ბეჭდების მბრძანებელი
| ბეჭდების მბრძანებელი | |
|---|---|
რომანების სერიის ყდები |
|
| წიგნები | |
| ავტორი | ჯ. რ. რ. ტოლკინი |
| ორიგინალური სათაური | The Lord of the Rings |
| მთარგმნელი | ნიკა სამუშია |
| ყდის ავტორი | ჯ. რ. რ. ტოლკინი (პირველი გამოცემები) |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური |
| ჟანრი | ფენტეზი სათავგადასავლო |
| გამომცემელი | Allen & Unwin |
| პირველი გამოცემა | 21 ივლისი 1954 ოქტომბერი 1955 |
| ქართული გამოცემა | 2009-2011 |
| მედია | რბილი და მაგარი ყდები |
| წინამორბედი | ჰობიტი |
ბეჭდების მბრძანებელი (ინგლ. The Lord of the Rings) — „ფენტეზის“ ჟანრის ეპიკური რომანი, რომლის ავტორია ბრიტანელი მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი.
ნაწარმოების შექმნის პირველ ეტაპზე ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა ადრე გამოცემული წიგნის ჰობიტის გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით ის უფრო მასშტაბურ პროექტში გადაიზარდა. მისი დიდი ნაწილი დაიწერა 1937—1949 წლებში. თავდაპირველად, რომანი გამოსცეს სამ წიგნად — 1954 და 1955 წლებში, ავტორის სურვილის საწინააღმდეგოდ — მას სურდა მის ერთ ტომად გამოცემა. მას შემდეგ, წიგნი მრავალ ენაზე ითარგმნა და სხვადასხვა გამოცემის სახით გამოვიდა. ეს რომანი ტოლკინის შემოქმედების ქვაკუთხედად და XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიტერატურულ ნაშრომად იქცა.
ბეჭდების მბრძანებელი დაფუძნებულია გამოგონილ პერსონაჟებსა და სამყაროზე, რომელსაც „შუამიწეთი“ („არდად“ წოდებული სამყაროს ნაწილი, რომელიც უფრო მეტად ევროპის ანალოგია) ეწოდება. ნაწარმოების მთავარი გმირები არიან ჰობიტები, ელფები, ადამიანები, ჯუჯები, ჯადოსნები (ისტარი) და ორკები. ყველა მოვლენა დაკავშირებულია ძალაუფლების ბეჭედთან, რომელიც შექმნა ბნელმა მბრძანებელმა საურონმა. ისტორია მშვიდად იღებს სათავეს შაირში, ჰობიტების მშობლიურ მხარეში და მიმდინარეობს მანამ, სანამ არ იწყება გადამწყვეტი მოვლენები, რომელთაც „ბეჭდის ომი“ ეწოდა. წიგნის დასასრულს, დამატებულია სხვა მასალები, სადაც შუამიწეთი დაწვრილებით განიხილება ისტორიული და ლინგვისტური კუთხით.
ბეჭდების მბრძანებელი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. გარდა მრავალი თარგმანისა, მისმა თემებმა და პერსონაჟებმა გავლენა იქონიეს ხელოვნების სხვადასხვა დარგებზე, მათ შორის, კინემატოგრაფიაზეც. მასზე დაყრდნობით კინორეჟისორმა პიტერ ჯექსონმა გადაიღო ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებელი“.
სექციების სია |
წინაისტორია [რედაქტირება]
„ბეჭდების მრძანებელში“ მოთხრობილ ბევრ ისტორიას წინ უსწრებდა მოვლენები, რომლებიც წიგნში დრო და დრო არის ნახსენები, დამატებითი მასალები კი წარმოდგენილია წიგნის სპეციალურ დამატებაში. აგრეთვე საგულისხმოა „სილმარილიონი“ — ჩანაწერების კრებული, რომელიც გამოიცა ტოლკინის გარდაცვალების შემდეგ და შუამიწეთის ერთგვარ მითოლოგიას წარმოადგენს.
