოების საშუალებით, მითითებულია საქცევები. რიტმი განცალკევებულად, სანოტო ნიშნების საშუალებით გამოისახება. ტაბულატურაში კომბინირებულადაა წარმოდგენილი დაკვრის ფიზიკური და ტექნიკური თავისებურებები და მუსიკალური ნაწარმოების დრამატურგია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუსიკა ლუტისა და გიტარისათვის სტანდარტული ნოტაციის საშუალებით იწერებოდა, თუმცა, ტაბულატურის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა XX საუკუნის ბოლოს გიტარისთვის შექმნილი პოპულარული მუსიკის გავრცელებასთან ერთად.

გრაფიკული ნოტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაფიკული ნოტაცია (ან გრაფიკული პარტიტურა) არის მუსიკის გამოსახვა ისეთი ვიზუალური სიმბოლოებით, რომლებიც არ მიეკუთვნება ტრადიციული ნოტაციის სისტემას. გრაფიკული ნოტაცია 1950-იან წლებში განვითარდა და შეიძლება ტრადიციულ ნოტაციასთან კომბინაციაში, ან მის ნაცვლად იქნას გამოყენებული.[36] კომპოზიტორები ხშირად ეყრდნობიან გრაფიკულ ნოტაციას ექსპერიმენტულ მუსიკაში, სადაც ტრადიციული ნოტაცია ნაკლებად ეფექტურია. აგრეთვე, გამოიყენება ალეატორიკულ და ინდეტერმინისტულ მუსიკაში. სისტემის ერთ-ერთი გამომგონებელი, ჯონ კეიჯთან ერთად, ერლ ბრაუნი იყო. მათ სურდათ, შემსრულებლები ნოტაციის შეზღუდვებისგან გაეთავისუფლებინათ და მუსიკის შექმნაში აქტიურ მონაწილეებად ექციათ.[37] გრაფიკულ ნოტაციას იყენებენ ისეთი კომპოზიტორები, როგორიცაა კრისტიან ვოლფი, ერლ ბრაუნი, ენტონი ბრექსტონი, ჯონ კეიჯი, მორტონ ფელდმანი, კშიშტოფ პენდერეცკი და სხვები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Giorgio Buccellati, "Hurrian Music", associate editor and webmaster Federico A. Buccellati Urkesh website (n.p.: IIMAS, 2003).
  2. Kilmer & Civil 1986.
  3. Kilmer 1965.
  4. West 1994, pp. 161–63.
  5. West 1994, p. 161.
  6. Floros & Moran 2009.
  7. Myers 1998.
  8. Alexandru 2000.
  9. Chrysanthos 1832, p. 33.
  10. Chrysanthos 1832.
  11. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. II, ნაკვეთი II 2004, p. 243-347.
  12. [https://www.loc.gov/item/00279388355-ms/ GeoSin 1:] ხელნაწერი ელექტრონულად.
  13. [https://www.loc.gov/item/00279388872-ms/ GeoSin 14:] ხელნაწერი ელექტრონულად.
  14. 14.0 14.1 14.2 ონიანი 2007.
  15. თოფურია 2019.
  16. 16.0 16.1 Isidore of Seville 2006, p. 95.
  17. Hall, Neitz, and Battani 2003, p. 99.
  18. Blanchard, Bonnie; Blanchard Acree, Cynthia (2009) Making Music and Having a Blast!: A Guide for All Music Students. Indiana University Press, გვ. 173. ISBN 978-0-253-00335-5. 
  19. Guides, Rough (May 3, 2010). The Rough Guide to Classical Music. Rough Guides UK. ISBN 978-1-84836-677-0. ციტირების თარიღი: June 21, 2018. 
