კეცალკოატლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კეცალკოატლი[1] (ნაუატ. Quetzalcōātl — „ფრთიანი გველი“) — ძველი ამერიკის ღვთაების სახელი, ასევე აცტეკებისა და ცენტრალური ამერიკის სხვა ცივილიზაციების პანთეონის ერთ-ერთი უმაღლესი ღმერთი. ამავე სახელის მქონე არის ისტორიული პირიც.

კეცალი ანუ კვეზალი ეწოდება მუქი ზურმუხტისფერი ბუმბულის მქონე ფრინველს, რომელიც ამერიკის ტრადიციულ კულტურებში დიდად ფასობდა.

გარდა ამისა, აცტეკების ღმერთის მიხედვით, კეცალკოატლი (ლათ. Quetzalcoatlus) დაარქვეს პტეროზავრების ქვეჯგუფის უდიდეს წარმომადგენელს.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესოამერიკაში გველის კულტის (ბერძ. ოფიოლატრია - გველთა თაყვანისცემა) ფესვები შორეულ წარსულში იკარგება. ჩიტისმაგვარი გველების პირველი გამოსახულებები ძვ. წ. 1150-500 წლებით თარიღდება. გველი მიწასა და ნაყოფიერებას განასახიერებდა. ტეოტიუაკანში (დაახლ. ძვ. წ. 150) გველები კეცალის ფრთებით გამოისახებოდა. უფრო დეტალური გამოსახულებები ნაპოვნია „კეტცალკოატლის ტაძარში“, რომელიც დაახლ. ძვ. წ. 200 წელს აშენდა. აქ შეიძლება კეცალისფრთიანი უზარმაზარი გველის გამოსახულების ნახვა.

ტეოტიუაკანში თაყვანს სცემდნენ ტლალოკს, წყლის ღმერთს, მაშინ როდესაც კეცალკოატლი, როგორც გველი, განასახიერებდა მიწის ნაყოფიერებასა და ტლალოკს ემორჩილებოდა. კულტის განვითარების შემდეგ მან დამოუკიდებლობა შეიძინა.

დროთა განმავლობაში კეტსალკოატლი სხვა ღმერთებს შეერწყა და მათი თვისებებიც შეიძინა. კეტცალკოატლი ხშირად ეეკატლეს, ჰაერის ღმერთს უიგივდებოდა, რომელიც ბუნების ძალებს განასახიერებდა. ასევე ასოცირდებოდა ცისკრის ვარსკვლავთან (პლანეტა ვენერა), მას ტლაუისკალპანტეკუტლი ერქვა. კეცალკოატლის ორეულია შოლოტლი - მწუხრის ვარსკვლავის ღმერთი. ღამით ის მიწისქვეშეთს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაცურავს. კეცალკოატლი წვიმის, ღვთაებრივი წყლებისა და ქარების ღმერთად გადაიქცა, მაშინ როდესაც ტლალოკი მიწისქვეშა წყლებისა და ტბების ღმერთი იყო. საბოლოოდ კი კეტცალკოატლმა შემოქმედ ღმერთთა შორის დაიკავა ადგილი.

ტეოტიუაკანის ღმერთის გავლენა მაიას ტომებზეც გავრცელდა. ეს უკანასკნელნი მას კუკულკანს უწოდებდნენ.

შოჩიკალკოში (700-900 წწ.)მეფენი და მმართველნი თავის ძალაუფლებას კეტცელკოატლს უკავშირებდნენ. ღმერთის გამოსახულებამ კი უფრო მეტი ადამიანური ნიშანი შეიძინა. დროთა მანძილზე ეს კულტი ტოლტეკებმა გადაიღეს და მათმა მმართველებმა კეცელკოატლის სახელის გამოყენება დაიწყეს.

ამ მმართველთაგან ყველაზე ცნობილი იყო სე აკატლ ნაკშიტლ ტოპილცინ კეტცალკოატლ (კვერთხის მფლობელი ჩვენი ბატონი მფრინავი გველი - ნუატლი) (923-947 ან 947-1000 წწ.). ლეგენდები ამ მეფის შესახებ და ლეგენდები ღმერთზე პრაქტიკულად ერთმანეთს არის შეზრდილი. დღესდღეობით ტულეში კეცალკოატლის გამოჩენის თარიღად 980 წ. ითვლება. ტოლტეკები კეცალკოატლს საკუთარ ღმერთთან, ტესკატლიპოკასთან აიგივებდნენ და ამ ორს ერთმანეთის ღირსეულ მეტოქეებად და ტყუპ ძმებად თვლიდნენ. სე აკატლეს შესახებ ერთ ლეგენდაში ნათქვამია, რომ იგი თავის სახეს მახინჯად მიიჩნევდა, ამიტომ გრძელი წვერი მოუშვა და ამით ცდილობდა სახის დაფარვას. მოგვიანებით კი ნიღბის ტარებაც დაუწყია. ლეგენდა მცირედ დამახინჯებულია, მაგრამ ერთი რამ კი არის საყურადღებო, რომ კეცალკოატლსაც მეფის მსგავსად თეთრწვერა კაცის სახით გამოსახავდნენ.

კულტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეცალკოატლის მსახურება პეპლებისა და კოლიბრების მსხვერპლად მიტანას გულისხმობდა. მოგვიანებით, როდესაც კულტის პოლიტიკური მნიშვნელობა თითქმის გაბათილდა, ადამიანების მსხვერპლად მიტანაც დაიწყეს.

ტოლტეკებთან კეტცალკოატლის მეტოქე იყო ტესკატლიპოკა, რომელმაც კეცალკოატლს გაძევება მიუსაჯა. სხვა ვერსიის მიხედვით კეცალკოატლი საკუთარი ნებით გველის ტივით წავიდა და დაბრუნება დაიქადნა. სპეციალიზებულ ლიტერატურაში საკმაოდაა გავრცელებული აზრი აცტეკების მიერ ერნან კორტესის დაბრუნებულ კეტცალკოატლთან გაიგივების შესახებ.

როცა აცტეკებმა ტოლტეკების კულტურა შეითვისეს, კეტცალკოატლი და ტესკატლიპოკა ერთმანეთის თანასწორ მეტოქეებად დაისახნენ. შავი ტესკატლიპოკას საპირისპიროდ კეტცალკოატლს თეთრსაც უწოდებდნენ. მათ ერთად შექმნეს სამყარო, ამასთან ტესკატლიპოკამ ტერფიც დაკარგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სიგუა ს., კულტუროლოგიის საფუძვლები, თბ.: „საარი“, 2020. — გვ. 93.