ჰეროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰეროსი[1], ჰერ[2], ჰეროს[3]ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველი ხალხთა ერთ-ერთი ეთნარქი, თარგამოსის ძე და ქართლოსის ძმა, ჰერეთის ლეგენდალური დამაარსებელი.

ჰეროსის წილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეროსის წილი

ლეგენდის მიხედვით ჰეროსის წილი იყო მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა, რომელიც მდებარეობდა ორი მდინარის — ალაზანისა და ივრის აუზში. აღნიშნული ტერიტორია იწყებოდა იორ-ალაზნის შესართავიდან, სადაც მდებარეობდა ჰერეთის დედაქალაქი ჰერეთი (ხორანთა) და მთავრდებოდა ტყეტბამდე (გულგულა). ვახუშტი ბატონიშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და ჰერეთი-კახეთის საზღვრის გამყოფად გამოიყვანა დანიანი-თურდო-სტორის ხევი, რომლითაც მდინარე იორიდან ალაზნის გავლით კავკასიამდე გაიყვანა უწყვეტი საზღვარი.

ლეონტი მროველი წერს:

ვიკიციტატა
„ხოლო ჰეროსს მისცა ქუეყანა მტკურისა ჩრდილოთ, მცირისა ალაზნისა შესართავითგან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქჳან გულგულა. და ამან ჰეროს აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა. და უწოდა სახელი თჳსი ჰერეთი. და მის გამოჰქჳან ჰერეთსა ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქჳან ხორანთა.“
(ლეონტი მროველი, „ქართლის ცხოვრება“)

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით:

ვიკიციტატა
ჰერსს ანუ ჰეროსს განუჩინა ადგილნი: აღმოსავლით კავკასია, დასავლით მდინარე მტკვარი, სამხრით საზღვრადმდე მოვაკოჲსა და ჩრდილოდ ტყე-ტბადმდე. ამან უწინარეს ყოველთა ძმათა თჳსთა აღაშენა ქალაქი და ციხე, სადაცა იყრებიან ორნი მდინარენი ივერი დიდი (ესე იგი ალაზანი) და ივერა (ანუ იორა) მცირე, ესე იგი იორი. ამა ორთა მდინარეთა შესაყარსა საშუალ და უწოდა ხორნა-ბუჯი ანუ ხორანთა(ხორა სახელედებოდა მეუღლესა ამისსა).“
(თ. ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 30)

ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით:

ვიკიციტატა
„... ესევე (სამების) ჴევი არს საზღვარი ჱრეთისა და კახეთისა.“
(ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, (გ. ჯანაშვილის რედაქცია) ტფ., 1904, გვ. 135)
ვიკიციტატა
„... კვალად ამ ლოპოტის წყლის შესართავს ზეით ალაზანს მოერთვის თურდოს-ჴევი, გამომდინარე შუა-მთიდამ. ამ ჴევზედ არს გულგულა, რომელსა ეწოდა პირველ ტყეტბა. ეს ჴევი არს საზღვარი ჱრეთისა და კახეთისა.“
(იქვე, გვ. 162)
ვიკიციტატა
„... ამ შტორის ჴევისა და თურდოს ჴევის ჩრდილოთი ქვეყანა არს კახეთი, ამათ სამჴრითი — ჱრეთი.“
(იქვე, გვ. 165)

საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჰერეთი.

ჰერეთის საზღვრების შესახებ წარმოდგენის შექნა შეიძლება, ლეონტი მროველის, ვახუშტისა და თეიმურაზის თხზულებებიდან, ასევე მეცნიერთა მოსაზრებებიდან.

კახეთ-ჰერეთის საზღვრის მონაკვეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერეთის ტერიტორიის აღსანიშნად ლეონტი მროველი იფარგლება მხოლოდ ორი გეოგრაფიული წერტილით. ესენია: ქალაქი ჰერეთი და ტყეტბა. ლეონტი არ აკონკრეტებს და შესაბამისად მიაჩნია, რომ ტყეტბა, იგივე დღევანდელი გულგულა სრულებით საკმარისია ჰერეთისთვის კახეთ-ჰერეთის საზღვრის გასავლებად. გულგულა კი მდებარეობს მდინარე თურდოს სამხრეთით, რითაც უკვე აღნიშნული მდინარე ხდება როგორც საზღვრის ერთმნიშვნელოვანი მონაკვეთი.

