დასავლეთ ბოსნიის ავტონომიური პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასავლეთ ბოსნიის ავტონომიური პროვინცია
Autonomna Pokrajina Zapadna Bosna
შეუერთდა ბოსნიის რესპუბლიკას

1993–1995

ავტონომიის დროშა

სიტუაცია დასავლეთ ბოსნიაში 1994 წელს
დედაქალაქი ველიკა კლადუშა
ენები სერბოხორვატული ენა
რელიგია სეკულარული
მთავრობა რესპუბლიკა
მეთაური
 -  1992–1995 ფიქრეთ აბდიჩი
ისტორიული ერა იუგოსლავიის დაშლა
 -  დაარსდა 27 სექტემბერი 1993
 -  ოპერაცია ვეფხვი 94 2 ივნისი21 აგვისტო 1994
 -  ოპერაცია ობობა 10 ნოემბერი31 დეკემბერი 1994
 -  რესპუბლიკის გამოცხადება 25 ივლისი 1995
 -  ოპერაცია ქარიშხალი 7 აგვისტო 1995
დღეს ამ ტერიტორიაზე Flag of Bosnia and Herzegovina.svg ბოსნია და ჰერცეგოვინა

დასავლეთ ბოსნიის ავტონომიური პროვინცია (სერბ.-ხორვ. Autonomna Pokrajina Zapadna Bosna), 1995 წლის 25 ივლისიდან ცნობილი, როგორც დასავლეთ ბოსნიის რესპუბლიკა (სერბ.-ხორვ. Republika Zapadna Bosna) — სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი დასავლეთ ბოსნიაში, ველიკა კლადუშას რაიონში, რომელიც ადგილობრივმა მსხვილმა კომერსანტმა, ფიქრეთ აბდიჩმა შექმნა და რომელიც იბრძოდა ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ როგორც სეპარატისტი ბოსნიელი და კრაინელი სერბების, ასევე ხორვატიის მხარდაჭერით.

აბდიჩი და აგროკომერცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდიჩი იყო კომერსანტი ველიკა კლადუშადან, რომელიც იუგოსლავიის პერიოდიდან სათავეში ედგა კორპორაცია აგროკომერცს, რომელიც უბრალო აგროკომპანიიდან თანამედროვე საკვებისა და მსუბუქი მრეწველობის გიგანტურ კორპორაციად აქცია. ველიკა კლადუშას რაიონი, რომელიც ერთ-ერთი ღარიბი იყო ბოსნიაში, აგროკომერცის საშუალებით გადაიქცა საკმაოდ წარმატებულ რეგიონად. აგროკომერცს 13 ათასამდე თანამშრომელი ჰყავდა და უდიდეს კორპორაციას წარმოადგენდა.[1] ველიკა კლადუშას მოსახლეობა აბდიჩს "ბაბოს" (მამიკო) ეძახდა,[2] ხოლო იგი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სოციალისტური რესპუბლიკის მაშინდელი პრეზიდენტის, ჰამდია პოზდერაცისა და მისი ძმის, ჰაკიას მხარდაჭერით სარგებლობდა, ვიდრე არ აღმოაჩინეს, რომ იგი ფინანსურ მაქინაციებს ეწეოდა. მისმა ფირმამ დაახლოებით მილიარდის ღირებულების გაუმყარებელი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. სკანდალმა არა მხოლოდ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, არამედ მთელი იუგოსლავიაში გამოიწვია რეზონანსი და 250%-იანი ინფლაცია.[3] აბდიჩი დააპატიმრეს, პოზდერაცი გადადგა.[4]

იუგოსლავიის დაშლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლოვენიისა და ხორვატიის კვალდაკვალ იუგოსლავიისგან გამოყოფის მსურველები გააქტიურდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკაშიც, რომელიც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი იყო.[5]
ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა, რომელიც ძირითადად თავიანთი ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავდნენ – დემოკრატიული მოქმედების პარტია (სერბ.-ხორვ. Stranka demokratske akcije; SDA), რომელსაც ბოსნიელი ალია იზეთბეგოვიჩი ედგა სათავეში, სერბთა დემოკრატიული პარტია (სერბ. Српска демократска Странка; СДС) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH), სტეპან კლუიჩით სათავეში. დემოკრატიული მოქმედების პარტიაში მეორე ნომერი იყო სწორედ ფიქრეთ აბდიჩი, რომელიც დასავლეთ ბოსნიასა და განსაკუთრებით ველიკა კლადუშაში კვლავ დიდი სახალხო მხარდაჭერით სარგებლობდა. 1990 წელს მან საპრეზიდენტო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმაც მიიღო, მაგრამ თავად შვიდკაცა საბჭოს გადაწყვეტილების გამო ეს პოსტი ალია იზეთბეგოვიჩს ერგო.[6]