  20. Zapke 2007.
  21. Christensen 2002, p. 628.
  22. Otten 1910.
  23. McNaught 1893, p. 43.
  24. Hall, Neitz & Battani 2003, p. 100.
  25. Murray 1994, p. 45.
  26. Gnanadesikan 2011.
  27. Gukak. dongA.com. ციტირების თარიღი: 20 September 2016.
  28. Bruno Nettl, Ruth M. Stone, James Porter and Timothy Rice (1999), The Garland Encyclopedia of World Music, Routledge, ISBN 978-0824049461, pages 242–245
  29. KR Norman (1979), Sāmavedic Chant by Wayne Howard (Book Review), Modern Asian Studies, Vol. 13, No. 3, page 524; Wayne Howard (1977), Samavedic Chant, Yale University Press, ISBN 978-0300019568
  30. Bhandarkar 1913–14.
  31. Widdess 1979.
  32. Kholopov 2003, 192.
  33. Bagley 2004.
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 Lindsay 1992, p. 43–45.
  35. Apel 1961, pp. xxiii, 22.
  36. Pryer, Anthony. "Graphic Notation." The Oxford Companion to Music, edited by Alison Latham. Oxford Music Online. 12 April 2011
  37. Taruskin, Richard. Chapter 2 "Indeterminacy.". Oxford University Press. ციტირების თარიღი: April 7, 2018.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adams, Kyle (October 2009). „On the Metrical Techniques of Flow in Rap Music“. Music Theory Online. 5 (9). ციტირების თარიღი: 4 April 2014.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Alexandru, Maria (2000). Studie über die 'großen Zeichen' der byzantinischen musikalischen Notation unter besonderer Berücksichtigung der Periode vom Ende des 12. bis Anfang des 19. Jahrhunderts (de). Copenhagen: Københavns Universitet, Det Humanistiske Fakultet. 
  • Apel, Willi (1961). The Notation of Polyphonic Music, 900–1600, 5th revised and with commentary, Publications of the Mediaeval Academy of America, no. 38, Cambridge, Mass.: Mediaeval Academy of America. 
  • Bagley, Robert (26 October 2004) The Prehistory of Chinese Music Theory, British Academy's Autumn 2004 Lecture Programme. London: British Academy. 
  • Bhandarkar, D. R (1913–14). „28. Kudimiyamalai inscription on music“. In Konow, Sten (ed.). Epigraphia Indica. 12. pp. 226–237.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Christensen, Thomas (2002). The Cambridge History of Western Music Theory. Cambridge and New York: Cambridge University Press. 
  • Chrysanthos of Madytos (1832). Theoritikón méga tís Mousikís. Tergeste: Michele Weis. ციტირების თარიღი: 11 April 2012. 
  • Cogan, Robert (1976) Sonic Design The Nature of Sound and Music. New Jersey: Prentice Hall. ISBN 0-13822726-8. 
  • Edwards, Paul (2009) How to Rap: The Art & Science of the Hip-Hop MC, foreword by Kool G. Rap, Chicago: Chicago Review Press. 
  • Edwards, Paul (2013) How to Rap 2: Advanced Flow and Delivery Techniques, foreword by Gift of Gab, Chicago: Chicago Review Press. 
  • Floros, Constantin; Moran, Neil K. (2009) The Origins of Russian Music: Introduction to the Kondakarian Notation. Frankfurt am Main etc.: Peter Lang. ISBN 9783631595534. 
  • Gnanadesikan, Amalia E. (2011) The Writing Revolution: Cuneiform to the Internet (en). John Wiley & Sons. ISBN 9781444359855. ციტირების თარიღი: 20 September 2016. 
  • Hall, John; Neitz, Mary Jo; Battani, Marshall (2003) Sociology on Culture. London: Routledge. ISBN 978-0-415-28484-4. 
  • Isidore of Seville (2006). The Etymologies of Isidore of Seville, translated with introduction and notes by Stephen A. Barney, W. J. Lewis, J. A. Beach, and Oliver Berghof, with the collaboration of Muriel Hall, Cambridge and New York: Cambridge University Press.. ISBN 978-0-521-83749-1. 
  • Kholopov, Yuri (2003). Гармония. Теоретический курс (Harmony: A Theoretical Course), second edition. Moscow; Saint Petersburg: Lan'. ISBN 5-8114-0516-2.
