სებასტიან დე ფუენლეალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სებასტიან რამირეს დე ფუენლეალი (ესპ. Sebastián Ramírez de Fuenleal; დაახ. 1490, ვილაესკუსა დე ჰარო, კუენკა, ესპანეთი — გარდ. 1547 წლის 22 იანვარი, ვალიადოლიდი, ესპანეთი) — ესპანელი საეკლესიო პირი, დომინიკელების ორდენის ბერი, სანტო-დომინგოს ეპისკოპოსი 1528-1530 წლებში. 1531 წლის 10 იანვრიდან 1535 წლის 16 აპრილამდე ასრულებდა მეორე აუდიენციის თავმჯდომარის მოვალეობებს, ანუ, პრაქტიკულად ის ახალი ესპანეთის მმართველი იყო. შედიოდა ინდიური საქმეების განმხილველი საბჭოს შემადგენლობაში (1540 წლიდან).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით იყო იდალგოს ოჯახიდან. 16 წლის ასაკში ჩაირიცხა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში კანონიკური უფლებების სპეციალობაზე. 1520 წელს დაინიშნა სევილიის ინკვიზიტორად, მოგვიანებით იკავებდა სამეფო კანცლერის პოსტს გრანადაში.

სანტო-დომინგოს ეპისკოპოსის პოსტზე მას მოუწია ადგილობრივი სახაზინოს რეფორმირება. ის იცავდა ინდიელებს ესპანელი კოლონისტების სისასტიკისგან. მან დაიწყო სკოლების შენება და დიდ ყურადღება უთმობდა სამთო საქმეს. მისი მოღვაწეობის პერიოდში მოხდა ბაორუკოს აჯანყება (Bahoruco). ის იბრძოდა მონოპოლისტებისა და მონებით მოვაჭრეების წინააღმდეგ, არ იყო პლანტაციების სამუშაოებში საჭირო აფრიკელი ნიგერების ვაჭრობის წინააღმდეგი.

მექსიკის მმართველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1530 წლის 12 აინვარს მეფე კარლ V ჰაბსბურგის ბრძანებით სებასტიან დე ფუენლეალი დაინიჩნა მექსიკის სამეფო აუდიენციის — ამ ქვეყანაში ადმინისტრაციის მოსაგვარებელი კოლეგიური ორგანოს — უფროსად. ფუენლეალის გარდა აუდიენციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვასკო დე კიროგა, ხუან დე სალმერონი, ალონსო დე მალდონადო, ფრანსისკო სეინოსი oidores-ის (მოსამართლე) სტატუსით. დანიშვნა მოხდა არქიეპისკოპოს ბადახოსის პროტექციით, რომელიც მეფის კარზე დიდ გავლენას ფლობდა. აუდიენციის ყველა წევრი ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდა, მხოლოდ ფუენლეალი იცნობდა ახალ მსოფლიოს.

დაახლოებით ამავე პერიოდში მექსიკაში ესპანეთიდან დაბრუნდა კორტესი, რომელიც თავის თავს ახალი მსოფლიოს დამოუკიდებელ მმართველად თვლიდა. მას უბოძეს გენერალ-კაპიტნის წოდება და ოახაკის მარკიზის ტიტული 23 ათასი ვასალის ყოლის უფლებით. ვერაკრუსისკენ მიმავალმა კორტესმა განზრახ მოინახულა სანტო-დომინგო, რათა ფუენლეალი გაეცნო. ფუენლეალი და ვასკო დე კიროგა მეხიკოში ერთად ჩამოვიდნენ ოქტომბრის დასაწყისში. მათ სურდათ თავდაპირველად ქვეყანასა და მის მცხოვრებლებს გასცნობოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაეკავათ პოსტი. აუდიენციამ თავისი მოვალეობების შესრულება 1531 წლის 10 იანვარს დაიწყო.