წიგნში მოქმედება იწყება „ბეჭდების მრძანებლამდე“ ათასი წლით ადრე. პროლოგში მოთხრობილია საურონის, ბნელი მბრძანებლის ამბავი. მან გამოჭედა ძალაუფლების ბეჭედი, რომელიც დაუპირისპირა ყველას და ყველაფერს. მის გამო ბევრ სისხლისმღვრელ ომს ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ მანამდე უკვე შეიქმნა 19 ბეჭედი. ამ ბეჭდებიდან სამი მიიღეს ელფებმა, შვიდი — ჯუჯებმა, ხოლო ცხრა — ადამიანებმა, რომლებიც მოგვიანებით ნაზგულებად, ბეჭდის-აჩრდილებად იქცნენ და საურონს ემსახურებოდნენ. ელფთა და ადამიანთა გაერთიანებისას, ერთ-ერთი ბრძოლისას საურონი დამარცხდა, დანებდა და კუნძულ ნუმენორზე იქნა გადასახლებული. მოგვიანებით მან ნუმენორელთა აზროვნებაზე იქონია გავლენა, ააჯანყა ისინი ვალართა წინააღმდეგ და შეიტყუა ისინი ამანში. ნუმენორი ჩაიძირა. საურონის აჩრდილი გაიქცა შუამიწეთში. იგივე გააკეთეს მისმა მოწინააღმდეგეებმა, ნუმენორელმა ელენდილმა და მისმა შვილებმა, ისილდურმა და ანარიონმა, რომლებმაც შუამიწეთში საკუთარი სამეფოები დააარსეს.
100 წლის შემდეგ საურონმა სცადა ნუმენორის საბოლოო განადგურება. მეფე ელენდილმა ამასობაში ჩამოაყალიბა ადამიანთა და ელფთა უკანასკნელი კავშირი, ელფთა მეფესთან, გილ-გალადთან ერთად. მათ მორდორს მიაშურეს, დაამარცხეს საურონის ჯარები და ალყაში მოაქციეს მისი ციხე-სიმაგრე ბარად-დური, თუმცა ამას შეეწირა ანარიონი. შვიდი წლის მანძილზე ბარად-დური ალყაში მოქცეული რჩებოდა. საბოლოოდ, საურონი იძულებული გახდა, თავად გამოსულიყო მეომრებთან. გილ-გალადი და ელენდილი დაიღუპნენ მასთან ბრძოლისას, მაგრამ საურონის სხეულიც განადგურდა.[1] მემკვიდრე ისილდურმა ელენდილის გატეხილი ხმლის, ნარსილის აქნევით მოჰკვეთა საურონს თითი, რომელზეც იგი ძალაუფლების ბეჭედს ატარებდა. საურონი უსხეულო არსებად იქცა. ისილდურმა ბეჭდის გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ურჩიეს მისი ვულკან ოროდრუინში განადგურება, ბედისწერის მთაში - იქ, სადაც ის თავდაპირველად გამოიჭედა.
აქ დაიწყო შუამიწეთის მესამე ეპოქა. ორი წლის შემდეგ ისილდურსა და მის მეომრებს ერთ-ერთი ლაშქრობისას, ზამბახის ველებზე თავს დაესხნენ ორკები. ისილდურმა სცადა ბეჭდით გაუჩინარება, თუმცა ბეჭედმა თითიდან დაუსხლტა და ისილდურს, რომელიც მდინარე ანდუინში გადახტა და გაქცევას ცდილობდა, ორკების ისარი მოხვდა. იგი დაიღუპა, ხოლო ბეჭედი დაკარგული იყო ორი საუკუნის განმავლობაში.
