შინაარსზე გადასვლა

სიონის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სიონი (ტაძარი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიონი.
თბილისის სიონი
სიონის ტაძარი — თბილისი
სიონის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′29″ ჩ. გ. 44°48′27″ ა. გ. / 41.69139° ჩ. გ. 44.80750° ა. გ. / 41.69139; 44.80750
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ძველი თბილისის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება თავდაპირველი ეკლესია – V-VI, დღევანდელი ნაგებობა XVII,XVIII,XIX საუკუნეები
დეტალები
სიონის ტაძარი
ტაძრის ინტერიერი

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, თბილისის სიონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩის №4–ში, ქ. თბილისის საკათედრო (საეპისკოპოსო) ტაძარი V საუკუნიდან დღემდე, ხოლო 1920 წლიდან საპატრიარქო ტაძარი.

სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის ადგილას მდგარი პირველი ეკლესია აქ ვახტანგ გორგასლის დროს უნდა ყოფილიყო აგებული, როგორც საეპისკოპოსო კათედრალური ტაძარი, ამას ადასტურებს ის, რომ დვინის საეკლესიო კრების ერთ-ერთი მონაწილე ყოფილა თბილისის ეპისკოპოსი ისააკი (სააკი). ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის დაჩისა (499-514) და ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის (514-599) დროსაც. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს (619-639) დროს, 620-იან წლებში. ტაძრის აღშენებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.

...შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერმე-კურაპალატადცა... და ტფილისი სამკვიდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერი და ნახევარსა ერისთავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე.

პლატონ იოსელიანის ცნობით, სიონის ტაძარი წლის განმავლობაში, 575–639 წლებში შენდებოდა. 1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” სიონის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ:

უპირველესი ტფილისსა შინა არის დიდი ეკკლესია გუმბათიანი სიონად წოდებული ყვითლის ქვითკირით და ყვითლის თლილის ქვით ნაშენი, სახელსა ზედა ყ˜დ წ˜ისა ღ˜ის მშობლის მიცვალებისასა, აგვისტოს იე-სა დღესა ზედა, რომლისაცა საფუძუჱლი დაზდუა მეფემან გურამ ბაგრატოვანმან წელსა ქ˜ესით 589-სა და მერმე შეასრულა ქურივმან ვინმე; და უკანასკნელ 41 მთავარმან საქართველო[ჲ]სამან ადარნასე სრულიად განაშვენა წელსა 631-სა, და მრავალგზის შემუსვრილ ესე მრავალგზის განაახლეს მეფეთა და უკანასკნელ შემუსვრილი განაახლა 94 მეფემან ვახტანგ მეექუსემან წელსა 1710-სა, სადაც აწ ზის ჩლენი უწმინდესისა და უმმართებელესისა სინოდისა, არხიეპისკოპოსი ექსარხი სრულიად საქართველოჲსა ევღენი. და ეკკლესია ესე არის საბოროდ და კათედრად საექსარხოსოდ დადებული. აქა დაფლულ არს სხეული წმინდისა ყ˜დ სამღუდელოჲსა იოანე მანგლელისა, გუაროვნებით სააკაძისა. აგვისტოს იე-სა დღესა ამას შინა მოვლენ სრულიად ტფილისში მცხოვრებნი ქართველნი და სომეხნიცა დღესასწაულობად... აქაცა მასავე ეკკლესიასა შინა სამჴრეთით მხარესა აქვს მიდგმული ქვით-კირით მიშენებული ადრით დროიდგან პატარა კამარაშეკრული ეგუტერი, რომელიცა სახელსა ზედა წმინდისა მთავარანგელოზისა მიხაილისსა და ყოველთა ზეცათა უხორცოთა ძალთა... დღესა ზედა თვისასა აკურთხა ეკკლესიად 1824-სა წელსა მაღალ ყ˜დუსამღუდელოესმან მიტროპოლიტმან იონამ.

1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა თბილისი აიღო. მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა იგი თვალს იმ მოწამეებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. გუმბათი, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს.

