დონ კარლოსი (კარლ IV-ის ვაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დონ კარლოს ესპანელი
Carlos María Isidro de Borbón, por Vicente López.jpg
დაბ. თარიღი 29 მარტი, 1788
არანხუესის სამეფო სასახლე, მადრიდი, ესპანეთის სამეფო
გარდ. თარიღი 10 მარტი, 1855, (66 წლის)
ტრიესტი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
ეროვნება ესპანელები
წოდება ელისონდოს ჰერცოგი
მონილას გრაფი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარია ფრანსისკა პორტუგალიელი
(ქ. 1816 - გარდ. 1834)
მარია ტერეზა პორტუგალიელი
(ქ. 1838)
შვილ(ებ)ი კარლოსი, მონტემილონის გრაფი
ხუანი, მონტისონის გრაფი
ფერნანდო
მშობლები მამა: კარლ IV, ესპანეთის მეფე
დედა: მარია ლუიზა პარმელი

დონ კარლოს ესპანელი (ესპ. Don Carlos de España; დ. 29 მარტი, 1788 — გ. 10 მარტი, 1855) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის უმცროსი ვაჟი. მონილას გრაფი და კარლისტების პარტიის დამაარსებელი. ესპანეთის დე ფაქტო მეფე 1833-45 წლებში კარლ V-ის სახელით. მას სძულდა ლიბერალიზმი და ცდილობდა ესპანეთში კათოლიკური ეკლესიის გავლენების აღდგენას. 1833 წლიდან, მას შემდეგ რაც მისი უფროსი ძმა, მეფე ფერდინანდ VII გარდაიცვალა და ტახტზე ისაბელ II ავიდა, კარლმა მას ტახტის წართმევა მოუნდომა. ხალხის დიდი ნაწილი ტახტზე კარლის ასვლას ემხრობოდა, რითაც ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული "კარლისტური მოძრაობა". იგი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ისაბელის დედისგან, რეგენტ-დედოფალ მარია კრისტინა სიცილიელისგან, რასაც მოჰყვა ესპანეთის სამოქალაქო ომის (1833-40) დაწყება. კარლს ემხრობოდნენ ბასკეთი, ნავარა და კატალონია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ესპანეთის ტახტზე ასასვლელად. იგი ვერასდროს გახდა ნამდვილი მეფე, საბოლოოდ კი ავსტრიაში გარდაიცვალა დევნილობაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლოსი დაიბადა 1788 წლის 29 მარტს არანხუესის სამეფო სასახლეში, მადრიდში, ესპანეთში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ლუიზა პარმელის უმცროსი ვაჟი. 1808 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა სომისიერას ბრძოლის შემდეგ მადრიდი აიღო. ამ დროს კარლის უფროსი ძმა, ფერდინანდ VII მამის, მეფე კარლ IV-ის ტახტიდან ჩამოგდებასა და თავად ასვლას ცდილობდა. 1808-14 წლებში ესპანეთის სამეფო ოჯახი ნაპოლეონს ჰყავდა დატყვევებული ვალენსაის სასახლეში, საფრანგეთში.

1814 წელს, ნაპოლეონის დამხობასთან ერთად კარლი და მისი ოჯახი განთავისუფლდნენ და მადრიდში დაბრუნდნენ. 1816 წლის სექტემბერში, კარლმა ცოლად შეირთო თავისი უფროსი დის, პორტუგალიის დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელისა და მისი მეუღლის, პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ის უფროსი ასული — მარია ფრანსისკა პორტუგალიელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარია ფრანსისკა იყო ღვიძლი და კარლის ძმის, ფერდინანდ VII-ის მეორე ცოლის, ესპანეთის დედოფალ მარია ისაბელ პორტუგალიელისა.

