ლეონ I (აფხაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ლეონ I“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლეონ I.
ლეონ I
ლეონ
აფხაზთა ერისთავი
მმართ. დასაწყისი: დაახ. 720
მმართ. დასასრული: დაახ. 740
წინამორბედი: კონსტანტინე II
მემკვიდრე: ლეონ II
მეუღლე: გურანდუხტი (VIII საუკუნე)


ლეონ I — აფხაზეთის მემკვიდრეობითი ერისთავი დაახლოებით 720740, ბიზანტიის იმპერატორის ვასალი.

აფხაზთა მეფეთა დივანში მოხსენიებულია, აფხაზეთის მე-11 „მეფე“ (ერისთავი) ლეონ, კონსტანტინე II–ს ძმა, თეოდორეს ძე, დაახ. VIII საუკუნის I ნახევარში. ამასთან დაკავშირებით, კირილ თუმანოვი შენიშნავს: „შეცდომა „დივანისა“ ის არის, რომ იგი იცნობს მხოლოდ ერთ ლეონს, აბასგთა ისტორიის დასაწყისში ... მაშინ, როდესაც იბერთა ქრონიკა (იგულისხმება „ქართლის ცხოვრება“) ახსენებს ორ მმართველს ამ სახელით ... „დივანის“ შემდგენელმა ისინი ერთ პერსონაჟში გააერთიანა, რაც, თუნდაც მხოლოდ ქრონოლოგიის თვალსაზრისით, მიუღებელია“.[1]. შესაბამისად, ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია, რომ „დივანის“ ცნობა ეხება არა ლეონ I–ს, არამედ მის ძმისწულსა და მემკვიდრეს, ლეონ II–ს.[2]

ლეონ I ერისთავი ებრძვის არაბებს დასავლეთ საქართველოში. მას კავშირი აქვს ქართლის ერისმთავარ არჩილთან. მათ კავშირი გააბეს ბიზანტიის იმპერიასთან. ლეონმა, არჩილმა და მისმა ძმამ წერილი გაუგზავნეს ბიზანტიის იმპერატორს, ლეონ ისავრიელს, სადაც თხოვდნენ დახმარებას კეისარს არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში.

იმპერატორმა საპასუხო წერილი გამოუგზავნა ლეონს, რითაც მან დაუმტკიცა ერისთავს მემკვიდრეობითი უფლება აფხაზეთზე და შესთავაზა დამორჩილებოდა ქართლის ერისთავს („მეფე“) არჩილს, როგორც სიუზერენს და ერთად ებრძოლათ არაბების წინააღმდეგ. კეისარმა ლეონს არქონტის („ერისთავი კეისრისა“) ტიტული მისცა.

ამ ფაქტით ბიზანტიის იმპერიამ აღიარა ლეონის უფლება ეგრისის ყოფილი სამეფოს ჩრდილო–დასავლეთ მიწა–წყალზე. კერძოდ, ლეონის აფხაზეთი პოლიტიკურად მოიცავდა საკუთრივ აფხაზეთს, ასევე აბშილეთს, მისიმიანეთს, სანიგეთს, ჯიქეთს, ვიდრე ნიკოფსიამდე.

ლეონისა და არჩილის ურთიერთობა განმტკიცდა დანათესავებითაც: არჩილმა ლეონს მისცა ცოლად თავისი ძმისშვილი – გურანდუხტი.

735 წელს საქართველოს არაბთა დიდი დამსჯელი ექსპედიცია მოადგა მურვან–ყრუს მეთაურობით. არაბების თარეში საქართველოში თითქმის სამი წელიწადი გაგრძელდა. სწორედ აქ გამოჩნდა არჩილისა და ლეონის კავშირის სიმტკიცე: როდესაც არაბებმა მთელი აღმოსავლეთი საქართველო მოარბიეს და დასავლეთში გადავიდნენ, არჩილმა თავისი ძალებით აფხაზეთში დაიხია და იქ გაუმართა მტერს გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ამბავს გადმოგვცემს ჯუანშერი: არაბებმა დასავლეთ საქართველოში ციხე–გოჯი დაანგრიეს, გადალახეს კელასურის კედელი, დაწვეს ქალაქი ცხუმი და მიადგნენ ანაკოფიის ციხეს, სადაც გამაგრებული იყო არჩილი თავის ძმა მირთან და აფხაზთა და ქართველთა ძალებთან ერთად. ლეონი კი სობღისის ციხეში იდგა და ოსეთიდან გადმოსასვლელ გზას იცავდა. სწორედ ანაკოფიასთან შეძლეს ქართველებმა მურვან–ყრუს შეჩერება. ამ ბრძოლის შემდეგ არაბებმა უკან დაიხიეს და დიდი ზარალი განიცადეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., ნეკერი, 2000, გვ. 63–64;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, თბ., 1965;
  • მ. ლორთქიფანიძე, ეგრის–აფხაზეთის სამეფო, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
  • Анчабадзе З. В., Из истории средневековой Збхазии (VI — XVII вв), Сух., 1959;
  • მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს გაერთიანება, თბ., 1963;
  • С. Джанашиа, О времени и условиях возникновения Абхазского царства, შრომები, ტ. 2, თბ., 1952
  • ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ., 1912;
  • გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 191, თბ., 1983 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 484, n. 8. Peeters Bvba, ISBN 90-429-1318-5.
  2. საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., ნეკერი, 2000, გვ. 65
წინამორბედი:
კონსტანტინე II
აფხაზეთის ერისთავი
720 / 730746
შემდეგი:
ლეონ II