1386 წელს თემურლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა, რომელიც განაახლა ალექსანდრე I-მა. 1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. 1556 წელს ტაძარი კვლავ გაანადგურა შაჰ თამაზმა ხოლო 1616 წელს კი შაჰაბაზმა. ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმე გზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი და XIII საუკუნის ნაწილების შემცველი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სამხრეთი ეგვტერი 1657 წელს აღადგინა თბილელმა (ე.ი. თბილისის) მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა, რომელზეც მოწმობს წარწერა სამხრეთ ფასადზე:

ნებითა ღუთისათა და შეშევნითა სიონთა ღუთის-მშობლისათა, მე თფილელმან ელისე საგინაშვილმან, აღუაშენე გუმბათი ესე სიონისა, ორჯერ სამხრეები და კარისბჭე და დავხატე და შევამკე ყოვლითა სამკულითა. შენდობას იტყოდეთ ღუთის გულისათჳს ამინ. ქორინიკონ ტმე.

1668 წელს მიწისძვრამ ისევ დააზიანა ტაძარი. 1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. აღნიშნული დაფიქსირებულია ჩრდილოეთ ფასადზე წარწერის სახით.

მადიდებელი სამებისა, დავითიანი, ძმისწული სახელოვანისა მეფისა გიორგისა, და ძე დიდად პატიოსნისა ლევანისა, განმგებელი ქართლისა, ბატონიშვილი ვახტანგ, განმაახლებელი გუმბათით ლორფინ–საცვრით მონასტრისა ამის, სულისა მეფის ბიძის და მამისათა, დედისათვის და სულთა ჩემთა და მეუღლისა, ძისა და ასულთა აღსაზრდელად. ქრისტეს აქეთ ჩღი, ქორინიკონსა ტჟჱ.

1723 წელს კონსტანტინე II-მ კახთა მეფემ ლეკთა ჯარის დახმარებით დაამარცხა ვახტანგ VI და აიღო თბილისი, ლეკთა ლაშქარს ნება მისცა დახმარების სანაცვლოდ ერბიათ და ეთარეშათ თბილისში, რის შედეგადაც სიონის საყდარიც გატიალდა. იესე ტლაშაძეს ეს ამბავი ასე აქვს გალექსილი: ”...სიონის ხატი წაიღეს, არავინ იცის სადარი, დატყვევდა დეკანოზიცა, კაცი წმინდათა სადარი”. დღეს ”სიონის ღვთისმშობლად” წოდებული ხატი ძველის ასლია, დამზადებულია 1764 წელს მოსკოვში ვახტანგ VI–ის ძის გიორგის დაკვეთით. ხატის პერანგი XX საუკუნეში დაიკარგა.

1724 წელს თბილისს ოსმალები დაეპატრონნენ, ტაძარი კიდევ ერთხელ ააოხრეს. 1727 წელს თურქეთის სულთანმა ქართლის ვეზირს ისაყ–ფაშას სიონის ტაძრის მეჩეთად გადაკეთება უბრძანა. სასულიერო პირთა თხოვნით თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და ფაშასგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. 1740 წელს თბილელ მიტროპოლიტ ათანასეს (ამილახვარი) თაოსნობით მოეწყო სიონის ქონების აღწერა.

უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს სიონის საყდარში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა XVII საუკუნის კედლის მხატვრობა და კანკელი. 1804 წელს, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარი ხელახლა მოახატვინა.