ეპისკოპოსმა ფუენლეალმა თავისი მოღვაწეობა დაიწყო მეხიკოს ეპისკოპოსის, ხუან დე სუმარაგას, გაკიცხვით ინდიელების ქრისტიანიზაციისას უფლებების ბოროტად გამოყენების გამო, შემდეგ ფუენლეალი სათავეში ჩაუდგა სასამართლოს, რომლის წინაშეც წარდგნენ პირველი აუდიენციის წევრები, მათ შორის კონკისტადორი ნუნიო დე გუსმანი, აგრეთვე ეპისკოპოსი სუმარაგა და კორტესი.

მმართველის პოსტზე ფუენლეალმა გააუმჯობესა მეხიკოდან ვერაკრუსში მიმავალი გზა, დააარსა ქალაქი პუებლა დე ლოს ანხელესი (1531 წლის 16 აპრილი). მის დროს მექსიკაში დაიწყო მსხვილფეხა საქონლისა და ცხენების მოშენება. ფუენლეალმა სუმარაგას მიერ დაარსებულ სანტა-კრუს დე ტლატელოლკოს კოლეჯს საბეჭდი მანქანა უყიდა.

ეპისკოპოსი ფუენლეალი დაინტერესებული იყო ინდიელების ისტორიითა და ადათ-წესებით და ყოველნაირად ახალისებდა მისიონერებს, რომლებიც ადგილობრივ ხელნაწერებსა და ლიტერატურულ ძეგლებს აგროვებდნენ. ის ენკომიენდას წინააღმდეგ იბრძოდა, საფუძველი ჩაუყარა ნატურალური გადასახადების გაუქმების იდეას. გარდა ამისა, მან მეხიკოში წყალსადენი მილები ააგო. ამ მოქმედებებმა საფუძველი ჩაუყარეს ახალი ესპანეთის პირველი ვიცე-მეფის, დონ ანტონიო დე მენდოსას, წარმატებულ ადმინისტრირებას.

ფუენლეალის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1532 წელი. დიდ ხანს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი: სუმარაგა და კორტესი გამართლდნენ, ინდიელების მონად ყოლის აკრძალვამ დიდი აურზაური გამოიწვია. 1532 წლის 25 აპრილს ოახაკამ სამეფო დადგენილებით ქალაქის სტატუსი მიიღო.

ეპისკოპოსი სუმარაგა 1532 წელს ესპანეთში იქნა გაგზავნილი შემდგომი გარჩევისთვის, ხოლო 1534 წელს მექსიკაში დაბრუნდა. კორტესმა ამ პერიოდში ორგანიზება გაუკეთა კალიფორნიის დასაპყრობ ექპედიციას.

ესპანეთში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1535 წლისთვის ფუენლეალის ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა. მან შეწყვიტა მოვალეობების შესრულება. 1537 წელს ის დაბრუნდა ესპანეთში, სადაც იყო ლეონისა და კუენკას ეპისკოპოსი (1542 წლიდან). 1540 წელს ის სათავეში ჩაუდგა ვალიადოლიდის კანცელარიას და გახდა ინდიელების საქმეების საბჭოს წევრი. 1542 წელს მონაწილეობდა ახალი ესპანეთის ინდიელებისთვის კანონების შემდგენი კომისიის მუშაობაში. გარდაიცვალა ვალიადოლიდში, კუენკას ეპისკოპოსის პოსტზე. დასაფლავებულია ვილაესკუსეში, სანტა-კრუსის დომინიკურ მონასტერში, სადაც ის დაიბადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "D. Sebastián Ramírez de Fuenleal, " Mundicra No. 8, Christmas 1998.
  • García Puron, Manuel, México y sus gobernantes, v. 1. Mexico City: Joaquín Porrua, 1984.
  • Orozco Linares, Fernando, Gobernantes de México. Mexico City: Panorama Editorial, 1985, ISBN 968-38-0260-5.
  • Short biography on MSN Encarta