ბოსნიის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაევოს ალყის დასაწყისისას, როდესაც იუგოსლავიის სახალხო არმიამ სარაევოს აეროპორტში დააპატიმრა იზეთბეგოვიჩი, აბდიჩი ჩადის სარაევოში, რათა მიიღოს ვიცე-პრეზიდენტობა და შესაბამისად – საკმაოდ რეალური პერსპექტივით მომავალი პრეზიდენტობაც. მაგრამ დაპატიმრებული იზეთბეგოვიჩი ახერხებს ტელეფონით დაუკავშირდეს თავის მომხრეებს (მიუხედავად იმისა რომ სარაევოს ცენტრალური სატელეფონო სადგური შეტაკებებისას დაიწვა და ქალაქის ტელეფონების უმეტესობა არ მუშაობს) და ვიცე-პრეზიდენტად და თავის მემკვიდრედ ნიშნავს აიუბ ღანიჩს.[6]
ამით განაწყენებული აბდიჩი ბრუნდება დასავლეთ ბოსნიაში, გარშემო იკრებს თავის ერთგულ ხალხს და 1993 წლის 14 სექტემბერს ხორვატებთან აფორმებს ხელშეკრულებას, მათი მხარდაჭერით აცხადებს დასავლეთ ბოსნიის ავტონომიურ პროვინციას, რომელმაც გრაცის შეთანხმებით განსაზღვრული "ალიას საფაშოს" დასავლეთ ნაწილი უნდა მოიცვას. ეს სვლა აწყობთ სერბებსაც, რომლებიც უზავდებიან აბდიჩს 22 ოქტომბერს. დაზავების შემდეგ აგროკომერცს თავისუფალი ვაჭრობის ნებას აძლევდნენ ორივე მხარე, რის შედეგადაც ამ კომპანიას აბდიჩის მინი–სახელმწიფოსთვის საკმარისი დოვლათის მოტანა შეეძლო.[1]

ბანაკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდიჩმა სერბი არარეგულარული ფორმირებების დახმარებით შექმნა საკონცენტრაციო ბანაკები – დრმელევო და მილკოვიცი. აქ ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი და დემოკრატიული მოქმედების პარტიის წევრები იყვნენ თავმოყრილი, ასევე დასავლეთ ბოსნიაში გარსშემორტყმული ბოსნიის არმიის მეხუთე კორპუსის დატყვევებული მებრძოლები. ბანაკებში მიმდინარეობდა სისტემატური წამება, ცემა, შეუფერებელი მოპყრობა, შიმშილი და ა.შ.[7]

ოპერაცია ვეფხვი 94[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის 2 ივნისს მეხუთე კორპუსმა დაიწყო შეტევა ველიკა კლადუშას მიმართულებით, მაგრამ ოპერაცია გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა, რადგან აბდიჩი შეუფერხებლად იღებდა იარაღსა და საბრძოლო მასალას სერბებისგან, ხოლო რესპუბლიკის არმია ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაში იყო. აბდიჩის მომხრეებმა მეხუთე კორპუსი ქალაქ პეჩიგრადთან შეაჩერეს.
აბდიჩის ძალების განადგურების გეგმა შეიმუშავეს მეხუთე კორპუსის სარდალმა ატიფ დუდაკოვიჩმა და ჰამდია აბდიჩმა, მეხუთე კორპუსში შემავალი 502-–ე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა. ჰამდია აბდიჩი "საიდუმლოდ" წარდგა ფიქრეთ აბდიჩთან და უთხრა, რომ იგი იმედგაცრუებული იყო რესპუბლიკის ხელმძღვანელობით, ის და მისი ბრიგადა შიმშილობდნენ, გამარჯვების იმედი კი არ ჩანდა. ჰამდიას თქმით, მასაც სურდა თავისი მოგვარის მსგავსად, კარგად ეცხოვრა. ფიქრეთი ეჭვობდა, მაგრამ დაუჯერა ჰამდიას და გადასცა ფული, რომლის გამოყენებითაც მას დუდაკოვიჩის წინააღმდეგ ბიჰაჩში ამბოხება უნდა დაეწყო, ხოლო ამბოხების დაწყებისთანავე თავისი არმიით დახმარებას დაჰპირდა. 7 ივლისს ჰამდო ბიჰაჩში დაბრუნდა და დუდაკოვიჩს ყველაფერი შეატყობინა. დუდაკოვიჩმა ყველა გაეროს წარმომადგენელი და დამკვირვებელი ბაზაზე გამოკეტა, ვითომდა მათივე უსაფრთხოების მიზეზით. მეხუთე კორპუსის მეომრებს კი უბრძანა, ჰაერში სროლა დაეწყოთ და წინასწარ მომზადებული საბურავები დაეწვათ, რაც ამბოხების იმიტაციას შექმნიდა. აბდიჩი და მისი სერბი მხარდამჭერები, რომლებმაც დაინახეს კვამლის ბოლქვები და გაიგეს სროლა, პარალელურად რადიოთი უსმენდნენ გაეროს წარმომადგენლების ხმას, რომლებიც ითხოვდნენ გაყვანას, ამბობდნენ რომ ესმოდათ ბრძოლების ხმა, მაგრამ გამოკვლევის საშუალება არ ჰქონდათ თუ რა ხდებოდა, დარწმუნდნენ რომ დუდაკოვიჩის წინააღმდეგ მართლაც დაიწყო ამბოხება. ფიქრეთ აბდიჩმა სერბების არტილერიის დახმარებით წამოიწყო კონტრშეტევა, ხოლო სერბებმა სატვირთო მანქანებით გაგზავნეს იარაღი და ტყვია–წამალი ბიჰაჩში "აჯანყებულების" დასახმარებლად, მაგრამ რეალურად სატვირთო მანქანები ტვირთიანად დუდაკოვიჩის ხელში ჩავარდა. სერბი კონტრდაზვერვის ოფიცრები, რომლებიც ტვირთს აცილებდნენ, დახოცეს ან ტყვედ ჩაიგდეს.
10 ივლისს დუდაკოვიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში განმარტა საქმის რეალური ვითარება. სერბებმა დახმარების გარეშე დატოვეს აბდიჩი, რომლის არმიამაც ვეღარ შეძლო მეხუთე კორპუსის შეკავება და 1994 წლის 21 აგვისტოს მეხუთე კორპუსმა დაიკავა ველიკა კლადუშა. 40 ათასი ადამიანი, რომელიც აბდიჩს ემხრობოდა, მასთან ერთად გაიქცა სერბულ კრაინაში.[8][9]