სიონის ტაძარს უძველეს დროში, როგორც ამას წერს პლატონ იოსელიანი, სადიაკვნეში ჰქონია წმიდათა პეტრე–პავლეს ეკლესია, რომელიც პავლე ციციანოვის თხოვნით წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აკურთხეს. თუმცა, 1818 წელს მასში შეწყდა ღვთისმსახურება და ეს ფართი სეკლესიო ნივთების შესანახად გამოიყენეს. კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის გადაწყვეტილებით 1851-1855 წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა მისივე პროექტით აღადგინა კანკელი და სიონის ტაძარი ახლიდან მოხატა. 1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა. 1801 წლიდან სიონის ტაძარში ასვენია საქართველოში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I–ს მიერ დაბრუნებული წმიდა ნინოს ჯვარი, ტაძარში ასევე არის მადლის ქვა და წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისის ეკლესიებს მათი კუთვნილი ქონება ჩამოერთვათ, მათ შორის იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის ზარები, რომლებიც უკანასკნელად დაირეკა 1931 წლის 27 იანვარს, ნინოობას. ამავე წლის 5 თებერვალს ზარები სამრეკლოდან ჩამოაგდეს. 1978-1979 წლებში ტაძრის დასავლეთი ნაწილი ხელახლა მოიხატა ლ. ცუცქირიძის მიერ. უკანასკნელად ტაძარი 1983 წელს განახლდა. ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით გაკეთდა კანკელი. ახლად შემოსეს XIII საუკუნის ნაწილების შემცველი და XVII საუკუნეში ელისე თბილელის მიერ აღდგენილი სამხრეთი ეგვტერი, აშენდა ჩრდილოეთი ეგვტერი. 2001-2003 წლებში სიონის ტაძარს დასავლეთიდან მიუშენდა კარიბჭე. სიონის ტაძარში არაერთი ღირსშესანიშნავი საფლავია. გადმოცემით, ტაძარში დაკრძალულნი არიან მისი მაშენებლები ერისმთავრები გუარამი და ადარნასე. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთან მარმარილოს თეთრი ქვის ქვეშ ასვენია წმ. იოანე-მანგლელი ეპისკოპოსი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: წმინდა კირიონ II–ის, ლეონიდეს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის, ქრისტეფორე III-ის, კალისტრატეს, მელქისედეკ III-ის, ეფრემ II-ის, დავით V-ის საფლავებია. აქვე უნდა იყოს დაკრძალული პოეტი თბილელი მიტროპოლიტი იოსებ სააკაძე . წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი. დასავლეთ მკლავში-პოეტ ვახტანგ ორბელიანის საფლავია. ტაძარში ასევე დაკრძალულია რუსი ეგზარქოსი მოსე.

სიონის ტაძარი თავის გეგმით შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულიტიპის ნიმუშია. იგი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა, აღმოსავლეთით შვერილი წახნაგოვანი აფსიდებით. გუმბათი დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა. საკურთხევლის აქეთ-იქით ასევე აფსიდიანი დამატებითი სათავსებია. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდები ხუთწახნაგად არის შვერილი.

ტაძრის გეგმა, როგორც ჩანს, XII ს-ის შემდეგ არსებითად აღარ შეცვლილა. 1657 წლის აღდგენის დროინდელია მკლავების კამარები, აფრები და შეისრული გუმბათქვეშა თაღები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. მოყვითალო-ქვიშისფერი ტუფის ფილების საფასადო პერანგი მეტწილად XIX ს-ისაა, თუმცა შემორჩა უფრო ძველი მოპირკეთების ნაშთებიც, კერძოდ, ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, სადაც არის 1710 წლის წარწერა. წარწერის ირგვლივ რელიეფებია: ზემოთ - სოლარული სიმბოლო, გარდიგარდმო - ფასკუნჯების გამოსახულებები. სხვა ფასადები გლუვია, მხოლოდ სარკმლებს აქვს სადა საპირეები. შედარებით მდიდრულად არის გაფორმებული ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან, რომელსაც მოჩუქურთმებული თაღოვანი ჩარჩო აქვს. სამხრეთ დასავლეთ ფასადებზე სარკმლებს ზემოთ ორნამენტირებული ჯვრებია გაკეთებული.

