ანჩისხატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანჩისხატის ეკლესია
ანჩის მაცხოვრის ხატი, ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეეუმში.

ანჩისხატი — დარბაზული ტიპის სამნავიანი ქრისტიანული ტაძარი თბილისში.

ცნობები ტაძრის აგებაზე[რედაქტირება]

ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში “მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” ანჩისხატის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ტფილისსავე შინა არს ეკკლესია ღვთის მშობლის შობისა 8-სა დღესა ზედა სეკდემბრისა თთჳსასა, აღშენებული ძველადვე სასახლითურთ კათოლიკოსისა ბაბილისაგან წელსა 634-სა, მეტოქედ ანუ ფოდვერიად მცხეთით ტფილისად მოსრულთა კათოლიკოსთათჳს. თუმცა უგუმბათო სიონური, მაგრამ ქვით-კირით კეთილნაშენი და კმად დიდი, და აქვს მაგალითი გუმბათისა შუჱნიერი[1]...“

პლატონ იოსელიანიც იმავე მოსაზრებაზეა და წერს, რომ ძეგლი VII საუკუნის დასაწყისში აშენდა და იკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ბაბილა კათალიკოსის მიერ, რომელიც ადარნასეს დროს მოღვაწეობდა.

ვიკიციტატა
„Храм Анчисхатский, освещонный во имя Рождества Пресвятыя Богородицы. Построен грузинским Католикосом Вавилом в царствование Адарнаса. Он служил подворием для католикосов грузинских, которых местоприбывание было в Мцхете[2].“

გიორგი ჩუბინაშვილმა ძეგლი გეგმისა და ზოგიერთი ელემენტის საფუძველზე დაათარიღა VI საუკუნის დასაწყისით და გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი უნდა ყოფილიყო "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული VI საუკუნეში დაჩი უჯარმელის მეფობის დროს[3].

არქტიტექტურა[რედაქტირება]

ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. აფსიდი, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა). ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნამდე უცნობია. 1675 დომენტი III კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო. 1683 ეკლესია მოხატეს ნიკოლოზ კათოლიკოსის თაოსნობით. ერეკლე II-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს, 1814 ხელმეორედ მოხატეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში დააშენეს ყალბი გუმბათი და მიადგეს მრავალსართულიანი სამრეკლო. 1958-1964 სარემონრო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. ძეგლი ნაწილობრივ გათავისუფლდა დანამატებისაგან - მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე) და შენობას დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ე. იოსელიანი, “მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში”, 1837
  2. П. Иоселиани, "Описание древнестей города Тифлиса", 1866. გვ. 24.
  3. ანჩისხატის რესტავრაცია, ძეგლის მეგობარი, №. 7, გვ. 37, თბ., 1966 წელი