ოპერაცია ობობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

10 ნოემბერს დაიწყო სერბებისა და აბდიჩის მომხრეების კონტრშეტევა მეხუთე კორპუსზე. 16 ნოემბერს ბრძოლები უკვე ველიკა კლადუშას მისადგომებთან მიმდინარეობდა, ხოლო 27 ნოემბერს სერბთა რესპუბლიკის არმია ბიჰაჩის უსაფრთხო ზონის მესამედს აკონტროლებდა. მათ შესთავაზეს ბოსნიელებს დანებება იმ პირობით, რომ ისინი აბდიჩის მომხრეებს ჩაბარდებოდნენ, მაგრამ ჰამდია კაბილაგიჩმა, ბიჰაჩის მერმა უარი განაცხადა – ეს მასობრივი ჟლეტის დასაწყისი იქნებაო. ბიჰაჩის მცხოვრებლებმა ქალაქის ქუჩები მანქანებითა და ხეებით ჩახერგეს.[10]
სერბების შეტევა შეჩერდა ჯიმი კარტერის მიერ შეთავაზებული საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით 1995 წლის 1 იანვარს. თუმცა მოგვიანებით ისევ გაგრძელდა. ბიჰაჩში ალყაშემორტყმული მეხუთე კორპუსის დასახმარებლად ხორვატებმა და ბოსნიელებმა გაზაფხულზე ჩაატარეს ოპერაცია ნახტომი 1 და ნახტომი 2. მათი მიზანი იყო სერბების იძულება რეზერვები ბიჰაჩიდან კუპრესისა და ლივნოსკენ გადმოესროლათ, თუმცა სერბთა რესპუბლიკის შტაბის უფროსმა, რადკო მლადიჩმა, გადაწყვიტა, რომ ბიჰაჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო და ბიჰაჩზე შეტევა არ შეუჩერებია. ამის მიუხედავად სერბებმა ბიჰაჩის აღება ვერ მოახერხეს.[11]

რესპუბლიკის გამოცხადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ ბოსნიის რესპუბლიკის დროშა

1995 წლის 25 ივლისს ველიკა კლადუშაში აბდიჩმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და თავის სეპარატისტულ წარმონაქმნს დასავლეთ ბოსნიის რესპუბლიკა უწოდა.[12]

ოპერაცია ქარიშხალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის ზაფხულში ხორვატებმა გადაწყვიტეს გადამჭრელი ზომები მიეღოთ ხორვატიის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული კრაინის რესპუბლიკის წინააღმდეგ. დაიგეგმა ოპერაცია ქარიშხალი, რომლის მიხედვითაც ხორვატულ არმიას მთელი კრაინის ტერიტორია უნდა დაეკავებინა, ხოლო ბოსნიური არმიის მეხუთე კორპუსს აბდიჩის სეპარატისტები უნდა გაენადგურებინა. ოპერაცია დაიწყო 1995 წლის 4 აგვისტოს და 5 დღის შემდეგ ხორვატებისა და ბოსნიელების გამარჯვებით დასრულდა. კრაინის რესპუბლიკა ლიკვიდირებული იქნა, ისევე როგორც აბდიჩის სეპარატისტული წარმონაქმნი.[13] აბდიჩმა კვლავ ხორვატიას შეაფარა თავი, სადაც ფრანიო ტუჯმანის მფარველობით მოახერხა თავშესაფრის მოპოვება, თუმცა ტუჯმანის სიკვდილისა და მისი პარტიის არჩევნებში მარცხის შემდეგ ხორვატიის ახალმა პრეზიდენტმა, სტეპან მესიჩმა იგი გადასცა ჰააგის ტრიბუნალს. 2002 წელს მას სამხედრო დანაშაულებების გამო 20 წელი მიუსაჯეს, რაც მოგვიანებით თხუთმეტ წლამდე შეუმცირეს. 2012 წელს სასჯელის ორი მესამედის მოხდის შემდეგ კი გაათავისუფლეს.[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]