მარიამ დედოფალი (საქართველო)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიამი (ხახულის ხატის დეტალი)

მარიამი, (სომხ. Մարյամ) — ერთიანი საქართველოს დედოფალი, საქართველოს მეფის გიორგი I-ის მეუღლე, ვასპურაკანის მეფის სენაქერიმ არწრუნის ასული [1], ბაგრატ IV-ის დედა, XI საუკუნის პოლიტიკური მოღვაწე.

მარიამი მცირეწლოვანი ბაგრატის მეფობის დროს აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. შეეცადა ბოლო მოეღო დაუცხრომელი შინაფეოდალური ბრძოლებისათვის, რითაც სარგებლობდა ბიზანტია და ცდილობდა მიწები წაეგლიჯა საქართველოსათვის. 1030 წელს კონსტანტინოპოლში საზავო მოლაპარაკებას აწარმოებდა იმპერატორ რომანოზ III არგირთან. იმპერატორმა მას აღუთქვა საქართველოში მშვიდობის დამყარება, ბაგრატ IV-ს უბოძა კურაპალატის წოდება და თავისი ძმის, ბასილის, ქალი ელენე მიათხოვა.

მარიამი 1031-1032 წლებში შეეცადა შემოერიგებინა ბაგრატ IV-ის ნახევარძმა დემეტრე, რომლის გამეფება მეფის მოწინააღმდეგე დიდ აზნაურებს სურდათ. 1045 წელს უმეფოდ დარჩენილი ქ. ანისი ქალაქის ბერებმა ბაგრატ IV-სა და მარიამს გადასცეს. მარიამმა ანისში ერისთავი აბუსერი დააყენა გამგებლად. 1052 წელს ბიზანტიაში გაჰყვა თავის შვილს, ბაგრატ IV-ს, რომელიც ლიპარიტ IV-მ შეავიწროვა. მარიამი კომსტანტინოპოლში ყოფნისას დიდ დახმარებას უწევდა ათონის ივერთა მონასტერს. იგი განსაკუთრებული ღვაწლისათვის მონასტრის აღაპებში გათანაბრებულია ათონის ივერთა მონასტრის მაშენებლებთან.

ბიზანტიაში ყოფნისას მარიამი დაემოწაფა გიორგი მთაწმიდელს, რომელმაც იგი მონაზვნად აღკვეცა. მარიამის დახმარებით, გიორგი მთაწმიდელმა იმპერატორისაგან მიიღო შავ მთასა და იერუსალიმში წასვლის ნებართვა. მარიამმა მას გაატანა მდიდრული შესაწირავი, რომელიც იერუსალიმის მონასტრის წინამძღვარმა პროხორემ ჯვრის მონასტრის აგებას მოახმარა. 1057 წელს მარიამი საქართველოში დაბრუნდა. იგი ფიქრობდა ქვეყნის კულტურის აღორძინებაზე, გიორგი მთაწმინდელს იწვევდა საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად. მარიამი ცოცხალი იყო ბაგრატ IV-ის გარდაცვალების (1072) შემდეგაც. 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში იგი მიცვალებულად იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965
  • ბერძნიშვილი მ., ქსე, ტ. 6, გვ. 439, თბ., 1983

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Istoria.Ge ბაგრატიონთა გენეოლოგია