მარია ანტონია ბავარიელი
მარია ანტონია ბავარიელი | |
---|---|
საქსონიის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 ოქტომბერი, 1763 |
მმართ. დასასრული: | 17 დეკემბერი, 1763 |
წინამორბედი: | მარია იოზეფა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | ამალია ცვაიბრიუკენ-ბირკენფელდელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 ივლისი, 1724 |
დაბ. ადგილი: | მიუნხენი, ბავარია |
გარდ. თარიღი: | 23 აპრილი, 1780, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | დრეზდენი, საქსონია |
მეუღლე: |
ფრიდრიხ კრისტიანი, საქსონიის კურფიურსტი (ქ. 1747 - გარდ. 1763) |
შვილები: |
ფრიდრიხ ავგუსტ I, საქსონიის მეფე ანტონი, საქსონიის მეფე მარია ამალია, ცვაიბრიუხენის ჰერცოგინია მაქსიმილიანი, საქსონიის პრინცი |
სრული სახელი: | მარია ანტონია ვალპურგის სიმფოროსა |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | კარლ VII, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია ამალია ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარია ანტონია ბავარიელი (გერმ. Maria Antonia von Bayern; დ. 18 ივლისი, 1724, მიუნხენი, ბავარია — გ. 23 აპრილი, 1780, დრეზდენი, საქსონია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ კარლ VII-ისა და დედოფალ მარია ამალია ავსტრიელის ქალიშვილი. საქსონიის კურფიურსტი 1763 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე. საქსონიის ორი მეფის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ანტონია დაიბადა 1724 წლის 18 ივლისს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის კურფიურსტ კარლ VII-ისა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია მარია ამალია ავსტრიელის უფროსი ქალიშვილი. დედის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ის შვილიშვილი და საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის ბიძაშვილი იყო.
იგი და-ძმებთან ერთად იღებდა განათლებას მიუნხენის კარზე. მარია ანტონია შეისწავლიდა ხატვას, პოეზიას, წერა-კითხვას, მუსიკას, ფრანგულ და იტალიურ ენებსა და რამდენიმე ხელსაქმეს.
მას შემდეგ რაც დედამისის ბიძა, იმპერატორი კარლ VI უვაჟოდ გარდაიცვალა, მარია ანტონიას დედასა და კარლის ქალიშვილ მარია ტერეზიას შორის დაიწყო ომი ავსტრიული მემკვიდრეობისთვის. ამის შედეგად ავსტრია და სხვა ჰაბსბურგთა სამფლობელოები მარია ტერეზიას დარჩა, ხოლო ბოჰემია და საღვთო რომის იმპერია მარია ამალიასა და მის ქმარს. ვინაიდან 1745 წელს კარლ VII გარდაიცვალა, მარია ტერეზიას ქმარმა, ფრანც შტეფანმა მიისაკუთრა ბოჰემიაცა და საღვთო რომის იმპერიაც. ამან ბავარიელთა ძალების ერთობ შეასუსტა, რის გამოც საჭირო გახდა ახალი მოკავშირეების მოძიება.
1747 წლის 13 ივნისს მიუნხენში მარია ანტონია მარიონეტულად დააქორწინეს პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ისა და დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის ვაჟზე, პრინც ფრიდრიხ კრისტიანზე. აღსანიშნავია, რომ ისინი ღვიძლი დეიდაშვილები იყვნენ, თუმცა პოლონეთი მარია ტერეზიას მოსისხლე მტერი იყო, რაც ბავარიას ხელს აძლევდა. 1747 წლის 20 ივნისს, უკვე დრეზდენში შედგა მათი ნამდვილი ქორწინება. ამის შემდეგ მარია ანტონია დრეზდენის სამეფო კარზე გადასახლდა, სადაც ქმრისგან ცხრა შვილი გააჩინა.