200 წლის შემდეგ იგი მდინარეში იპოვა ჰობიტმა დეაგოლმა (აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი თვლის, თითქოს დეაგოლი და სმეაგოლი ჰობიტები არ იყვნენ, თუმცა წიგნის დამატებაში ნათქვამია, რომ დეაგოლი წარმოშობით სთური იყო, სთურები კი ჰობიტები არიან). მისმა მეგობარმა სმეაგოლმა შურით მოკლა იგი, წაართვა ბეჭედი და სამუდამოდ იქნა გარიყული ახლობლებისგან, ხოლო ბეჭედმა მასზე გავლენა იქონია. ასწლეულების მანძილზე სმეაგოლი გარდაიქმნა საზარელ, მცოცავ არსებად, რომელსაც გოლუმი შეარქვეს. უფრო მოგვიანებით მის მიერ დაკარგული ბეჭედი შემთხვევით იპოვა კიდევ ერთმა ჰობიტმა, ბილბო ბეგინსმა, რომელიც ბეჭედს გაუჩინარების მიზნით იყენებდა და ჯერ არ იცოდა, თუ რა ძალა ჰქონდა მას. ეს მოვლენები აღწერილია რომანში „ჰობიტი“, რომლის შექმნის პერიოდში ტოლკინმა ჯერ თავად არ იცოდა, თუ რა დატვირთვას მიანიჭებდა ამ ბეჭედს.
შინაარსი [რედაქტირება]
წიგნის თითოეული ნაწილი არის გაყოფილი ორ წიგნად. საერთოდ ჯამში, ეს არის ექვსი წიგნი.
ბეჭდის საძმო [რედაქტირება]
პირველი წიგნი, ბეჭდის საძმო, იწყება შაირში, ბილბოს 111-ე დაბადების დღის აღნიშვნით, სადაც ბილბო ქრება ბეჭდის მეშვეობით. იგი უტოვებს ბეჭედს ძმისშვილ ფროდო ბეგინსს. ამ დღიდან მოყოლებული, 17 წლის განმავლობაში ჯადოქარი გენდალფი იკვლევს ბეჭდის ისტორიას.
საბოლოოდ გენდალფი დაადგენს, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს ბეჭედი. თუკი იგი კვლავ ჩაუვარდება ხელში საურონს, უსხეულო საურონი დაიბრუნებს თავის ძალას. აუცილებელია, რომ ბეჭედი რამენაირად დამალული იქნას, მით უმეტეს, რომ საურონის მონები უკვე ეძებენ ბეჭდის მფლობელს. ამიტომაც, გენდალფის მითითებით, ფროდო და სემუაიზ „სემ“ გემჯი ტოვებენ შაირს. მოგვიანებით მათ შეუერთდებიან მეგობრები, მერიადოკ ბრენდიბაკი, პერეგრინ ტუკი და ფრედეგარ „მსუქანა“ ბოლგერი. მსუქანა გაიტყუებს ბეჭდის მაძიებლებს, ხოლო ჰობიტები მიემგზავრებიან ელფებთან. გზად მათ გადაარჩენს ტოლკინის იმ დროისათვის უკვე ცნობილი პერსონაჟი ტომ ბომბადილი, ისინი გაიცნობენ მოხეტიალეს (ანუ არაგორნს), აღმოჩნდებიან ქარების გორაკზე (ამონ სული). იქ ფროდოს მხარში დაჭრის შავი მხედარი. ფროდოს გადაარჩენენ ელფები, ხოლო შავ მხედრებს წალეკავს მდინარე ბრუინენი.
პირველი ნაწილის მეორე წიგნში განკურნებული ფროდო რივენდელში, ელფების სამფლობელოში, ხვდება გენდალფს, ბილბოს, გაიცნობს ნახევრად-ელფ ელრონდს და მის ქალიშვილ არვენს (რომელიც არაგორნს უყვარს). მოგვიანებით, განგებ მოწვეულ საბჭოზე, სადაც ჯუჯები და ადამიანებიც მოვლენ, აღმოჩნდება, რომ ბეჭედი უნდა განადგურდეს ოროდრუინში. ფროდო თავად გადაწყვიტავს ამისათვის მორდორში წასვლას და მას გვერდში ამოუდგებიან მეგობარი ჰობიტები, გენდალფი, ელფი ლეგოლასი, გონდორის ტახტის მემკვიდრე ბორომირი, არაგორნი და ჯუჯა გიმლი. ასე იქმნება ბეჭდის საძმო.