ვახუშტი ბატონიშვილმა გულგულადან კავკასიონამდე საზღვრის გასავლებად შემოგვთავაზა მდინარე სტორი, მაგრამ საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთის უფრო მეტი სიცხადისათვის დავით მუსხელიშვილმა დაამატა რომ საზღვარი გულგლადან ალაზნის გაყოლებით უნდა გაგრძელებულიყო ბახტრიონის ციხემდე, რომელიც მდებარეობს კავკასიონიდან ჩამოსულ მთის თხემზე. „სხვაგვარადაა საქმე ჩვენთვის საინტერესო სასაზღვრო ხაზის ჩრდილო მონაკვეთის მიმართ. ვახუშტის აქ კახეთ-ჰერეთის საზღვრად შტორის ხევი მიაჩნია. ვახუშტი სხვაგანაც ამბობს: „ამ შტორის-ჴევისა... ჩრდილოეთი ქვეყანა არს კახეთი, ამათ სამჴრეთი — ჰერეთი“. აქ კი ვახუშტი ცდება (ან უკეთ, ალბათ კახეთ ჰერეთის მოგვიანო პერიოდს განსაზღვრავს). ვახუშტი რომ ცდება ეს ცხადია იქედან , რომ მდ. შტორის დასავლეთით (ვახუშტით ჩრდილოეთით) მდებარე „ბახტრიონსა და ლალის ყურს შუა არს ველი ალონად წოდებული“, რომელზეც მდებარეობს სოფელი ალვანი. ეს ტოპონიმი (ალონი=ალვანი) მიუთითებს ალვანთა ტომის არსებობაზე ამ ტერიტორიაზე გარკვეულ დროს. აქედან კი გამომდინარეობს, რომ იგი უნდა გამოირიცხოს თავდაპირველი კახეთის, ალვანთაგან ეთნიკურად განსხვავებული მოსახლეობის ტერიტორიის, ფარგლებიდან[4].“ და იქვე „ამიტომ, ბუნებრივია, თუ ვიფიქრებთ, რომ გულგულას შემდეგ (თურდოს შესართავის შემდეგ) საზღვარი 90°-ით იცვლის დასავლეთისაკენ მიმართულებას და ახლა უკვე ალაზნის გასწვრივ. ამგვარი მდგომარეობა უნდა უნდა ვიგულისხმოთ ბახტრიონამდე. საიდანაც იწყება ალონის ველი და სადაც ალაზანი მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისაკენ.“

სწორედ აღნიშული წყალგამყოფი ქედის სამხრეთი ფერდობი წარმოადგენს სათავეს მდინარე სტორის ზემო დინების მაჯვენა შენაკადებისათვის. ცნობილია რომ ბახტრიონის ციხიდან იწყებოდა პანკისის სახელით ცნობილი რაიონი, რომლის საზღვრები აღნიშნულ მონაკვეთში იმეორებდა აღნიშნულ პერიმეტრს. შესაბამისად ისტორიული კახეთისა და ჰერეთის საზღვარი იმეორებდა გაღმამხარსა და პანკისს შორის საზღვარს ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე საზღვარი გადიოდა მდინარე თურდოს სამხრეთ წყალგამყოფ ქედზე. აღნიშნული კი სათავეს ცივი მთიდან იღებდა. სწორედ ცივი მთიდან ხორნაბუჯამდე მდებარეობდა „ჰერეთის მთის“ სახელით წოდებული ქედი, რომელიც ვახუშტის „საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში“ არაერთხელაა მოხსენიებული.

კუხეთ-ჰერეთის საზღვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვარი ხუნანიდან გულგულამდე

ვახუშტის სიტყვებით ნაგებს (ბოსტანქალაქი) ქვევით ჰერეთია, ხოლო ჩრდილოეთით კი კუხეთი. ანუ ვახუშტისეული ჰერეთი მტკვარი-ალაზნის შესართავიდან ბოსტანქალაქამდე მიუყვებოდა მდინარე მტკვარს და მოიცავდა ყარაიას. თუმცა მეცნიერებმა ვერანაირად ვერ შესძლეს ჰერეთის საზღვრის გავლება მტკვრიდან იორამდე, ისე როგორც ამას ვახუშტი ბატონიშვილი წერს.

