მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამადავითი.
მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია
მამადავითის მონასტერი და პანთეონი თბილისის სატელევიზიო კოშკიდან
ზვიად ავალიანის ფოტო

მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია — თბილისი
მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′44″ ჩ. გ. 44°47′20″ ა. გ. / 41.695806° ჩ. გ. 44.78889° ა. გ. / 41.695806; 44.78889
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ძველი თბილისის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი
დეტალები

მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესიათბილისში, მთაწმინდის შუაწელზე აღმართული გუმბათოვანი ტაძარი. თარიღდება 1859-1871 წლებით. თბილისის წმინდა მამა დავით გარეჯელის ეკლესია მდებარეობს მთაწმინდის ქუჩაზე.

ტაძრის აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთო ასახულობით ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს. ასეთია გუმბათის ყელი, მრავალწახნაგა სახურავი, შვერილი ნახევარწრიული აფსიდა, ფრონტონები და მათი გაფორმება, თუმცა ნაგებობა ეკლექტიკური ბუნებისაა და არ გამოირჩევა მაღალი არქიტექტურული ღირებულებებით.

ეკლესია აგურითაა ნაშენი. გარედან ჯვარგუმბათოვანი ფორმა აქვს, თუმცა, ეს სტრუქტურა ეფემერულია და არ აისახება ნაგებობის შიდა სივრცეში, როგორც ეს დამახასიათებელია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ტრადიციულ ჯვარგუმბათოვან ნაგებობათათვის. გარედან შენობა სადაა, დეკორატიული თაღები ამკობს მხოლოდ ფასადების გრძივი კედლების ზედა ნაწილებს. საკურთხევლის ნახევრადწრიულად შვერილ აბსიდზე შუა მრგვალი სარკმლის ქვეშ აგურის წყობაში ჩართულია მოწითალო ქვის მაღალი ჯვარი. ინტერიერის წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში მოწყობილია ხის პატრონიკე.

ტაძრის სიმაღლე 25,7 მეტრია, სიგრძე — 17,2, სიგანე — 10,7 მეტრი. შენობაში, მგალობელთა გუნდის ჩათვლით თავისუფლად ეტევა 400 კაცი. აგურით ნაშენი ტაძარი გარედან ტრადიციული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ფორმას იმეორებს, მაგრამ ინტერიერში მას გრძივი მკლავები არ აქვს, სივრცე ერთიანი და დაუნაწევრებელია. დასავლეთის მკლავში ხის პატრონიკეა განთავსებული. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. შენობა არ გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. მასში ქართული ორნამენტი ერთობ მიჩქმალულია, მაგრამ გუმბათს, ყელს, პირამიდულ სახურავს და გვერდითი ფასადის ფრონტონს ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ზედა ნაწილებს შემოუყვება დეკორატიული თაღედი და აბსიდის მრგვალი სარკმლის ქვეშ წითელი ფერის ქვით ჯვარია გამოყვანილი. ნახევარწრიულად შვერილი აბსიდი მთელი მკლავის სიგანეს იკავებს და შორიდანვე იქცევს ყურადღებას.

ეკლესიის სამხრეთით მდგომი სამიარუსიანი სამლოცველო ასევე აგურითაა ნაშენი, მესამე იარუსი-სამრეკლო კი ქვისაა და თაღებითაა გახსნილი.

ვიკიციტატა
„1897 წლის29 ივნისს მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ვლადიმერის ნება-დართვით და ლოცვაკურთხევით გაიმართა ხელისმოწერა მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიასთან სამრეკლ ნიშის აგების სასარგებლოდ.[1]

ტაძრის მახლობლად მდებარეობს მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე, საკურნებელი თვისების მქონე წყარო, რომლის შესახებაც იაკობ ბალახაშვილი წერს: „ქალაქის მიტოვების წინ დავითმა, გადმოცემის მიხედვით, ღმერთს შესთხოვა მთაზე ისეთი წყარო, რომელიც უშვილო ქალებს მისი დალევით შვილოსნობას მიანიჭებდა, გადმოცემა დასძენს, უფალმა თხოვნა აუსრულაო“.

XX საუკუნის დასაწყისში ძველი ეკლესიის ადგილზე სამრეკლო ააგეს, რომელშიც ფერისცვალების ეკლესიაა მოქცეული, ბოლო წლებში კი სამლოცველო წმინდა დავითის წყაროსთანაც აშენდა. XIX საუკუნის ბოლოდან ტაძრის ირგვლივ ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი.

