ღმერთებ-შემოქმედებს აცტეკების პანთეონში დიდი ადგილი უკავიათ. ომეტეკუტლისა და ომესიუატლის ვაჟები, რომლებმაც მშობლებისგან მიიღეს შემოქმედების ნიჭი, ერთადერთი ღმერთები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ცოცხალი არსებების შექმნა ფეხმძიმობის გარეშე.
აცტლანი (ასტლანი; ნაუატ.Aztlan) — „ყანჩების ქვეყანა“, აცტეკების მითური სამშობლო. ზღაპრებში აღიწერება, როგორც დიდ ტბაში მდებარე კუნძული. თავდაპირველად აცტეკები, ისევე როგორც ნაუას სხვა ხალხი, თვლიდნენ, რომ მათი სამშობლო იყო ჩიკომოსტოკი, ქვეყანა, რომელიც მდებარეობდა მეხიკოდან ჩრდილო-დასავლეთით. მითი ასტლანზე წარმოიშვა მას შემდეგ, რაც აცტეკებმა დააარსეს საკუთარი სახელმწიფო.
ილამატეკუტლი (ნაუატ.Ilamatecuhtli) — „ძველი ქალბატონი“, აცტეკების მითოლოგიაში ქალღმერთი, დაკავშირებული მიწის კულტთან, მიჰკოატლის პირველი ცოლი, მიწის ქალღმერთ სიუაკოატლის ერთ-ერთი იპოსტასი.
იცლი (ნაუატ.Itzli) — ქვის დანისა და მსხვერპლთშეწირვის ღმერთი.
იცპაპალოტლი (ნაუატ.Itzpapalotl) — „ობსიდიანის პეპელა“, ბედისწერის ქალღმერთი, დაკავშირებულია მცენარეების კულტთან. გამოისახებოდა პეპლით, რომლის ფრთებსაც ბოლოებში ობსიდიანის პირები ჰქონდა ჩარჭობილი, ან ფეხებსა და ხელებზე იაგუარის ბრჭყალების მქონე ქალით. მოკლა მიჰკოატლმა.
იჰკუინა (ნაუატ.Ixcuina) — „ტალახის შთანთქმელი“; ვნების ქალღმერთი, მეძავეებისა და ქმრების მოღალატეების მფარველი, ტლასოლტეოტლის ერთ-ერთი იპოსტასი.
იჰტლილტონი (ნაუატ.Ixtlilton) — „შავი სახე“, მედიცინის, ჯანმრთელობისა და განკურნების ქალღმერთი, ასევე დღესასწაულებისა და თამაშების. მას მსხვერპლს სწირავდნენ, როდესაც ბავშვი იწყებდა ლაპარაკს; დაავადებულ ბავშვებს კურნავდნენ წყლით, იჰტლილტონის ქანდაკების წინ მდებარე ქვევრებიდან.
კამაჰტლი (ნაუატ.Camaxtli) — ომის, ბედისწერისა და ნადირობის ღმერთი. ცეცხლის შემოქმედი. ერთ-ერთი იმ ოთხი ღმერთისგან, რომლებმაც სამყარო შექმნეს.
კეტცალკოატლი, კეცალკოატლი (ტლაუიცკალპანტეკუ(ჰ)ტლი, ეჰეკატლი, სე აკატლიტოპოლცინი კეცალკოატლი) (ნაუატ.Quetzalcóatl (Tlahuizcalpantecuhtli, Ehecatl, Ce Ácatl Topiltzin Quetzalcóatl)) ღმერთი, ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველი. სწორედ მან ასწავლა აცკეტების ტომებს მიწათმოქმედება, თამაშები, ცეკვები და სიმღერები. კეცალკოატლი მოუხმობდა ხალხს, უარი ეთქვათ ადამიანების მსხვერპლთშეწირვაზე. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ზღვით მოვიდა ნაპირზე, მიბმული იყო ბოძებზე და გარეგნულად არ ჰგავდა ადგილობრივ მოსახლეობას: იყო თეთრკანიანი, წითელი თმებით. მისი იერსახე ხშირად ასოცირდება იესოსთან. მექსიკაში მისული კონკისტადორები თავდაპირველად მისი შთამომავლები ეგონათ.
კოატლიკუე (ნაუატ.Coatlicue) — „ის გველის კაბაშია“; ასევე კოატლანტონანი. აცტეკების მითოლოგიაში ის მიწისა და ცეცხლის ქალღმერთია. მასში ერთდროულად თავმოყრილია სიცოცხლის დასაწყისი და დასასრული.
კოიოლჰაუკი (ნაუატ.Coyolxauhqui) — „ოქროს ზანზალაკები“. მიწისა და მთვარის ქალღმერთი.
ომეტეოტლი (ნაუატ.Ometéotl) — გაორმაგების ბატონი. ზოგჯერ მას გამოსახავდნენ ორი სახით - ყმაწვილითა და თავის ქალით (სიცოცხლე და სიკვდილი, ახალგაზრდობა და ხანდაზმულობა).
პაინალი (ნაუატ.Paynal) — „აჩქარებული“. აცტეკების მითოლოგიაში უიცილოპოჩტლის დესპანი, რომელიც ასრულებდა მის დავალებებს, სანამ უიცილოპოჩტლი იმყოფებოდა საიქიოში.
ჰოჩიკეცალი (ნაუატ.Xochiquetzal) — სექსისა და ყვავილების ქალღმერთი
ჰოჩიპილი (ნაუატ.Xochipilli) — ყვავილების ღმერთი. „Xochi“ ან „xochitl“ ნაუატლის ენაზე ნიშნავს „ყვავილს“, როდესაც „pilli“ ნიშნავს „პრინცს“ ან „ბავშვს“. ჰოჩიპილი - ყვავილების, სიყვარულის, თამაშების, სილამაზის, სიმღერებისა და ცეკვის პრინცი.