შინაარსზე გადასვლა

ილარიონ ტალახაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილარიონ (ვალიკო) ილარიონის ძე ტალახაძე (დ. 1894 — გ. 1974) — ქართველი ბოლშევიკი პოლიტიკური და სახელმწიფო ფუნქციონერი, იურისტი.

ილარიონ ტალახაძე დაიბადა 1894 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ჩიხაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სოფლის დაწყებითი სკოლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში. 1914 წელს გაიწვიეს არმიაში, სადაც 1917 წლამდე მსახურობდა. 1918 წელს მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ბოლშევიკების მიერ მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლაში საჩხერეში. 1918-1919 წლებში დაპატიმრებული იყო. 1920-1921 წლებში იყო დაღესტნის ასსრ საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარე. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში, სადაც დაინიშნა სამხედრო-რევოლუციური ტრიბუნალის თავმჯდომარედ. 1921-1922 წლებში სამხედრო-საზღვაო შტაბის კომისარია. 1922-1924 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ. 1926 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს პროკურორია. 1928-1931 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 1933-1936 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულეტეტის დეკანი, 1936-1946 — საქართველოს სსრ პროკურორი.

ტალახაძის მუშაობა საქართველოში სახვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე შეფასებულია უარყოფითად. აქტიურად იბრძოდა 1924 წელს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩასახშობად[1]. 1924 წლის 30 აგვისტოს დილის 3 საათზე პირველი ვაგონიდან პატიმრები გადმოიყვანეს, ორმოს გასწვრივ გაამწკვრივეს და იაპონური ტყვიამფრქვევებიდან უკლებლივ ყველანი ჩაცხილეს. დახვრეტის დროს, მათმა ღრიალმა: „რას გვერჩით, რა დაგვიშავებია!“ და ტყვიამფრქვევების კაკანმა დანარჩენ ვაგონებში მყოფი ადამიანები „საქმის კურსში“ ჩააყენა. მათ უარი თქვეს ვაგონებიდან გადმოსვლაზე. ვაგონებში ასვლა კი საშიში იყო, არადა თენდებოდა. „საქმე“ კი გათენებამდე უნდა მომთავრებულიყო. ასეთ „კრიტიკულ“ სიტუაციაში ქუთაისის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ, ილარიონ ტალახაძემ „მახვილგონიერება“ გამოიჩინა, მან წამოაყენა წინადადება, ყველა პატიმარი ვაგონეშივე ჩაეცხრილათ. ამ ინიციატივის აღსრულება შორაპნის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ დომენტი მშვენიერაძემ და შორაპნის კომკავშირის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარემ ძიძიგურმა იკისრეს. რკინიგზაზე მდგარ ხუთივე ვაგონში მყოფი პატიმრები ტყვიამფრქვევებით ვაგონებშივე ჩაცხრილეს. ვაგონებში დახვრეტილ 96 ადამიანს მოგვიანებით სხვებიც დაემატნენ და მთლიანობაში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა რაოდენობამ 171 მიაღწია[2].

1937 წლის ნკვდს-ის № 00447 ბრძანების თანახმად, იგი შედიოდა ე.წ. „სამეულში“ და წარმოადგენდა საქართველოს სსრში მომხდარი დიდი წმენდის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]