ვიკიციტატა
„არამედ ესე ადგილნი ნაგებს ზეით არს ძველად კუხეთისა... ხოლო ნაგებს ქვეითი ჰერეთისა არს, და აწ უწოდებენ ყარაიას, და გარეჯის მთას მასვე ძველ სახელს.“

ვახუშტი ბატონიშვილი კუხეთის, როგორც ჰერეთის მეზობელ რეგიონის საზღვრებზე წერს, რომ საზღვარი კუხეთ ჰერეთს შორის ხუნანიდან გულგულამდე გადიოდა, თუმცა იქვე კუხეთში შეჰყავს ყარაია, რომელიც გარეჯის მრავალმთასა და მტკვარს შორის მდებარეობს ნაგების (ბოსტანქალაქის) ქვემოთ, რაც თავის თავად ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებაა.

ვიკიციტატა
„ხოლო კუხოსს მისცა საზღვარი: აღმოსავლით მთა კახეთისა, სამჴრით საზღვარი ჱერეთისა, რომელ არს ხუნანის გასწვრივ გულგულამდე, დასავლით მტკვარი და არაგვი; ჩრდილოით იგივე მთა კახეთისა; და ამათ შორის ქვეყანას ეწოდა კუხეთი კუხეთის სახელისა გამო, არამედ აწ უწოდებენ თიანეთს, საგურამოს ანუ თეძმისჴევს, კვალად გრდანი, მარტყოფი, ლილო, დიდეუბე, სამგორი, ჩადივარი, ომანისხევი, ყარაღაჯი, ნაგები და ყარაია.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904 წ, გვ. 127-128)

დავით მუსხელიშვილი აღნიშნულ ხაზთან დაკავშირებით წერდა: „ამგვარად, უნდა მივიღოთ, რომ ვახუშტის მიერ ჰერეთის დასავლეთი საზღვრის (იგივე კუხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი) კოორდინაცია, გულგულა-ხუნანის შემაერთებელ ხაზზე სწორია. რაც შეეხება თვით ამ ხაზის დადგენას, აქ სხვა არა დაგვრჩენია რა, ჯერჯერობით, გარდა იმისა რომ ვახუშტის ვენდოთ, მით უმეტეს, რომ საწინააღმდეგო რაიმე საბუთი არ მოგვეპოვება, ხოლო ვახუშტის ცნობები, ჩვენი აზრით სრულებით სანდოა“[5].

„მონაკვეთი, რუსთავიდან — სამების ხევამდე ჩვენთვის ძნელად დასადგენია. მას უნდა გაევლო სამგორსა და ჩადივრის გორებსა და გარეჯის მთას შუა“ — წერს დავით მუსხელიშვილი.

ვახუშტის ასევე თავის რუკებზე გამოყენებული აქვს „მწარე წყალი“ საზღვრად

სამხრეთი საზღვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტის ცნობით ჰერეთის სამხრეთი საზღვარი მტკვარზე გადიოდა და წარმოადგენდა მონაკვეთს მტკვარ-ალაზნის შესართავიდან მწარე წყლამდე. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მონაკვეთში ასევე ქისიყი (კამბეჩოვანი) იმეორებდა თავის სამხრეთ საზღვარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეონტი მროველი, „ქართლის ცხოვრება“
  2. ვიკიციტატა
    „თარგამოს ჰყუანდა რუანი შჳლნი: ჰაი, ქართლ, ბარად, მოვაკ, ლეკ, ჰერ, კავკას და ეგრ.“
    („ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ - თ. ჟორდანია 1893 წ.)
  3. ვიკიციტატა
    „ხოლო ძმანი ქართლოსისანი, ძენი ტარგამოსისნი იყვნეს: ჰაოს, ბარდო, მოვაკე, ლეკან, კავკასო, ჰეროს, ეგრო და ძენი ქართლოსისანი: კახო, მცხეთოს, კუხოს, გაჩიო და გარდაბან.“
    (თეიმუირაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, 1848 წ. გვ. 27)
  4. მუსხელიშვილი დ., „ციხე-ქალაქი უჯარმა“, 1966, გვ. 13
  5. მუსხელიშვილი დ., „ციხე-ქალაქი უჯარმა“, 1966, გვ. 10-11