გარდა რამდენიმე ოფიციალური დასწრებისა, თავდაპირველად დონ კარლოსი ესპანეთის მთავრობაში დიდად არ მონაწილეობდა. ფერდინანდ VII მიხვდა, რომ ცვლილების დრო იყო, ამიტომაც ახალ, ლიბერალურ კონსტიტუციას ხელი თავისუფლად მოაწერა. კარლი კი ძმისგან განსხვავებით ღრმად მორწმუნე კაცი იყო და თვლიდა, რომ მეფობა ჭეშმარიტად ღვთისგან ბოძებული პრივილეგიაა და მისი უფლება ყველას არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ იგი რელიგიის მხრივ ხანდახან აღმოსავლური ორთოდოქსიული მართლმადიდებლობისკენაც იხრებოდა.

1820-23 წლებში რევოლუციური საშინელებების დროს კარლი დიდი საფრთხის წინაშე იყო. მასზე თავდასხმა უამრავ ლიბერალ რადიკალს სურდა, თუმცა მასზე თავდასხმა არ განხორციელებულა. ესპანელი დიდგვაროვნების უმეტესობა კვლავ ძველებური რეჟიმის მომხრე იყო და ისინი კარლს მიემხრნენ. მალე ისეც კი მოხდა, რომ დიდებულება ფერდინანდის გადადგომა და მის ნაცვლად კარლის გამეფება მოითხოვეს, თუმცა თავად კარლმა განაცხადა, რომ მეფობა ღმერთმა მის ძმას უბოძა და ამის მიღება თავად არ შეეძლო.

1830 წლის პრაგმატული სანქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინაიდან მეფე ფერდინანდს უკვე მეოთხე ცოლი და მხოლოდ ორი ქალიშვილი ჰყავდა, 1830 წელს მან გამოსცა პრაგმატული სანქცია, რომელიც მის უფროს ქალიშვილ ისაბელს საშუალებას აძლევდა ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულიყო. ეს ბრძანება ჯერ კიდევ 1789 წელს დაამტკიცებინა კორტესებს, თუმცა აქამდე არ გაუსაჯაროვებია. ყოველივე ეს მხოლოდ მაშინ გახდა ოფიციალური, რაც დედოფალმა მარია კრისტინა სიცილიელმა გოგონა (ისაბელი) გააჩინა. ცხადია ეს სანქცია კარლს ესპანეთის ტახტზე ასვლის საშუალებას უსპობდა.

ყოველივე ამის შემდეგ ესპანური სასულიერო წოდებაც კარლის მხარდამჭერად გვევლინება. სასულიერო წოდება და დიდებულების ნაწილი მიიჩნევდა, რომ პრაგმატული სანქცია არაპროფესიონალური და უსამართლო იყო. ყველა ეს ადამიანი კარლის ტახტზე ასაყვანად გააქტიურდა, თუმცა თავად კარლი არაფერს აკეთებდა. 1834 წელს კარლი დაქვრივდა, 1838 წელს კი ცოლად თავისი განსვენებული მეუღლის ღვიძლი და — მარია ტერეზა პორტუგალიელი შეირთო, რომელსაც ძალიან უნდოდა ესპანეთის დედოფლობა. სწორედ მარია ტერეზამ გაუღვივა მას ტახტზე პრეტენზიები, თავად კი ათასგვარი ინტრიგით ცდილობდა ტახტისაკენ მიმავალი გზის გაკვლევას.

1833 წელს ფერდინანდ VII-მ კარლოსი და მისი ცოლი პორტუგალიის მეფეს გადასცა. ყოველივე ეს ცხადია მათი ესპანეთიდან გაძევება იყო, რაც ისაბელის მემკვიდრეობის დასაცავად გაკეთდა.