საძმო გადალახავს მრავალ მთას და მიადგება მორიას, რომელიც, მათი აზრით, მხოლოდ გზის შესამოკლებელი საშუალებაა. სწორედ იქ ისინი პირველად დაინახავენ სიბნელეში დამალულ გოლუმს. იგი დაკარგულ ბეჭედს დაეძებს და მას უწოდებს „ჩემი საუნჯე“. როდესაც საძმო თითქმის დატოვებს მორიას და გასასვლელისაკენ მიდის, მათ თავს ატყდება ორკების დიდი ჯარი, ხოლო გენდალფი ქაზად-დუმის ხიდზე შეერკინება გიგანტურ დემონ ბალროგს. ორივე ჩავარდება ქვესკნელში, ხოლო დამწუხრებული საძმო განაგრძობს გზას. ისინი ლოთლორიენში აღმოჩნდებიან, სადაც გაიცნობენ გალადრიელს.
ამის შემდეგ საძმო მიჰყვება ანდუინის მდინარის დინებას. ნაპირზე ამოსულები, ისინი ტყეში მიემართებიან, ამასობაში კი ბორომირი, რომელსაც იმედი აქვს, რომ ბეჭედი მის სახელმწიფოს დიდებას მოუტანს, ცდილობს გამოსძალოს ფროდოს იგი. საძმოს თავს ესხმიან სარუმანის ორკები, რომლებიც კლავენ ბორომირს. სემმა და ფროდომ ამაზე არ იციან, რადგანაც ამ დროს ისინი უკვე საკუთარი ნავით მოგზაურობენ ანდუინზე. ორკები შეიპყრობენ მერიადოკსა და პერეგრინს, რადგანაც მათ ნაბრძანები აქვთ, თითქოს მორდორში უნდა მიიყვანონ პატარა ზომის კაცუნები.
წიგნში ხაზი ესმევა იმ ფაქტს, რომ არაგორნი, ისევე, როგორც ბორომირი, სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრეა, რომელიც მანამდე იმალებოდა.
ორი ციხე-კოშკი [რედაქტირება]
მეორე ნაწილი, ორი ციხე-კოშკი აგებულია პარალელურად მიმდინარე მოვლენებზე. დაშლილი საძმოს წევრები სხვადასხვა ხერხით ებრძვიან სარუმანს, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის შუამიწეთს, ააჯანყებს რა მშვიდობიან ხალხს ერთმანეთის წინააღმდეგ. პირველი წიგნის დასაწყისში არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი მისდევენ ორკებს, რომლებმაც მერიადოკი (მერი) და პერეგრინი (პიპინი) გაიტაცეს. ტყეში ისინი შეხვდებიან გენდალფს, რომელიც ბალროგთან ბრძოლისას გადარჩა და გარდაიქმნა „თეთრ გენდალფად“ (მანამდე მას ყველა რუხ გენდალფს უწოდებდა). გენდალფი კვლავ მოავლინეს შუამიწეთში, რადგანაც მისი მიზნები ჯერ ბოლომდე შესრულებული არ იყო. ამის შემდეგ ოთხივე მიემგზავრება როჰანში, სადაც ისინი დაარწმუნებენ მეფე თეოდენს, რომ აუცილებელია სარუმანის ჯარის დამარცხება. ამასობაში მერი და პიპინი გაიცნობენ ტყის არსებას, ენტს. ენტები და ჰუორნები ალყაში მოაქცევენ იზენგარდს (რომელიც სარუმანის სასახლეა) და გაანადგურებენ მას. სარუმანი იმალება იზენგარდში, გრიმოსთან ერთად, რომელიც თეოდენთან მსახურობდა, სულს უწამლავდა მას და ჯადოს ზემოქმედების ქვეშ ამყოფებდა, სარუმანის დახმარებით. ამასობაში გენდალფი სარუმანს ჯადოქრების ორდენიდან გარიცხავს.
მეორე ნაწილის მეორე წიგნი მოგვითხრობს ფროდოსა და სემის თავგადასავალზე. ისინი ხვდებიან გოლუმს, იჭერენ მას და აიძულებენ, თავად გაუძღვეს მორდორის გზაზე. წიგნის ბოლოს, გოლუმი სემს იცილებს გზიდან, აუბნევს რა გზას ორ მეგობარს. იგი ფროდოს ხაფანგში შეიყვანს — ფროდოს თავს ესხმის გიგანტური ობობა შილობი. გოლუმს იმედი აქვს, რომ იგი შესძლებს ფროდოს ბეჭდის წართმევას, მაგრამ ამასობაში გამოჩნდება სემი, რომელიც ობობას ებრძვის, დაჭრის მას და გააგდებს. თუმცა, ფროდო უკვე მოწამლულია ობობის შხამით. სემი მის ბეჭედს იღებს და იმალება. იქვე ჩნდებიან ორკები, რომლებსაც ფროდო მორდორში მიჰყავთ.
ამასობაში, საურონს მთელი ჯარი გამოჰყავს შუამიწეთის წინააღმდეგ.
მეფის დაბრუნება [რედაქტირება]
მესამე ნაწილის პირველი წიგნი, მეფის დაბრუნება, მოგვითხრობს უკანასკნელი დიდი ომის ამბავს. გენდალფი, არაგორნი და სხვები იბრძვიან პელენორის მინდორზე და მორდორთან. მათ იციან, რომ ფროდო მორდორშია და იმედი აქვთ, რომ იგი გაანადგურებს ბეჭედს.
წიგნის მეორე ნაწილში, სემი ორკებს განდევნის კოშკიდან, სადაც ფროდოა დამწყვდეული. ერთად ისინი მიაგნებენ ოროდრუინს, მაგრამ უკანასკნელ წამს ბეჭდის შავი ძალა იმორჩილებს ფროდოს და იგი განაცხადებს, რომ არ გაანადგურებს მას. ამასობაში გამოჩნდება გოლუმი, რომელიც ფროდოსთან მივარდება და ბეჭდიან თითს მოაჭამს. ფროდო შეებრძოლება გოლუმს და ცხელ ქვესკნელში ჩააგდებს მას, ბეჭედთან ერთად. ბეჭედი განადგურებულია.
ამიერიდან, საურონი სამუდამოდ ქრება სამყაროდან. არაგორნი ხდება მეფე და ქორწინდება არვენზე, ელრონდის ქალიშვილზე. მიუხედავად ყველაფრისა, უკანასკნელი, მაგრამ მცირე ბრძოლა წინ არის. სარუმანი, რომელიც გაიქცა იზენგარდიდან, შაირში დასახლდება და ჰობიტებს ააჯანყებს. შინ დაბრუნებული ჰობიტები გაოგნებულები არიან. საბოლოოდ, სარუმანი მოკლულია და შაირში კვლავ მშვიდობა დამკვიდრდება. ბილბოსთან ერთად, ფროდო, რომელსაც აწუხებს ძველი ჭრილობა სამუდამოდ ტოვებს შირს და მიემგზავრება შორეულ მიწაში, რომელიც, როგორც ტოლკინის მკითხველები თვლიან, სამოთხესთან არის გაიგივებული.
წიგნის დამატებითი მასალების სახით წარმოდგენილია: არდის ქრონოლოგია, ინფორმაცია შუამიწეთის ადამიანებსა და ენებზე, არვენისა და არაგორნის ისტორია.
არდის ქრონოლოგიის მიხედვით, ყველაფერი ხდება ბილბოს დაბადების დღის (3001 წლის 22 სექტემბერი) და სემის მის საცხოვრებელში, ბეგ ენდში დაბრუნების (3021 წლის 6 ოქტომბერი) ფარგლებში. მოვლენების დიდ ნაწილს ადგილი აქვს 3018-3019 წლებში, როდესაც ფროდომ დატოვა ბეგ ენდი (3018 წლის 23 სექტემბერი) და გაანადგურა ბეჭედი (3019 წლის 25 მარტი).
- ინფორმაცია ნაწარმოების თითოეულ პერსონაჟზე იხილეთ სტატიაში: შუამიწეთის პერსონაჟები
წიგნის შექმნის ისტორია [რედაქტირება]
ბეჭდების მბრძანებელი არის ჰობიტის, მანამდე განვითარებული ისტორიის გაგრძელება. ეს უკანასკნელი გამოვიდა 1937 წელს, ტოლკინმა იგი სპეციალურად თავისი შვილებისათვის დაწერა.[2] ჰობიტის პოპულარობის გამო მკითხველები და გამომცემლები ითხოვდნენ ისტორიის გაგრძელებას და, 45 წლის ასაკში ტოლკინმა კვლავ დაიწყო ჰობიტების თავგადასავალზე ფიქრი. 1949 წელს მან დაასრულა წიგნზე მუშაობა, ხოლო გამოსცა მხოლოდ 1955 წელს. იმ დროისათვის ტოლკინი უკვე 63 წლის იყო.
