სარაევოს ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარაევოს ალყა
ბოსნიის ომის ნაწილი

სარაევოს მცხოვრებლები წყლის რიგში.
სერბები ელოდებიან ტყვეთა გაცვლას.
სარაევოს მცხოვრებლები აგროვებენ შეშას.
ჰუმანიტარული დახმარების რიგი ბაშჩარშიას ბაზართან.
გაეროს მშვიდობისმყოფელების ჯავშანმანქანა.
თარიღი 5 აპრილი 199229 თებერვალი 1996.
მდებარეობა ბოსნია და ჰერცეგოვინა
Casus belli ბოსნიის დამოუკიდებლობა
ეთნიკური კონფლიქტი.
შედეგი დეიტონის შეთანხმება.
ტერიტორიული
ცვლილებები
სერბთა რესპუბლიკის არმია ტოვებს სარაევოს გარშემო სიმაღლეებს.
მხარეები
ბოსნია და ჰერცეგოვინა

ნატო (1995)

იუგოსლავია

სერბთა რესპუბლიკა

მეთაურები
ალია იზეთბეგოვიჩი

იუსუფ პრაზინა
რამიზ დელალიჩი
მუსტაფა ხაირულლაჰოვიჩი
რასიმ დელიჩი
ვლადიმირ შაფი
ლეიტონ სმიტი

სლობოდან მილოშევიჩი
მილუტინ კუკანაცი
რადოვან კარაჯიჩი
სტანისლავ გალიჩი
დრაგომირ მილოშევიჩი
ძალები
40 000

≈1500

20 000
დანაკარგები
6 305+[1]
84
42+[2]
2 687+ [1]
5 604+ სამოქალაქო პირი[1]
სარაევოს ალყა ვიკისაწყობში

სარაევოს ალყა (ბოსნ. Opsada Sarajeva სერბ. Опсада Сарајева) — შეიარაღებული კონფლიქტი ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკისა და სერბთა რესპუბლიკის არმიებს შორის, ქალაქ სარაევოს გასაკონტროლებლად. თანამედროვეობის ყველაზე ხანგრძლივი ალყაა – მან 1 425 დღე გასტანა (თითქმის ერთი წლით მეტი, ვიდრე ლენინგრადის ბლოკადამ). სერბები, რომლებიც ფლობდნენ აბსოლუტურ უპირატესობას ტექნიკაში, რადგან მათ ვერ მოახერხეს იერიშით აეღოთ სარაევო, განლაგდნენ მის გარშემო სიმაღლეებზე და ცდილობდნენ საარტილერიო დაბომბვებითა და სნაიპერული ცეცხლით ჩაეთესათ უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა სარაევოს მცხოვრებლებში, რასაც მათ მიერ სარაევოს დატოვება უნდა მოჰყოლოდა.

მძიმე იყო დანაკარგები – 6 305–ზე მეტი მებრძოლი ბოსნიელებისა და 2 687–ზე მეტი მებრძოლი სერბების მხარეს. საბრძოლო მოქმედებებს 5 604–ზე მეტი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.[1]

იუგოსლავიის დაშლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაევოს უბნების ეთნიკური შემადგენლობა 1991 წ.

სლოვენიისა და ხორვატიის კვალდაკვალ იუგოსლავიისგან გამოყოფის მსურველები გააქტიურდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკაშიც, რომელიც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი იყო. 1991 წლის 31 მარტის აღწერით, მისი მოსახლეობის (4,4 მლნ) სამ ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ ბოსნიელები (მუსლიმები, 1,9 მლნ, 44%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 45 რაიონში (13 მათგანში ფარდობითი, ხოლო 31–ში აბსოლუტური), სერბები (1,4 მლნ, 31%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 34 რაიონში (5-ში ფარდობითი და 29-ში აბსოლუტური) და ხორვატები (752 ათ., 17%), რომლებიც უმრავლესობა იყვნენ 20 რაიონში (6-ში ფარდობითი და 14-ში აბსოლუტური). მოსახლეობის დანარჩენ 8% შეადგენდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასევე იუგოსლავები (ძირითადად შერეული ქორწინების შთამომავლები). ამ მაჩვენებლით სარაევო ლიდერობდა – იქ ყოველი მეოთხე ქორწინება შერეული იყო სხვადასხვა ეთნოსებს შორის. მისი მოსახლეობა 1991 წელს შეადგენდა 527 049 კაცს. მათ შორის ბოსნიელები – 49,2%-ს, სერბები 29,8%-ს, იუგოსლავები 10,7%-ს, ხოლო ხორვატები 6,6%-ს.[3]
იუგოსლავიის დაშლის პროცესის დასაწყისში, როცა ნაციონალისტური ძალები გააქტიურდნენ და მოახერხეს არჩევნებში გამარჯვებაც, ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა – დემოკრატიული მოქმედების პარტია (ბოსნ. Stranka demokratske akcije; SDA), რომელსაც ბოსნიელი ალია იზეთბეგოვიჩი ედგა სათავეში, სერბთა დემოკრატიული პარტია (სერბ. Српска демократска Странка; СДС) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება (ხორ. Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH) სტეპან კლუიჩით სათავეში. სამივე მათგანი ანტიკომუნისტი იყო და იდევნებოდა დისიდენტობისთვის იუგოსლავიის პერიოდში, თუმცა კარაჯიჩს, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა დიდ ნაწილს, სურდა იუგოსლავიის შენარჩუნება, სადაც დომინანტი სერბეთი იყო. იზეთბეგოვიჩი კი პირიქით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარჩენილიყო იუგოსლავიის ნაწილად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხორვატია და სლოვენია, რომლებიც მეტ-ნაკლებად აბალანსებდნენ სერბეთის გავლენას, გამოეყვნენ ფედერაციას. კლუიჩი მხარს უჭერდა იზეთბეგოვიჩის მთავრობას, თუმცა ბოსნიის ხორვატთა უმეტესობას ხორვატიასთან შეერთება სურდა, ბოსნიის ხორვატთა ამ სურვილს ასევე მხარს უჭერდა ხორვატიის ახალარჩეული პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანიც.
ტუჯმანსა და ჯერ კიდევ იუგოსლავიის პრეზიდენტ მილოშევიჩს შორის 1991 წლის 25 მარტს კარაჯორჯევოს ნაკრძალში მომხდარი შეხვედრის დროს მოხდა შეთანხმება იუგოსლავიის გადანაწილების გეგმაზე. ამ გეგმის თანახმად, სერბეთისა და ხორვატიის საზღვრები გადაიხედებოდა ეთნიკური საზღვრების გასწვრივ იმგვარად, რომ სერბებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები ხორვატიაში სერბეთის შემადგენლობაში შევიდოდა, ხოლო ხორვატია მიიღებდა ბოსნიას მდინარე ნერეტვამდე, სადაც ძირითადად ხორვატები ცხოვრობდნენ. დანარჩენი ბოსნია სერბეთის კუთვნილება გახდებოდა. ზუსტი დეტალები უცნობია, რადგან ხრვოიე შარინიჩის, იმჟამად პრეზიდენტ ტუჯმანის მრჩევლის თქმით, პრეზიდენტები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ განმარტოებით.[4]
დაპირისპირება ხორვატებსა და სერბებს შორის მწვავდებოდა და მალე ხორვატიის ომმა იფეთქა, რაც ბოსნიასაც გადაედო. 1991 წლის 20 სექტემბერს იუგოსლავიის სახალხო არმიამ ვუკოვარის ფრონტზე დამატებითი ძალები გადაისროლა ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოსნიის გავლით. ადგილობრივმა ბოსნიელებმა და ხორვატებმა ბარიკადები აღმართეს და კოლონა, რომელიც 60 ტანკისგან შედგებოდა, შეაჩერეს. ძალის გამოყენებით კოლონამ მაინც შეძლო გავლა მეორე დღეს. ხუთი დღის შემდეგ არმიის არტილერიამ დაბომბა ხორვატული სოფელი რავნო აღმოსავლეთ ბოსნიაში, რომელიც აყოვნებდა დუბროვნიკისკენ მიმავალ სამხედრო ნაწილებს.[5]
1991 ბოლოს სერბი დეპუტატები ტოვებენ ბოსნიის პარლამენტს და 1992 წლის 9 იანვარს აცხადებენ სერბთა რესპუბლიკას. მათი განცხადებით, ბოსნიელ სერბთა უმცირესობაში ყოფნა მეორე მსოფლიო ომის დროს უსტაშების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგი იყო, ხოლო ისინი ამგვარი გენოციდის გამეორებას არ დაუშვებდნენ. სერბთა პოზიციის დასაძლევად იზეთბეგოვიჩმა ბოსნიაში დანიშნა საყოველთაო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმი 1992 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდა. სერბებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ რეფერენდუმზე ბოსნიის მოსახლეობის 64% გამოცხადდა, მათმა 93%–მა კი ხმა მისცა ბოსნიის დამოუკიდებლობას.[6]

