Laudakia Caucasia (პიესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Laudakia Caucasia“

ავტორი მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი თამარ გელოვანი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
სერია დრამატურგის ბიბლიოთეკა
თემა დიქტატორები
ჟანრი ტრაგიკომედია, ფარსი, აბსურდი, პოსტმოდერნიზმი
გამომცემელი უსტარი
გამოცემის თარიღი 2014
მედია თხელი ყდა
გვერდი 87
წინამორბედი ვაჟა-ფშაველა, 2012
მომდევნო გიაურ-ყუში. 2015
ISBN 978-9941-9395-2-5

„Laudakia Caucasia“, ანუ მრისხანე საუკუნის მხიარული ფსიქოანალიტიკური პორტრეტი, შექმნილი მიხაელ ტონეტის[1] ავეჯისა და ჩვენი ცრემლების გამოყენებით — მიხო მოსულიშვილის 2014 წლის ტრაგიკული ფარსი, ორ მოქმედებად, ჭადრაკის თამაშის ერთი ახალი წესით ფრიდრიხ დიურენმატის ჩანაწერიდან „მოჭადრაკე“.

ანოტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წლის 16 თებერვალი. ვენა, ბერგგასსეს 19, კაფე „ცენტრალი“[2]. აქ ერთმანეთს ხვდებიან იოსებ სტალინი, ადოლფ ჰიტლერი, ზიგმუნდ ფროიდი და კიდევ ორი ქალბატონი. სტალინი და ჰიტლერი იწყებენ ჭადრაკის თამაშს.

ჭადრაკის თამაშის წესი ამ პიესისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭადრაკის თამაშის საგანგებო წესი ამ პიესისთვის აღებულია ფრიდრიხ დიურენმატის ესკიზიდან „მოჭადრაკე“:

{{ციტატა|თამაშის წესი იმაში მდგომარეობდა, რომ ფიგურას თუ დაკარგავდა, მოთამაშე მოვალე იყო, მოეკლა ისიც, ვინც ამ ფიგურას აღნიშნავდა. თამაში გრძელდებოდა მხოლოდ მკვლელობის ჩადენის შემდეგ. ვინც დაშამათდებოდა, თავი უნდა მოეკლა. ამას კი იქამდე მიჰყავდა ყველაფერი, რომ ერთი თამაში ათწლეულებით გრძელდებოდა.[3]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წლის 16 თებერვალი, ვენა, ბერგგასსეს 19, ზიგმუნდ ფროიდის კაბინეტში შეპარული და მისი ტახტის ქვეშ შემძვრალი კაფე „ცენტრალის“ მიმტანი და შეთავსებით სასტუმრო „ბრილიანტის“ მეძავი ღამის საათებში, ანნა ჩილლაგი ესწრება სასტუმრო „ბრილიანტის“ მეპატრონე ირმა სრესელი-ვეილანდის ფსიქოანალიტიკურ სეანსს ფროიდთან. როცა მისი იქ ყოფნა გამჟღავნდება, ანნა ითხოვს ზიგის (ზიგმუნდ ფროიდის) და ირმას დახმარებას, რათა გაარკვიოს, მასთან კაბით და ვუალით მოსული სტავროს პაპანდოპულოსისგან, რომელსაც მარცხენა ფეხზე აპკით გადაბმული თითები დაუნახა ანნამ, ხვლიკი ხომ არ ეყოლება, აპკით გადაბმული თითები ხომ ხვლიკებს აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანნა უარს აცხადებს სასტუმრო „ბრილიანტში“ მაღალი წრის კლიენტურის მომსახურებაზე, რის გამოც ირმა დიდ შემოსავალს დაკარგავს. თანაც სტავროს პაპანდოპულოსის ამბავი გაიგო ანას შეყვარებულმა, თავშესაფარში მცხოვრებმა მხატვარმა დოლფიმ (ადოლფ ჰიტლერმა) და მოკვლას უპირებს სტავროსს.

იმ მოტივით, რომ რიო დე ჟანეიროდან ჩამოტანილ კოლუმბიური კოკაინის ოთხ კილოგრამს მიიღებს ირმასგან, ზიგი დათანხმდება ფსიქოლოგიური სეანსის გამართვას კაფე „ცენტრალში“, რითაც გადაარჩენს როგორც ანნას, ასევე დოლფის და ირმას.

