შინაარსზე გადასვლა

კვირტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყვავილის კვირტი
მცენარეთა კვირტების კლასიფიკაცია
ყვავილობამდე და გაყვავებული კვირტი მარცხნიდან მარჯვნივ

კვირტი (ლათ. gemma) — უმაღლესი მცენარეების ყლორტის ჩანასახი. განარჩევენ ვეგეტატიურ და გენერაციულ ანუ საყვავილე კვირტებს. ვეგეტატიული კვირტი შედგება მოკლე ჩანასახოვანი ღეროსა (წვერზე ზრდის კონუსით) და ღეროზე განლაგებული განსხვავებული ასაკის ფოთლების ჩანასახისაგან, რომლებიც მჭიდროდ ეკვრიან ღეროსა და ერთმანეთს. გენერაციულ კვირტში ფოთლების ჩანასახთან ერთად ყვავილების და ყვავილედების ჩანასახიცაა. კვირტის გარეთა ფოთლები ან მათი ნაწილები (თანაფოთლები, ფოთლის ფუძე, ყუნწის ნაწილი) ზოგჯერ მფარავ ქერქლებად გადაიქცევა. ასეთ კვირტს დახურული ეწოდება და ციცი და ზომიერი სარტყლის მცენარეთა უმეტესობას აქვს. ღია ანუ შიშველი კვირტი (ქერქლების გარეშე) მეტწილად ტენიანი ტროპიკული ტყის ხეებისათვის არის დამახასიათებელი, თუმცა ხშირად გვხვდება ზომიერ სარტყელშიც არამოზამთრე, ხან კი მოზამთრე ყლორტებზე.

მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ კენწრულ ანუ ტერმინალურ და გევრდით კვირტებს. კენწრული კვირტი უზრუნველყოფს ყლორტის სიმაღლეზე ზრდას, გვერდითი კი — გვერდითი ყლორტების წარმოქმნის გზით მცენარის დატოტვას. გვერდითი კვირტი ფოთლების ითლიაში ვითარდება და უბის ანუ აქსიალური კვირტი ეწოდება. კვირტის განლაგება ღეროზე ფოთოლთგანლაგების კანონს ექვემდებარება. კვირტი ჩვეულებრივ მჯდომარეა ან იშვიათად ყუნწზე ზის. კვირტში ერთმანეთის მიმართ ფოთლების განლაგებას კვირტწყობა ან კვირტთშეკერა ეწოდება. ცალკეული ფოთლის ფირფიტის მოკეცვის მიხედვით კვირტში არჩევენ ფოთოლთწყობის რამდენიმე ტიპს. კვირთწყობა და ფოთოლწყობა მემკვიდრეობითი ხასიათის ნიშნებია და გამოიყენება მცენარეთა სისტემატიკაში. ზრდასრული ღეროს, ფესვის ან ზოგჯერ ფოთლის ქსოვილების შიგა ფენებში წარმოიქმნება დამატებითი ანუ ადვენტური კვირტი. უფრო ხშირად ასეთი კვირტი ვითარდება ფესვზე (ნუში, ჟოლო, ხვართქლა და სხვა) და მისგან მიწისზედა შეფოთლილი ყლორტები — ფესვის ამონაყრები წარმოიქმნება. დამატებითი კვირტი წარმოიქმნება ფესვის კალმებზეც. ფოთლებზე ადვენტური კვირტი უვითარდება ბეგონიას, სუმბულს, შროშანას და სხვა მცენარეებს, თუ მათ ფოთლებს მოვათავსებთ ნესტიან ქვიშაში. ზოგჯერ ფოთლებზე დამატებითი კვირტი ვითარდება დედა მცენარისაგან მოუშორებლად. მაგ., ბრიოფილუმის ფოთლის კიდეებზე წარმოიქმნება კვირტები, რომლებიც ოდნავი შეხებით შორდება დედა მცენარეს და დამოუკიდებელ ორგანიზმად ვითარდება, ასეთი ჩეკია კვირტი ხშირად ფოთლის უბეში და ყვავილებზეც ვითარდება. ყველა კვირტი ერთდროულად არ იშლება, ზოგს მოსვენების საკმაოდ გრძელი პერიოდი ახასიათებს და მძინარე კვირტი ეწოდება. ისინი იშლება მათ ზევით მდებარე ღეროების და ყლორტების დაზიანებისას. მძინარე კვირტს ფართოდ იყენებენ მეხილეობასა და დეკორატიულ მებაღეობაში. კვირტს დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეთა ვეგეტატიური გამრავლებისათვის.