შინაარსზე გადასვლა

დომენტი მშვენიერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დომენტი მელიტონის ძე მშვენიერაძე (დ. 23 მარტი, 1902, ზესტაფონი — გ. 17 ნოემბერი, 1969, თბილისი) — ქართველი პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.

საშუალო განათლება მიიღო ქუთაისისა და ზესტაფონის გიმნაზიებში, ხოლო 1923 წელს ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მაგრამ კურსი არ დაუსრულებია, დაბრუნდა სამშობლოში და ერთხანს იყო სხვადასხვა პარტიულ და საბჭოთა თანამდებობაზე.

1924 წელს აქტიურად იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩასახშობად. 30 აგვისტოს აჯანყებულთა ნაწილი ვაგონებიდან გამოიყვანეს, ორმოს გასწვრივ დააყენეს და ტყვიამფრქვევით ჩაცხრილეს, ნაწილი კი ქუთაისის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის, ილარიონ ტალახაძის წინადადებით, შორაპნის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე დომენტი მშვენიერაძემ და შორაპნის კომკავშირის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარე ძიძიგურმა ტყვიამფრქვევით დახვრიტეს. სოფელ არგვეთაში ჩეკისტების მახვილს ემსხვერპლა 96 აჯანყებული[1].

1930 წელს დაამთავრა მოსკოვის სატრანსპორტო საინჟინრო ინსტიტუტი და ჩამოვიდა საქართველოში. მუშაობა დაიწყო ჯერ რკინიგზაზე, შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტში, კითხულობდა „ხიდების“ კურსს, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა ტრანსპორტისა და მრეწველობის ეკონომიკას.

თბილისში ორი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების შემდეგ დ. მშვენიერაძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ფუძე-საძირკვლებისა და გრუნტების მექანიკის კათედრა, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. პარალელურად მუშაობდა საქართველოს ჰიდრონაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ერთხანს მისი დირექტორიც იყო, შემდეგ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე ეწეოდა პრაქტიკულ საქმიანობას.

მეცნიერმა შექმნა 70-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის ოცი სახელმძღვანელო და მონოგრაფიაა. თეორიულად დაამუშავა, პრაქტიკულად შეისწავლა და წარმოებაში დასანერგად მოამზადა ახალი ტიპის ხიმინჯოვანი საძირკვლები. დ. მშვენიერაძის ნაშრომი ქართული საფორტიფიკაციო მშენებლობის საკითხებზე, მნიშვნელოვანი გამოკვლევაა სამშენებლო ტექნიკის დარგში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ასევე ქართული სამშენებლო ტერმინოლოგიის დამუშავების საქმეში. დაჯილდოვებული იყო წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მასთანვეა დაკრძალული მისი მეუღლე — ოლღა ვიქტორის ასული გაჩეჩილაძე (დ. 30 მაისი, 1906, ზესტაფონი — გ. 2 ოქტომბერი, 1977, თბილისი).

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 283, თბ., 1994