გუმბათი მთლიანად 1710 წელს არის ამოყვანილი. ის გარედან თექვსმეტწახნაგაა. ყოველ წახნაგში თითო ვიწრო, მოჩუქურთმებულსაპირიანი საკმელია. დასავლეთ მხარეს ორ წახნაგზე გამოსახულია განედლებული ჯვარი და მიჯაწვული ლომი, ჩრდილოეთ მხარეს - წმ. მთავარანგელოზი და მაკურთხეველი წმინდანი წიგნით ხელში.

დასავლეთი ფასადი მოპირკეთებულია საქართველოს ეგზარხოსი იონას დროს.

სამხრეთით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის, ხოლო ჩრდილოეთით წმინდა ვახტანგ გორგასლის ეგვტერია. სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთით, ეზოში იდგა 1425 წელს აშენებული ორ იარუსიანი სამრეკლო, რომელიც დაინგრა 1795 წლის შემოსევის შედეგად. აღდგენილია 1950-იანწლებში. 1812 წელს აგურით ნაგები სამიარუსიანი სამრეკლო დგას ქუჩის მეორე მხარეს, ტაძრის დასავლეთით. იგი აშენდა პეტერბურგიდან გამოგზავნილი პროექტის მიხედვით და თბილისში რუსული კლასიციზმის პირველ ნიმუშს წარმოადგენს. სამრეკლოს ზარებისათვის დავით სარაჯიშვილმა მოსკოვიდან გამოიწერა 57 ფუთი ლითონი, ხოლო 102 ფუთი 1824 წელს მიტროპოლიტმა იონამ ეკლესიის ფულით შეიძინა. 1848 წელს მეფისნაც ვალმა მიხეილ ვორონცოვმა უფლება მისცა ძველი ზარბაზნები გადაედნოთ ზარებად.

1850 წელს მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გადაწყდა ტაძრის მხატვრობა რომელიც 1851-55 წლებში შესრულდა გრიგოლ გაგარინის მიერ. მხატვრობა შესრულებულია ცვილის საღებავებით, რომელთაც ზეთის საღებავებისაგან განსხვავებით მრავალი უპირატესობა გააჩნია. საყურადღებოა, რომ მასში დიდი ადგილი ეთმობა ქართველ წმინდანთა გამოსახულებებს. ტაძრის დასავლეთი ნაწილი 1978-79 წლებში ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ. საკურთხევლის წინ მდგომი კანკელი გაკეთდა 1980-იან წლებში ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით.

სიონის ტაძარში მრავალი ხატი თუ წმინდა ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი, ესაა სიონის ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი ძვირფასი პერანგით ვახტანგ მეექვსის შვილის, ბატონოშვილ გიორგი ბაგრატიონის და მისი მეუღლის მარიამ იაკობის ასულ დოლგორუკოვას დაკვეთით 1762 წელს დამზადდა და შემოსწირეს რუსეთიდან სიონის კათედრალს. იგი წარმოადგენს ასლს (პირს) სიონის ღვთისმშობლის ნამდვილი ხატისა. 1522 წელს შაჰ-ისმაილმა გაძარცვა ტაძარი, სიონის ღვთისმშობელს მოხსნა ძვირფასეულობა და გადააგდო მტკვარში. ჩაგდების ადგილიდან 4,5 კილომეტრის ქვემოთ, ეს ხატი მტკვრის მარცხენა ნაპირზე იპოვა კახელმა მწყემსმა და მიართვა კახეთის მეფეს ლეონ I-ს (1520-1574), რომელმაც შეამკო ძვირფასად და კვლავ დაასვენა სიონის ტაძარში. 1724 წელს ხატი გაძარცვა და მტკვარში ჩააგდო კახეთის მეფე კონსტანტინემ — მაჰმად ყული-ხანმა, რის შემდეგაც ხატი დაიკარგა. ამ ამბის გაგების შემდეგ, გიორგი ვახტანგის ძემ და მისმა მეუღლემ, მათ ხელთ არსებული ხატის ნამდვილი პირის მიხედვით დაამზადებინეს ეს ხატი და ძვირფასი პერანგით შემოსილი გამოუგზავნეს სიონის ტაძარს. 1795 წელს აღა მაჰმად-ხანის შემოსევისას ხატი დაღუპვას გადაარჩინა და თბილისიდან ზურგით გახიზნა სიონის ტაძრის ცნობილმა დეკანოზმა, მწიგნობარმა და კალიგრაფმა — იოანე ოსეშვილმა. ვინაიდან ხატი დიდძალი ძვირფასეულობით იყო შემკული, საბჭოთა პერიოდში ძვირფასი პერანგი მოხსნეს და გაიტაცეს. ხატი კვლავ ვერცხლის პერანგით შემკულ იქნა კათოლოკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