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანკელი მამადავითის ეკლესიაში

ინტერიერი 1889 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორაშვილმა (გრიგორიევი) ტაძრის კედლები მოახატვინა. მხატვრობა, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს არის შესრულებული, მომეტებული ადგილი საქართველოს ეკლესიის წმინდანების გამოსახულებებს ეთმობა. იგი თვალსაჩინო ნიმუშია ეროვნული წმინდა ნებისადმი იმ საგანგებო ყურადღებისა, რაც XIX საუკუნის ქართული საეკლესიო კედლის მხატვრობისათვის არის დამახასიათებელი. საკურთხევლის ორივე მხარეზე მოთავსებულია ღირსი დავით გარეჯელისა და წმიდა ნიკოლოზის ხატები.

ტაძრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VI საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიიდან საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად მოვიდა საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი. ისტორიულ წყაროებში — „ათსამმეტი ასურელი მამანი“. ერთ-ერთი მათგანი იყო მამა დავითი, რომელიც VI საუკუნის I ნახევარში შემოვიდა საქართველოში. მან გარეჯის მრავალმთის სანახებში დააარსა მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონვე ყოფილა.

მანამდე მას თბილისშიც უმოღვაწია, მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთის უსახელო კლდეზე სენაკი გამოუქვაბავს. მამა დავითის მიერ ქვაბულის მიტოვების შემდეგ, ქართველმა ხალხმა ქრისტიანული სარწმუნოების დიდი მოღვაწის პატივსაცემად მთას ”მამადავითი” შეარქვა. X-XI საუკუნეებში მამადავითის მთას დაარქვეს მეორე სახელი მთაწმინდა ქრისტიანული რელიგიის მნიშვნელოვანი სავანის ათონის წმინდა მთის მიხედვით.

პლატონ იოსელიანი მამადავითის მთაზე პირველი ეკლესიის აშენების თარიღად VI საუკუნის დასასრულს მიიჩნევს, რომლის ასაშენებლად თბილისელმა ქრისტიანებმა წმინდა მამა დავით გარეჯელის წინაშე ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად თითო ასაშენებელი ქვა აიტანეს მთაზე იმის იმედით, რომ ჩადენილი ცოდვა მიეტევებოდათ. პლატონ იოსელიანი წერს: “ჯერ კიდევ წმინდა დავითის ცხოვრებაში აქა აგეს ეკლესია დავითის მსახურებისათვის. IX საუკუნეში სხვა გაჩნდა, ქვისა, ივერიის ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი და მონასტრად სახელდებული, ათონელი ბერების გამგებლობაში მყოფი.”

X საუკუნეში აშენებული ეკლესია დროთა განმავლობაში დაინგრა, 1542 წელს შედგენილი საეკლესიო გუჯარი მიგვანიშნებს, რომ საქართველოს კათოლიკოსს ბერად შემდგარ დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებისათვის მთაწმინდაზე ღვთისმშობლის ეკლესიის აშენების ნება დაურთავს.

ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ მამადავითის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„გარეთუბანსვე შინა არის ეკკლესია მთაწმინდად წოდებულსა მთასა ზედა, ყ˜დწ˜ისა ღ˜ის მშობელის სახელსა ზედა, დავით და ნიკოლაოს მღუდელმონოზონთა გაბაევთაგან აღშენებული 1542-საწელსა, და შემდგომად სიძველოითადაქცევისა მისისა წელსა ჩყჱ-სა ტფილისის მცხოვრებთა ქართველთა და სომეხთა დედათ საზოგადოებამ გამოსწმინდა საძირკველი იგი მისი საკუთარითა მათ შორის მოგროვებულითა ხარჯითა მათითა, და წელსა 1810 აღაშენესცა მათვე დედათა ნაწილ-ნაწილად მოკრეფილითა ხარჯითა აწ მყოფი ეკკლესია კირით, გაჯით და აგურით და დაბურეს ხის ჭერით უგუმბათოდ მიმსგავსებითა სახლისათა დააკურთხებინესცა ნებითა უნეტარესისა კათოლიკოსისა ანტონისათა არხიმანდრიტსა ნეოფიტეს, სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარესჯისასა და არს ამას ეკკლესიასა შინა ერთი მღუდელი. და დადებულ არს იგი ვითარცა მონასტერად დედათა. აქა მოილოცავს შეყრილობა ტფილისის მცხოვრებთა, საუფლოჲსა დღისა ამაღლებისა სწორსა ხუთშაბათსა დღესა, ხოლო მრთელისა წელიწადსა ყოველსა ხუთშაბათსა დაუკლებელად მოილოცავენ დედანი ტფილისისს მცხოვრებნი, ფრიადისა ღუაწლითა და შრომითა მუნ მიმომსვლელნი.“