პირველი მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 1 მარტს სერბული ქორწილის დროს მექორწილეებმა სერბული დროშით გაიარეს ბაშჩარშიას ბაზართან. შეიარაღებულმა პირებმა ისინი გააჩერეს და მოსთხოვეს დროშის ჩამოხსნა. შელაპარაკება სროლაში გადაიზარდა, რასაც ნეფის მამა, ნიკოლა გარდოვიჩი (რომელსაც დროშა ეკავა) ემსხვერპლა.[7] სერბული ცნობებით, მკვლელობა ჩაიდინეს მწვანე ბერეტების ოთხმა მებრძოლმა – მუჰამმად შვრაკიჩმა (მწვანე ბერეტების ფორმირების მეთაურის, ემინ შვრაკიჩის ვაჟი), სუად შაბანოვიჩმა, ტაიბ ტორლაკიჩმა და რამიზ დელალიჩმა.[8] მეორე დღეს სერბული ფორმირებები იკავებენ სერბულ უბნებს და აწყობენ ბლოკპოსტებს, ხოლო მათი ნაწილი ცდილობს ბოსნიის პარლამენტის შენობის ბლოკირებას, თუმცა სარაევოს ათასობით მცხოვრები ახერხებს მათ განეიტრალებას. შეტაკებებში ოთხი ადამიანი დაიღუპა. მესამე დღეს, 1992 წლის 3 მარტს, ცხადდება ბოსნიის დამოუკიდებლობა.[9]

ბოსნიის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზეთბეგოვიჩმა მოითხოვა გაეროს ჯარების შეყვანა ქვეყანაში, რადგან მის ხელთ აღმოჩნდა მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული ტერიტორიული თავდაცვის ძალები, რომლებსაც იუგოსლავიაზე საგარეო აგრესიის დროს პარტიზანული ბრძოლა უნდა ეწარმოებინათ, ხოლო იუგოსლავიის სახალხო არმიის მთავარი შტაბი ბელგრადში იმყოფებოდა. ისინი მხარს უჭერდნენ სერბთა გამოყოფას ბოსნიიდან და მათ დასახმარებლად შემდეგი მოიმოქმედეს – ბოსნიაში მყოფი სამხედრო ნაწილები ბოსნიელი სერბებით შეავსეს, ამგვარად ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკამ მიიღო აბსოლუტური სამხედრო უპირატესობა როგორც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიასა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებზე, ასევე ხორვატთა ადგილობრივ ფორმირებებზე. იარაღის ემბარგო[10], რომელიც ბოსნიას დაუწესდა, რეალურად სწორედ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიას აზარალებდა, რადგან სერბები და ხორვატები ახერხებდნენ იარაღის შემოტანას თავისი მხარდამჭერი ქვეყნებიდან – სერბეთიდან და ხორვატიიდან.
ბრძოლები და შეტაკებები მთელი ბოსნიის ტერიტორიაზე ხდებოდა. 1992 წლის 25–26 მარტს სიეკოვაცში, ხორვატიის საზღვართან მოკლეს 12 სერბი სამოქალაქო პირი, თუმცა მათი მიზანმიმართული დახოცვა არ დადასტურდა, თვითმხილველების (მათ შორის სერბების) განცხადებით, ისინი სროლაში მოყვნენ, ან იარაღს ატარებდნენ.[11]
სერბულ ფორმირებებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებები მოხდა ცაპლინასთან 7 მარტს, ბოსანსკი ბროდში 15–24 მარტს და გორაჟდესთან 15 მარტს, არმიის არტილერიამ დაბომბა ნეუმი 19 მარტს, ხოლო მარტის ბოლოს სერბებმა დაიკავეს ბიელინა, სადაც სერბ მოხალისეთა გვარდიის შენაერთებმა ჩაატარეს ეთნოწმენდა – ადგილობრივი ბოსნიელები აიძულეს ქალაქი დაეტოვებინათ.[12] 3 აპრილიდან 11 აპრილამდე ბოსნიის ხორვატულ ქალაქ კუპრესთან მიმდინარეობდა ბრძოლა ბოსნიელ ხორვატ მებრძოლებსა და იუგოსლავიის არმიას (ბოსნიელ სერბთა მხარდაჭერით) შორის. ბოსნიელ ხორვატებს სურდათ დახმარებოდნენ თავის თანამემამულეებს, რომლებიც კნინის კრაინაში სერბ სეპარატისტებს ებრძოდნენ და მოეხდინათ მათი ბლოკირება. ბრძოლა იუგოსლავიის არმიის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ბრძოლას ორივე მხრიდან 200–ზე მეტი ადამიანი შეეწირა.[5]

ძალთა განლაგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკის არმიის პირველი კორპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დასაწყისს ბოსნია რეგულარული არმიის გარეშე შეხვდა. მისი შეიარაღებული ძალები ძირითადად ტერიტორიული თავდაცვის ძალების საფუძველზე შექმნილი არარეგულარული ფორმირებებისგან შედგებოდა. ბოსნიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ ეს ძალები შეძლებდნენ სტატუს ქვოს შენარჩუნებას მანამ, სანამ გაეროს სამშვიდობო ძალები ბოსნიის ტერიტორიაზე განლაგდებოდნენ. სარაევოში მყოფი ძალებისგან შეიკრიბა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიის პირველი კორპუსი (ბოსნ. Prvi korpus Armije Republike Bosne i Hercegovine). მისი ფორმირება სხვადასხვა დანაყოფების შერწყმით 1992 წლის 1 სექტემბერს მოხდა. კორპუსში სხვადასხვა დროს 30-დამ 40 ათასამდე მებრძოლი მსახურობდა, თუმცა მძიმე შეიარაღება მათ პრაქტიკულად არ გააჩნდათ.[13] სერბების მონაცემებით პირველ კორპუსს გააჩნდა 108 მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი, 64 საზენიტო ქვემეხი, 31 მცირეკალიბრიანი ქვემეხი, 134 მცირე და 38 მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნი, 26 ჰაუბიცა, 11 ჯავშანმანქანა, 3 ტანკი, ასამდე გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი.[14]

პატრიოტული ლიგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დასაწყისში ბოსნიის შეიარაღებული ძალების ბირთვს შეადგენდა პატრიოტული ლიგა (ბოსნ. Patriotska liga), რომელიც სანჯაყელმა ოფიცერმა, სეფერ ხალილოვიჩმა დააარსა 1991 წლის 2 მაისს.[15] სარაევოში ლიგას 10 ათასამდე მოხალისე მებრძოლი ჰყავდა და მისი შეიარაღება ძირითადად მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღისგან შედგებოდა. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიის ჩამოყალიბებისთანავე (1992 წლის 1 აპრილი), პატრიოტული ლიგა მის დაქვემდებარებაში შევიდა.

მწვანე ბერეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვანე ბერეტები (ბოსნ. Zelene beretke) ბოსნიელთა ელიტური ფორმირება იყო. 1991 წლის 10 ივნისს ჩამოყალიბდა ორგანიზაცია ბოსნა, სადაც ძირითადად სხვადასხვა საბრძოლო გამოცდილების მქონე მოხალისეები შევიდნენ. სარაევოს ალყის დაწყებისას ბოსნას შვიდი ლიდერიდან ერთ–ერთმა ემინ შვრაკიჩმა პირველმა შეკრიბა ამ მოხალისეთა 465 კაციანი შენაერთი სერბთა იერიშისგან დასაცავად, რომლებიც მწვანე ბერეტებს ატარებდნენ. სწორედ მათ ადგილობრივ კრიმინალებთან ერთად მოახერხეს სერბთა პირველი იერიშის უკუგდება. მწვანე ბერეტები მოქმედებდნენ ფრონტის რთულ უბნებზე, მათ შორის იუგოსლავიის სახალხო არმიის წინააღმდეგ.[16] 1992 წლის დასასრულს მწვანე ბერეტების ფორმირებები დაშალეს და რესპუბლიკის არმიის შემადგენლობაში გადაიყვანეს.

