შინაარსზე გადასვლა

ფოთოლცვენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფოთოლცვენა — ხეებისა და ბუჩქების (იშვიათად ბალახის) ფოთოლთა მასობრივი ცვენა. ზომიერი ჰავის პირობებში ფოთოლცვენა მიმდინარეობა შემოდგომით, როდესაც მცენარის სასიცოცხლო პროცესები შესუსტებულია. ტროპიკულ და ცხელ ადგილებში მოზარდ მცენარეებს ფოთლები სცვივათ ძლიერი გვალვის დაწყებისას. ფოთოლცვენა არის ევოლუციის პროცესში გამომუშავებული შეგუება არახელსაყრელი პირობებისადმი. ცნობილია, რომ ფესვების მიერ შეთვისებული წყალი ფოთლებით ორთქლდება.

არახელსაყრელი პირობების დროს (ყინვა, გვალვა) ფესვები ვერ ითვისებენ საჭირო რაოდენობით წყალს, ფოთლების ცვენა კი ამ შემთხვევაში იცავს მცენარეს გამოშრობისაგან. ფოთოლცვენა ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია და დაკავშირებულია ფოთლის მობერებასთან. ფოთოლცვენის წინ ფოთლებში მიმდინარეობს ღრმა ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური და სტრუქტურული ცვლილებები, მწვანე პიგმენტი — ქლოროფილი იშლება, ყვითელი პიგმენტები — კაროტინოიდები უფრო მდგრადია და განაპირობებს ფოთლების საშემოდგომო ფერს. მობერებული ფოთლის უჯრედებიდან საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით ცილები, გადაიდევნება სამარაგო ორგანოებისაკენ, ზრდის წერტილებისა და მზარდი ახალგაზრდა ფოთლებისაკენ. ფოთლების ჩამოცვენა განპირობებულია უჯრედის ე. წ. გამყოფი შრის წარმოქმნით. დაშლის პროცესების გაძლიერებისას გამყოფი შრის უჯრედების შემაერთებელი უჯრედშორისი ნივთიერება იშლება და უჯრედები განცალკევდებიან. ყუნწი თითქმის იჭრება განიცი მიმართულებით და კავშირიი ორგანიზმსა და ფოთოლს შორის ხორციელდება ჭურჭელ-ბოჭკოვანი კონებით. ფოთლის სიმძიმისა და ქარის ზეგავლენით კონები იხლიჩება და ფოთოლი ვარდება.