შინაარსზე გადასვლა

კოატლიკუე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოატლიკუეს ქანდაკება
კოატლიკუეს ქანდაკება უკნიდან

კოატლიკუე (ესპ. Coatlicue) — „ის გველის კაბაშია“; ასევე კოატლანტონანი. აცტეკების მითოლოგიაში მიწისა და ცეცხლის ქალღმერთი. მასში ერთდროულად თავმოყრილია სიცოცხლის დასაწყისი და დასასრული.

კოატლიკუე ღმერთ უიცილოპოჩტლის დედაა. მითის თანახმად, კოატლიკუე ძველი მზის ქვრივი იყო და ცხოვრობდა თავის ვაჟებთან, სენცონუიცნაუასთან („სამხრეთის 400 ვარსკვლავი“), და ქალიშვილ კოიოლჰაუკისთან, მთვარის ქალღმერთთან. ბავშვების დაბადების შემდეგ კოატლიკუემ უმანკოების ფიცი დადო და ყოველდღე ადიოდა მთა კოატეპეკზე („გველის მთა“), რომელიც ქალაქ ტოლანის მახლობლად იყო, რათა ტაძარში მსხვერპლი გაეღო. ერთხელაც მთის მწვერვალზე მასთან ციდან ჩამოვარდა კოლიბრის ბუმბულების გროვა, რომელიც მან ქვედანატის ქამრის ქვეშ დამალა, რის შემდეგაც გროვა გაურკვევლად გაქრა. მალე კოატლიკუე მიხვდა, რომ დაფეხმძიმდა. როდესაც ეს გაიგეს, მისი შვილები გაცოფდნენ, ხოლო ქალიშვილმა ძმები წააქეზა, რომ თავისი თავის შემარცხვენელი დედა მოეკლათ. კოატლიკუეს საშვილოსნოში მყოფმა ბავშვმა დაიფიცა, რომ დედას დაიცავდა. როდესაც მკვლელები მთას მიუახლოვდნენ, ახალდაბადებული უიცილოპოჩტლი თავს დაესხა ძმებს და გააქცია ისინი, კოიოლჰაუკის კი თავი მოჰკვეთა და ცაში აისროლა, სადაც ის მთვარედ გადაიქცა.

ამგვარად, კოატლიკუე — მიწის განსახიერებაა, რომლიდანაც ყოველდღე ამოდის მზე (უიცილოპოჩტლი), მთვარისა და ვარსკვლავების დამარცხების შემდეგ. კოატლიკუე ერთდროულად სიკვდილის ქალღმერთიცაა, რადგან მიწა შთანთქავს ყველაფერ ცოცხალს. კოატლიკუე მიწის ქვეშ ცხოვრობდა და ყვავილების მფარველად ითვლებოდა. ზოგჯერ მას უწოდებდნენ ჰოლოტლისა და კეცალკოატლის დედას.

კოატლიკუეს ყველაზე ცნობილი ქანდაკება ნაპოვნია 1790 წელს მეხიკოში, მოიცავს ადამიანურ და ზოომორფულ მახასიათებლებს და მიწის ქალღმერთს მთელ თავის დიდებასა და სიძლიერეში გამოსახავს. ქალღმერთის სახეს ორი გველის თავი ქმნის, ან გველის ფორმის სისხლის ორი ნაკადი. ქანდაკების ტანსაცმელი შედგება ადამიანების მოჭრილი ხელებისა და გულებისგან, ქამრის ბალთას წარმოადგენს თავის ქალა, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს იმას, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა ადამიანი მიწაში მოხვდება. ქვედატანს ქმნიან გველები, რომლებსაც ქვესკნელის სამეფოში შეუძლიათ შეღწევა. ქალღმერთის ხელებსა და ფეხებს ამკობს ძლიერი ფრჩხილები, რომლებიც არწივისას ჰგავს და რომლების მეშვეობითაც კოატლიკუე საფლავებს თხრის. მკერდი გამოსახულია მოშვებულად, რადგანაც ის ბავშვებს კვებავდა. მიუხედავად იმისა, რომ კოატლიკუე ქალი-ღვთაებაა, მას მამაკაცური თვისებები აქვს. მამაკაცის საწყისი მასში გამოსახულია არწივით, ქალის საწყისი კი — გველით. ამ გაგებით ის გამოხატავს ფრთიანი გველის, კეცალკოატლის, მდედრობით პარალელს.

  • Мифологический словарь/Гл.ред. Е. М. Мелетинский — М.:Советская энциклопедия, 1991 г. С. 292.
  • Женщины в легендах и мифах/ Пер. с англ. О. Перфильева. — М., «Крон-Пресс», 1998. — 592 с. С. 478—479.
  • Льюис Спенс «Мифы инков и майя»/ Пер. с англ. Л. А. Карповой. — М., Центрополиграф, 2005. С. 78-80.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]