თავდაპირველად იგი არც აპირებდა ჰობიტის გაგრძელების დაწერას და მუშაობდა რამდენიმე საბავშვო წიგნზე, როგორიც იყო როვერანდომი. ტოლკინი კვლავაც მუშაობდა არდისა და სილმარილების ისტორიებზე. ეს წიგნი, სახელწოდებით სილმარილიონი, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, 1977 წელს.[3] სხვადასხვა ტოლკინისტი თვლის, რომ სილმარილიონი მისი საუკეთესო ნაშრომია [4], რადგანაც მასში კარგად განიხილება ისტორია და შუამიწეთის ენები. მიუხედავად ამისა, ბეჭდების მბრძანებელი ტოლკინის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნაწარმოებია.
ახალი ჰობიტის წერა ტოლკინმა 1937 წლის დეკემბერში დაიწყო. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამოტივტივდა მთავარი ბეჭდის თემა, ხოლო ნაწარმოებს შეუერთდა რამდენიმე მოტივი სილმარილიონიდან. წიგნის პირველ თავში კვლავ გამოჩნდა ბილბო, თუმცა სახელწოდება ბეჭდების მბრძანებელი მხოლოდ 1938 წლის გაზაფხულზე დაიბადა. თავდაპირველად ბილბო უნდა წასულიყო კიდევ ერთ მოგზაურობაში. შემდეგ ტოლკინმა იფიქრა, რომ კარგი იქნება, თუკი მთავარი გმირი ბილბოს შვილი იქნება, მაგრამ მოიგონა ფროდოს პერსონაჟი. ბერძნული ლეგენდის მიხედვით, ფროდო იყო ერთ-ერთი გმირის ძმისწული, რომელსაც გააჩნდა დიდი ძალის მქონე იაღაღი. ასე გაჩნდა ფროდო.
ტოლკინის პარალელური საქმიანობის გამო, წიგნი ნელი ტემპებით იქმნებოდა. 1943 წელს მას საერთოდ არაფერი დაუწერია და დაუბრუნდა წიგნს მხოლოდ 1946 წელს. პირველი ვერსიის ასლი მან გამომცემელს გაუგზავნა 1947 წელს. წიგნზე მუშაობა დასრულდა 1948 წელს, მაგრამ, კორექტირების გამო, გამოცემა გადაიდო 1949 წლამდე.
გამომცემლობასთან ალენი და ანვინი წარმოქმნილი პრობლემების გამო, ტოლკინმა თქვა, რომ მიმართავს გამომცემლობა კოლინზს. იგი აპირებდა სილმარილიონისა და ბეჭდების მბრძანებლის ერთად გამოცემა, რაც ალენსა და ანვინს არ სურდათ. კოლინზთან გასაუბრებისას მილტომ უოლდმენმა გამოხატა იმედი, რომ წიგნი გამოჩნდება, 1952 წლისათვის. რადგანაც ასე არ მოხდა, ტოლკინმა დათმო პოზიციები და მისწერა ალენსა და ანვინს: „დიდი სიამოვნებით დავთანხმდები ამ წიგნის ნებისმიერი ნაწილის გამოცემაზე“.
ბეჭდების მბრძანებლის წარმატების შემდეგ, ტოლკინმა გადაწყვიტა მისი გაგრძელების, ახალი აჩრდილის დაწერა, სადაც გონდორელები უბრუნდებიან ბნელ კულტს და არაგორნის შვილის, ელდარიონის წინააღმდეგ აჯანყებას ამზადებენ. ტოლკინს ნახევრამდეც არ მიუყვანია ეს წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გვერდი შეტანილია წიგნში შუამიწეთის ხალხი. ტოლკინი დაუბრუნდა სილმარილიონს, მაგრამ ვერ მოასწრო მისი დასრულება. მისი საქმე 1977 წელს დაასრულა მისმა შვილმა, კრისტოფერ ტოლკინმა.
გამოცემა [რედაქტირება]
ბეჭდების მბრძანებელი გამოიცა სამ ნაწილად: ბეჭდის საძმო (პირველი და მეორე წიგნი), ორი ციხე-კოშკი (მესამე და მეოთხე წიგნი), მეფის დაბრუნება (მეხუთე და მეექვსე წიგნი, დამატებებთან ერთად). ისინი თანმიმდევრობით გამოვიდა ბრიტანეთში 1954 წლის 21 ივლისს, 11 ნოემბერს და 20 ოქტომბერს (1955 წლის). უფრო მოგვიანებით ყველა წიგნი გამოვიდა აშშ-ში. შესაბამისად, შედარებით დიდ ინტერვალს ჰქონდა ადგილი მეორე და მესამე წიგნების გამოცემის შორის შექმნილ ინტერვალს. თავდაპირველად, მესამე წიგნის სახელწოდება, რომელიც ტოლკინმა შესთავაზა გამომცემლებს, იყო ბეჭდის ომი, მაგრამ ალენმა და ანვინმა მეფის დაბრუნება უფრო მოიწონეს.[5]
წიგნების გამოცემამდე ტოლკინს ჰონორარი არ მიუღია, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი დიდი ტირაჟით გაიყიდა, მან დიდი თანხა მიიღო. სამივე წიგნს, რომელიც ერთ წიგნშია გაერთიანებული, ტოლკინი ტრილოგიას უწოდებდა, თუმცა, თავდაპირველი იდეის თანახმად, წიგნი მაინც ერთიანი ნაწარმოები იყო და არა ნაწილებად დაყოფილი. ზოგიერთი მას ნოველასაც უწოდებს, თუმცა უფრო კორექტულია ტერმინის რომანი გამოყენება.
1999 წლის ბრიტანული (ISBN 0-261-10387-3) შვიდწიგნიანი გამოცემის მეშვიდე წიგნი მეფის დაბრუნებისგან ცალკე წარმოგვიდგენს დამატებებს. თითოეული წიგნს საკუთარი სახელი გააჩნია:
- ბეჭედი მიემგზავრება
- ბეჭედი აღმოსავლეთისაკენ მიემართება
- იზენგარდის ღალატი
- ბეჭედი დასავლეთისაკენ მიემართება
- ბეჭდის ომი
- მესამე ეპოქის დასასრული [1]
წიგნში ბეჭდების მბრძანებლის ისტორია სახელები იზენგარდის ღალატი, ბეჭდის ომი და მესამე ეპოქის დასასრული კრისტოფერ ტოლკინმაც გამოიყენა.
წიგნის სახელწოდება ინგლისურად შემოკლებით გამოითქმის, როგორც LotR ან LR (ტოლკინი იყენებდა LR-ს), ხოლო ცალკეული წიგნები — FR ან FotR (ბეჭდის საძმო), TT ან TTT (ორი ციხე-კოშკი) და RK ან RotK (მეფის დაბრუნება).
სხვადასხვა გამოცემა [რედაქტირება]
წიგნის პირველი ტირაჟის შემდეგ გამოვიდა კიდევ რამდენიმე ვერსია. ამჟამად ყველაზე ცნობილი გამოცემებია ISBN 0-618-34399-7 (ერთ წიგნად) და ISBN 0-618-34624-4 (სამ წიგნად). 1960-იანი წლების დასაწყისში დონალდ ვოლჰაიმმა, აშშ გამომცემლობის ეის ბუკს გამოშვებული ბეჭდების მბრძანებელი საავტორო უფლებებით დაცული არ იყო, რადგანაც იქაური გამოცემის ყდა განსხვავდებოდა ბრიტანულისგან და საერთოდ არ იყო ტოლკინის მიერ მოწონებული. ტოლკინმა ამაზე ინფორმაცია გაავრცელა ყველგან, სადაც შეეძლო, რათა მისი მოყვარულები არ მოტყუებულიყვნენ. მოგვიანებით, ოფიციალური გამოცემა, როგორც იქნა, გამოვიდა.
