საშობაო ბატი კომშით (პიესა)
საშობაო ბატი კომშით | |
---|---|
ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
პერსონაჟები | ელენა ქვინსი, მაიკლ დანსერი, კარლი, როზალია, გებრიელ ბონიფაციუსი, ცხენი ტელევიზორიდან |
პრემიერა | 2009 |
პრემიერის ადგილი | ვაკის თეატრალური სარდაფი, თბილისი, 2009 |
ენა | ქართული |
ჟანრი | კომიკური თრილერი |
მოქმედების ადგილი | ევროპის რომელიღაც ქვეყნის დედაქალაქი |
საშობაო ბატი კომშით — პიესა ერთ მოქმედებად და თერთმეტ სცენად, ჟანრობრივად კომიკური თრილერი, დაწერილი 2009 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ.
სინოპსისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პიესა მოგვითხრობს ერთ ჩვეულებრივ, მაგრამ დიდ ვალებში ჩავარდნილ ოჯახში მომხდარ საშობაო ამბავს, — დიდი თანხის შემოთავაზების გამო ახალგაზრდა ცოლ–ქმარი, ელენა ქვინსი და მაიკლ დანსერი იძულებულნი ხდებიან ჯერ თავიანთი უცნაური სტუმრის, მათი სამსახურის მფლობელის, რომელიღაც დიდი კონსორციუმის პატრონის, გებრიელ ბონიფაციუსის დამამცირებელი მოთხოვნები შეასრულონ, ხოლო ამის გამო სინდისის ქენჯნას რომ იგრძნობენ, სტუმარს მოკლავენ; თუმცა აღმოჩნდება, რომ სტუმარი მათი კონსორციუმის პატრონი კი არა, ანგელოზია.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელენა ქვინსი — ცოლი ოცდაათ წლამდე, მარკეტინგის მენეჯერი რომელიღაც კონსორციუმში.
- მაიკლ დანსერი — ქმარი ოცდათორმეტ წლამდე, წამყვანი დიზაინერი იმავე კონსორციუმში, საერთოდ კი, მხატვარი.
- კარლი — ელენას მამამთილი სამოცდასამ წლამდე, მაიკლის მამა.
- როზალია — ელენას დედამთილი სამოც წლამდე, მაიკლის დედა..
- გებრიელ ბონიფაციუსი — სტუმარი გაურკვეველი ასაკით, სწორედ იმ რომელიღაც კონსორციუმის მფლობელი.
- ცხენი ტელევიზორიდან — სამი წლის.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს „ახალი დრამაა“: ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ძალიან „გაუმართლა“. ისინი დიდ კონსორციუმში მუშაობენ და თითქოს ცხოვრებაც აიწყეს – ფეშენებელური ბინა ქალაქის ცენტრში, ძვირფასი მანქანა, აგარაკი, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ეს ყველაფერი კრედიტის აღებით აქვთ გაკეთებული.
შობამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ამ ცოლ-ქმრის კარზე ზარია. შემოდის გებრიელ ბონიფაციუსი, რომელიც სწორედ მათი კონსორციუმის ხელმძღვანელია. თან სიხარული და სითბო შემოაქვს, მაგრამ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ეუბნება, — ვიცი, რომ ვალები გაქვთო; თან ორასიათასევროიან ჩეკს გამოუწერს და განაგრძობს, — ამ ფულს ვერ გაჩუქებთ, მაგრამ, თუ ერთ პატარა თხოვნას შემისრულებთ, მოგცემთო: ელენა, შენ მაგიდაზე უნდა ახვიდე, კაბა აიწიო და უკანალი დამანახვოო.
ცოლ-ქმარი ბევრს იყოყმანებს თუ ცოტას, ბოლოს მაინც გადაწყვეტს, დავეთანხმოთო.
ელენა ქვინსი კაბას აიწევს და ბონიფაციუსს საჯდომს დაანახვებს.
მერე გებრიელ ბონიფაციუსი ქმარს მიუბრუნდება და ეტყვის, — შენ კი სტრიპტიზი მიცეკვეო.
