ჯეკ ნიკოლსონი
| ჯეკ ნიკოლსონი Jack Nicholson |
|
ჯეკ ნიკოლსონი (2010) |
|
| დაბადების სახელი | ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონი |
| დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
| დაიბადა | 22 აპრილი, 1937 |
| საქმიანობა | მსახიობი რეჟისორი |
| შემოქმედების წლები | 1958–დღემდე |
| მეუღლე(ები) | სანდრა ნაიტი (1962–68) |
ჯონ ჯოზეფ „ჯეკ“ ნიკოლსონი (ინგლ. Jack Nicholson; დ. 22 აპრილი, 1937) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მწერალი, ე.წ. „მეთოდური შესრულების“ სკოლის მსახიობი, ცნობილი ნევროტული ხასიათების ბნელი, კომედიური პორტრეტებით. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე თორმეტჯერ იყო ნომინირებული (გაიმარჯვა 3-ჯერ), რაც ნემისმიერ სხვა მამაკაც მსახიობზე მეტია, და ჩამორჩება მხოლოდ მერილ სტრიპს (13 ნომინაციიდან 2 ოსკარი) საერთო ნომინაციებით. მას ასევე მიღებული აქვს 7 ოქროს გლობუსი და კენედის ცენტრის პრემია 2001 წელს.
1994 წელს გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც მიენიჭა ამერიკის კინოაკადემიის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისათვის. ჯეკ ნიკოლსონმა მონაწილეობა მიიღო ცნობილ კინოფილმებში: „ხუთი იოლი პიესა“, „ჩინური კვარტალი“, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“, „წითლები“, „სინაზის ენა“, „ბეტმენი“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „ჰოფა“, „მგელი“, „უკეთესი არ არსებობს“, „შმიდტის შესახებ“, „სიყვარული წესების მიხედვით და მათ გარეშეც“ და „ორმაგი თამაში“.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ჯეკ ნიკოლსონი დაიბადა 1937 წლის 22 აპრილს, ნიუ-იორკში, მოცეკვავის ჯუნ ფრენსის ნიკოლსონის (სასცენო სახელი ჯუნ ნილსონი) ოჯახში.[1][2] ბავშვის დაბადებიდან ექვსი თვით ადრე, კერძოდ 1936 წლის 16 ოქტომბერს ჯუნ ნილსონი ცოლად გაყვა იტალო-ამერიკელ მოცეკვავეს დონალდ ფურჩილოს (სასცენო სახელი დონალდ როუზი),[3] რომელიც უკვე დაქორწინებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს იგი შეპირდა ბავშვის აღზრდას, ჯუნის დედამ — ეთელმა თვითონ გადაწყვიტა ბავშვზე მზრუნველობა, ხოლო ჯუნს ამით საშუალება მისცა გაეგრძელებინა თავისი საცეკვაო კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკის მამად ფურჩილოა მიჩნეული, ბიოგრაფი პატრიკ მაკჯილიგენი თავის წიგნში „ჯეკის ცხოვრება“ ამტკიცებს, რომ ჯეკ ნიკოლსონის ბიოლოგიური მამა შესაძლოა ყოფილიყო ჯუნის მენეჯერი ლატვიური წარმოშობის ედი კინგი.[4] სხვა წყაროების მიხედვით, ჯუნმა თვითონაც არ იცოდა ჯეკის ნამდვილი ბიოლოგიური მამის ვინაობა.[1] ჯეკ ნიკოლსონის დედა იყო ირლანდიური, ინგლისური და ჰოლანდიური წარმოშობის,[5] თუმცა საკუთრივ ჯეკი და მისი ოჯახი ირწმუნებიან, რომ ისინი ირლანდიური წარმოშობისა არიან.[6][7]
ჯეკ ნიკოლსონი აღიზარდა ბაბუამისის – ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონისა (უნივერმაგის ფანჯრების მომრთველის) და ეთელ მეის (სტილისტის, კოსმეტოლოგისა და მოყვარული მხატვრის) სახლში. ჯეკ ნიკოლსონი ფიქრობდა, რომ ისინი მისი მშობლები არიან. იმის შესახებ, რომ მისი მშობლები სინამდვილეში არ იყვნენ ბებია და ბაბუა, ხოლო და კი სინამდვილეში იყო დედა, მან მხოლოდ 1974 წელს გაიგო, ტაიმის ჟურნალისტისგან, რომელიც მასზე სტატიას წერდა.[8] იმ დროისათვის ჯეკის ბაბუა და ბებია გარდაცვლილები იყვნენ (შესაბამისად 1963 და 1970 წლებში).
