გიორგი ტოვსტონოგოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ტოვსტონოგოვი

გიორგი ტოვსტონოგოვი რეპეტიციაზე
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1915 (1915-09-28) (108 წლის)
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 23 მაისი, 1989 (73 წლის)
ლენინგრადი
საქმიანობა რეჟისორი
მეუღლე(ები) სალომე ყანჩელი,
ინა კონდრატიევა

გიორგი ტოვსტონოგოვი (რუს. Гео́ргий Алекса́ндрович Товстоно́гов; დ. 28 სექტემბერი, 1915, თბილისი — გ. 23 მაისი, 1989, ლენინგრადი) — საბჭოთა რეჟისორი და პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1968), პროფესორი. სსრკ სახალხო არტისტი (1957). სოციალისტური შრომის გმირი (1983). ლენინური პრემიის (1958), ორი სტალინური პრემიისა (1950, 1952) და ორი სსრკ სახელმწიფო პრემიის (1968, 1978) ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1983).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიისა და ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტები. 1931 წელს სცენური მოღვაწეობა დაიწყო, როგორც მსახიობმა, თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში. 1938-1946 წლებში მოღვაწეობდა თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ თეატრში, სადაც დადგა სერგო ნაიდიონოვის „ვანიუშინის შვილები“, ნიკოლოზ პოგოდინის „კრემლის კურანტები“, ლილიან ჰელმანის „მელიები“. პარალელურად მოღვაწეობდა პედაგოგად საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. მისი საუკეთესო მოწაფე იყო მიხეილ თუმანიშვილი. 1946-1949 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო თეატრში. 1950-1956 წლებში ლენინგრადის ლენინური კომკავშირის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ლენინგრადის დიდ აკადემიურ დრამატულ თეატრს (გარდაცვალების შემდეგ ეწოდა მისი სახელი). მისი სპექტაკლები გამოირჩეოდა ფორმის სიმკვეთრით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ნაწარმოების ღრმა ფსიქოლოგიური წვდომით. მისი ხელოვნება ათეული წლების მანძილზე მსოფლიო თეატრალური ხელოვნების ყურადღების ცენტრში იყო. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან გამოირჩევა ვსევოლოდ ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია“, ალექსანდრე ვოლოდინის „ჩემი უფროსი და“, „ხუთი საღამო“, გილერმე ფიგეირედოს „მელა და ყურძენი“, ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“, თედორე დოსტოევსკის „იდიოტი“, ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“, ლევ ტოლსტოის „ცხენის ისტორია“ და სხვა. თბილისში არის გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა.

გიორგი ტოვსტონოგოვი 1964 წელს აირჩიეს რუსეთის ფედერაციის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრეზიდიუმის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. იყო სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი (1966, 1970).

გიორგი ტოვსტონოგოვი გარდაიცვალა 1989 წლის 23 მაისს, გულის შეტევით. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრის ტიხვინის სასაფლაოზე, ხელოვნების ოსტატთა ნეკროპოლში.

გიორგი ტოვსტონოგოვის საფლავი

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]