  • Kilmer, Anne Draffkorn (1965). „The Strings of Musical Instruments: Their Names, Numbers, and Significance“. In Güterbock, Hans G.; Jacobsen, Thorkild (eds.). Studies in Honor of Benno Landsberger on His Seventy-fifth Birthday, April 21, 1965. Assyriological Studies 16. Chicago: University of Chicago Press. pp. 261–68.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Kilmer, Anne Draffkorn; Civil, Miguel (1986). „Old Babylonian Musical Instructions Relating to Hymnody“. Journal of Cuneiform Studies. 38 (1): 94–98. doi:10.2307/1359953. JSTOR 1359953.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Krims, Adam (2001). Rap Music and the Poetics of Identity. Cambridge and New York: Cambridge University Press. 
  • Lindsay, Jennifer (1992). Javanese Gamelan. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-588582-1. 
  • McNaught, W. G. (January 1893). „The History and Uses of the Sol-fa Syllables“. Proceedings of the Musical Association. 19: 35–51. doi:10.1093/jrma/19.1.35. ISSN 0958-8442.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Middleton, Richard (1990). Studying Popular Music. Philadelphia: Open University Press. ISBN 0-335-15275-9. 
  • Murray, Chris (1994). Dictionary of the Arts. New York: Facts on File. ISBN 978-0-8160-3205-1. 
  • Myers, Gregory (1998). „The medieval Russian Kondakar and the choirbook from Kastoria: a palaeographic study in Byzantine and Slavic musical relations“. Plainsong and Medieval Music. 7 (1): 21–46. doi:10.1017/S0961137100001406.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Otten, J. (1910). „Guido of Arezzo“. The Catholic Encyclopedia. New York: Robert Appleton Company. ციტირების თარიღი: 30 May 2010.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Pierce, Brent (1973). New Choral Notation (A Handbook). New York: Walton Music Corporation. 
  • Rochat, Jacques-Daniel (2018). Dodeka: la révolution musicale (fr). Chexbres: Crea 7. ISBN 9782970127505. OCLC 1078658738. 
  • Schneider, Albrecht (1987). „Musik, Sound, Sprache, Schrift: Transkription und Notation in der Vergleichenden Musikwissenschaft und Musikethnologie“ [Music, sound, language, writing: Transcription and notation in comparative musicology and music ethnology]. Zeitschrift für Semiotik (გერმანული). 9 (3–4): 317–43.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Sotorrio, José A. (1997). Bilinear Music Notation: A New Notation System for the Modern Musician. Spectral Music. ISBN 978-0-9548498-2-5. 
  • Tagg, Philip (1979). Kojak—50 Seconds of Television Music: Toward the Analysis of Affect in Popular Music, Skrifter från Musikvetenskapliga Institutionen, Göteborg 2. Göteborg: Musikvetenskapliga Institutionen, Göteborgs Universitet. ISBN 91-7222-235-2.  English translation of "Kojak—50 sekunders tv-musik".
  • Touma, Habib Hassan (1996). The Music of the Arabs, new expanded, Portland, Oregon: Amadeus Press. ISBN 0-931340-88-8. 
  • Toussaint, Godfried (2004). A Comparison of Rhythmic Similarity Measures, Technical Report SOCS-TR-2004.6. Montréal: School of Computer Science, McGill University. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2020.  დაარქივებული 7 July 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  • West, Martin Litchfield (May 1994). „The Babylonian Musical Notation and the Hurrian Melodic Texts“. Music & Letters. 75 (2): 161–179. doi:10.1093/ml/75.2.161.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Widdess, D. R (1979). „The Kudumiyamalai inscription: a source of early Indian music in notation“. Musica Asiatica. Oxford University Press. 2: 115–150.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Williams, Charles Francis Abdy (1903). The Story of Notation. New York: Charles Scribner's Sons. 
  • (2007) Hispania Vetus: Musical-Liturgical Manuscripts from Visigothic Origins to the Franco-Roman Transition (9th–12th Centuries), Foreword by Anscario M Mundó, Bilbao: Fundación BBVA. ISBN 978-84-96515-50-5. 
  • (2004) ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. II, ნაკვეთი II. 
  • ონიანი, ე. (2007). „ქართული ნევმური სისტემა“. გაზეთი „ქართული გალობა“. №9.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • თოფურია, თ. (2019). „ქართული ნევმები - ძველი „ნოტები“, რომელსაც ვერავინ შიფრავს“. რადიო თავისუფლება.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]