მეფე ტვრტკოს ბრიგადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაევოს ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს შევრონი

სარაევოს ხორვატები აქტიურად უჭერდნენ მხარს იუგოსლავიიდან გამოყოფას. ისინი ძირითადად პატრიოტთა ლიგას ემხრობოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოსნიის ხორვატებმა საკუთარი სეპარატისტული წარმონაქმნი – ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა გამოაცხადეს, სარაევოს ხორვატებმაც შექმნეს ამ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალის – ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ადგილობრივი უჯრედი 1992 წლის 29 მაისს. უჯრედის ლიდერი იყო მარინკო პეიჩი. როდესაც ჰერცეგ–ბოსნიის ხელმძღვანელობა გაურიგდა სერბთა რესპუბლიკას ბოსნიის გადანაწილებაზე, სარაევოელი ხორვატების ნაწილი სერბთა რესპუბლიკის არმიის მხარდამხარ მოქმედებდა.[17]

ხორვატული ბრიგადა "მეფე ტვრტკო" (125-ე მსუბუქი ქვეითი)

რესპუბლიკის არმიის შტაბის უფროსად რასიმ დელიჩის დანიშვნის შემდეგ, მან გადაწყვიტა ბოლო მოეღო ავტონომიური და ნახევრად დამოუკიდებელი ფორმირებების არსებობისთვის. 1993 წლის 6 ნოემბერს მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ოპერაცია "ტრებევიჩ–2". მეფე ტვრტკოს ბრიგადა განაიარაღეს პირველი კორპუსის ნაწილებმა, მის წევრთა ნაწილისგან კი მოგვიანებით პირველი კორპუსის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა იგივე სახელის ბრიგადა, რომელსაც ვლადიმირ შაფის ნაცვლად რესპუბლიკის არმიის ხორვატი ოფიცერი, ნედელკო ვერაი ხელმძღვანელობდა. მებრძოლების ნაწილმა უარი თქვა რესპუბლიკის არმიაში სამსახურზე, თუმცა უმრავლესობა დათანხმდა.[18]

კრიმინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიოტთა ლიგასა და მწვანე ბერეტებშიც იყვნენ კრიმინალური წარსულის ადამიანები, მაგრამ სარაევოზე სერბთა იერიშის დროს ასევე დიდი როლი ითამაშეს ადგილობრივი კრიმინალების დაჯგუფებებმა. მათ შორის იყო ისმეთ ბაირამოვიჩის, რამიზ დელალიჩის, მუშან ტოპალოვიჩის დაჯგუფებები. ამ დაჯგუფებებს შორის გამოირჩეოდა იუსუფ პრაზინას დაჯგუფება "იუკას მგლები" (ბოსნ. Jukini vukovi), რომლის რიცხოვნობა 3 ათასამდე აღწევდა. ეს კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული ბანდა იყო, მაგრამ იგი არ ემორჩილებოდა რესპუბლიკის არმიის ხელმძღვანელობის მითითებებს. პრაზინას სურდა იგი ქალაქის თავდაცვის მთავარსარდლად დაენიშნათ,[19] მაგრამ მისი მოთხოვნები უარყოფილი იქნა. მისი დაჯგუფება გამოირჩეოდა სისასტიკით როგორც სამხედრო ტყვეების, ასევე სამოქალაქო პირების მიმართ, ისინი აკონტროლებდნენ შავ ბაზარს, რამდენიმეჯერ კი შეიარაღებული შეტაკებაც მოაწყვეს რესპუბლიკის არმიასთან.[20] საბოლოოდ პრაზინამ ქალაქი დატოვა 1993 წლის დასაწყისისთვის, თუმცა მისი მებრძოლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა მას გაჰყოლოდა და ისინიც არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფებში იქნენ გადანაწილებული. კრიმინალების დაჯგუფებებიც რასიმ დელიჩმა გაანადგურა – 1993 წლის ოქტომბერში მან დაგეგმა და განახორციელა ოპერაცია "ტრებევიჩ–1", რომლის შედეგადაც ყველა ავტონომიური დაჯგუფების ხელმძღვანელობა დაატყვევეს და მსურველები რესპუბლიკის არმიის სხვადასხვა ნაწილებს შეუერთეს.[18]

სარაევო–რომანიის კორპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბი მებრძოლის ეკიპირება

სარაევოს მიმართულებაზე მოქმედებდა სერბთა რესპუბლიკის არმიის სარაევო–რომანიის კორპუსი. იგი 1992 წლის 22 მაისს შეიქმნა ყოფილი იუგოსლავიის სახალხო არმიის მეორე სამხედრო ოლქის მეოთხე კორპუსის საფუძველზე. მასში ირიცხებოდა 15–20 ათასი მებრძოლი, მაგრამ ტექნიკის რაოდენობით იგი ბევრად აღემატებოდა არა მხოლოდ პირველ კორპუსს, არამედ მთელ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიას. მის განკარგულებაში იყო 80 ტანკი, 72 მძიმე ქვემეხი, 12 ზალპური ცეცხლის სისტემა, ასობით ნაღმსატყორცნი და მძიმე ტყვიამფრქვევი.[18][21]

რუს მოხალისეთა რაზმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაევოსთან ასევე იბრძოდა რუს მოხალისეთა მეორე (რუს. РДО-2 ან Царские волки; 1993 გაზაფხულ–ზაფხულზე) და მესამე (რუს. РДО-3, 1993–94 შემოდგომამდე) რაზმები. ამ რაზმების შემადგენლობაში ასევე იბრძოდნენ უკრაინელები და ბელორუსები.[22]

თეთრი მგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაევო–რომანიის კორპუსის დაქვემდებარებაში ასევე იყო ელიტური სერბული სპეცრაზმი "თეთრი მგლები" (სერბ. Бели вукови). იგი 1993 წლის 14 თებერვალს ჩამოყალიბდა და სახელი მიიღო მას შემდეგ, რაც მისმა მებრძოლებმა მთა ბელაშნიცა დაიკავეს (სარაევოდან სამხრეთ–დასავლეთით 25 კმ) 1993 წლის ივლისში. ამ მთაზე ლეგენდის თანახმად ცხოვრობენ მხოლოდ თეთრი მგლები, საიდანაც ქვედანაყოფმა მიიღო თავისი სახელი. თეთრი მგლები მრავალ შეტაკებაში მონაწილეობდნენ სარაევოს გარშემო, მისი სნაიპერები კი აქტიურად მონაწილეობდნენ სარაევოს მოსახლეობის ტერორიზებაში.[23][24]

სარაევოს დემონსტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნიკურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია აპრილის დასაწყისში. სარაევოში უკვე მოაღწია ხმებმა ბიელინაში ბოსნიელების ეთნიკური წმენდის შესახებ. ამას დაერთო 5 აპრილს ეროვნებით სერბი პოლიციელების მიერ თავდასხმა სარაევოს პოლიციის განყოფილებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებელზე. შეტაკებაში 2 პოლიციელი და 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.[11] საღამოს სერბულმა ფორმირებებმა კვლავ აღმართეს ბლოკპოსტები და ეცადნენ მოეხდინათ ბოსნიის ხელისუფლების ბლოკირება აღმასრულებელი საბჭოს შენობაში. სარაევოს მოქალაქეები ამჯერადაც ქუჩებში გამოვიდნენ მათ შესაჩერებლად. სერბული ფორმირებები 100 ათასამდე ყველა ეროვნების სარაევოელი დემონსტრანტის პირისპირ აღმოჩნდნენ. გაიხსნა ცეცხლი, რომელმაც იმსხვერპლა ორი დემონსტრანტი სუადა დილბეროვიჩი და ოლგა სუჩიჩი, რომლებიც ემსხვერპლნენ სერბთა დემოკრატიული პარტიის შტაბბინის (რომელიც დღევანდელ სასტუმრო Hotel Holiday Sarajevo–ის შენობაში მდებარეობდა) წინ, ვრბანას ხიდზე ნასროლ ტყვიებს.[7]
დემონსტრანტებმა სასტუმრო დაიკავეს, სერბული დემოკრატიული პარტიის ოფისი დაარბიეს, დაატყვევეს ექვსი ადამიანი, რომლებიც სერბ სნაიპერებად მიიჩნიეს.[18] მოწინააღმდეგე მხარეების დასაშოშმინებლად მოქმედება დაიწყო იუგოსლავიის სახალხო არმიის 49-ე მექანიზებული ბრიგადის ნაწილებმა (იუგოსლავიის სახალხო არმიის ნაწილები ბოსნიის ტერიტორიაზე მთლიანად ბოსნიელი სერბებით იყო დაკომპლექტებული 1991 წლის ბოლოდან). მათ დაიკავეს სარაევოს აეროპორტი, ტრამვაების დეპო და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებელი. დაბომბეს სარაევოს აღმასრულებელი საბჭოს შენობა.[25]
მეორე დღეს, 6 აპრილს, 12–მა ევროპულმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ეცნოთ ბოსნიის დამოუკიდებლობა. 7 აპრილს ბოსნიის დამოუკიდებლობა ცნო აშშ–მ.[9] ამის შემდეგ ომმა მთელი ბოსნიის ტერიტორიაზე იფეთქა – სერბები ფედერალური არმიის ნაწილების დახმარებით ზედიზედ იკავებდნენ იმ ქალაქებს, სადაც სერბები არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენდნენ. მათ დაიკავეს თითქმის მთელი აღმოსავლეთ ბოსნია სარაევოს, ჟეპისა და გორაჟდეს ანკლავების გამოკლებით (სადაც თავი მოიყარეს მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოდევნილმა ბოსნიელებმა), ხოლო დასავლეთ ბოსნია ბიჰაჩისა და ველიკა კლადუშას რაიონების გარდა.
13 აპრილს ყველა ბოსნიურმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის სერბთა დემოკრატიულმა პარტიამაც, მოაწერეს ხელი ერთიანი სარაევოს შეთანხმებას ლისაბონში, მაგრამ ეს შეთანხმება არ შესრულდა და ყველა მხარე ერთმანეთს სდებდა ბრალს მის დარღვევაში. აპრილის განმავლობაში სარაევოში დისლოცირებული იუგოსლავიის სახალხო არმიის მეორე სამხედრო ოლქის მეოთხე კორპუსის არტილერია და მძიმე ტექნიკა იკავებს სარაევოს გარშემო მაღლობებს, ალია იზეთბეგოვიჩის მოთხოვნაზე იუგოსლავიის მაშინდელი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მიმართ, გაიყვანოს თავისი არმია სარაევოს ტერიტორიიდან, მილოშევიჩი თანხმდება გაიყვანოს მხოლოდ ის მებრძოლები, რომლებიც ბოსნიური წარმოშობის არ არიან, რომლებიც მათ შორის თითქმის არ იყვნენ. მილოშევიჩის მტკიცებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროები ბოსნიაში აღარ დარჩნენ, ხოლო ბოსნიელი სერბები დამოუკიდებლები არიან.[26]