წმინდა ნინოს ჯვარი - სათაყვანებელი სრულიად საქართველოსი. დაბრძანებულია სიონის საკათედრო ტაძარში კანკელის ჩრდილოეთ მხარეს მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ნიშაში 1802 წლიდან, მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ალექსანდრემ თავისი მანიფესტი გამოსცა ქართლ-კახეთის შემოერთებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია წმინდა ნინოს ჭედური ვერცხლის ხატი (XVIII ს.), რომელიც თავდაპირველად წმინდა ნინოს ჯვრის სტავროთეკის (საჯვარის) სარქველი იყო, ხოლო პატრიარქმა კალისტრატემ მოხსნა და კანკელში ჩაასვენა, ასევე –კანკელის მაცხოვრის, ღვთისმშობლის, ნათლისმცემლისა და წმინდა ნიკოლოზის ხატები შემოწირული საქართველოს ეგზარხოს იონას მიერ.

ადრე სიონის საკათედრო ტაძარში ყოფილა ღვთისმშობლის ხატი რომელსაც რუსულად "Грузинская" ეძახდნენ. აღნიშნული ხატი დაიკარგა 1795 წელს.

სიონის ძველი სამრეკლო, 1425.

ტაძრიდან ათიოდ მეტრით ჩრდილოეთით დგას აგურის სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც აშენებულია მეფე ალექსანდრე I-ის მიერ 1425 წელს, რომლის ზედა იარუსი დაანგრიეს 1795 წელს. აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს დანგრეული შენობა 1939 წელს შეაკეთეს და თავიდან ააგეს ფანჩატური.

მეორე სამრეკო - შპილით დავირგვინებული მაღალი სამსართულიანი შენობა დგას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. ის აშენებულია 1812 წელს და თბილისის არქიტექტურაში კლასიციზმის ერთ-ერთ უადრეს ნიმუშს წარმოადგენს. აღნიშნული ნეოკლასიკური სამრეკლო აიგო ციციანოვის დროს მას შემდეგ რაც აღებული იქნა ციხე-ქალაქი განჯა, ნიშნად იმისა რომ აღა მახმად ხანის შემოსევის დროს თბილისის აღებაში საგრძნობი წვლილი მიუძღვოდათ განჯელებს.

ნეოკლასიკური სტილის სამრეკლო, 1812.
ვიკიციტატა
„Темъ не менее Цицианову, помимо Анненской ленты, пожалованъ былъ прямо орденъ Александра Невскаго, а за взятие Ганжи установлена особая серебрянная медаль. Что касается до пожалованныхъ денегъ, то нижние чины полностью пожертвовали ихъ въ Сионский соборъ на построику при немъ колокольни, какъ бы возмездие того, что найбольшая участие въ ея разрушении, при вторжении Ага-Магомет-шаха принемали Ганжицы.[1]

აღნიშნულ სამრეკლოზე ორი რუსული და ქართული წარწერაა.