მაიკლ დანსერს ცეკვა არ უნდა, მაგრამ ახლა ცოლი იწყებს ჩხუბს, — მე რომ გამახდევინე და საჯდომი მაჩვენებინეო?! ბოლოს დაითანხმებს ქმარს, ისიც გაიხდის და მდიდარ სტუმარს სტრიპტიზს აჩვენებს.
ყველაფერი იქამდე მიდის, რომ შეურაცხყოფილი ცოლ-ქმარი სტუმრად მოსულ გებრიელ ბონიფაციუსს მოკლავს. თვითონ ბონიფაციუსს მიჰყავს ცოლ-ქმარი იქამდე, რომ მოკლან: თვითონ სთავაზობს დანებს — მოდით, მომკალითო. სულ ნაწილ-ნაწილ დაჩეხავენ თუ დახერხავენ გვამს და ნაწილებს მაცივარში შეინახავენ.
ამ დროს მოდიან მაიკლ დანსერის მშობლები, კარლი და როზალია. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თავიდან კი უმალავს, მაგრამ ბოლოს მშობლებს გამოუტყდებიან, კაცი მოვკალითო, და ხან მოჭრილ ხელს აჩვენებენ, ხან – თავს.
როზალია თავიდან გადაწყვეტს, დედა არ გაგწირავთ, სულ თქვენ გვერდით იქნებაო, რასაც ეთანხმება კარლიც და შვილებს ეხუტებიან. მერე კი უცებ ამბობენ, კანონის წინაშე ამის გამო პასუხი უნდა აგოთო. მშობლები საკუთარი თავის გადარჩენაზე იწყებენ ფიქრს, აიღებენ ტელეფონს და პოლიციაში იწყებენ დარეკვას.
ელენა ქვინსს კი ეშინია, რომ მხოლოდ მას არ შეაწმინდონ ხელები და, მაიკლ დანსერი და მისი მშობლები არ შეიკრან.
უცებ მაცივრის კარი იღება და გებრიელ ბონიფაციუსი საღი და საღსალამათი გამოდის. ყველა განცვიფრებულია, ეკითხებიან, როგორ გაცოცხლდიო, და ის პასუხობს: ამაღამ ხომ შობაა და შობის ღამეს კი სასწაულები ხდებაო.
ბოლოს ბონიფაციუსი ამბობს, — ადამიანებო, იმას კი არ გთხოვთ, სულ სუფთები იყავით და წმინდად იცხოვრეთ, უბრალოდ, ხანდახან სულ ცოტათი მაინც დაფიქრდითო.
ფინალში, შობის მოახლოებისას პერსონაჟები სკამებზე ადიან, რომ ყველაფერი ძველი და უსიამოვნო წარსულში დატოვონ და ისე გადმოხტნენ იქიდან. ამ დროს მოდის თოვლი, ძალიან ბევრი თოვლი. შობა მოვიდა.
2010 წლის რედაქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ პიესის მიხედვით ვაკის თეატრალურ სარდაფში დადგმული სპექტაკლის ნახვის შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის თეტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ რეჟისორ გურამ ბრეგაძეს შესთავაზა ეს დადგმა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გადაეტანა. განაწილდა როლები, სათანადო დაფაზე რუსთაველის თეატრის ვესტიბულში გამოიკრა ბრძანებაც, იყო ეგრეთ წოდებული „კითხვაც“ (მსახიობი ბესო ზანგური), მხატვარმა თემურ ნინუამ გაამზადა სპექტაკლის მაკეტიც, რომელიც შემდეგ, მხატვრის ნებართვით, მიხო მოსულიშვილის პიესების წიგნის გარეკანზე დაიბეჭდა. იმ ტრაგი-კომიკურობის უფრო ექსპრესიულად გამსახატავად, რაც პიესაშია ასახული, რობერტ სტურუას და გურამ ბრეგაძის წინადადებით ავტორმა თავის პიესაში შემოიყვანა ახალი პერსონაჟი — მოლაპარაკე ცხენი ტელევიზორიდან.
