დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია — მდებარეობს ა. წერეთლის გამზირზე, დიდუბეში, თბილისი.

შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა (გუმბათი 1889 წელს დასრულდა). მისი არქიტექტურა ე. წ. რუსული სტილის ნიმუშია. ინტერიერი მოიხატა 1978 წელს (ალ. ბანძელაძის მიერ). სამლოცველო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით აიგო 1900 წელს.

ეკლესიის გვერდით არის პანთეონი, რომელშიც დაკრძალულნი არიან ისტორიკოსები პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე და მიხეილ თამარაშვილი, მწერლები და პოეტები გიორგი წერეთელი, არტურ ლაისტი, პაოლო იაშვილი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე, კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი, მხატვარი დავით კაკაბაძე და სხვანი.

[რედაქტირება] დიდუბის ღმრთისმშობლის ხატის ისტორია (ლეგენდა)

ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები იყო. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა სამწყსოს, დასიზმრებია ანგელოზი, რომელსაც უუწყებია: „დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო.“

მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამას და თანასოფლელებს უამბო. ხატის ხილვა ყველამ მოისურვა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმა, რომელსაც იმედი მიეცა-ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალის სინათლეს დამიბრუნებსო. მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ, თუმცა ბრმა მოხუცი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაიყვანეს, მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილ მოხუცს სასოება არ დაუკარგავს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს „გიხაროდენ“ უგალობა და მხურვალედ შეევედრა: „ნათლის მომცემელისა ქრისტეს მშობელო ყოვლადუბიწოო დედოფალო, ნუ შეურაცხ-ჰყოფ გულითადსა ამას ვედრებასა ჩემსა და მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რათა ნათლითა თვისითა განმანათლოს მეცა, ცოდვითა დაბნელებული ესე, და ღირს-მყოს ხილვად და თაყვანისცემად დიდებულსა ხატსა შენსა!“

მოხუცი ბრმის ვედრება შეისმინა მოწყალე ღმერთმა და დიდუბის სანახებში მობრძანებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად მეყვსეულად განკურნა იგი. გახარებული მოხუცი ტაძრისკენ გაემართა, რათა თაყვანი ეცა სასწაულმოქმედი ხატისთვის. ამ სასწაულმოქმედებით განდიდებული ხატის თაყვანისსაცემად მრავალმა მომლოცველმა დაიწყო დენა მთელი საქართველოდან და უცხოეთიდან.

ხატის სასწაულებრივი პოვნის ადგილას ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუსვენებიათ და თაყვანი უციათ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელმაც XIX საუკუნემდე მოაღწია (პლ. იოსელიანი).

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად ორშაბათი დღე დადგინდა. ამ დღეს წირვას მოებმის ღმრთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დიდუბის ღმრთისმშობლის ტაძარი, 2007 წელი. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი
  • საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი, 2006, ISBN 99940-0-923-0

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები