შინაარსზე გადასვლა

მარია ლუიზა პარმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ლუიზა პარმელი
Maria Luisa di Parma
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 დეკემბერი 1788
მმართ. დასასრული: 19 მარტი 1808
წინამორბედი: მარია ამალია საქსონიელი
მემკვიდრე: მარი ჯულია კლარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 დეკემბერი 1751
დაბ. ადგილი: პარმა, პარმის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 2 იანვარი 1819 (67 წლის)
გარდ. ადგილი: პალაცო ბარბერინი, რომი, პაპის ოლქი
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: კარლ IV, ესპანეთის მეფე
შვილები: კარლოტა ხოაკინა, პორტუგალიის დედოფალი
მარია ამალია
მარია ლუისა, ერტურიის დედოფალი
ფერდინანდ VII, ესპანეთის მეფე
კარლოსი, მონილას გრაფი
მარია ისაბელი, სიცილიის დედოფალი
ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი
სრული სახელი: ლუიზა მარია ტერეზა ანა დე ბურბონ-პარმა
დინასტია: ბურბონ-პარმა
მამა: ფილიპე, პარმას ჰერცოგი
დედა: ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ლუიზა პარმელი (ესპ. María Luisa de Parma; იტალ. Maria Luisa di Borbone-Parma; დ. 9 დეკემბერი 1751, პარმა — გ. 2 იანვარი 1819, რომი) — ბურბონთა დინასტიის გვერდითი განშტოების წარმომადგენელი. პარმის ჰერცოგის ასული. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის შვილიშვილი. ესპანეთის დედოფალი 1788-1808 წლებში როგორც კარლ IV-ის მეუღლე. ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ის დედა.

მარია ლუიზა დაიბადა 1751 წლის 9 დეკემბერს პარმაში. მამამისი იყო პარმის ჰერცოგი ფილიპე ბურბონი, ხოლო დედა ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი.[1] მამის ხაზით მას ბებია-პაპად ერგებოდნენ ესპანეთის მეფე ფილიპე V და მისი მეორე ცოლი, დედოფალი ისაბელ ფარნეზე. ხოლო დედის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XV და დედოფალი მარია ლეშჩინსკა.

მარია ლუიზასა და მისი და-ძმების აღზრდასა და განათლებაზე ფრანგი ფილოსოფოსი მუშაობდა. მარია ლუიზა არ იყო თავის უფროს დაზე ლამაზი, ამასთან იგი მასზე დაბალიც იყო, რის გამოც გამუდმებით მის ჩრდილში იყო.

მარია ლუიზას დედა ცდილობდა, რომ იგი დაექორწინებინა ბურგუნდიის ჰერცოგ ლუი დე ბურბონზე, რომელიც საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე იყო. თავიდან მოლაპარაკებები კარგად მიდიოდა, თუმცა მოულოდნელად, 1761 წელს ლუი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მისი მითხოვება განიზრახეს ესპანეთის ინფანტ კარლ დე ბურბონზე, რომელიც მალე ესპანეთის მეფე კარლ IV გახდა. კარლისა და მარია ლუიზას ქორწინება 1765 წლის 4 სექტემბერს შედგა ლა გრანჯას სასახლეში.

მისი მეუღლე იყო ვაჟი ნეაპოლის, სიცილიისა და ესპანეთის მეფე კარლ III-ისა და მისი ცოლის მარია ამალია საქსონიელის. სანამ დედოფალი გახდებოდა მარია ლუიზას ასტურიის პრინცესის წოდება მიენიჭა, რითაც იგი ესპანეთის მომავალი დედოფალი გახდა. თუმცა ვინაიდან მისი დედამთილი უკვე გარდაცვლილი იყო და ქვეყანას დედოფალი არ ჰყავდა, მარია ლუიზა ესპანეთში ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა.

მარია ლუიზას გერბი

1788 წელს მისი ქმარი კარლ IV ესპანეთის მეფე გახდა, რითაც მარია ლუიზა დედოფლად იქცა. კარლ IV-ისა და მინისტერიალის პირველივე შეხვედრაზე მარია ლუიზამ განაცხადა, რომ აქტიურად მიიღებდა ქვეყნის მართვაში მონაწილეობას.[2]

დედოფალ მარია ლუიზას სამეფო კარზე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მათ შორის იყო მეფის პირველი მინისტრი ემანუელ დე გოდოი, რომელიც მთელი ცხოვრება დაუფარავად ეტრფოდა დედოფალს. თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მარია ლუიზასაც ანალოგიური გრძნობები ჰქონდა რომელიმეს მიმართ. მაგრამ არსებობს სერიოზული ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ დედოფალს რომანი ჰქონდა ხუან ალმარასთან, რომელიც დედოფლის ბრძანებითვე მოკლეს, თუმცა შემდეგ აღმოაჩინეს მისი წერილი სადაც ეწერა, რომ მას რომანი ჰქონდა მარია ლუიზასთან და ყველა მისი შვილი არა მეფისგან, არამედ სწორედ ხუანისგან ჰყავდა გაჩენილი და არცერთი არ იყო მეფის.[3] თუმცა ეს დღემდე სადავო საკითხად რჩება.

მისი მეუღლის მეფობის დროს იგი ესპანელ ხალხში არაპოპულარული იყო. მას ცუდი ისტორიული რეპუტაცია აქვს, ვინაიდან იგი პრო-ფრანგული პოლიტიკის გამტარებელი იყო, რაც ესპანეთს სავალალოდ დაუჯდა. იგი საფრანგეთის სასარგებლოდ მოქმედებდა და ესპანეთის ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებდა.

დარჩენილი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1808 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა კარლ IV ტახტიდან ჩამოაგდო და მასზე თავისი ძმა დასვა. ამრიგად უკვე ტიტულდაკარგული მარია ლუიზა ქმარ-შვილთან ერთად იტალიაში გაიქცა. სწორედ იქ გარდაიცვალა მისი მეუღლე, რის შემდეგაც იგი საფრანგეთში გადასახლდა. საფრანგეთში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ იგი რომში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1819 წლის 2 იანვარს, 67 წლის ასაკში. ამის შემდეგ იგი ესპანეთში გადაასვენეს და ესკორიალში დაკრძალეს.

1792 წელს დაარსდა დედოფალ მარია ლუიზას ორდერი.

  1. კარლ კლემენტე (დ. 19 დეკემბერი 1771 - გ. 7 მარტი 1774), ესპანეთის ინფანტი;
  2. კაროლინა ხოაკინა (დ. 25 აპრილი 1775 - გ. 7 იანვარი 1830), პორტუგალიისა და ალგარვის დედოფალი როგორც ჟუან VI-ის მეუღლე;
  3. 1775 წელს ორსულობის მეოთხე თვეზე მოეშალა მუცელი;
  4. 1776 წელს ორსულობის მეექვსე თვეზე მოეშალა მუცელი;
  5. მარია ლუიზა (დ. 11 სექტემბერი 1777 - 2 ივლისი 1782), ესპანეთის ინფანტა;
  6. 1778 წელს ორსულობის პირველივე თვეში მოეშალა მუცელი;
  7. მარია ამალია (დ. 9 იანვარი 1779 - გ. 22 ივლისი 1798), ესპანეთის ინფანტა;
  8. კარლოს დომინგო (დ. 5 მარტი 1780 - გ. 11 ივნისი 1783), ესპანეთის ინფანტი;
  9. 1781 წელს ორსულობის მეოთხე თვეზე მოეშალა მუცელი;
  10. მარია ლუიზა (დ. 6 ივლისი 1782 - გ. 13 მარტი 1824), ერტურიის დედოფალი და ლუკას ჰერცოგინია;
  11. კარლოს ფრანსისკო (ტყუპისცალი) (დ. 5 დეკემბერი 1783 - გ. 11 ნოემბერი 1784), ესპანეთის ინფანტი;
  12. ფილიპე ფრანსისკო (ტყუპისცალი) (დ. 5 დეკემბერი 1783 - გ. 18 ოქტომბერი 1784), ესპანეთის ინფანტი;
  13. ფერდინანდ VII (დ. 14 ოქტომბერი 1784 - გ. 29 სექტემბერი 1833), ესპანეთის მეფე;
  14. კარლოს მარია ისიდრო ბენიტო (დ. 29 მარტი 1788 - გ. 10 მარტი 1855), მონილას გრაფი;
  15. მარია ისაბელი (დ. 6 ივლისი 1789 - გ. 13 სექტემბერი 1848), ორი სიცილიის დედოფალი;
  16. 1789 წლის დეკემბერში ორსულობის პირველ თვეში მოეშალა მუცელი;
  17. 1790 წლის იანვარში ორსულობის პირველ თვეში მოეშალა მუცელი;
  18. 1790 წლის მარტში ორსულობის პირველ თვეში მოეშალა მუცელი;
  19. მარია ტერეზა (დ. 16 თებერვალი 1791 - გ. 2 ნოემბერი 1794), ესპანეთის ინფანტა;
  20. ფელიპე მარია (დ. 28 მარტი 1792 - გ. 1 მარტი 1794), ესპანეთის ინფანტი;
  21. 1793 წლის იანვარში ორსულობის მეუხუთე თვეზე მოეშალა მუცელი;
  22. ფრანსისკო პაულა (დ. 10 მარტი 1794 - გ. 13 აგვისტო 1865), კადისის ჰერცოგი;
  23. 1796 წლის მარტში ორსულობის მეოთხე თვეზე მოეშალა მუცელი;
  24. 1799 წელს გააჩინა მკვდარშობილი ბავშვი.
  • EPTON, Nina, The Spanish mousetrap: Napoleon and the Court of Spain (London: Macdonald, 1973).
  • HILT, Douglas, The troubled trinity: Godoy and the Spanish monarchs (Tuscaloosa; London: University of Alabama Press, 1987).
  • HUGUES, Robert, Goya (London: Harvill Press, 2003).
  • von Pastor, Ludwig Freiherr (1952). The History of the Popes, from the Close of the Middle Ages. Michigan: Kegan Paul. p. 201.
  • Real Academia Matritense de Heráldica y Genealogía (2007). Anales de la Real Academia Matritense de Heráldica y Genealogía. Vol. X. (in Spanish). Madrid: RAMHG. p. 330.
  • Real Academia Matritense de Heráldica y Genealogía (2007). Anales de la Real Academia Matritense de Heráldica y Genealogía. Vol. X. (in Spanish). Madrid: RAMHG. p. 332.
  1. E. Harding, A Chronological Abridgement of the History of Spain (Frogmore Lodge, Windsor, 1809), xxxi
  2. Rose-Marie Hagen, Rainer Hagen, What Great Paintings Say, Volym 2, 2003
  3. Zavala, José María (2011). Bastardos y Borbones. Barcelona: Plaza & Janés Editores.