კაფე „ცენტრალში“ მიდიან სამივე, სადაც ასევე მოდის ქუჩის მხატვარი დოლფი და თავის ნახატებს სთავაზობს სტავროს პაპანდოპულოსს, თუმცა გაირკვევა, რომ ეს კაცი სინამდვილეში არის სოსო (იოსებ ჯუღაშვილი, იგივე სტალინი).

დოლფი და ირმა თავ-თავის პისტოლეტებს მიადებენ საფეთქლებზე სოსოს, მაგრამ საქმეში ჩაერევა ზიგი, პაციენტებს ურიგებს კოკაინის ბურთულებს თავისი ზარდახშიდან, რის შემდეგაც ჰალუცინაციებში მყოფი სოსო და დოლფი იწყებენ ჭადრაკის თამაშს, სადაც ფიგურები ადამიანებს აღნიშნავს და თუ მოთამაშეს მოწინააღმდეგე მოუკლავს ფიგურას, მან ის ადამიანიც უნდა მოკლას, ვინც ამ ფიგურას შეესაბამება (ჭადრაკის თამაშის წესი ფრიდრიხ დიურენმატის ჩანაწერიდან „მოჭადრაკე“). მოწინააღმდეგეები თამაშობენ „ლენინგრადის ბლოკადას“, „სტალინგრადის დაცვას“, მერე „ბერლინის აღებას“. სოსო შამათს გამოუცხადებს დოლფის და ისიც იძულებულია თავი მოიკლას.

გახარებულ სოსოს ჰგონია, გაიმარჯვა, მაგრამ ხედავს, 2010 წელს როგორ იღებენ მის მშობლიურ ქალაქ გორში მის ქანდაკებას ამწით, რაც ძალიან უხარია დოლფის. მერე კი თავისი ძეგლის დაბრუნება ძალიან უხარია სოსოს და სწყინს, მის ძეგლს რომ ვედროთი საღებავს გადაასხამენ და მოითხოვენ, აიღონ დიქტატორის სკულპტურა. დოლფი წუხს, რომ მის მშობლიურ ქალაქ ბერნაუში მისი ძეგლი არა დგას.

ბოლოს კაბინეტის ხელოსნის, მიხაელ ტონეტის ავეჯის გამოყენებით ზიგი შექმნის მეოცე საუკუნის ფსიქოანალიტიკურ პორტრეტს, სადაც თავად არის საკიდელი, ანუ SUPER-EGO; ჩვეულებრივი ვენური სკამი არის დოლფი, ანუ ID; სოსო არის სკამი ფეხზე მარყუჟით, ანუ EGO; ხოლო ანნა არის მაგიდა, ანუ ამ სქემის ცნობიერი ნაწილი; ირმა კი მეორე მაგიდა, ანუ არაცნობიერი მხარე...

სამწუხაროდ, ანნა შილლაგი მაინც ვერ ხვდება, ეყოლება თუ არა ხვლიკი თუ ჯოჯო (ლათინურად Laudakia caucasia, რაც პიესის სახელწოდებადაა აღებული), რომელიც სოსოს ქვეყანაშია გავრცელებული.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოსო — იოსებ ჯუღაშვილი, სტალინი, ბოლშევიკი, პუბლიცისტი, 34 წლის.
  • დოლფიადოლფ ჰიტლერი, ვენელი ქუჩის მხატვარი, 24 წლის.
  • ირმა — ირმა სრესელი-ვეილანდი, სასტუმრო „ბრილიანტის“ მეპატრონე, 42 წლის.
  • ანნა — ანნა ჩილლაგი, მიმტანი და შეთავსებით სასტუმრო „ბრილიანტში“ მოსამსახურე მეძავი, 27 წლის.
  • ზიგიზიგმუნდ შლომო ფროიდი, ექიმი ფსიქიატრი, 57 წლის.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2014 წ. — თბ., გამომცემლობა „უსტარი“[4].
  • 2021 წ. — ზუგდიდი, ჟურნალი „ებგური“[5], # 2 (14), გვ. 54—88

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]