ნიკოლსონის თქმით, მან არ იცის ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა, ხოლო სიმართლე მხოლოდ ეთელმა და ჯუნმა იცოდნენ, თუმცა ამის შესახებ ისინი არავისთან არ საუბრობდნენ.[8]
ნიკოლსონი გაიზარდა ნეპტუნ-სიტიში.[9] აღზარდეს კათოლიკური ეკლესიის მიხედვით.[5][6]. მანამ სანამ სკოლაში დაიწყო სიარული, მისი ოჯახი დაბინავდა სპრინგ-ლეიკში (ნიუ-ჯერსი).[10][11] „ნიკი“, როგორც მას სკოლის მეგობრები ეძახდნენ, ხშირად სტუმრობდა მანასქუანის საშუალო სკოლას, სადაც 1954 წლის გამოშვებაზე იგი „კლასის კლოუნად“ ამოირჩიეს. თეატრალურ და დრამატულ პრემიებს სკოლაში პატივისცემის მიზნით მის სახელს არქმევდნენ.
[რედაქტირება] კარიერა
როდესაც ჯეკ ნიკოლსონი პირველად მოხვდა ჰოლივუდში იგი კურიერად მუშაობდა უილიამ ჰანასთან და ჯოზეფ ბარბერასთან MGM-ის ანიმაციურ სტუდიაში. იქ მუშაობისას ნიკოლსონს შესთავაზეს დაწყებითი მხატვარ მულტიპლიკატორის თანამდებობა, თუმცა ნიკოლსონმა უარი განაცხდა, რამეთუ მას მხოლოდ მსახიობობა სურდა.[12] კინოში მისი დებიუტი შედგა მცირებიუჯეტიან დრამაში, სახელწოდებით „მტირალა მკვლელი“ (1958), სადაც შეასრულა მთავარი როლი. 1960 წელს როლი მიიღო როჯერ კორმანის ფილმში „საშინელებათა პატარა მაღაზია“, სადაც შეასრულა მაზოხისტის როლი. 1963 წელს როჯერ კორმანმა ისევ მისცა ნიკოლსონს როლი კინოში. ამჯერად მსახიობს როლი ხვდა ფილმში „ყორანი“. იმავე წელსვე როლი მიიღო ფილმში „შიში“, სადაც მასთან ერთად ითამაშა მისმა მომავალმა მეუღლემ სანდრა ნაიტმა.
რამდენადაც მის სამსახიობო კარიერაში პერსპექტივები არ შეიმჩნეოდა, ნიკოლსონმა თითქმის თავი ბოლომდე მიუძღვნა სამუშაოს კამერის მიღმა – სცენარისტად და რეჟისორად. პირველი წარმატება ხვდა წილად 1967 წელს, როდესაც გამოვიდა ფილმი „ტრიპი“, რომლის სცენარის ავტორი ნიკოლსონი იყო. ფილმში მთავარი როლები შეასრულეს ჰენრი ფონდამ და დენის ჰოპერმა. ერთი წლის შემდეგ ნიკოლსონმა პროდიუსირება გასწია ფილმისთვის „თავი“, სადაც ითამაშეს პოპ როკის ჯგუფის წევრებმა The Monkees. ჰენრი ფონდამ, დენის ჰოპერმა და ჯეკ ნიკოლსონმა თავი მოიყარეს ერთად 1969 წელს, როდესაც მათ მოუწიათ თამაში ფილმში „უდარდელი მხედარი“. ნიკოლსონმა შეასრულა ჯორჯ ჰენსონის როლი და ეს იყო მისი პირველი მნიშვნელოვანი გარღვევა კინოში. ამ როლისთვის კარიერაში პირველად წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე. ერთი წლის შემდეგ ნიკოლსონი ისევ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე. ამჯერად საუკეთესო მსახიობის ჯილდო ნიკოლსონს ხვდა წილად ფილმ „ხუთი მსუბუქი პიესა“-ში შესრულებული როლისთვის.