1833 წლის აპრილში მეფე ფერდინანდმა კარლოსი ასტურიის პრინცესა ისაბელას ერთგულებაზე დააფიცება სთხოვა, რათა უკვე თავისუფლად შესძლებოდა მას ამ წოდების ტარება, თუმცა კარლმა ამაზე უარი განაცხადა. მართალია მას არ ჰქონდა პირადი სურვილები ტახტზე, თუმცა ის კი ირწმუნა, რომ მისი მოვალეობა იყო ღვთის ნების ასრულება და ესპანეთის ტახტზე ბურბონთა დინასტიის გაგრძელება.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონ კარლოსის გერბი, რომელიც მის მიერ ტახტზე პრეტენზიის განცხადების შემდეგ შეიქმნა

1833 წლის 29 სექტემბერს ფერდინანდ VII გარდაიცვალა. ამის შემდეგ ესპანეთის დედოფალი ისაბელ II ხდება, რომლის მცირეწლოვანების გამოც ესპანეთს რეგენტი დედა-დედოფალი მარია კრისტინა სიცილიელი მართავს. ამავე წლის 1 ოქტომბერს კარლმა გამოაქვეყნა მანიფესტი ტახტზე საკუთარი პრეტენზიის განცხადების თაობაზე. მან მიიწვია მარია კრისტინას მთავრობის წევრები თავისთან და დაჰპირდა, რომ ტახტზე ასვლის შემთხვევაში იგი მათ გაამდიდრებდა. როდესაც იგი ცოლთან ერთად ესპანეთში მიდიოდა, ესპანეთ-პორტუგალიის საზღვარზე ისაბელისა და მარია კრისტინას ჯარები დახვდნენ და დაემუქრნენ. კარლოსი იძულებული გახდა პორტუგალიაში დარჩენილიყო, რომელშიც ასევე სამოქალაქო ომი იწყებოდა, სადაც ერთმანეთს ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი დედოფალი მარია II და მისი ბიძა, მიგელი უპირისპირდებოდნენ. ყოველივე ამის გამო, კარლოსმა ესპანეთში თავისი მომხრეების შემოკრება დაიწყო და ჩამოაყალიბა კარლისტური მოძრაობა, რასაც შემდგომში კარლისტური ომების დაწყება მოჰყვა.

1834 წელს დედოფალმა მარია II-მ დაამარცხა ბიძამისი მიგელი, რის შემდეგაც კარლოსი თავის ცოლთან ერთად ინგლისში გაიქცა. აქ მას ადგილობრივმა მთავრობამ 300, 000 გირვანქა უბოძა და სთხოვა, რომ დაევიწყებინა თავისი პრეტენზიები და ესპანეთში, ან პორტუგალიაში დაბრუნებულიყო. კარლოსმა შეთავაზება უარყო და ფულიც უკან დაუბრუნათ. ამავე წლის ივლისში იგი საფრანგეთში გადავიდა, სადაც მას აქტიურად დაეხმარა ადგილობრივი მთავრობა. ამის შემდეგ იგი იგი ესპანეთში დაბრუნდა, სადაც 1834 წელს მარია კრისტინა სიცილიელმა გამოსცა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც კარლოსს ტახტზე ყველა უფლება ერთმეოდა. მოცემული კანონი 1837 წელს მიღებულ იქნა კორტესების მიერ.

მომდევნო ხუთი წლის მანძილზე კარლოსი კვლავ ესპანეთში დარჩა. ამ დროის მანძილზე იგი ტახტზე პრეტენზიას აღარ აცხადებდა, თუმცა ჩუმად აგროვებდა დიდ ჯარებს. ამის შესახებ მარია კრისტინამ მალევე შეიტყო და ჩაშალა მისი გეგმები. ამის შემდეგ კარლოსი იძულებული გახდა დროებით მთებში გადამალულიყო.

კარლის გამეფების მომხრეების რიცხვი თანდათან სულ უფრო იზრდებოდა. მალევე მისი მოკავშირე გახდა ბასკეთი და ნავარა, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ კარლი ბასკეთს დამოუკიდებლობას მოუტანდა. ცხადია, კარლისტებს სწამდათ მისი ტახტზე უფლებების, თუმცა მის მხარეს ყველა თავისი ინტერესების გამო გადადიოდა. სასულიერო პირებსაც კი, თავიანთი ფარული მიზნები ჰქონდათ. მათ იცოდნენ რომ იგი ძალიან მორწმუნე კაცი იყო და მისი გამეფების შემთხვევაში ესპანეთში კვლავ აღსდგებოდა კათოლიკური ეკლესიის ძველებური, მძლავრი გავლენა.