ეს დადგმა აღარ განხორციელდა, თუმცა ამავე წელს გამოსული თავის პიესების წიგნს ავტორმა ამ პიესის პერსონაჟის, ელენა ქვინსის რეპლიკიდან დაარქვა სათაური:
დადგმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილიაუნის თეატრი[1] (ვაკის თეატრალური სარდაფი), 2009 წლის 24 დეკემბერი, რეჟისორი გურამ ბრეგაძე. როლებში: ელენა ქვინსი — მაკა ძაგანია, მაიკლ დანსერი — დათო ხახიძე, კარლი — რეზო ბაღაშვილი, როზალია — მაკა შალიკაშვილი, გებრიელ ბონიფაციუსი — ნიკა ქაცარიძე.
- რუსთავის დრამატული თეატრი[2], 2013 წლის 21 ივნისი, რეჟისორი გურამ ბრეგაძე, ქორეოგრაფი გიორგი მარღანია, მხატვარი ლომგულ მურუსიძე; როლებში: ელენა ქვინსი — ნათია არბოლიშვილი, მაიკლ დანსერი — დათო ხახიძე, კარლი — გიორგი ბუაძე, როზალია — ნათია მელაძე, გებრიელ ბონიფაციუსი — იოსებ ელიზბარაშვილი.
- ოზურგეთის დრამატული თეატრი, სპექტაკლი სათაურით „ბონიფაციუსი“[3], 2015 წლის 28 ივნისი, რეჟისორი გურამ ბრეგაძე. როლებში: ელენა ქვინსი — ანი გოდერძიშვილი, მაიკლ დანსერი — გიორგი დოლიძე, კარლი — ლევან საღინაძე, როზალია — ორენა გვეტაძე, გებრიელ ბონიფაციუსი — ალექსანდრე ლომიძე.
- დოდო ალექსიძის სასწავლო თეატრი[4], 2022 წლის 20 ნოემბერი, რეჟისორი ბექა მაღალაშვილი, როლებში: ელენა ქვინსი — ნინი ვადაჭკორია, მაიკლ დანსერი — გიორგი ბაბუნაშვილი, კარლი — ბექა მაღალაშვილი, როზალია — სალომე ცინცაძე, გებრიელ ბონიფაციუსი — ნიკოლოზ ლაჩაშვილი.
გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2010 წ. — წიგნში „თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან“.[5] ISBN 978-99940-60-87-0
- 2015 წ. — Weihnachtsgans mit Quitten, „საშობაო ბატი კომშით“ (პიესა), გერმანულად თარგმნა მაია ლიპარტელიანმა, ქართული პიესების კრებულში Zwischen Orient und Okzident, გამომცემელი მანანა თანდაშვილი, გამომცემლობა Theater der Zeit[6], ბერლინი, ISBN 978-3-95749-061-2
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „საშობაო ბატი კომშით“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-14. ციტირების თარიღი: 2013-07-21.
- ↑ „ბატი კომშით“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-07-21.
- ↑ უგემრიელესი „ბატი კომშით“ და ბონიფაციუსის გემოვნება
- ↑ საშობაო ბატი კომშით - 2022
- ↑ Mixo Mosulišvili (2010), Titqmis picaso da cota boskhi, marjvnidan, Tbilisi, Georgia: Saari, http://openlibrary.org/books/OL24988611M/Titqmis_picaso_da_cota_boskhi_marjvnidan
- ↑ Zwischen Orient und Okzident
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „საშობაო ბატი კომშით“ (პიესის სრული ტექსტი ქართული თეატრის ელექტრონული არქივის „მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონული ბიბლიოთეკის“ („პიესებისა და ინსცენირებების“) ბაზაში)
- მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონული ბიბლიოთეკა
- ფოტოები: საშობაო ბატი კომშით, 2009
- საშობაო ბატი კომშით - 2009-12-24 (სიუჟეტი საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“)
- საშობაო ბატი კომშით
- «Гусь с айвой» (комический триллер)
- „ბატი კომშით“ (რუსთავის დრამატული თეატრის სპექტაკლის ვიდეოანონსი)
- „ბატი კომშით“ — პრემიერა რუსთავის დრამატულ თეატრში დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
|