ჯეკ ნიკოლსონის კანდიდატურა განიხილებოდა ფილმისთვის „ეგზორცისტი“, თუმცა დემიენ კარასის როლზე მსახიობი ჯეისონ მილერი დაამტკიცეს. 1970-იან წწ. პირველ ნახევარში ნიკოლსონის კინოროლებიდან აღსანიშნავია: „სხეულის შემეცნება“, „პროფესია: რეპორტიორი“, „უკანასკნელი რაზმი“, „ჩინური კვარტალი“. ამ ორ უკანასკნელ ფილმში შესრულებული როლისთვის ნიკოლსონი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე. ნიკოლსონი მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა რომან პოლანსკის მეუღლესთან შერონ ტეიტთან, რომელიც ჩარლზ მენსონის მსხვერპლი გახდა. შერონ ტეიტის გარდაცვალების შემდეგ ჯეკი პოლანსკის მხარში ამოუდგა და ამხნევებდა მას.[13][14]
1975 წელს ნიკოლსონმა მიიღო თავისი პირველი ოსკარი მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. ჯეკმა განასახიერა რენდლი მაკმერფის როლი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება. 1976 წელს პატარა როლი მიიღო ფილმში „უკანასკნელი მაგნატი“, სადაც მთავარი როლი იმდროს ახალგაზრდა რობერტ დე ნირომ შეასრულა.
ჯეკ ნიკოლსონმა რიგით მეორე ოსკარი მიიღო 1983 წელს შესრულებული როლისთვის ფილმში „სინაზის ენა“, რომლის რეჟისორი გახლდათ ჯეიმს ბრუქსი. ნიკოლსონი აგრძელებდა კინემატოგრაფში ნაყოფიერ მოღვაწეობას. 1980-იანი წწ. ფილმებიდან მნიშვნელოვანია: „ნათება“, „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“, „სინაზის ენა“, „პრიცის ოჯახის ღირსება“, „ისტვიკელი ალქაჯები“, „ბეტმენი“ და სხვ. ფილმ „ბეტმენის“ შემდეგ 1996 წელს ნიკოლსონი ისევ თანამშრომლობს რეჟისორ ტიმ ბარტონთან, ამჯერად ჯეკმა როლი მიიღო ფანტასტიკურ კომედიაში „მარსი გვიტევს!“. მორიგი ოსკარის პრემია ნიკოსლონს მიენიჭა 1997 წელს შესრულებული როლისთვის ფილმში „უკეთესი არ არსებობს“, სადაც მას პარტნიორობა გაუწია ჰელენ ჰანტმა. რეჟისორი ჯეიმზ ბრუქსი. 2002 წელს გამოდის ფილმი „შმიდტის შესახებ“, სადაც ნიკოლსონი მორიგ ოსკარის ნომინაციაზე წარადგინეს.
2006 წელს ნიკოლსონი დაუბრუნდა თავის სამსახიობო „ბნელ მხარეს“ ირლანდიელი მაფიოზის ფრენკ კასტელოს როლში ოსკაროსან ფილმში „ორმაგი თამაში“, სადაც თავი მოიყარეს ჰოლივუდის მსახიობებმა მეტ დეიმონმა, ლეონარდო დიკაპრიომ, მარკ უოლბერგმა და სხვ.
ნიკოლსონის ბოლო წლების ნამუშევრებიდან მნიშვნელოვანია კინოფილმები: „სიყვარული წესების მიხედვით და მათ გარეშეც“, „ორმაგი თამაში“, „სანამ არ მოკვდი“ და სხვ. ამ უკანასკნელ ფილმში თამაში მოუწია ჰოლივუდის ვარსკვლავთან მორგან ფრიმენთან.
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
ჯეკ ნიკოსლონი სხვადასხვა დროს რომანტიულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობებთან და მოდელებთან, მათ შორის იყვნენ: მიშელ ფილიპსი, ბებე ბუელი და ლარა ფინ ბოილი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (1973-1989 წწ.) ნიკოლსონი ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ ანჟელიკა ჰიუსტონთან.
