გიორგი I (საქართველოს მეფე)
გიორგი I | |
---|---|
გიორგი I-ის XII საუკუნის ბიზანტიური მინიატურა წარწერით „გიორგი აბაზგიელი“ | |
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1014 |
მმართ. დასასრული: | 1027 |
წინამორბედი: | ბაგრატ III |
მემკვიდრე: | ბაგრატ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 998 ან 1002 |
დაბ. ადგილი: | ქუთაისი |
გარდ. თარიღი: | 1027 წლის 16 აგვისტო |
მეუღლე: |
1. მარიამი 2. ალდე |
შვილები: |
გურანდუხტი ბაგრატ IV კატაი მართა დემეტრე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ბაგრატ III |
დედა: | მართა დედოფალი |
გიორგი I (დ. 998 ან 1002 — გ. 16 აგვისტო, 1027) — საქართველოს მეფე 1014–1027 წლებში, ბაგრატ III-ის ძე.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაგრატ III-ის გარდაცვალებისას მისი შვილი გიორგი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ყოფილა. ახალგაზრდა მეფე მაშინ 16 წლისა იყო, „მატიანე ქართლისაჲს“ ანა დედოფლისეულ ხელნაწერში კი 16 წლის მაგიერ თორმეტი წლისა წერია. აქედან გამომდინარე, ის უნდა დაბადებულიყო 998 ან 1002 წელს. მცირეწლოვან გიორგის მეფობა კახეთის განდგომით დაიწყო: „განდგა... ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი, მათ ქუეყანათა კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი“.[1] სამეფო კარმა, როგორც ჩანს, ერთი მხრივ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებელ ერთეულად ფორმირებისათვის; მეორე მხრივ, მეტად აღარ დაამძიმა შინაპოლიტიკური ვითარება, მომავლისათვის გადადო კახეთ-ჰერეთისათვის ბრძოლა, რათა ხელი არ შეშლოდა ბიზანტიის წინააღმდეგ ომის სამზადისში. ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით. კერძოდ, იმპერიას აუჯანყდა ბულგარეთი და ბასილი II (976–1025 წწ.) ოთხი წლის მანძილზე მათთან ომს აწარმოებდა.
გიორგი I-ის გამეფების დროისათვის, გაერთიანებული და გაძლიერების გზაზე მდგარი საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი იყო კავკასიაში პოზიციების განმტკიცება და სრული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მიზნის განხორციელებაში საქართველოს დიდად უშლიდა ხელს ბიზანტია, რომელსაც აღარ აკმაყოფილებდა მის მიერ იმპერიის უპირატესობის ფორმალური აღიარება და რეალურად სურდა მდგომარეობის გამყარება. ბიზანტია თავისი მიზნებისათვის საუკეთესოდ იყენებდა დავით III კურაპალატის სამფლობელოებს, რომელიც 1001 წელს საქართველოს ჩამოაჭრა და ათავისი ადმინისტრაციული ერთეული „იბერიის თემი“ შექმნა. ამ ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ბიზანტიისათვის, რომელიც აქედან ავრცელებდა თავის ექსპანსიას საქართველოსა და სომხეთზე, ისე საქართველოსათვის, რათა თავისი მიზნები განეხორციელებინა. ამიტომ გიორგი იწყებდა შეუპოვარ ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ იმიერტაოს დასაბრუნებლად.
გიორგი I 1014–1018 წლებში სამხრეთ ტაოში შეიჭრა და დაიკავა. 1019 წელს ბასილი II-მ ბულგარელებთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს მეფეს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ბიზანტია-საქართველოს ომი 1021–1023 წლებში.