შვიდწლიანი ომის პირობებში, 1759 წელს მარია ანტონიამ სასწრაფოდ დატოვა დრეზდენი და პრაღაში გაიქცა, თუმცა მალე შვედებმა მასაც შემოარტყეს ალყა, ამიტომაც იგი შვილებთან ერთად მიუნხენში გადავიდა. აქ მან რამდენიმე წელი დაჰყო, თუმცა 1763 წლის 5 ოქტომბერს მისი ქმარი საქსონიის კურფიურსტი გახდა, რის გამოც იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. მათი მმართველობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რადგან იმავე წლის 17 დეკემბერს ფრიდრიხ კრისტიანი გარდაიცვალა და ტახტი მათმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, ფრიდრიხ ავგუსტ I-მა დაიკავა, რომელსაც რეგენტად მარია ანტონია დაენიშნა.
საქსონიელები მარია ანტონიას რეგენტობას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ამიტომაც მას თანა-რეგენტად მალევე დაუნიშნეს მისი მაზლი ფრანც ქსავიერი, რომელთან ერთადაც მართავდა საქსონიას 1768 წლამდე. ამ პერიოდში, 1765 წელს მან თავისი ვაჟის სახელით განაცხადა პრეტენზია პოლონეთის სადავო ტახტზე, თუმცა ამაოდ.
რეგენტის სტატუსის შეჩერების შემდეგ მარია ანტონიამ დარჩენილი ცხოვრება საქსონიაში ხელოვნებისა და კულტურის აღორძინებას მიუძღვნა. მის პერიოდში აქ ჩავიდა უამრავი ფრანგი და იტალიელი ფერმწერი, ოპერის მომღერალი თუ მოცეკვავე. იგი გარდაიცვალა 1780 წლის 23 აპრილს დრეზდენში, 55 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მკვდარშობილი ვაჟი (1748);
- ფრიდრიხ ავგუსტ I (1750-1827), საქსონიის მეფე. ცოლად შეირთო ამალია ცვაიბრიუხენ-ბირკენფელდელი, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა;
- კარლ მაქსიმილიანი (1752-1781), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- იოზეფ ლუდვიგი (1754-1763), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ანტონ I (1755-1836), საქსონიის მეფე. ცოლად შეირთო მარია კაროლინა სავოიელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მარია ტერეზია ავსტრიელი, თუმცა მემკვიდრე არ დარჩენია;
- მარია ამალია (1757-1831), ცოლად გაჰყვა ცვაიბრიუხენის ჰერცოგ კარლ II-ს, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;
- მაქსიმილიანი (1759-1838), საქსონიის პრინცი. ცოლად შეირთო კაროლინა პარმელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი, მათ შორის საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II, ესპანეთის დედოფალი მარია იოზეფა და ტოსკანის ორი დიდი ჰერცოგინია: მარია ფერდინანდა და მარია ანა. დაქვრივების შემდეგ დაქორწინდა თავისი ცოლის ძმისწულ ლუიზა პარმელზე, მაგრამ მასთან შვილები არ ჰყოლია;
- ტერეზია მარია (1761-1820), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- მკვდარშობილი ვაჟი (1762);
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Allroggen, Gerhard: Maria Antonia Walpurgis, Electress of Saxony. Grove Music Online. Ed. L. Macy. Accessed January 30, 2007, [1]
- Burney, Charles: The Present State of Music in Germany, the Netherlands, and the United Provinces. London, 1773.
- López, Pilar Ramos: Maria Antonia Walpurgis: Baroque Composer Accessed January 30, 2007
- Seiferling, Steffen: Talestri, Regina delle Amazzoni (Liner notes of CD, see discography).
- Walpurgis, Maria Antonia: Talestri, regina delle Amazzoni: drama per music, de E.T.P.A. Leipzig: G. G. I. Breitkopf, 1765.
- Antonio Eximeno y Pujades: Dell' origine e delle regole della musica, colla storia del suo progresso, decadenza, e rinnovazione. Rome, 1774.
- Heinrich Theodor Flathe: Maria Antonia von Bayern. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 20, Duncker & Humblot, Leipzig 1884, S. 371–374.