რამდენიმე წლის განმავლობაში ჯეკ ნიკოლსონი და მარლონ ბრანდო მეზობლად ცხოვრობდნენ მალჰოლანდ დრაივზე. ბრანდოს გარდაცვალების შემდეგ ჯეკმა შეისყიდა მეზობლის საკუთარი სახლი $6.1 მლნ. დოლარად. სიახლოვეს ცხოვრობდა აგრეთვე მსახიობი უორენ ბიტი. ნიკოლსონი მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ჟურნალისტ ჰანტერ თომპსონთან.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
| წელი | სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 1958 | მტირალა მკვლელი | ჯიმი უოლესი | |
| 1960 | გვიანია სიყვარულისთვის | ბადი | |
| 1960 | ბედნიერი გასეირნება | ჯონი ვერონი | |
| 1960 | საშინელებათა პატარა მაღაზია | უილბურ ფორსი | |
| 1960 | სტადს ლონიგანი | უირი რაილი | |
| 1962 | გარღვეული მიწა | უილ ბროშესი | |
| 1963 | შიში | ანდრე დიუვალიე | ასევე ტიტრებში როგორც რეჟისორი |
| 1963 | ყორანი | რექსფორდ ბედლოუ | |
| 1964 | გაფრენა სიბრაზისკენ | ჯეი უიკჰემი | ასევე სცენარის ავტორი |
| 1964 | პულვერის ნიშანი | დოლანი | |
| 1964 | უკანა კარი ჯოჯოხეთისკენ | ბარნეტი | |
| 1965 | გაქცევა არსად | უესი | როგორც პროდიუსერი |
| 1966 | სროლა დამარცხებამდე | ბილი სპირი | როგორც პროდიუსერი |
| 1967 | ხოცვა წმინდა ვალენტინის დღეს | ჯინო | არ მოიხსენიება ტიტრებში |
| 1967 | ჯოჯოხეთის მოტო–ანგელოზები | პოეტი | |
| 1967 | ტრიპი | სცენარის ავტორი | |
| 1968 | ფსიქ –აუტი | სტოუნი | |
| 1968 | თავი | ჰიმსელფი | |
| 1969 | უდარდელი მხედარი | ჯორჯ ჰენსონი | |
| 1970 | ნათელ დღეს დაინახავ მარადიულობას | ტედ პრინგლი | |
| 1970 | სიწყნარის მეამბოხეები | ბანი | |
| 1970 | ხუთი იოლი პიესა | რობერტი | |
| 1971 | სხეულის შემეცნება | ჯონათან ფერსტი | |
| 1971 | უსაფრთხო ადგილი | მიტჩი | |
| 1971 | მან თქვა მგზავრობა | ||
| 1972 | მეფე მარვინ გარდენსი | დევიდ შტებლერი | |
| 1973 | უკანასკნელი რაზმი | ბილი ბადასკი | |
| 1974 | ჩინური კვარტალი | ჯ.ჯ. ჯეიკ გიტსი | |
| 1975 | იღბალი | ოსკარ სალივანი | |
| 1975 | ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა | რენდლი მაკმერფი | |
| 1975 | პროფესია: რეპორტიორი | დევიდ ლოკი | |
| 1975 | ტომი | სპეციალისტი | |
| 1976 | მისურის მოსახვევი | ტომ ლოგანი | |
| 1976 | უკანასკნელი მაგნატი | ბრაიმერი | |
| 1978 | სამხრეთისკენ | ჰენრი ლოიდ მუნი | ასევე რეჟისორი |
| 1980 | ნათება | ჯეკ ტორენსი | |
| 1981 | ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს | ფრენკ ჩამბერსი | |
| 1981 | რეგტაიმი | მეკობრე პლაჟზე | არ მოიხსენიება ტიტრებში |
| 1981 | წითლები | იუჯინ ო’ნილი | |
| 1982 | საზღვარი | ჩარლი სმითი | |
| 1983 | სინაზის ენა | გარეტ ბრიდლავი | |
| 1984 | ტაძრის სამრეკლოების შიში | ||
| 1985 | პრიცის ოჯახის ღირსება | ჩარლი პარტანა | |
| 1986 | ეჭვიანობა | მარკ ფორმანი | |
| 1987 | ისტვიკელი ალქაჯები | დერილ ვან ჰორნი | |
| 1987 | ტელეამბები | ბილ რორიჩი | |
| 1987 | ნარშავა | ფრენსის ფელანი | |
| 1989 | ბეტმენი | ჯოკერი | |
| 1990 | ორი ჯეიკი | ჯ.ჯ. „ჯეიკ“ გიტსი | ასევე როგორც პროდიუსერი/რეჟისორი |
| 1992 | მამაკაცური უსიამოვნებები | იუჯინ ერლ ექსლაინი/გერი ბლისი | |
| 1992 | რამდენიმე კარგი ბიჭი | ნათან ჯესეპი | |
| 1992 | ჰოფა | ჯიმი ჰოფა | |
| 1994 | მგელი | უილ რენდელი | |
| 1995 | პოლიციელი გზაჯვარედინზე | ფრედი გეილი | |
| 1996 | სისხლი და ღვინო | ალექს გეიტსი | |