გიორგი I-მა ბუნებრივია კარგად იცოდა, რომ ქართველების მიერ იმიერტაოს დაკავებას ბიზანტიის იმპერატორი უპასუხოდ არ დატოვებდა. იგი თავიდანვე შეუდგა სამხედრო და დიპლომატიურ სამზადისს. მან გადაწყვიტა ფართო მასშტაბის ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნა. ამ მიზნით ის დაუკავშირდა სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს: ანისის მეფე იოვანე-სუმბატს, რომელმაც ტახტი გიორგის დახმარებით დაიკავა. კოალიციაში მონაწილეობას იღებდნენ ანისის სამეფოს ვასალი ვანანდი და ვასპურაკანის მეფე სენექერიმ არწრუნი, რომელსაც პირადი პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნდა ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს მეფეს ეხმარებოდა კახეთ-ჰერეთი, რაც გიორგი I-ის დიპლომატიურ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. გიორგი I-მა კავშირი დაამყარა ეგვიპტესთანაც, რომლის ფატიმიდი ხალიფები დიდი ხანია მეტოქეობას უწევდნენ ბიზანტიის იმპერიას და მნიშვნელოვნად ასუსტებდნენ კონსტანტინოპოლის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს სამეფო კარი, როგორც ჩანს, კარგად იყო ინფორმირებული წინა აზიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გიორგი I-მა საგანგებო ელჩობა გაგზავნა კაიროში ხალიფა ალ-ჰაკიმთან და ერთობლივი საომარი ოპერაციების დაწყება შესთავაზა. კოალიციის ჩამოყალიბება ბოლო მომენტში ჩაიშალა — გარდაიცვალა ალ-ჰაკიმი, ალბათ სწორედ ამან განაპირობა გიორგის წარუმატებლობა.
1021 წელს ბასილი II ურიცხვი ლაშქრით მოულოდნელად შემოიჭრა საქართველოში. მოწინააღმდეგეები ბასიანს დაბანაკდნენ. გიორგიმ ბრძოლას თავი აარიდა, ქალაქი ოლთისი გადაწვა და კოლას დადგა. ბასილი კვალდაკვალ გამოჰყვა მას და სოფელ შირიმნთან (ჩილდირის ტბის მახლობლად) შეება საქართველოს „უკანმავალ“ ლაშქარს. ქართველებმა შეუპოვარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ ქართველი „ერისთავნი და დიდებულნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი“. უკანდახეულ ქართველებს ბიზანტიელები გამოედევნენ და თან ყველაფერს ანადგურებდნენ. მათ „ტყუე ყვეს და მოაოხრეს არტანი“. იმპერატორმა „ასწყუიდა ქუეყანა ჯავახეთისა და გარდავიდა თრიალეთს. თრიალეთით უკუმოიარა ჯავახეთი და კუალად უბოროტესადრე შურის-გებით მოაოხრნა ქუეყანანი იგი“. გიორგი I-ს ამ დროს კახეთ-ჰერეთის ლაშქარი მოეშველა და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო იმპერატორმა ბრძოლა აღარ გააგრძელა, სამხრეთით წავიდა და ტრაპიზონთან დაბანაკდა. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. გიორგი I მოლაპარაკებას აჭიანურებდა, რათა ხელსაყრელ მომენტში შეტევა დაეწყო. ამ დროს ბასილიმ ცნობა მიიღო, რომ მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს ქსიფემ და ნიკიფორე ფოკამ. როგორც ჩანს, საქართველოს მეფეს მათთან კავშირი ჰქონდა. მან აჯანყებით ისარგებლა და ისევ საომარ სამზადისს შეუდგა, თუმცა იმპერატორმა აჯანყება მალევე ჩაახშო, დაასწრო გიორგის და დაამარცხა.
1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დასთანხმებოდა. იმიერტაო ისევ ბიზანტიას დარჩა, ტახტის მემკვიდრე ბაგრატი კი სამი წლით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში.
გიორგი I ამ მდგომარეობას არ შეეგუა და რევანშისათვის მზადება დაიწყო. მან 1025 წელს ვასპურაკანის მმართველის, ნიკიფორე კომნენოსის, იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შეთქმულება გამომჟღავნდა.
გიორგი მეფე იყო პირველი, ვინც შეეცადა საქართველოს ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.
ქართული წყარო „მატიანე ქართლისა“ მას შემდეგნაირად ახასიათებს:
მისი მეფობისას ფართო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის ყველაზე ბრწყინვალე მაგალითია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მცხეთაში.
მეფე გიორგი I გარდაიცვალა თრიალეთს, 1027 წელს, დაკრძალულია ქუთაისში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლორთქიფანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 158.
- ლორთქიფანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 16-17.
- საქართველოს მეფეები, მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, 2007 წ.
- ივანე ჯავახიშვილი (2012). ქართველი ერის ისტორია ხუთ ტომად, ტ. II. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-810-6.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართველი ერის ისტორია, ტ. III, 2012, გვ. 129
წინამორბედი: ბაგრატ III |
საქართველოს მეფე 1014 - 1027 |
შემდეგი: ბაგრატ IV |
|