1965 წლისათვის აშშ-ში წიგნი ნამდვილ კულტურულ ფენომენად იქცა. თუმცა, ტოლკინი დაინტერესდა მისი პირველი გამოცემითაც და ერთ დროს უკანონო გამოცემა უკვე გამოვიდა ბეჭდების მბრძანებლის მეორე ვერსიის სახით. მიუხედავად ამისა, ეის ბუკსის წიგნი მაინც ტოლკინის საავტორო უფლებების დარღვევად მიიჩნიეს.[6]
გარდა ამისა, სხვადასხვა დროს გამოჩნდა წიგნის ახალი გამოცემებიც, განსაკუთრებით, 1990-იანებში. გამოვიდა.ჰაუტონ-მიფლინის სამწიგნიანი ვერსია, მყარი ყდით, ალან ლის ფერადი ილუსტრაციებით. 2004 წლის საიუბილეო ვერსია გამოვიდა დიდი წიგნის სახით.
დღემდე ბეჭდების მბრძანებელი მრავალ ენაზეა ნათარგმნი [7] ტოლკინს, რომელიც მრავალი ენის სპეციალისტი იყო, თავად აქვს წაკითხული და შეფასებული მათი დიდი ნაწილი. თარჯიმნებისათვის მან აგრეთვე შექმნა ბეჭდების მბრძანებლის საკუთარი სახელების თარგმნის სახელმძღვანელო. ამ წიგნის მიხედვით, ყველა ენაში განსხვავებაა ამა თუ იმ სახელისა თუ გვარის თარგმნაში. მაგალითად „ბეგინსი“ ითარგმნება. გერმანულად „bag“ (ანუ ჩანთა) არის Beutel, შესაბამისად, ბილბოს გვარი არის „Beutlin“.
ქართული გამოცემა [რედაქტირება]
„ბეჭდების მბრძანებლის“ ქართული თარგმანი გამოსცა „გია ქარჩხაძის გამომცემლობამ“. 2009 წლის ნოემბერში გამოვიდა პირველი წიგნი, „ბეჭდის საძმო“. 2010 წლის მაისში გამოიცა მეორე წიგნი, „ორი ციხე-კოშკი“. მესამე წიგნი, „მეფის დაბრუნება“, 2011 წლის იანვარში გამოვიდა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ტოლკინის ოფიციალური ვებ-გვერდი
- ბეჭდების მბრძანებლის ოფიციალური ვებ-გვერდი გამომცემლისგან
- „ბეჭდების მბრძანებლის“ ვიკი Wikia-ზე
- არდის ენციკლოპედია
- ტოლკინის ბიბლიოთეკა
- რომანის მოკლე შინაარსი საიტზე Tolkien.ge
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Tolkien, J.R.R. (1981). ჯ.რ.რ. ტოლკინის წერილი. ჰაუტონ მიფლინი. ISBN 0-618-05699-8.
- ↑ ბეჭდების მბრძანებელი: Genesis. წაკითხვის თარიღი: 2006-06-14.
- ↑ შიფი, ტომ (2003). გზა შუამიწეთისგენ, Revised and expanded edition, ჰოუტონ მიფლინი. ISBN 0-618-25760-8.
- ↑ შიფი, ტომ (2000). ჯ.რ.რ. ტოლკინი: საუკუნის ავტორი. ჰარპერ კოლინზი.
- ↑ ტოლკინი, ჯ.რ.რ (2000). ბრძოლა ბეჭდისთვის: ბეჭდების მბრძანებლის ისტორია, ნაწილი მესამე. ჰოუტონ მიფლინი. ISBN 0-618-08359-6.
- ↑ ეისენ, დარვუდი & ქ. ვ. კრისტოფერ რ. ტოლკინი et al., 794 F. Supp. 85, 23 U. S.P. Q.2d 1150 (S. D.N. Y. 1992), affirmed without opinion, 990 F.2d 623 (2nd Cir. 1993)
- ↑ "რამდენ ენაზე გადაითარგმნა ”ჰობიტი” და ”ბეჭდების მბრძანებელი”?. წაკითხვის თარიღი: 3 June, 2006.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||
| ლიტერატურის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ლიტერატურის შესახებ. |