ტონატიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღმერთ ტონატიუს გამოსახულება

ტონატიუ (ნაუატ. Tonatiuh — სიტყვა-სიტყვით „მზე“) — აცტეკების მითოლოგიაში ცისა და მზის ღმერთი, მეომრების ღმერთი. მართავს მე-5, ახლანდელ, ერას.

სხვა სახელები: კუაუტემოკი — „დაბლა მიმართული არწივი“, პილცინტეკუტლი — „ახალგაზრდა ბატონი“, ტოტეკი — „ჩვენი წინამძღოლი“, ჰიპილი — „ფირუზის უფლისწული“.

გამოისახებოდა წითელსახიანი, მოგიზგიზე თმების მქონე ყმაწვილის სახით, უფრო ხშირად მჯდომიარედ, ზურგზე მზის დისკით ან ნახევარდისკით. ძალების მხარდასაჭერად და ახალგაზრდობის შესანახად ტონატიუს ყოველდღე უნდა მიეღო მსხვერპლის სისხლი, წინააღმდეგ შემთხვევაში ღამით, ქვესკნელში მოგზაურობისას ის შეიძლება მომკვდარიყო. ამიტომაც ყოველდღე მის გზას წინ უძღოდნენ მსხვერპლად შეწირული ადამიანებისა და ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების სულები.

აცტეკების აზრით, სამყარომ რამდენიმე ერა გადალახა, რომლების დროსაც მზე სხვადასხვა ღმერთი იყო. ამჟამინდელ, მეხუთე ერაში მზე არის ტონატიუ, ერას კი ეწოდება „ოთხი მიწისძვრა“.

მზის წარმოქმნასთან დაკავშირებულ აცტეკების მითებს შორის ყველაზე გავრცელებულია შემდეგი მითი. სამყაროს შექმნის შემდეგ ღმერთები შეიკრიბნენ, რათა გადაეწყვიტათ, თუ რომელი მათგანი გახდებოდა მზის ღმერთი. მათ დაანთეს კოცონი, სადაც უნდა ჩამხტარიყო რჩეული. მაგრამ ყველა ღმერთს ეშინოდა საშიში სიცხის. საბოლოოდ, ნანაუაცინი, რომელიც საშინლად იყო დაავადებული, ცეცხლში ჩახტა, მას თან მიჰყვა ტეკისტეკატლი, რომელმაც მანამდე სამჯერ სცადა ცეცხლში ჩახტომა, მაგრამ აუტანელი სიცხე მას უკან დახევას აიძულებდა. ნანაუატლი მზე გახდა, ტეკისტეკატლი — მთვარე, ღმერთი კი — მეცტლი. თავდაპირველად მთვარე ისევე კაშკაშებდა, როგორც მზე, სანამ ამით გაღიზიანებულმა ერთ-ერთმა ღმერთმა მას კურდღელი არ ესროლა. ამის შემდეგ მეცტლი გამოისახება შავი დისკის ან წყლის ჭურჭლის სახით, რომელზეც კურდღელია. ტონატიუ — „მებრძოლი არწივების“ კავშირის მფარველია, მისი სიმბოლოა — არწივი. ტონატიუს კულტი აცტეკურ საზოგადოებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველწყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мифологический словарь/Гл.ред. Е. М. Мелетинский — М.:Советская энциклопедия, 1991 г.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]