იაკობ ბალახაშვილი ნაშრომში „ძველი თბილისი“ წერს:

ვიკიციტატა
„XVII საუკუნეში, როცა ამ მონასტერს მღვდელი იოსები და მისი მეუღლე ანასტასია ემსახურებოდნენ, სამი დანი: ანა, ბარბარე და მართა შეეხიზნენ. შაჰ აბასის ხელქვეითებმა თბილისის აოხრებისას მთაწმინდის ეკლესიას მიაშურეს და ხუთივეს რჯულის გამოცვლა მოსთხოვეს. ხუთივე მოკლულ იქნა უარის თქმისათვის. ხალხმა მთაწმინდაზე დაასაფლავა ისინი.“
მამადავითის ეკლესიის ადგილას მდგარი ფერისცვალების ძველი ეკლესია

1809 წელს კათოლიკოს ანტონ II–ის ლოცვა-კურთხევით გაბაშვილების მიერ აშენებული ეკლესია დაანგრიეს და ძველი ეკლესიის ნაშთზე ახალი ააგეს. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ქაშვეთის ტაძრის მეორე მღვდელი თომა გრიგორაშვილი. ახალი ეკლესია ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით ფერისცვალების სახელობაზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფილემ.

მღვდელი ნესტორ მაჭარაშვილის მიერ 1895 წელს გამოცემულ წიგნში ”აღწერა მთაწმინდის ეკლესიისა და წმინდა მამის დავითის ცხოვრებისა” მთაწმინდის ეკლესიის მონაზვნების შესახებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით: ”1830-1870 წლებში (ტფილისის) მამადავითის ეკლესიის გალავანში ცხოვრობდა ორი შესანიშნავი მშრომელი მონაზონი, სალომე ფორაქიშვილის ასული და ანასტასია კობიაშვილის ასული. ის საეკლესიო სახლები, რომლებიც ამ ეკლესიის გალავანშია, იმათი საკუთარი ხარჯით არის აშენებული. მათ სათითაოდ ჰქონდათ სკოლა. შეგირდები ბლომად ჰყოლიათ. სალომე გარდაიცვალა 1861 წ., ანასტასია კი 1871 წ. არის დღეს ცოცხალი კიდევ ერთი მონაზონი, 95 წლის ნინო (ახვლედიანისა), რომელიც ამ ეკლესიასთან თავის გაკეთებულ ქოხში ცხოვრობს…”. მონაზონთაგან შეგირდები, წერა-კითხვა-გალობის გარდა, სწავლობდნენ ჭრას, კერვას, ქსოვას და ქარგვას.

კავკასიის მთავარმართებლის ა. ერმოლოვის დროს, 1817-1818 წლებში სამხედრო მესანგრეებმა გააფართოვეს ეკლესიაში მისასვლელი ძველი გზა. 1850 წლიდან, როდესაც საქართველოში ეკლესიათა რეკონსტრუქცია დაიწყო, დღის წესრიგში დადგა მთაწმინდის ნახევრად ქვისა და ნახევრად ხის ეკლესიის განახლების საკითხი.

ახალ გუმბათიან ეკლესიას საძირკველი 1859 წლის 22 სექტემბერს ჩაეყარა, 1871 წლის 22 სექტემბერს კი ეგზარქოსმა ევსევიმ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ხის გუმბათით გადახურული ეკლესია აკურთხა მამადავითის სახელზე. 1879 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორაშვილმა, თომა გრიგორაშვილის ვაჟმა ეკლესიის შენობა გუმბათით დააგვირგვინა. უსახსრობის გამო ეკლესიის კანკელად გამოიყენეს ანჩისხატის ეკლესიიდან წამოღებული კანკელი. 1889 წელს იოსების შვილის, ზაქარია გრიგორაშვილის წინამძღვრობის პერიოდში ეკლესიის კედლები მოიხატა. 1891 წელს ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო საქალებო სკოლა. მტრის თარეშის დროსაც, როცა თბილისში ღვთისმსახურება წყდებოდა, ამ წმიდათა საყდარში ყოველთვის გაისმოდა საეკლესიო გალობა. ეკლესია სიონის საკათედრო ტაძრის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და აქვე ინახებოდა წმინდ ადავითის ხატიც. ეს ხატი მამადავითის ხსენების დღეს გადაჰქონდათ სიონიდან ეკლესიაში, სადაც მთელი დღე მლოცველთა წინაშე იდგა.

პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს ერთ საინტერესო ფაქტს: ”არ შეიძლება დავიდუმოთ მლოცველთა ერთი უცნაური ჩვეულების შესახებაც. ეკლესიის ჩრდილოეთი მხარე მთლიანად ადგილობრივი სიპი ქვის კენჭებითაა მოფენილი. ისინი მათ კედელზე ამაგრებდნენ და უკეთ მიკრული კენჭები მათ სურვილის აღსრულების ნუგეშს აძლევს. მაგრამ ამას ბავ შვები გასართობად სჩადიან, ქალები კი აგდებულადაც, იქნებ ანგარიშმიუცემელი ჩვევის და არა ცრუმორწმუნოების გამო.”

ტაძრის ისტორია უკავშირდება VI საუკუნეში საქართველოში ანტიოქიიდან ჩამოსული ათცამეტი ასურელი მამათაგან ერთ-ერთს დავით გარეჯელს. გადმოცემის თანახმად VI საუკუნეში ამ მიდამოებში-მღვიმეში ცხოვრობდა წმ. მამა დავით გარეჯელი. მას შემდეგ რაც მამა დავითმა თბილისი დატოვა და გარეჯში დაემკვიდრა, ამ ადგილას დარჩა სალოცავი. მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, რომელიც ათონის ივერტა მონასტერს ექვემდებარებოდა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მეორე სახელი - მთაწმინდა დაერქვა. სავარაუდოდ, X საუკუნეში ამავე ადგილას დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. მოგვიანებით, 1542 წელს ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღმრთისმშობლის სახელობის სავანე აღდგა. XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა. 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“. ეკლესია აგურით იყო ნაშენი და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათოლიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესია ფერისცვალების სახელზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფოლიმ. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ - გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული. ტაძრისკენ მიმავალი ფართო და ხვეული გზა გენერალ ერმოლოვის ხელმძღვანელობით გაიჭრა 1817 წელს. ასეთი სახით ეკლესიამ 1857 წლამდე იარსება. რომლის შემდეგად გადაწყდა ძველი ტაძრის მაგივრად უფრო დიდი ზომის ტაძარი აეშენებინათ და თომა გრიგორიევის ვაჟმა იოსებმა მრევლში მშენებლობისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ძველი ეკლესია დაშალეს და 1859 წელს ჩაყარეს ახალი ტაძრის ბალავარი. ტაძრის მშენებლობა უსახსრობის გამო ძალლზედ გაჭიანურდა, რომლის გამო ახალი ტაძრისათვის ანჩისხატის კანკელის დადგმა გადაწყდა. წმ. დავით გარეჯელის სახელობის ანუ მამადავითის ეკლესიას საძირკველი 1859 წლის 22 სექტემბერს ხოლო იკურთხა 1871 წლის 22 სექტემბერს ეგზარხოს ევსევის მიერ.

მამადავითის ეკლესია ზამთარში

ტაძარს გუმბათი ექვსი წლის შემდეგ 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა დაადგმევინა. მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, ძველი სამრეკლოს ადგილას ფერისცვალების პატარა ეკლესიაც აიგო. ტაძრის მახლბლად მდებარეობს მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე საკურნებელი თვისებების მქონე წყარო. 1889 წელს ტაძარი მოიხატა იოსების ვაჟის ზაქარია გრიგორაშვილის წინამძღვრობის პერიოდში. 1891 წელს ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო საქალებო სკოლა.

1830-1870 წლებში აქვე ცხოვრობდნენ მონაზვნები დედა სალომე (ფორაქიშვილი), დედა ანასტასია (კობიაშვილი) და დედა ნინო (ახვლედიანი) რომელთა დაუღალავი შრომით აშენდა ეჯკლესიის გალავანში საცხოვრისები. დასაფლავებულნი არიან იქვე.

ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო. დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს. ზეიმის დროს ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ ღამისმთევლები. დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა. მამადავითობის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი და დღესასწაული ყოველ წელიწადს იმართება.

1929 წლიდან მოყოლებული მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 44-53

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ივერია: 1897 წლის 29 ივნისი