ერიხთონიოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ერიხთონიოსის დაბადება

ერიხთონიოსი (ძვ. ბერძნ. Ἐριχθόνιος) — ბერძნული მითოლოგიის გმირი[1], ათენის მითური მეფე. ჰეფესტოსა და გეას ვაჟი, რომელიც აღზარდა ათენამ. პირველად ათენამ დახურულ ყუთში ჩასმული ყმაწვილი კეკროპის ქალიშვილებს გადასცა აღსაზრდელად და აუკრძალა ყუთში ჩახედვა, მაგრამ ცნობისმოყვარე ქალებმა ყუთი მაინც გახსნეს. მითის თანახმად ათენამ თითქოს იმიტომ აუკრძალა ქალიშვილებს ყუთის გახსნა, რომ ბავშვთან ერთად ყუთში გველი იყო ჩამწყვდეული (ზოგო ვარინტით ბავშვს ტანის ქვემოთა ნაწილი გველისა ჰქონდა). ყუთის გახსნისთვის აგლავროსი და ჰერსე უგონობით დაისაჯნენ და აკროპოლისის კლდიდან გადმოხტნენ (ზოგი ვარიანტით დაახრჩო გველმა). ამის შემდეგ ათენამ თვით დაიწყო ბავშვის აღზრდა თავისსავე ტაძარში. სხვა მითის მიხედვით ათენამ ბავშვი აღსაზრდელად გადასცა პანდროსოსს. ერიხთონიოსი ითვლებოდა ათენის მეხუთე ლეგენდარულ მეფედ მას შემდეგ, რაც დამპყრობელი ამფიქტრიონი განდევნა ქალაქიდან. მითის ერთი ვარიანტის მიხედვით ათენის სამეფო მან კეკროპისაგან მიიღო. ერიხთონიოსს მიაწერენ ატიკაში ათენას კულტის შემოტანას, საერთო ათენური დღესასწაულების დაწესებას, პოსეიდონისა და ათენას საერთო ტაძრის აგებას. ტრადიციის მიხედვით იგი ე.წ. „კვადრიგა“ ეტლის გამომგონებლადაც ითვლებოდა და ამისთვის სიკვდილის შემდეგ იგი თითქოს ეტლის თანავარსკვლავედად იქცა. მითის ერთი ვარიანტის მიხედვით ათენასა და პოსეიდონს შორის ატიკის მმართველობაზე ამტყდარი დავის დროს მოსამართლედ ერიხთონიოსი იყო. თავიდან ერიხთონიოსი იგივე ერეხთევსი იყო, მაგრამ ათენელმა ტრაგიკოსებმა შექმნეს გეასაგან შობილი ყმაწვილის განხალკევებული მითური სახე. როგორც სახელწოდებაც გვიჩვენებს, მითი ხთონიური წარმოშობისაა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მითოლოგიური ლექსიკონი. თბ. 1972. გვ. 114