პარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პარისი – (ძვ. ბერძნ. Πάρις) — ტროას მეფისწული. პრიამოსისა და ჰეკაბეს მეორე შვილი.

Helene Paris Louvre K6.jpg

ძველად გარდაუვალი ბედისწერის ძალის ჩვენებას მრავალი თქმულება ეძღვნებოდა. ფართოდ იყო გავრცელებული ამბები მშობლების მიერ მიგდებულ ბავშვებზე. მათ შორის აღმატებული პოპულარობით გამოირჩეოდა პარისის მითოსი, რადგანაც მის სახელს დაუკავშირდა ტროას ომი.

პარისის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე დედამისმა, ჰეკაბემ, ნახა სიზმარი, თითქოს დაბადა ჩირაღდანი, რომლის ალითაც მთელი ქალაქი დაიფერფლა. მისნებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მის მიერ შობილი ვაჟი დაღუპავდა მთელ სახელმწიფოს. ამის გამო ახალშობილი მისცეს მწყემსებს, რათა იდას მთის ხეობაში მიეგდოთ. ასეც მოიქცნენ მწყემსები, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა თვალი მოჰკრა, თუ როგორ კვებავდა ჩვილს დათვი თავისი რძით. შეწუხდა მწყემსი, ბავშვი სახლში წაიყვანა და გამოზარდა. დიდებული ჭაბუკი დადგა პარისი. მან არაფერი იცოდა თავის მეფურ წარმომავლობაზე. იგი ცხვარს მწყემსავდა და ისეთი გულმოდგინებით იცავდა მას ყაჩაღებისგან, რომ მეტსახელად ალექსანდროსი („კაცთა მომგერიებელი“) შეარქვეს.

ერთხელ, ძროხებს რომ აძოვებდა იდას მთაზე პარისი, ჰერას, ათენას და აფროდიტესთანხლებით ჰერმესი გამოეცხადა, ოქროს ვაშლი გადასცა და ზევსის დანაბარები აუწყა: ეს ოქროს ვაშლი იმ ქალღმერთისათვის მიენიჭებინა, ვისაც უმშვენიერესად ჩათვლიდა (განხეთქილების ვაშლი). გაოგნდა მეფისწული, მაგრამ მალე მოიკრიბა გონება და თითოეულ ღმერთქალს გულდასმით მოუსმინა. ჰერამ აღუთქვა მთელ აზიაზე ბრძანებლობა, ათენამ – საბრძოლო ძალმოსილება, ხოლო აფროდიტემ – მოკვდავთა შორის ულამაზეს ელენეს ქმრობა. არც დაფიქრებულა პარისი, ისე უბოძა ოქროს ვაშლი აფროდიტეს.

Meynier - Helen and Paris.jpg

იმ დღიდან სიყვარულის ღვთაება მისი მფარველი შეიქნება, ხოლო ჰერა და ათენა ისე შეიძულებენ, რომ მის სამშობლო ტროას მიწის პირისგან აღგვიან. მაგრამ ეს მოხდება მოგვიანებით. მანამდე კი, ამ ამბებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ტროაში მოეწყო საყოველთაო ასპარეზობა, რომელშიც პარისმაც მიიღო მონაწილეობა და გამარჯვების გვირგვინიც დაიმსახურა.

განრისხდნენ პრიამოსის ვაჟიშვილები და უცნობი მწყემსის მოკვლა განიზრახეს. მაშინ პარისის მამობილმა გათქვა სიმართლე. მეფე პრიამოსმა სიხარულით დაიბრუნა ძლევამოსილი ვაჟი სასახლეში. ეს ამბავი რომ აპოლონის ქურუმებმა გაიგეს, ძველი მისნობა შეახსენეს მეფეს. მან კი საქვეყნოდ განაცხადა: „უმჯობესია ვიხილო ტროას დამხობა, ვიდრე ჩემი დიდებული ძის სიკვდილიო“.

გავიდა ხანი და აფროდიტეს შემწეობით პარისმა მოიტაცა სპარტის მეფის, მენელაოსის თანამეტახტე ელენე, რასაც მოჰყვა ტროას ომი. ჰომეროსის თანახმად, პარისს დიდად არ გამოუჩენია თავი ბრძოლისას, თუმცა ტროას ომის ბოლოს მან აპოლონის დახმარებით მოკლა აქილევსი. თავად კი დაიჭრა ფილოქტეტესის მომაკვდინებელი ისრით და მალე სიცოცხლესაც გამოესალმა. მისნობა ახდა, ტროა ცეცხლის ალში დაიფერფლა.

ანტიკურ ხელოვნებაში პარისს წარმოსახავდნენ ლამაზ, უწვერო ჭაბუკად, ხშირად მას თავზე ფრიგიული ქუდი ეხურა. „პარისის სამსჯავროს“ სიუჟეტი მრავალი მხატვრის ტილოზე აისახა (რუბენსი, რენუარი, გოგენი და სხვა).

ქარაგმულად პარისი „მომხიბლავის“, „მაცდუნებლის“ მნიშვნელობით იხმარება თანამედროვე მეტყველებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]