არადუ
არადუ[1] (აფხ. Араду) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: არადუ, ცაგერა). ზღვის დონიდან 40 მ. ოჩამჩირიდან 6 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთით არადუს ესაზღვრება სოფლები მოქვი და კოჩარა, აღმოსავლეთით — მერკულა მდ. მოქვზე, სამხრეთით არადუს ტერიტორია გადის შავ ზღვაზე, ხოლო დასავლეთით ესაზღვრება სოფლებს ტამიშსა და ლაბრას.
1989 წლის აღწერის მონაცემებით არადუს მოსახლეობა 2959 ადამიანს შეადგენდა. ამჟამად ეთნიკური უმრავლესობა აფხაზებია.
XIX საუკუნეში სოფელი მოქვის სოფლის საბჭოს ეკუთვნოდა. 1886 წლის აღწერით არადუში 344 მართლმადიდებელი ქრისტიანი და 11 მაჰმადიანი-შიიტი ცხოვრობდა. ჩამომავლობით არადუში 20 თავადი, 21 აზნაური და 314 გლეხი სახლობდა.
სტალინის პერიოდში არადუს მახლობლად ჩნდება ჩამოსახლებულთა დასახლება ცაგერა, სადაც ლეჩხუმის ცაგერის მუნიციპალიტეტიდან გადმოსახლებული გლეხები დასახლდნენ. მეგრელები ამ არემარეში XX საუკუნის დასაწყისიდან სახლობდნენ.
1990-იანი წლებისთვის სოფლის აფხაზური მოსახლეობა მეტწილად ასიმილირებული იყო. არადუ, ისევე როგორც ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ბევრი სხვა ზღვისპირა სოფელი აფხაზურ-ქართული კონფლიქტის პერიოდში ქართველთა კონტროლს ქვეშ იყო. ომის შემდეგ სოფელი ქართულმა მოსახლეობამ დატოვა. დასახლება ცაგერა სრულიად განადგურდა (განადგურებულია 820 საცხოვრებელი სახლი), ასევე დიდწილად განადგურდა თავად არადუ (განადგურებულია 710 საცხოვრებელი სახლი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 184.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.