კარლისტური ომების პირველი წლების განმავლობაში წარმატება კარლის მხარეს იყო. მან უკანასკნელად 1837 წლის ზაფხულში, ეგრეთ წოდებულ "სამეფო ექსპედიციაში" გაიმარჯვა, რა დროსაც ნავარაში მან დაამარცხა მარია კრისტინას ჯარები. ამის შემდეგ კარლოსმა მადრიდსაც შემოარტყა ალყა. თუკი ქალაქი დაეცემოდა, ესპანეთის ტახტი მისი იქნებოდა, თუმცა ალყა თვეები გაჭიანურდა და კარლის დანებდა. ამის შემდეგ უკვე უპირატესობა ისაბელისა და მარია კრისტინას ხელში გადავიდა.

1838 წლის ივნისში მან თავისი არმიის მეთაურად რაფაელ მაროტო დანიშნა. 1839 წლის თებერვალში მაროტო და კარლის კიდევ ოთხი გენერალი მარია კრისტინას ბრძანებით დააპატიმრეს და დილეგში ჩაყარეს. ამავე წლის აგვისტოში მაროტომ კარლს უღალატა და მარია კრისტინას მხარეს გადავიდა, რომელმაც ამის სანაცვლოდ იგი გაანთავისუფლა. ამის შემდეგ, ომებით გადაღლილი კარლი დანებდა, თუმცა პრეტენზიას არ უარყოფდა.

დევნილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1839 წლის სექტემბერში კარლმა დატოვა ესპანეთი და საფრანგეთში წავიდა, სადაც იგი მარია კრისტინას თხოვნით ციხეში ჩასვეს. ამ ყველაფერმა კარლის მომხრეების განრისხება გამოიწვია და კარლისტური ომები განახლდა, რაც ერთ წელს, 1840 წლამდე გაგრძელდა და კარლის განთავისუფლებით დასრულდა.

1845 წელს კარლმა ოფიციალურად თქვა უარი ესპანეთის ტახტზე, თავისი ვაჟის, კარლოს ლუისის სასარგებლოდ. ამის შემდეგ იგი ავსტრიაში გადასახლდა, სადაც ქალაქ ტრიესტში, 1855 წლის 10 მარტს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ტრიესტის წმინდა კარლო ბორომეოს კათედრალის სან ჯიუსტოს სამლოცველოში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლს შვილები მხოლოდ პირველ ცოლთან, მარია ფრანსისკასთან ჰყავდა:

  1. კარლოს ლუისი (1818-1861), მონტემილონის გრაფი, ცოლად შეირთო მარია კაროლინა დე ბურბონ-სიცილიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. ხუან კარლოსი (1822-1887), მონტისონის გრაფი, ცოლად შეირთო მარია ბეატრიქს დე ჰაბსბურგ-ესტე, რომელთანაც სამი ვაჟი შეეძინა;
  3. ფერნანდო (1824-1861), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John Francis Bacon. Seis años en España. Bilbao, 1838
  • Alfonso Barrés de Molard. Memoires sur la guerre de la Navarre et des Provinces basques. París, 1842
  • Luis Bordas. Hechos históricos y memorables acaecidos en España desde la última enfermedad de Fernando VII hasta la conclusión de la guerra de los siete años. Barcelona, 1846
  • Fernando Fernández de Córdova. Mis memorias íntimas. 4 tomos. Madrid, 1886–1889
  • Luis Fernández de Córdova. Memoria justificativa... París, 1837
  • Galería militar contemporánea. 2 tomos. Madrid, 1846