იერიში სარაევოზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2 მაისს სარაევოს ბლოკირება დასრულდა – სერბების კონტროლქვეშ აღმოჩნდა როგორც სარაევოში მიმავალი ყველა გზა, ასევე სარაევოს აეროპორტი. სარაევოს აეროპორტში სერბებმა დააპატიმრეს ალია იზეთბეგოვიჩი, რომელიც გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდა. პატრიოტთა ლიგამ ალყა შემოარტყა მეორე სამხედრო ოლქის შტაბს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მილუტინ კუკანაცი. ისინი დაიმუქრნენ შტაბის აღებით, თუ იზეთბეგოვიჩს არ გაათავისუფლებდნენ. მოლაპარაკება დაიწყო აიუბ ღანიჩსა და მილუტინ კუკანაცს შორის (სარაევოს ცენტრალური სატელეფონო სადგური განადგურებული იყო და შესაბამისად კავშირი თითქმის შეუძლებელი). შეთანხმების თანახმად, სახალხო არმიის ნაწილები დატოვებდნენ ქალაქს, სამაგიეროდ იზეთბეგოვიჩი დაბრუნდებოდა ქალაქში. იუგოსლავიის სახალხო არმია გაცვლას არ ჩქარობდა, ვიდრე 3 მაისს ქალაქში დარჩენილ სახალხო არმიის კოლონას თავს არ დაესხნენ დობროვოლაჩკას ქუჩაზე.[27] თავდასხმის შემდეგ გაცვლა შედგა. სერბებმა კვლავ სცადეს სარაევოს დაკავება, მაგრამ მიუხედავად უპირატესობისა ჯავშანტექნიკასა და შეიარაღებაში, ისინი ქუჩის ბრძოლებში დამარცხდნენ, რაშიც დიდი წვლილი ითამაშა სარაევოელების საერთო მობილიზაციამ, მათ შორის კრიმინალური ბანდებისა. სერბები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, ისინი მხოლოდ აღმოსავლეთ სარაევოს სერბულ უბნებს აკონტროლებდნენ, დანარჩენი უბნები ბოსნიელების კონტროლქვეშ დარჩა. როდესაც აშკარა გახდა, რომ იერიშით სარაევოს დაკავება ვერ მოხერხდებოდა, სერბებმა სარაევოს გარშემო სიმაღლეებზე განალაგეს ქვემეხები და ნაღმსატყორცნები, საიდანაც დაიწყეს ქალაქის დაბომბვა.

პოზიციური ომი ქალაქში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოფალიჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 მაისს კრიმინალურმა ბანდებმა გადაწყვიტეს ბოსნიელების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან სერბების გაძევება. ისინი მთელ სარაევოს მოედვნენ და დაიწყეს სერბების დახოცვა და გაძევება. სერბული მხარის მტკიცებით, ამ პროცესში დაახლოებით 200–მდე სერბი დახვრიტეს, 3000–ზე მეტი კი გააძევეს ქალაქიდან სერბების კონტროლირებადი უბნებისკენ.[28]

პირველი დაბომბვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაღმსატყორცნით დაბომბვისას დაჭრილი მიჰყავთ საავადმყოფოში

27 მაისს სერბებმა დაბომბეს პურის რიგი მისკინის ქუჩაზე. 16 ადამიანი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაიჭრა.[29] ამის შემდეგ საარტილერიო დაბომბვები და სნაიპერების მიერ მოქალაქეებზე ნადირობა სარაევოს ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გახდა. სერბთა ხელმძღვანელობის აზრით, ამ ქმედებებს ალყაში მოქცეულებს (არა მხოლოდ სარაევოში, არამედ სხვა ალყაში მოქცეულ ანკლავებშიც) შორის უნდა შეექმნათ შიშისა და დაუცველობის აუტანელი განცდა, რასაც თან ერთვოდა ბლოკადით გამოწვეული საკვების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების საგნების მუდმივი დეფიციტი, უიმედობა და უპერსპექტივობა, რაც საბოლოოდ მათი ქალაქიდან წასვლის ან უბრძოლველად დანებების მიზეზი უნდა გამხდარიყო.[30][31]

ბრძოლები ქალაქის გარშემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

8 ივნისს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიამ ქალაქის დებლოკადა სცადა. მათ ერთდროულად წამოიწყეს იერიში ოთხ მაღლობზე – მოიმილოს ქედზე სამხრეთ-დასავლეთით, ვრაჩესა და ვიდიკოვაცის მაღლობებზე სამხრეთ-აღმოსავლეთით და მთა ჟუჩზე ჩრდილო-დასავლეთით. მოულოდნელი დარტყმის წყალობით მათ დაიკავეს ყველა სიმაღლე, მაგრამ სერბებმა ჯავშანტექნიკისა და არტილერიის მასიური გამოყენებით მოახერხეს დაკარგული პოზიციების დაბრუნება გარდა მოიმილოს ქედისა, სადაც გამაგრდნენ ბოსნიელები.[21]
29 ივნისს გაეროს სამშვიდობო ძალებმა სერბებთან მოლაპარაკების შემდეგ დაიკავეს სარაევოს აეროპორტი. პერიოდულად გაეროს სამშვიდობო ძალები ახერხებდნენ ჰუმანიტარული დახმარების შეტანას სარაევოში.
მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქის დაბომბვა, მაგალითად 23 აგვისტო დაბომბვას 22 ადამიანი შეეწირა და ასამდე დაიჭრა, 30 აგვისტოს – 15 დაიღუპა და კვლავ ასამდე დაიჭრა.

დეკემბრის ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზიციურმა ომმა გასტანა დეკემბრამდე. დეკემბრის დასაწყისში სერბთა რესპუბლიკის არმიამ მიიტანა იერიში ოტესისა და სტუპის უბნებზე დასავლეთ სარაევოში. 6 დეკემბრისთვის სერბებმა მცირედ შეავიწროვეს ბოსნიელები, მაგრამ 7 დეკემბერს ბოსნიელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მათ დაიბრუნეს დაკარგული პოზიციები და განაგრძეს შეტევა ჟუჩის მთაზე და მის საპირისპირო მხარეს ვიდიკოვაცის მაღლობზე. ვიდიკოვაცის დაბრუნება სერბებმა კვლავ მოახერხეს, მაგრამ ამჯერად ჟუჩის მთიდან ბოსნიელების განდევნა ვეღარ მოახერხეს.

ჰაკია ტურაილიჩის მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაკია ტურაილიჩის საფლავი 'ალიფაშას მეჩეთთან

1993 წლის 8 იანვარს სერბთა რესპუბლიკის არმიის ჯარისკაცებმა სარაევოს აეროპორტთან მოკლეს ჰაკია ტურაილიჩი, ბოსნიის პრემიერ–მინისტრის მოადგილე. ტურაილიჩი აეროპორტში თურქულ ჰუმანიტარულ ტვირთს უნდა დახვედროდა, ხოლო აეროპორტამდე გადაადგილების უსაფრთხოებას გაეროს სამშვიდობოები უზრუნველყოფდნენ. გაეროს კოლონა სერბებმა შეაჩერეს, საათნახევრიანი საუბრის შემდეგ ფრანგმა მშვიდობისმყოფელებმა სერბებს გაუღეს ჯავშანმანქანის კარები. ერთ–ერთმა სერბმა მაშინვე ავტომატით მოკლა ტურაილიჩი, რომელსაც 7 ტყვია მოხვდა. ფრანგებმა თავდამსხმელებს ცეცხლი არ გაუხსნეს, არც რაიმე ზომები მიუღიათ მკვლელის დასაკავებლად. ხოლო სროლის ადგილას მისულ ბრიტანელებს სთხოვეს უკან დაბრუნებულიყვნენ.[32]
1993 წლის თებერვალში სერბებმა დაიკავეს აზიჩი და სტუპი, ხოლო მაგრამ სტუპი ბოსნიელებმა კონტრშეტევით დაიბრუნეს.

გაეროს უსაფრთხო ზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 6 მაისს გაერომ მიიღო რეზოლუცია 836, რომლის თანახმადაც განისაზღვრა უსაფრთხო ზონები ბოსნიაში. ასეთ ზონებად განისაზღვრა ტერიტორია ქალაქების – სარაევოს, სრებრენიცას, გორაჟდეს, ჟეპას, ტუზლასა და ბიჰაჩის გარშემო.[33] აქ შეფარებულ ლტოლვილთა დასაცავად გაეროს სამშვიდობო ძალებს შეიარაღებული მეთოდების გამოყენების ნება დაერთოთ 1993 წლის 6 ივნისს, თუმცა ეს ძალაუფლება რეალურად მათ არ გამოუყენებიათ სრებრენიცის მოვლენებამდე.

ლუკავაც 93[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრნოვო ომის შემდეგ, 1996.

აღმოსავლეთ ბოსნიაში გორაჟდეს ანკლავიდან მეექვსე კორპუსმა დაიკავა ტრნოვო, რითაც ალყის გარღვევის სერიოზული წინაპირობები შეიქმნა. სერბების ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ გადაწყვიტა საპასუხო ზომების მიღება. 2 ივლისს სერბებმა პირველი გვარდიული მექანიზებული ბრიგადა ჩააბეს ბრძოლაში ტრნოვოს დასაკავებლად. ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, სერბებს რვა დღე დასჭირდათ ტრნოვოს ასაღებად. ტრნოვოს აღების შემდეგ გორაჟდეს ალყა დასრულდა, მაგრამ 20 ივლისისთვის სერბები მიადგნენ ბელაშნიცასა და იგმანის მთებს. 31 ივლისს ავიაციისა და არტილერიის დახმარებით სერბებმა დაიკავეს ბელაშნიცა, მაგრამ იგმანის ბრძოლა არ შედგა გაეროს ჩარევის გამო – იგმანი და ბელაშნიცა დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდა.[34]

ოპერაცია ირმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 30 ივლისს სერბული ნაღმსატყორცნის ნამსხვრევით დაიჭრა ხუთი წლის ირმა ჰაჯიმურატოვიჩი და დაიღუპა რამდენიმე სარაევოელი, მათ შორის ირმას დედაც. კოშევოს ჰოსპიტალი სარაევოში, რომელიც ვერ აუდიოდა დაჭრილების მიღებას, მედიკამენტების დეფიციტის გამო ვერ ახერხებდა ემკურნალა ირმასთვის, რომელიც ხერხემალში, თავსა და მუცელში იყო დაჭრილი. ამის შედეგად მას ბაქტერიული მენინგიტი განუვითარდა.[35] ედო იაგანაცმა, კოშევოს ჰოსპიტლის ქირურგმა, სცადა ირმას ევაკუაცია გაეროს თვითმფრინავების საშუალებით მოეხდინა, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ მან უცხოელ ჟურნალისტებს გადასცა ირმას ფოტოები და მოუყვა მის შესახებ. ჟურნალისტებმა (განსაკუთრებით ბრიტანულმა პრესამ) დიდი ყურადღება მიაქციეს ამ ამბავს.[35] 8 აგვისტოს BBC საღამოს გამოშვება ირმას შესახებ იუწყებოდა. 9 აგვისტოს ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ჯონ მეიჯორმა[36] გაგზავნა თვითმფრინავი ირმასა და სხვა დაჭრილი ბავშვების წამოსაყვანად. 41 დაჭრილი ბავშვის ევაკუაცია მოხდა სარაევოდან ლონდონის დიდი ორმონდის ქუჩის ჰოსპიტალში.[37][38] მოგვიანებით იგივე პროგრამით ასობით დაჭრილი იქნა ევაკუირებული სარაევოდან.[39] სხვა ქვეყნებმა, მათ შორის შვედეთმა და ირლანდიამ, ასევე გაგზავნეს თვითმფინავები დაჭრილთა ევაკუაციის მიზნით,[38] ხოლო ჩეხეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ნორვეგიამ და პოლონეთმა ასევე შესთავაზეს საკუთარი საავადმყოფოები დაჭრილების დასახმარებლად.[40] თუმცა პროგრამა მრავალ დაჭრილს დაეხმარა გადარჩენაში, დაგვიანებულმა მკურნალობამ ირმასთვის ვერ გამოიღო შედეგი და იგი ჯერ წელსქვემოთ მოწყდა, ხოლო 1995 წლის 1 აპრილს ლონდონში გარდაიცვალა სისხლის მოწამვლით.[39]

ოპერაცია ტრებევიჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 8 ივნისს უმაღლესმა მთავარსარდლობამ მოახდინა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიის მთავარი შტაბის რეორგანიზაცია. შტაბის უფროსად დაინიშნა გენერალი რასიმ დელიჩი. 1993 შემოდგომაზე აშკარა გახდა ორგანიზაციული პრობლემები – პირველი კორპუსის გარდა სარაევოში მოქმედებდა ათობით მცირე და დიდი ბანდა, რომლებიც "სამშობლოს დაცვის" მოტივით აწყობდნენ რეკეტს, ძარცვავდნენ მოსახლეობას და ა.შ. ისინი ასევე თავს ესხმოდნენ ერთმანეთს, აკონტროლებდნენ შავ ბაზარს, ეწინააღმდეგებოდნენ გაეროს სამშვიდობოებს, აწყობდნენ თვითნებურ ბლოკპოსტებს, ინარჩუნებდნენ კონტაქტებს სერბულ მხარესთან, არ ემორჩილებოდნენ არმიის ხელმძღვანელობას და ა.შ. ასევე სარაევოში მოქმედებდა ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ბრიგადა "მეფე ტვრტკო". ხორვატთა თავდაცვის ვეჩე გრაცის შეთანხმების შესაბამისად მოქმედებდა ბოსნიელების წინააღმდეგ ლაშვას ხეობასა და ჰერცეგოვინაში, ამიტომაც მეფე ტვრტკოც ხშირად არ ემორჩილებოდა ბოსნიის არმიის ხელმძღვანელობას.
დელიჩმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო ამგვარი პრობლემებისთვის და დაგეგმა ოპერაცია ტრებევიჩი ერთის მხრივ კრიმინალური ბანდების ხელმძღვანელობის, ხოლო მეორე მხრივ – ხორვატების წინააღმდეგ. 1996 წლის 26 ოქტომბერს პირველი კორპუსის მებრძოლებმა სისხლიანი შეტაკების შემდეგ დააპატიმრეს მუშან ტოპალოვიჩი, რომელიც გაქცევისას მოკლეს (მეორე ვერსიით იგი მოკლა ავდო ჰაბიბმა, ადმირ ჰაბიბის მამამ, რომელიც ტოპალოვიჩის ხალხმა დაატყვევა და წამებით მოკლა). ხოლო რამიზ დელალიჩმა თავდაპირველად კი აიყვანა მძევლები, მაგრამ მალევე გაათავისუფლა ისინი და დანებდა. საერთო ჯამში ამ შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 სამოქალაქო პირი.
6 ნოემბერს "მეფე ტვრტკოს" ბრიგადაც განაიარაღეს ბოსნიელებმა, ხელმძღვანელობა დააპატიმრეს, ბრიგადას სათავეში რესპუბლიკის არმიის ხორვატი ოფიცერი, ნედელკო ვერაი ჩაუყენეს და ბრიგადა პირველი კორპუსის შემადგენლობაში შეიყვანეს.[18]

მარკალეს პირველი დაბომბვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის 5 თებერვალს სერბთა რესპუბლიკის არმიამ 120 მმ ნაღმმტყორცნით დაბომბა მარკალეს ბაზარი, რომელიც სარაევოს ცენტრში მდებარეობდა. 68 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 144 დაიჭრა.[25][41]

გაეროს რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალურმა მდივანმა, ბუტრუს ბუტრუს ღალიმ ნატოს გაუგზავნა თხოვნა, რომ მომავალში გაეროს სამშვიდობო ძალების მოთხოვნები საჰაერო დარტყმების შესახებ მყისიერად დაკმაყოფილებულიყო.[42] 9 თებერვალს ნატომ დაავალა სამხრეთ მიმართულების მეთაურს ემოქმედა გაეროს მითითებების შესაბამისად და მყისიერად განეხორციელებინა საჰაერო დარტყმები.[43] ნატოს ქვეყნებიდან მხოლოდ საბერძნეთმა არ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას. ნატომ ასევე იმავე დღეს წაუყენა ულტიმატუმი სერბთა რესპუბლიკის არმიას მძიმე შეიარაღება გაეტანა სარაევოს გარშემო სიმაღლეებიდან 21 თებერვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში საჰაერო დარტყმებით დაემუქრა. სერბებმა შეამცირეს დარტყმები სარაევოზე. 12 თებერვალი სარაევოს პირველი დღე იყო 22 თვის მანძილზე, ბოსნიის ომის დაწყებიდან მსხვერპლის გარეშე. 17 თებერვალს სერბებმა დაიწყეს მძიმე შეიარაღების მოხსნა სარაევოს ალყიდან.[42]

გრდონის ოპერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითქმის მთელმა წელმა სარაევს გარშემო მსხვილი ოპერაციების გარეშე განვლო. 1994 წლის 18 სექტემბერს ბოსნიელებმა დაიკავეს გრდონი, მაგრამ 20 სექტემბერს სერბებმა ჯავშანტექნიკის დახმარებით წამოიწყეს კონტრშეტევა და დაიბრუნეს პოზიციები.

ტრნოვოს ოპერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14–15 დეკემბერს ბოსნიელებმა სცადეს ტრნოვოს აღება. მათ მოახერხეს წინ წაწევა გარკვეულ უბნებზე, მაგრამ სერბებმა სარაევო–რომანიის კორპუსის დასახმარებლად დრინის კორპუსიდან დამატებითი ნაწილები გადმოისროლეს და ბოსნიელებმა ტრნოვოს აღება ვერ მოახერხეს.[18]

ივნისის შეტევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივნისის შეტევის რუკა

1995 წლის 15 ივნისს ბოსნიელებმა წამოიწყეს შეტევა სერბულ პოზიციებზე სარაევოს ალყის მოსახსნელად. შეტევა წარმატებით დაიწყო, მაგრამ სერბებმა სარაევო–რომანიის კორპუსი ჰერცეგოვინის კორპუსის ნაწილებით შეავსეს და 17 ივნისს კონტრშეტევა წამოიწყეს. 22 ივნისისთვის სერბებმა დაიბრუნეს დაკარგული პოზიციების ნაწილი, მაგრამ შეტევის გასაგრძელებელი რესურსი არც ერთ მხარეს აღარ გააჩნდა.

მარკალეს ბაზრის მეორე დაბომბვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის 28 აგვისტოს სერბებმა მარკალეს ბაზარს ესროლეს ხუთი ჭურვი. მოკლულთა რიცხვმა 43 შეადგინა, ხოლო 75 დაიჭრა. სერბები ამტკიცებდნენ, რომ ეს ბოსნიელთა პროვოკაცია იყო და არა მათი არმიის ნამოქმედარი,[44][45] მაგრამ გაეროს გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭურვები სერბული პოზიციებიდან იყო ნასროლი. ამ საქციელმა დაამძიმა სერბების მდგომარეობა საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც უკვე მძიმე იყო მათ მიერ ჩადენილი ქმედებების – გაეროს უსაფრთხო ზონების სტატუსის დარღვევა, სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა, ბოსნიის არასაფრენი სტატუსის დარღვევა და სხვ. – გამო. მარკალეს დაბომბვის შემდეგ ნატო აქტიურად ჩაერია კონფლიქტში სერბების წინააღმდეგ.

ნატოს ჩარევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

30 აგვისტოს, სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო გაერომ და ნატომ დაიწყეს საჰაერო დარტყმები სერბთა რესპუბლიკის წინააღმდეგ. დარტყმებში 400–მდე თვითმფრინავი მონაწილეობდა. გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსით სერბებმა ჩამოაგდეს ფრანგული Mirage 2000D, ორივე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და ისინი სერბებმა დაატყვევეს.[46] 1 სექტემბერს საჰაერო დარტყმები შეწყდა. გაერომ და ნატომ სერბებს წაუყენეს ულტიმატუმი, 4 სექტემბრამდე დაეწყო მძიმე შეიარაღების სრული გაყვანა სარაევოს გარშემო მაღლობებიდან, მოეხსნათ სარაევოს ბლოკადა და შეეწყვიტათ თავდასხმები გაეროს უსაფრთხო ზონებზე. სერბებმა ულტიმატუმი არ მიიღეს და დარტყმები 5 სექტემბერს განახლდა. დაბომბვები 14 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. სერბები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დათანხმდნენ გაეროს პირობებს, რითაც ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულდა. 20 სექტემბერს ნატოსა და გაეროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სერბების მხრიდან გაეროს პირობების შესრულების გამო აქტიური ჩარევის საჭიროება აღარ არსებობდა და ოპერაცია შეწყვიტა.[47]

შემოდგომის ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატოს კამპანიამ მნიშვნელოვნად დაასუსტა სერბები. დასავლეთ ბოსნიაში ხორვატებმა და ბოსნიელებმა წამოიწყეს საერთო იერიში, რომლის შედეგადაც დასავლეთ ბოსნიაში სერბებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი განიცადეს და სერბთა რესპუბლიკის დედაქალაქი ბანია ლუკა დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა სარაევოს მხარეს აქტიური მოქმედებები არ განხორციელებულა – ბოსნიელები დასავლეთ ბოსნიასა და ოზრენის შვერილზე მიმდინარე ბრძოლებით იყვნენ დაკავებული, ხოლო სერბებს შეტევის ძალა აღარ გააჩნდათ. მხარეები მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ სარაევოს დებლოკადაზე. ოქტომბერში აღდგა სარაევოში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

დეიტონის შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიული ცვლილებები დეიტონის შეთანხმების შემდეგ

12 ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, რომლებიც დასრულდა 21 ნოემბერს. ამ მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა სამივე ეთნიკური ჯგუფისთვის მეტ–ნაკლებად მისაღები ვარიანტი ბოსნიის მომავალი მოწყობისა. ამის საფუძველზე შედგა შეთანხმების ვარიანტი.
დეიტონის შეთანხმებას ხელი მოეწერა 1995 წლის 14 დეკემბერს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკას წარმოადგენდა პრეზიდენტი ალია იზეთბეგოვიჩი, ბოსნიელ სერბებს წარმოადგენდა იუგოსლავიის ფედერაციის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, ბოსნიელ ხორვატებს კი ხორვატიის პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი. შეთანხმების მიხედვით ბოსნია და ჰერცეგოვინა დაიყო ორ სუბიექტად – ბოსნიის კონფედერაციად (ბოსნიელებისა და ხორვატების) და სერბთა რესპუბლიკად. გაეროს სამშვიდობო ძალებს უნდა უზრუნველეყოთ შეთანხმების შესრულება და მშვიდობის დაცვა ბოსნიის ტერიტორიაზე.[48]

ალყის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრბავიცა ომის შემდეგ

დეიტონის შეთანხმების შემდეგ ოფიციალურად ომი დასრულდა, თუმცა შეტაკებები კვლავ გრძელდებოდა. 1996 წლის 9 იანვარს სერბების მიერ კონტროლირებადი გრბავიცას უბნიდან ტრამვაის რეაქტიული ჭურვი ესროლეს, რამაც ერთი მგზავრის, 55 წლის მირსადა დურიჩის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 19 დაიჭრა.[49]
გაეროს სამშვიდობო ძალებს გასროლის ადგილზე აღარავინ დახვდათ.
1996 წლის 29 თებერვალს, როდესაც სერბთა რესპუბლიკის არმიამ დატოვა პოზიციები სარაევოს გარშემო, ბოსნიის მთავრობამ გამოაცხადა ალყის დასრულების შესახებ. 70 ათასზე მეტმა სერბმა დატოვა სარაევო და სერბთა რესპუბლიკაში გადავიდა საცხოვრებლად.[50]

ალყის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაევოს გვირაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაევოს გვირაბი

1993 წელს ბოსნიელებმა გადაწყვიტეს გაეთხარათ გვირაბი, რომელიც სერბული პოზიციების გავლით სარაევოს აეროპორტამდე მიაღწევდა, რომელსაც გაერო აკონტროლებდა. გვირაბის გეგმა შეადგინა ინჟინერმა ნეჯად ბრანკოვიჩმა. გეგმის განხორციელება დაიწყო 1993 წლის 1 მარტს. ერთი მხრივ იგი ალყის შიგნით, დობრინადან იწყებოდა და ბუტმირში, სარაევოს აეროპორტთან სრულდებოდა. ამ გვირაბის საშუალებით ხერხდებოდა სარაევოს მომარაგება საკვებით, მედიკამენტებით, ხოლო ზოგჯერ იარაღითაც. მისი თხრა მიმდინარეობდა განუწყვეტლივ ორივე მხრიდან, 8–8 საათიანი სამი ცვლის მიერ და 30 ივნისს დასრულდა. მუშებს ცვლის დასრულებისას ერთ კოლოფ სიგარეტს აძლევდნენ, რაც სარაევოში ძვირად ფასობდა. 3 ათასამდე კუბური მეტრი მიწა იქნა ამოღებული გვირაბის გაყვანის პროცესში. გვირაბი თითქმის 850 მეტრი სიგრძისაა, მისი სიმაღლე 160 ან 180 სმ, ხოლო სიგანე 80–100 სმ შეადგენს. მისი შესასვლელები შენიღბული იყო საცხოვრებელი სახლებით, მის გარშემო კი მუდმივად განლაგებული იყო ბოსნიის არმიის ნაწილები. გვირაბს ორი მთავარი პრობლემა ჰქონდა – მიწისქვეშა წყლები, რომლებიც წელამდე აღწევდა და ვენტილაციის არქონა, რის გამოც იქ აირწინაღის გარეშე შესვლა არ შეიძლებოდა.[51] თითქმის ყოველდღე 30 ტონამდე ტვირთი გადიოდა გვირაბში, ხდებოდა დაჭრილების ევაკუაცია და ა.შ. გვირაბში მოძრაობდნენ ურიკები, რომლებზე 400 კილოგრამამდე ტვირთი იდო. ბუტმირის, კონოიასა და ხრასნიცას უბნები სარაევოს შავი ბაზრის მთავარ მომმარაგებლებად იქცნენ – აქედან შედიოდა სარაევოში სიგარეტი, ბენზინი, სასმელი და სხვა. ბოსნიის არმია გვირაბში საშვის გარეშე არავის უშვებდა. იყო შემთხვევები, რომ ქალაქიდან გასვლის მსურველებს გვირაბის მცველები გარკვეული საფასური სანაცვლოდ აძლევდნენ საშუალებას ქალაქი ოჯახიანად დაეტოვებინა, რაც კანონმდებლობით შრომისუნარიანი და ჯანმრთელი მოსახლეობისთვის აკრძალული იყო.[52] დღეს სარაევოს გვირაბის ორივე შესასვლელში ბოსნიის ომის კერძო მუზეუმი მდებარეობს.

სარაევოს ვარდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბომბვისას ყუმბარის მიერ დატოვებულ ორმოს, თუ ყუმბარის აფეთქებისას ადამიანი დაიღუპებოდა, ჩვეულებრივი ასფალტის მაგიერ წითელსაღებავშერეული გუდრონით ავსებდნენ. ასეთ ადგილებს სარაევოს ვარდები ეწოდა.[53]

მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალყაში მოქცეული მოსახლეობა არა მხოლოდ ეთნიკური ბოსნიელებისა და ხორვატებისგან, არამედ სერბებისგანაც შედგებოდა, რომლებიც დარჩნენ ქალაქში და რომლებიც ასევე ხდებოდნენ მოალყე მებრძოლების მსხვერპლი. 1991 წლის აღწერის შედეგებით სარაევოსა და მისი მიმდებარე მხარის მოსახლეობა 527 049 კაცს შეადგენდა. თავად ქალაქის მოსახლეობა კი დაახლოებით 435 ათასს. 2013 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 369 534 ადამიანს შეადგენდა.[54] სარაევოს მცხოვრებლების დიდი ნაწილი წავიდა სარაევოდან ალყის დროს. 1994 წლის გაეროს მონაცემების თანახმად, 315 დღეში დაიღუპა 2 474 ადამიანი, ხოლო 306 დღის განმავლობაში დაჭრილთა რიცხვმა 13 472 მიაღწია. იგივე მონაცემებით საერთო ჯამში ქალაქში 10 ათასამდე ადამიანი იყო მოკლული, მათ შორის 1 500 არასრულწლოვანი, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 56 ათასს აღწევდა, დაჭრილი არასრულწლოვნების რაოდენობა კი ათ ათასამდე იყო. ჰააგის ტრიბუნალმა 4 548 მებრძოლი და 4 954 სამოქალაქო პირის მკვლელობის დოკუმენტური დადასტურება შეძლო.[55][56] "ბოსნიის გარდაცვლილთა წიგნის" მონაცემებით ალყის პერიოდში დაიღუპა 13 952 ადამიანი, მათ შორის 9 429 ბოსნიელი, 3 573 სერბი, 810 ხორვატი და 140 სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ამათგან 6 137 იყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიის, ხოლო 2 241 იუგოსლავიის სახალხო არმიის ან სერბთა რესპუბლიკის არმიის სამხედრო მოსამსახურე. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიის სამხედროებიდან 235 იყო ეროვნებით სერბი, 328 ხორვატი, ხოლო დანარჩენი ბოსნიელები. 5 434 სამოქალაქო პირიდან 3 855 იყო ბოსნიელი, 1 097 სერბი და 482 ხორვატი.[57] ასევე სავარაუდოა 150–მდე სამოქალაქო პირის, ეროვნებით სერბის დახოცვა ბოსნიური ფორმირებების მიერ, თუმცა სერბული მხარის მტკიცებით ასეთი შემთხვევები მრავალი ათასი იყო.[7]
მძიმე იყო ბავშვთა მდგომარეობაც – გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, სარაევოს ალყაში აღმოჩნდა 80 ათასამდე ბავშვი. მათგან 40% მოყოლილა სნაიპერის ცეცხლქვეშ. 51% შესწრებია სიკვდილს დაბომბვის ან სნაიპერის ტყვიით, 39% – ოჯახის წევრის სიკვდილს. 73% შესწრებია საკუთარი სახლის დაბომბვას. ბავშვების 89% ცხოვრება მიწისქვეშა თავშესაფრებში უწევდათ. 2010 წლის 9 მაისს სარაევოში გაიხსნა მემორიალი 521 ბავშვისა, რომელთა სიკვდილიც დადასტურდა სარაევოს ალყის დროს. კიდევ 500 შემთხვევის გადამოწმება მიმდინარეობს.[58]

კოვაჩის სასაფლაო

მრავალი პარკი, სავარჯიშო მოედანი და სხვა ღია ადგილი სასაფლაოდ იქნა გადაკეთებული, მათ შორის ოლიმპიური კომპლექსი, რომელიც 1984 წლის სარაევოს ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის იქნა აგებული.

ნგრევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარაევოს ალყას და საარტილერიო დაბომბვებს მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა. ნგრევა შეეხო დაცულ ობიექტებსაც – როგორებიცაა ჰოსპიტლები და სამედიცინო დაწესებულებები, ასევე კულტურულ მემკვიდრეობას – მათ შორის სარაევოს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა საცავს, რომელიც ერთ–ერთი უმდიდრესი აღმოსავლური ხელნაწერთა საცავია მსოფლიოში.[59]

ვედრან სმაილოვიჩი უკრავს ეროვნული ბიბლიოთეკის დანგრეულ შენობაში

1992 წლის 25 აგვისტოს ცეცხლგამჩენი ჭურვებით დაიბომბა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ბოსნიური წერილობითი წყაროების ცენტრალური საცავი და ბალკანეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი. დაიწვა 700–ზე მეტი უნიკალური ხელნაწერი, ბოსნიური სერიული გამოცემების კოლექცია, მათ შორის ზოგიერთი XIX საუკუნისა. ბიბლიოთეკის თანამშრომლები და სარაევოს მოქალაქეები ეცადნენ ცეცხლის ჩაქრობას და ხელნაწერების გადარჩენას, მაგრამ სნაიპერების ცეცხლქვეშ მოყვნენ. მათგან ერთი ადამიანი დაიღუპა ამ მცდელობისას.[60]
დაზარალდა საცხოვრებელი სახლებიც. მთავრობის მონაცემებით, ათ ათასზე მეტი ბინა განადგურდა, ხოლო ას ათასზე მეტი – დაზიანდა. ქალაქის შენობების 23% მძიმედ, 64% ნაწილობრივ და 10% მსუბუქად დაზიანდა.

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი იუგოსლავიაშიც გამორჩეული იყო ეთნოსებს შორის ტოლერანტობითა და შერეული ქორწინებების რაოდენობით, თუმცა სარაევოს ალყამ მნიშვნელოვანი ეთნიკური მიგრაციები გამოიწვია. გარდა ათასობით ლტოლვილისა, რომლებმაც სარაევო დატოვეს, ომის დასასრულს დამატებით ათასობით სარაევოელმა სერბმა დატოვა სარაევო და სერბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასახლდა. სერბთა წილი სარაევოში შემცირდა 30%–დან (1991 აღწერით) 11%-მდე (2002 აღწერით).

სამხედრო დანაშაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალი სტანისლავ გალიჩი, რომელიც სარაევო–რომანიის კორპუსის მეთაური იყო 1992 წლის 7 სექტემბრიდან 1994 წლის 10 აგვისტომდე, ჰააგის ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო სარაევოს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, რაც სნაიპერებითა და დაბომბვებით მათ დაშინებას ისახავდა მიზნად შემდგომი ეთნიკური წმენდის მიზნით. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.[25]
გენერალი დრაგომირ მილოშევიჩი, რომელმაც გალიჩი შეცვალა სარაევო–რომანიის კორპუსის მეთაურის ადგილას და მეთაურობდა ამ კორპუსს ომის დასასრულამდე, ცნობილი იქნა დამნაშავედ იგივე დანაშაულში. მას 29 წლით პატიმრობა მიესაჯა.[41]
გენერალი მომჩილო პერიშიჩი, რომელიც 1993 წლის 26 აგვისტოდან იუგოსლავიის არმიის მთავარი შტავის უფროსი იყო, ცნობილი იქნა დამნაშავედ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ხელშეწყობაში და მიესაჯა 27 წელი. ტრიბუნალის მტკიცებით, იგი მხარს უჭერდა სერბთა რესპუბლიკის არმიას ამუნიციით, საბრძოლო მასალითა და სხვა საშუალებებით სარაევოს ალყისა და ბოსნიის ომის მიმდინარეობის დროს.[61] სერბთა რესპუბლიკის არმიამ იუგოსლავიის არმიიდან მხოლოდ 1994 წელს მიიღო 25 მლნ ვაზნა და 7 500 საარტილერიო ჭურვი. მოგვიანებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პერიშიჩს არ ჰქონდა ეფექტიანი კონტროლი სერბთა რესპუბლიკის არმიაზე მიუხედავად იმისა, რომ ისინი საჭურველს მისგან იღებდნენ და პირველადი განაჩენი გააუქმა.[62]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Rezultati istraživanja "Ljudski gubici '91-'95". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
  2. РТС: О Ганићевој одговорности
  3. Становништво према националној припадности и површина насеља
  4. WITNESS: HRVOJE SARINIC; ICTY; Thursday, 22 January 2004
  5. 5.0 5.1 Sabrina P. Ramet, The Three Yugoslavias: State-building and Legitimation, 1918-2005, Indiana University Press, 2006, ISBN 9780253346568.
  6. REPORT: THE REFERENDUM ON INDEPENDENCE IN BOSNIA-HERZEGOVINA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-07. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
  7. 7.0 7.1 7.2 Robert J. Donia, Sarajevo: A Biography, University of Michigan Press, 2006, ISBN 9780472115570.
  8. KRVAVA SVADBA: Zločin kojim je pre 21 godinu počeo građanski rat u BiH!
  9. 9.0 9.1 Malcolm, Noel (1996). Bosnia: A Short History. New York University Press. ISBN 0-8147-5561-5. 
  10. UN Security Council, Resolution 713 (1991) Adopted by the Security Council at its 3009th meeting, on 25 September 1991, 25 September 1991, S/RES/713 (1991)
  11. 11.0 11.1 Nizich, Ivana (1993). War crimes in Bosnia-Hercegovina. ISBN 1-56432-083-9. 
  12. MOMČILO KRAJIŠNIK; JUDGEMENT.
  13. Prvi korpus Armije R BiH
  14. Булатович Лиляна., Сербский генерал Младич. Судьба защитника Отечества., ИППК «ИХТИОС», 2013, ISBN 978-5-8402-0348-3 Invalid ISBN.
  15. Osnovana Patriotska liga BiH
  16. Грубешић: Приjедлог о изручењу Дивjака валидан и правно ваљан
  17. Nigel Thomas, Darko Pavlovic, K Mikulan, The Yugoslav Wars (2): Bosnia, Kosovo and Macedonia 1992-2001, Osprey Publishing, 2013, ISBN 9781472801968.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 Очерки военной истории конфликта в Югославии (1991-1995)
  19. Selimbegović, Vildana. "Volio bih da sam ga slikao u Zagrebu დაარქივებული 2006-05-12 საიტზე Wayback Machine. ." Dani, No. 261. 14 June 2002.
  20. UN Report: "Special forces". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-25. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
  21. 21.0 21.1 David C. Isby, Balkan Battlegrounds: A Military History of the Yugoslav Conflict, 1990-1995, Diane Publishing Company, 2003, ISBN 978-0-7567-2930-1.
  22. Кто они? Добровольцы
  23. ЈЕДИНИЦА "БЕЛИ ВУКОВИ" ОБИЉЕЖИЛА 17. ГОДИШЊИЦУ
  24. Obilježena krsna slava Udruženja boraca Beli vukovi
  25. 25.0 25.1 25.2 STANISLAV GALIĆ JUDGEMENT
  26. final report of the Commission of Experts - ICTY
  27. Sarajevo's Center Erupts in War, Weakening Yugoslav Truce Effort
  28. Leševi sa Pofalića završili na deponiji. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
  29. Vremeplov: Eksplodirale granate u Ulici Vase Miskina u Sarajevu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
  30. Bosnian Serb Officer Unaware of "Make Life Unbearable" Order
  31. Life in the Valley of Death
  32. LeBor, A. (2006). "Complicity with Evil": The United Nations in the Age of Modern Genocide. Yale University Press. ISBN 9780300111712. 
  33. Resolution 836 (1993) Adopted by the Security Council at its 3228th meeting, on 4 June 1993
  34. Lukavac 93: Akcija potpunog zatvaranja Sarajeva
  35. 35.0 35.1 Arias, Ron (August 30, 1993). „Leaving The Inferno“. People. 40 (9). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 19, 2015. ციტირების თარიღი: აპრილი 27, 2015.
  36. Tuohy, William (12 August 1993). „Britain Launches 'Operation Irma'. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2015.
  37. „Wounded Bosnian girl flown to London“. BBC News. 9 August 1993.
  38. 38.0 38.1 Schmidt, William E (12 August 1993). „Sweden and Britain to evacuate 41 Bosnians“. New York Times.
  39. 39.0 39.1 „Girl paralyzed by Serb shelling dies of infection“. Milwaukee Journal-Sentinel. 3 April 1995.[მკვდარი ბმული]
  40. Jeffries, Ian (1996). A guide to the economies in transition. Routledge, გვ. 552. ISBN 0-415-13684-9. 
  41. 41.0 41.1 DRAGOMIR MILOŠEVIĆ JUDGEMENT
  42. 42.0 42.1 Bethlehem, Daniel L.; Weller, Marc (1997) The 'Yugoslav' Crisis in International Law, Cambridge International Documents Series. Cambridge University Press, გვ. liii. ISBN 978-0-521-46304-1. 
  43. Carnes, Mark Christopher (2005). American national biography. Oxford University Press. ISBN 978-0-19-522202-9. 
  44. Svedok: Markale nisu inscenirane
  45. Сербы не причастны к взрыву на сараевском рынке
  46. Shot-down French pilots 'held captive' The Independent, 19 September 1995
  47. The Balkans; Chronology; UNPROFOR
  48. Dayton Accords; U.S. Department of state
  49. Sarajevo Grenade Leaves One Dead And 19 Wounded
  50. Dubinsky, Alex; Djukić, Slavoljub (2001) Milosevic and Markovic: A Lust for Power. McGill-Queen's Press, გვ. 83–84. ISBN 978-0-7735-6939-3. 
  51. Bosnia Report - July-October 1996 - Adriatic Light at the End of the Sarajevo Tunnel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-29. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
  52. The Sarajevo Tunnel
  53. Biegnij lub spoczywaj w pokoju
  54. PRELIMINARY RESULTS Of the 2013 Census of Population, Households and Dwellings in Bosnia and Herzegovina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-23. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
  55. Demographic Unit, OTP. (18 August 2003) Death Toll in the Siege of Sarajevo, April 1992 to December 1995: A Study of Mortality Based on Eight Large Data Sources. ICTY. ციტირების თარიღი: 1 August 2013.
  56. Ratko Mladic arrested: Bosnia war crimes suspect held. BBC (26 May 2011). ციტირების თარიღი: 1 August 2013.
  57. Ivan Tučić. (February 2013) Pojedinačan popis broja ratnih žrtava u svim općinama BiH. Prometej.ba. ციტირების თარიღი: 4 August 2014.
  58. Sarajevo Memorial for Children Killed During Siege
  59. Harold M. Leich, Libraries in Open Societies: Proceedings of the Fifth International Slavic Librarians' Conference, ტ. 3, Haworth Information Press, 2002, ISBN 9780789019684.
  60. Erasing the Past: The Destruction of Libraries and Archives in Bosnia-Herzegovina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-11. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
  61. Momčilo Perišić JUDGEMENT
  62. Momcilo Perisic: Yugoslav army chief conviction overturned