| 1996 | საღამოს ვარსკვლავი | გარეტ ბრიდლავი | |
| 1996 | მარსი გვიტევს! | პრეზიდენტი ჯეიმზ დეილი / არტ ლენდი | |
| 1997 | უკეთესი არ არსებობს | მელვინ ადელი | |
| 2001 | დაპირება | ჯერი ბლეკი | |
| 2002 | შმიდტის შესახებ | უორენ შმიდტი | |
| 2003 | სიბრაზის მართვა | ბადი რაიდელი | |
| 2003 | სიყვარული წესების მიხედვით და მათ გარეშეც | ჰარი სენბორნი | |
| 2006 | ორმაგი თამაში | ფრენსის „ფრენკ“ კასტელო | |
| 2007 | სანამ არ მოკვდი | ედვარდ კოული | |
| 2010 | საიდან იცით? | ჩარლზ მედისონი | |
| 2011 | ამერიკანა | ედგარ ჯონსონი |
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) ჯეკ ნიკოლსონი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- ჯეკ ნიკოლსონი (ინგლისური)
- ჯეკ ნიკოლსონი (ინგლისური)
- ჯეკ ნიკოლსონი (ინგლისური)
- ჯეკ ნიკოლსონი (ინგლისური)
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Marx, Arthur (1995). On His Own Terms. Cigar Aficionado.
- ↑ Douglas, Edward (2004). Jack: The Great Seducer — The Life and Many Loves of Jack Nicholson. New York: Harper Collins, გვ. 14. ISBN 0060520477.
- ↑ Berliner, Eve. Marriage certificate of June Nilson and Donald Furcillo. Young Jack Nicholson: Auspicious Beginnings. Evesmag.com. 2001.
- ↑ McDougal, Dennis (October 2007). Five Easy Decades: How Jack Nicholson Became the Biggest Movie Star in Modern Times. Wiley, 8, 278 გვ.. ISBN 0471722464.
- ↑ 5.0 5.1 The Religious Affiliation of Jack Nicholson. Adherents.com (August 23, 2009).
- ↑ 6.0 6.1 'I Wasn't Inhibited by Anything'. Parade Magazine (December 4, 2007). წაკითხვის თარიღი: February 16, 2007.
- ↑ Ebert, Roger (November 27, 1983). Interview with Jack Nicholson. Chicago Sun-Times. წაკითხვის თარიღი: February 16, 2007.
- ↑ 8.0 8.1 ჯეკ ნიკოლსონის შესახებ: ჯეკ ნიკოლსონის ბიოგრაფია, ფაქტები
- ↑ McDougal, Dennis (October 2007). Five Easy Decades: How Jack Nicholson Became the Biggest Movie Star in Modern Times. Wiley, გვ. 7. ISBN 0471722464.
- ↑ McDougal, Dennis (October 2007). Five Easy Decades: How Jack Nicholson Became the Biggest Movie Star in Modern Times. Wiley, გვ. 16. ISBN 0471722464. "When Jack was ready for high school, the family moved once more-this time two miles (3 km) farther south to old-money Spring Lake, Jersey's so called Irish Riviera, where Ethel May set up her beauty parlor in a rambling duplex at 505 Mercer Avenue."
- ↑ Nicholson, Jack. "No Getting Away From NJ: Hollywood legend Jack Nicholson attempts to elucidate the definitive quality of New Jersey.", New Jersey Monthly, November 15, 2010. Accessed July 14, 2011. "I grew up on the Shore...in Neptune, Neptune City, Manasquan, and Spring Lake. Graduated from Manasquan [High School]. No offense to Atlantic City, but, where we grew up, we called it 'The Shore.'"
- ↑ McGilligan, P. Jack's Life. W.W. Norton & Company, 1994.
- ↑ Dunne, Dominick. “Murder Most Unforgettable“, Vanity Fair, April 2001. წაკითხვის თარიღი: January 28, 2009.
- ↑ McDougal, Dennis (2007). Five easy decades: how Jack Nicholson became the biggest movie star in modern times. John Wiley and Sons, 109–110 გვ..
|
|||||
|
|||||