ვიკიციტატა
„დროსა ალექსანდრე პირუჱლისა, იმპერატორისა ყოვლისა როსსიისა, აღშენდა უწმინდესის სინოდის ჩლენის მცხეთისა მიტროპოლიტისა, ქართლისა და კახეთისა და სრულიად საქართუჱლოჲსა ექსარხოსისა და კავალერისა ვარლაამ ქსნის ერისთჳს დავითის ძისაგან: წელსა ჩყიბ: ქორინიკონსა ფ: Въ царствование Александра Императора Всероссискагоб сооружена тщаниемъ Святеишаго Синода члена, митрополита Варлаама, Экзарха всея Грузии. 1812 года.“

1818 წელს ახალი სამრეკლოსთვის მოსკოვიდან ჩამოატანინეს ზარები რომლებიც ძმებმა დავით და მიხეილ სარაჯიშვილებმა შესწირეს ტაძარს. 1824 წელს ეგზარხოს იონას მიერ იქნა შეძენილი სხვა შედარებით დიდი ზარი, ხოლო 1848 წელს მიხეილ ვორონცოვმა სპეციალურად სიონისათვის ძველი ზარბაზნებისაგან ჩამოასხმევინა ყველაზე დიდი ზარი რომელიც 650 ფუთს იწონიდა.

სიონის ტაძარში ინახება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი. [დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის მცდარი მოსაზრებით სიონის საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაფლულია 550 წლის ახლოს მოწამებრივად აღსრულებული წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ წმინდა ევსტათის ნეშტი სვეტიცხოველში განისვენებს]. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთ კედელთან მარმარილოს თეთრი ქვის ქვეშ ასვენია წმ. იოანე მანგლელ ეპისკოპოსის (1666-1751) ნეშთი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ მეორის (1855-1918), ლეონიდეს (1861-1921), ამბროსის (1861-1927), ქრისტეფორეს (1873-1932), კალისტრატეს (1863-1952), მელქისედეკ III-ის (1872-1960), ეფრემ II-ის (1896-1972) და დავით V-ის (1903-1977) საფლავებია, დასავლეთ მკლავში - პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812-1890).

წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერში დაკრძალულია მისი განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი. სიონში აგრეთვე დაკრძალულნი არიან: ანა ბატონიშვილი - ვახტან VI-ის ქალიშვილი (1745); სოლომონი - ერეკლე II-ს შვილი (1765); დიმიტრი ორბელიანი (1784); თამარი ბატონიშვილი - ერეკლე II-ის ქალიშვილი (1786); იოანე ორბელიანი - "სჳნდისის ლოცუანი"-ს დამწერი (1794); დავით ორბელიანი - სახლთუხუცესი (1796); ნეკრესელი ეპისკოპოსი ამბროსი (1796); თბილელი მიტროპოლიტი ქრისტეფორე თუმანიშვილი (XVIII); ლუარსაბი - გიორგი XII-ის ჩვილი შვილი (XVIII); დეკანოზი იოანე (ოსეშვილი) (1801); სოფია ორბელიანი - ქსნის ერისთავ იასეს ქალიშვილი (1802); ნიკოლოზ ორბელიანი (1803); ივანე ლაზარევი - გენერალ-მაიორი (1803); პავლე ციციანოვი - საქართველოს მთავარმართებელი (1806); ზაალ ორბელიანი (1808); ბარბარე - გიორგი XII-ის ქალიშვილი (1814); თამაზ ორბელიანი - ერეკლე II-ის დისშვილი (1815); საქართველოს ექზარხოსი მოსე (1834); ქეთევან ორბელიანი (1852); გორის ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) (1859); თბილელი მთავარეპისკოპოსი ბარნაბა (1589); თბილელი მთავარეპისკოპოსი იოსები - დიდ-მოურავიანის დამწერი (1670); თბილელი მიტროპოლიტი დომენტი (ორბელიანი) (1727); თბილელი მიტროპოლიტი გერმანე (XVIII); თბილელი მიტროპოლიტი ეფრემი (XVIII); თბილელი მიტროპოლიტი არსენი (1812); თბილელი მთავარეპისკოპოსი პავლე (თარხნიშვილი) - მოკლული ბაზალეთის შეტაკებაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 379-380.
  • П. Иосселиани, «Описание древностей города Тифлиса», 1866
  • Ткемаладзе М., «Тифлисский Сионский кафедральный собор». 1904
  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 7-14
  1. Утверждение Русскаго владычество на кавказе 1901. Т.1