შინაარსზე გადასვლა

მედეა ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაფარიძე.
მედეა ჯაფარიძე
დაბადების სახელი მედეა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1923
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 1994 (71 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) რეზო თაბუკაშვილი

მედეა ვალერიანის ასული ჯაფარიძე (დ. 20 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 31 მარტი, 1994, იქვე) — კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1950), თბილისის საპატიო მოქალაქე (1988). მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ თაბუკაშვილის მეუღლე.

1939 წელს დაამთავრა თბილისის VIII საშუალო სკოლა. ორი წელი მუშაობდა ნაძალადევის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური შემოქმედების თეატრში. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში ისმენდა გიორგი ტოვსტონოგოვის ლექციების კურსს მსახიობის ოსტატობაში. მოგვიანებით მივლინებული იყო მოსკოვში, ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიაში. აქ იგი რეჟისორმა ი. ზავადსკიმ მიიწვია „მოსსოვეტის“ თეატრში, სადაც რუსულ ენაზე შეასრულა კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში „კეისარი და კლეოპატრა“. სულ მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მთელი ცხოვრება ქართულ კინო-თეატრს მოახმარა.

კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში. მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხაილ ლერმონტოვის „მასკარადი“), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „რიჩარდ III“), ჭრიჭინა (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მარტა (კასონას „ხეები ზეზეულად ხმებიან“), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), გულქანი (პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დედა (ლაშა თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“) და სხვა.

1950 წელს როლისთვის კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ დაჯილდოვდა სტალინის პრემიით. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1950: საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1951: სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმში „ჯურღაის ფარში“ დედოფლისა და ეთერის როლების შესრულებისათვის
  • 1976: წლის საუკეთესო მსახიობი ქალი, ფილმში „მზე შემოდგომისა“ ეკას როლის შესრულებისათვის
  • 1988: თბილისის საპატიო მოქალაქე
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 428, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: